სამთვიანი მკვლელობის კურსის გავლას „კაგებეში” 25 „სასაკლაო მასალის” სიცოცხლე ეწირებოდა
გთავაზობთ ფრაგმენტს ალისა გუტმანის წიგნიდან „მე სნაიპერი”. ლეიტენანტი გუტმანი 1979 წელს საბჭოთა კავშირიდან ჯერ დასავლეთ გერმანიაში, შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა და საბჭოთა ოპერატიულ დაზვერვაში თავისი თერთმეტწლიანი მუშაობის შესახებ წიგნი დაწერა.
მკვლელობის სურვილი
19 წლის ასაკში მე უკვე ყოველმხრივ მომზადებული სპეცაგენტი ვიყავი, სისხლის გემოც გასინჯული მქონდა და საჭირო იყო მხოლოდ ჩემი განსწავლულობის საქმეში გამოყენება. ასე რომ, ჩემს პირველ საბრძოლო დავალებას ველოდი და საგულდაგულოდ ვემზადებოდი მის შესასრულებლად.
ოფიციალური სტატუსით, სნაიპერის სპეციალიზაცია მქონდა მინიჭებული, თუმცა მკვლელობის მრავალმხრივ ხერხს ვფლობდი, რასაც პროფესიონალურ დონეზე, უმაღლესი კვალიფიკაციის ინსტრუქტორები გვასწავლიდნენ.
მკვლელი-სპეცაგენტის მომზადების საბჭოთა სისტემა თავიდან ბოლომდე ცოცხალ, რეალურ მასალაზეა აგებული და კურსანტს არჩევნის ფართო საშუალება აქვს. ანუ, ნებისმიერი ზომის, წონის, ტემპერამენტისა თუ სქესის მასალას (ცოცხალ ადამიანს, რომელიც მოსაკლავად იყო გამზადებული) წარმოგიდგენდნენ და შენ ისღა დაგრჩენოდა, მკვლელის ხელოვნება გესწავლა და დაგეხვეწა. მოსაკლავი ადამიანების, რომელსაც ჩვენს ენაზე მასალას უწოდებდნენ, შოვნა ისეთ უზარმაზარ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა კავშირია, სირთულე არ იყო.
მასალას, ძირითადად სიკვდილმისჯილი პატიმრებისგან, ქრონიკული გიჟებისა და მძიმე ავადმყოფებისგან არჩევდნენ. შემდეგ მათ ახარისხებდნენ და შესაბამისი სწავლებისთვის გადაჰყავდათ საიდუმლო პოლიგონზე. მაგალითად, მხოლოდ მე რომ ცოცხალი სამიზნის განადგურების სრული კურსი ამეთვისებინა, 25 ადამიანის დახოცვა მომიწია სნაიპერული შაშხანიდან, განსხვავებული დისტანციებიდან თუ სხვადასხვა ტიპის ტყვიებით. იმ სამთვიანი სწავლების დროს, როცა ხალხს ისე ვხოცავდი, როგორც ბუზებს – არანაირი სიბრალული და სინდისის ქენჯნა არ მიგრძნია. პროფესია რომ ავითვისე და მკვლელობები შეწყდა, ჩემში უკვე ადამიანების განადგურების დაუოკებელმა სურვილმა გაიღვიძა. მე, ერთგვარ დეპრესიაშიც კი ჩავვარდი, რომ ადამიანს აღარ ვკლავდი. გული მიმიწევდა ასეთი საქმიანობისკენ. ალბათ, მანიაკებს ეუფლებათ მკვლელობის ასეთი სურვილი. შეიძლება ითქვას, მეც ერთგვარ მანიაკად ვიქეცი და როგორც ახლა ვაანალიზებ, ასეთი გრძნობის გაღვივება კურსანტში, თვით სწავლების პროგრამაში იყო ჩადებული. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ სპეცაგენტს ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და პროფესიონალიზმით შეესრულებინა ნებისმიერი ასეთი სამუშაო.
