საყვარელმა მკვლელი „ჩაუშვა“ და მას მკვლელობის გარდა 18 ათასი დოლარის მითვისებაც დაუმტკიცდა
18 ათასი დოლარის კრედიტის გამო, მეგობარმა უახლოესი მეგობარი მოკლა. მკვლელობა იმდენად „სუფთად” იყო ჩადენილი, რომ, თავდაპირველად, სამართალდამცველებმა მომხდარი უბედურ შემთხვევად შერაცხეს. რომ არა გამოძიების კეთილსინდისიერება, ფაქტობრივად, დასახურად გამზადებული საქმე, შესაძლოა, ბოლომდე უბედურ შემთხვევად დარჩენილიყო. მაგრამ, უცხოელი მოქალაქისა და მკვლელის საყვარლის დახმარებით, ჩიხში შესულმა გამოძიებამ სიმართლეს ფარდა ახადა. სასამართლომ კი, მკვლელს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება 34 წლის მენეჯერ ბესიკ კვარაცხელიას, რომელიც საკუთარი იარაღის მსხვერპლი გახდა. საქმის მასალებით, 9 სექტემბერს, ჯარის მეგობარ იგორ მაისურაძესა და მის საყვარელ მალვინა ბ-სთან, ასევე ვინმე ნანა ნ-სთან ერთად, მან ჯერ მცხეთაში იქეიფა, შემდეგ კი მათთან ერთად, ნაგირავებ ბინაში გადაინაცვლა – გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კვარაცხელიამ ბინა ოჯახისგან მალულად იგირავა.
გამოძიების პირველი ვერსია: „ბესიკ კვარაცხელიამ, რომელიც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა იარაღს, ნაგირავებ ბინაში ასვლის შემდეგ ქალებთან თავის მოსაწონებლად „მაკაროვის” დემონსტრირება დაიწყო. საკმაოდ ნასვამმა გამოსაფხიზლებლად, წყლის შესხმა გადაწყვიტა და აბაზანაში შევიდა. უკან დაბრუნებულს კი შეშინებული ქალები აღარ დახვდა. ამის გამო მეგობარს უსაყვედურა და კვლავ იარაღით გართობა განაგრძო. შესაძლო უბედურების თავიდან აცილების მიზნით, მაისურაძემ მეგობარს ურჩია, იარაღი მისთვის მიეცა. კვარაცხელიამ თამაში შეწყვიტა და მეგობარს გასძახა, იარაღი მას დაეჭირა. მაისურაძე იარაღის გამოსართმევად მოემზადა, მაგრამ კვარაცხელიას ის ხელიდან გაუვარდა, ფანჯრის რაფაზე დაეცა და გავარდა. შედეგად, ტყვია კვარაცხელიას მუცელში მოხვდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი არტერიის დაზიანება გახდა, რამაც მწვავე სისხლნაკლებობა გამოიწვია”.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მაისურაძეს ბრალი არაფერში მიუძღოდა, პოლიციამ ის დანაშაულის დაფარვისთვის დააპატიმრა. მოწმე ქალბატონების ჩვენებით კი გაირკვა, რომ მათ ინციდენტზე არაფერი იცოდნენ, რადგან მათ ბინა დატოვეს – სახლიდან ჯერ შეშინებული ნანა ნ. შემდეგ კი მალვინა ბ. გავიდა. თუმცა, მათ ის დაადასტურეს, რომ კვარაცხელიასა და მაისურაძის ხელში ეს იარაღით წინა დღეებშიც ნახეს. რაც შეეხება თავად მაისურაძეს, ყველაფერი ისე აღწერა, როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ერთადერთი, თავი დამნაშავედ იმაში ცნო, რომ არარეგისტრირებული იარაღის შესახებ იცოდა, მეტიც, ყიდვისას კვარაცხელიას თავადაც ახლდა...
გამოძიების თავდაპირველ, ვერსიაში გარდაცვლილის ახლობლებს ეჭვი არაფერში შეჰპარვიათ. მიუხედავად კითხვის ნიშნებისა, არ მოუთხოვიათ, რომ სხვა ვერსიაზეც ემუშავათ. თუმცა, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, რაც გარდაცვლილის ძმა იურიდიულ საკითხებში გაერკვა და საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები აღმოაჩინა, პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის მიმართა. პასუხად კი მიიღო, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან საქმე უკვე დაიხურა და ზემდგომ პროკურატურას გადაეგზავნა. ამიტომ, ჭირისუფალმა ზემდგომ პროკურატურას მიმართა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ზემდგომები საქმის დახურვას თავადაც არ აპირებდნენ, რადგან საქმეში მათაც არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს.
