სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
24 იანვარს პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, გერმანელი ფაშისტი ოკუპანტების სპეცდანიშნულების რაზმი – „მესამე რაიხი”, რომლის შემადგენლობაშიც 120 თავზეხელაღებული მებრძოლი ირიცხებოდა, ებრაულ გეტოში კბილებამდე შეიარაღებულები შეიჭრნენ და მათ საშინელი სასაკლაო მოუწყეს. ინტენსიურ რბევას, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 280 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
25 იანვარს რუსეთის ქალაქ კუიბიშევის გარეუბანში საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც საბჭოთა ოფიცრები მიჰყავდა სამხედრო სწავლებაზე. ძრავადაზიანებულ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდნისას სამ ნაწილად დაიშალა და 175 ადამიანი დაიღუპა.
26 იანვარს ფრანგი ფსიქოლოგი მიშელ როინი, რომელიც პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, თავის თორმეტ პაციენტთან ერთად, ეიფელის კოშკზე ავიდა. შემდეგ მათ ჰიპნოზი ჩაუტარა, ქვევით გადახტომა უბრძანა და 12 ადამიანი კოშკიდან გადაახტუნა.
60 წლის წინათ – 1951 წელი
24 იანვარს, მონაკოში, წარმომადგენლობით საერთაშორისო ავტორალიზე, რომელზეც სოლიდური ფულადი პრემია იყო დაწესებული, ტრაგედია დატრიალდა. ბოლო წრეზე, ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ლიდერის გასწრებას ცდილობდა, ამოტრიალდა, ჰაერში ავარდა, აფეთქდა და ტრიბუნებზე დაეცა. ტრიბუნა ხალხით იყო გაჭედილი. ამ უბედურმა შემთხვევამ 61 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
27 იანვარს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბანკის შემნახველ სალაროში 8 შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. მათ ფულის გატაცება სცადეს, თუმცა პოლიციის მხრიდან უსასტიკეს წინააღმდეგობას წააწყდნენ, 19 ადამიანი დაიღუპა, 16 კი მძიმედ დაშავდა.
28 იანვარს მოსკოვში 36 წლის ევგენი ლაპინი დახვრიტეს. მას 13 ადამიანი ყავდა მოკლული. ლაპინი – მძღოლი იყო და ტაქსისტად მუშაობდა. ის, თავის მსხვერპლს, რომლებსაც ძირითადად ქალები წარმოადგენდნენ, ჯერ კომბლით თიშავდა, შემდეგ ტყეში მიჰყავდა და მანქანაშივე აუპატიურებდა. ბოლოს გუდავდა, თვალებს სთხრიდა და მიწაში მარხავდა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
24 იანვარს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრები აბუნტდნენ – ციხის გალავანი მოანგრიეს, ცეცხლი გააჩინეს და ჯგუფურად გაქცევა სცადეს. თუმცა, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სპეცრაზმმა მათ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა.
29 იანვარს არგენტინის ქალაქ როსარიოში, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდების მატჩის დროს, ტრაგედია დატრიალდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ორი ხელყუმბარა ამოიღო. ერთი ცალი ტრიბუნებზე ააფეთქა, მეორე კი – მინდორზე გადააგდო და 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
30 იანვარს ბერლინში დისლოცირებული საბჭოთა არმიის მოტომსროლელთა პოლკის მთვრალი კაპიტანი – ივანე პეტროვი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, ქუჩაში გავარდა და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. მთვრალი რუსი გერმანელებმა შეიპყრეს და მოკლეს, სროლას კი 10 ადამიანი შეეწირა.