ინსტრუქტორად გვყავდა ერთი სევა ზახაროვი. ის ისე მშვიდად გაფატრავდა ფეხმძიმე ქალს „შტიკ-ნოჟით” და ნაყოფს წიწილასავით წააგდებინებდა თავს, რომ თან შეეძლო ზედ ქონიანი ბუტერბროდიც კი დაეყოლებინა და თვალიც არ დაეხამხამებინა. ჰოდა, ის ზახაროვი მეტყოდა ხოლმე:
– ალისა, კაცის მოკვლაცაა და მოკვლაც. ქათამი თუ ბლაგვი დანით დაკალი, ის შეიძლება, ხელიდანაც კი გაგისხლტეს, იხტუნაოს და ყველაფერი სისხლით მორწყას. ეს კი სუფთა სამუშაოდ არ ჩაგეთვლება. სამუშაო კი ყოველთვის სუფთად უნდა შეასრულო. ანუ, ადამიანი ადგილზევე, ერთი გასროლით უნდა მოკლა და ტყვიამ ან ტვინში, ან გულში უნდა გაუაროსო. აი, ნახე – ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა ინსტრუქტორი ხაზაროვი, ერთ-ერთ სნაიპერულ კოშკურაზე ვიმყოფებოდით. მან შაშხანა აიღო, გადატენა და დაუმიზნა, მე კი დურბინდში გამახედა. ჩვენგან სამასიოდე მეტრის მოშორებით ქალ-ვაჟი, ეგრეთ წოდებული მასალა დავინახე. ისინი ისხდნენ მდელოზე და ჭამდნენ. უცებ, გოგონას თავში ტყვია მოხვდა, იქვე ისე ჩაიკეცა, არც განძრეულა.
– ხედავ? – მითხრა ზახაროვმა, – მიდი, ახლა შენი ჯერია. ის ბიჭი ერთი გასროლით, გულში გატარებული ტყვიით უნდა მოკლა.
მე შაშხანა გამოვართვი ზახაროვს, გადავტენე და სულ რაღაც ხუთიოდე წამის შემდეგ გულგანგმირული ვაჟი ტვინგახვრეტილ გოგონას მივუწვინე გვერდით.
– ყოჩაღ, ალისა, ფრიადს გიწერ. ახლა კი სადილის დროა, სასადილოში წვნიანი, კარგა ქონიანი ბორშჩია და წავალ შევჭამ, – მითხრა ზახაროვმა და სასადილოსკენ გაემართა.
ერთი სიტყვით, მომზადების პერიოდში ადამიანის მოკვლა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩვენთვის, როგორც ხელ-პირის დაბანა, კროსი, ან ქონიანი ბორშჩის ჭამა.
ყველა ჩემი დავალება კარგად მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად პირველი დამამახსოვრდა. ხელმძღვანელობამ ერთი საბჭოთა ემიგრანტის, გვარად მალცევის ლიკვიდაცია დამავალა, რომელიც ნიუ-იორკში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. მალცევი თაიმ სკვერზე, აგვისტოს ძალიან ცხელ დღეს იმ დროს მოვიხელთე, როდესაც ცოლ-შვილთან ერთად მაგიდასთან იჯდა და ნაყინს შეექცეოდა. შაშხანა გადავტენე, თავში დავუმიზნე და ვესროლე. ტყვიამ ობიექტის ტვინში გაიარა, გარეთ გავიდა და მის მეუღლეს სახეში მოხვდა. მალცევი მკვდარი იყო, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრილი და ალბათ, მოკვდებოდა, მაგრამ მე ინსტრუქტორი ზახაროვის სიტყვები გამახსენდა ქათამთან დაკავშირებით, ამიტომ მეორე ტყვია ქალს გულში დავახალე და სული გავაფრთხობინე. შემდეგ მშვიდად, „ავახვიე ანკესები” და წავედი. შემთხვევის ადგილზე კი ორი გვამი და მათი 9 წლის გოგონა დარჩა, რომელიც გაოგნებული დაჰყურებდა დახოცილ დედ-მამას.