კერძოდ, ბალისტიკურ ექსპერტიზაში ეწერა, რომ ფანჯრის რაფაზე დაცემით იარაღი თავისთავად ვერ გავარდებოდა. ამასთან, იარაღიდან ერთხელ კი არა, ორჯერ იყო გასროლილი მაშინ, როდესაც დაკავებული მაისურაძე ირწმუნებოდა, გასროლა ერთხელ და ისიც უნებურად მოხდაო.
ოჯახის ეჭვს აძლიერებდა აწ გარდაცვლილის სხეულზე ახლობლების მიერ ნანახი ორი ნატყვიარიც. ამის გარკვევა მათ დაკრძალვამდეც სცადეს, მაგრამ მაისურაძის დიდი მცდელობით, დარწმუნდნენ, რომ ეს საავადმყოფოში სხვადასხვა წამლების გადასხმის შედეგი იყო.
სწორედ ამ გარემოების გამო გამოძიება გარდაცვლილის სამედიცინო ისტორიით დაინტერესდა, რომელიც საქმიდან გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. არადა, სწორედ ისტორიაში იყო დაფიქსირებული, რა პროცედურები ჩაუტარდა დაჭრილს. ამიტომ, გამოძიებამ ექიმებს მიმართა, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ იმ პერიოდში ხანძარი გაჩნდა და შესაძლოა, მათთან დარჩენილი ისტორიის მეორე პირი მაშინ დაიკარგა. ექიმი კი, რომელიც იმ დღეს მორიგეობდა, უცხოეთში იმყოფებოდა და უტყუარი დეტალების დასახელება არ შეეძლოთ. საბოლოოდ, ერთთვიანი ძებნის შემდეგ ისტორია გამოჩნდა. მასში კი ეწერა, რომ საავადმყოფოში მიყვანილ დაჭრილს არანაირი გადასხმა არ ჩატარებია, რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო და პირდაპირ პროზექტურაში გადაიყვანეს...
რა მოხდა რეალურად
ცხადია, საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა და ერთი შეხედვით, უდანაშაულო იგორ მაისურაძე მკვლელობაში ბრალდებულად გამოცხადდა. შესაბამისად, გამოძიებამ მისი პირადი ცხოვრების დეტალური შესწავლა დაიწყო. მართალია, ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ნათელი გახდა.
იგორ მაისურაძემ და ბესიკ კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯარში გაიცნეს და იქიდან მოყოლებული მეგობრობდნენ. წარმოშობით ქუთაისელი მაისურაძე თბილისში ხელგაშლილი მეგობრის ხშირი სტუმარი გახლდათ და, ფულსაც ხშირად სთხოვდა. ძირითადად კი, ერთად ერთობოდნენ. რადგან მისმა სტუმრობამ სისტემატური ხასიათი მიიღო, კვარაცხელიას კი სამსახურში საქმეები აერია, მაისურაძესთან ერთად, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა, ერთობლივი ბიზნესის აწყობა გადაწყვიტა.
კვარაცხელიას კომერციული ფართი ჰქონდა. ამიტომ, მათ თურქეთიდან აბაზანისა და საპირფარეშოს მოსაპირკეთებელი მასალების ჩამოტანა გადაწყვიტეს, რასაც, მინიმუმ 10 ათასი დოლარი სჭირდებოდა. ამიტომ, ბანკიდან სესხის აღება გახდა საჭირო, მაგრამ საკითხის მოგვარება მხოლოდ კვარაცხელიას შეეძლო. საბოლოოდ, ნაცნობი კრედიტოფიცრის დახმარებით, კვარაცხელიამ 18 ათასი დოლარი საკუთარ სახელზე მართლაც გამოიტანა, მაგრამ ოჯახმა ამის შესახებაც არაფერი იცოდა, ისევე როგორც მის ბიზნესზე.
ჭირისუფლის ოჯახისთვის ასევე, მოულოდნელი აღმოჩნდა დაგირავებული ბინის არსებობა, რომელიც კვარაცხელიამ მაისურაძეს უგირავა. მასში კი ბანკიდან გამოტანილი თანხის ნაწილი – 6 ათასი დოლარი ჩადო. ეს ფაქტი სახლის მეპატრონისგან გაირკვა. მას ფული კვარაცხელიამ გადაუხადა. უთხრა, რომ ბინაში მისი მეგობარი იცხოვრებდა და თავადაც მივიდოდა ხოლმე.
სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი კვარაცხელიას თურქმა ბიზნესპარტნიორმა, ვინმე ისმაილ გ-მ ითამაშა. ასე რომ არ მომხდარიყო, მკვლელობა დღესაც გაუხსნელი იქნებოდა. გამოძიებამ ისმაილ გ-ს დაკითხვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარდაცვლილის სატელეფონო ზარების დეტალური შემოწმება დაიწყო – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აწ გარდაცვლილს თურქეთში ჰქონდა ნალაპარაკები.
ისმაილ გ. კვარაცხელიას წლების განმავლობაში იცნობდა. იმის გათვალისწინებით, რომ თურქი ბიზნესმენი სხვადასხვა დამკვეთისთვის თურქეთიდან საქართველოში აბაზანის მოსაპირკეთებელ მასალებს აგზავნიდა, აგვისტოს დასაწყისში მას კვარაცხელია და მაისურაძე შეხვდნენ. მას საკუთარ ბიზნესზე ესაუბრნენ და საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ ისმაილ გ. მათი პარტნიორიც გახდებოდა – თურქეთიდან მასალებს გამოუგზავნიდა. ისმაილ გ-ს ჩვენებით, კვარაცხელიამ მაისურაძე უახლოეს მეგობარად და პარტნიორად გააცნო და უთხრა, რომ ვიდრე სამსახურს დატოვებდა, ბიზნესის საქმეებს მაისურაძე აწარმოებდა. კვარაცხელიას არც ის დაუმალავს, რომ დღე-დღეზე ბანკიდან სესხი გამოჰქონდა და თანხას ფოთში თავად მაისურაძე ჩაუტანდა.
ისმაილ გ-ს თურქეთიდან მასალები 20-დან 25 სექტემბრამდე უნდა გამოეგზავნა, მანამდე კი შეთანხმდნენ, რომ ტელეფონით ექნებოდათ კონტაქტი. ისმაილ გ-ს ჩვენებით, აწ გარდაცვლილმა მას ბოლოს 6 სექტემბერს დაურეკა, უთხრა, რომ ბანკიდან სესხი უკვე გამოიტანა და სთხოვა ხარისხიანი მასალები გამოეგზავნა, რაზეც თანხმობა განუცხადა კიდეც. თუმცა, მისი თქმით, კვარაცხელიას შემდეგში ვეღარ დაუკავშირდა (აწ გარდაცვლილის ტელეფონი ნივთმტკიცება გახდა და გამორთული იყო), რის გამოც განაწყენდა და საქონელი სხვას მიჰყიდა...
სხვათა შორის, მომხდარით არანაკლებ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა ბანკის ოფიცერი, რადგან თანხის გამტანი გარდაიცვალა... თუმცა, გამოძიება მისი ჩვენებით ნამდვილად დარწმუნდა, რომ კვარაცხელიამ აღებული სესხი მაისურაძეს ბანკშივე გადასცა. ამაზე კი მაისურაძეს სიტყვაც არ დასცდენია. ვინაიდან ოფიციალურად მისი გვარი არსად ფიგურირებდა, როგორც ჩანს, ეგონა, ვერაფერს დაუმტკიცებდნენ, მაგრამ შეცდა. გაირკვა, რომ ამ სესხით, მან საკუთარი ვალები გადაიხადა. ვალების გამო მას მოსაკლავად დასდევდნენ...
საქმე ისაა, რომ ახალი გარემოებების გამო, გამოძიებამ ხელახლა დაკითხა 9 სექტემბერს ნაგირავებ ბინაში მყოფი ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთი – მალვინა ბ. მაისურაძის საყვარელი იყო. მაისურაძის დანაშაულს წერტილი სწორედ მან დაუსვა – დიდი სასჯელის შიშით, მან გამოძიებასთან კეთილსინდისიერად ითანამშრომლა.
მისი აღიარების თანახმად, კვარაცხელიას მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, მაისურაძემ მას ბინაში მიაკითხა და სთხოვდა, დაედასტურებინა, თითქოს ინციდენტის მომენტში, ისიც ბინაში იმყოფებოდა. ამასთან, ისიც ეთქვა, რომ მხოლოდ ერთი გასროლა მოხდა. მოწმე, მაშინვე მიხვდა, რომ ბინაში რეალურად მკვლელობა მოხდა და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როცა მაისურაძემ მისი ბინიდან ვიღაცას დაურეკა და შეხვედრა მასთან დაუთქვა. ეს არ ესიამოვნა, მაგრამ შიშით არაფერი შეიმჩნია. ქალის თქმით, უცნობების მისვლის შემდეგ, მაისურაძემ მას სხვა ოთახში გასვლა სთხოვა. ამის მიუხედავად, ქალმა მაინც შეასწრო თვალი ფულის გადაცემის მომენტს. მალვინა ბ-ს ჩვენებით, მაისურაძემ უცნობებს 9 500 დოლარი გადასცა...
აქედან გამომდინარე, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ მალვინა ბ-ს 3 წელი პირობით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მაისურაძეს, მან თავი დამნაშავედ არც ერთ ეტაპზე არ ცნო, მაგრამ ვინაიდან ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ მეტყველებდა, განზრახ მკვლელობისთვის 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.