ვინ იყო „ქაჯი”, რომელიც თავის მოუხელთებელ ბანდასთან ერთად შიშის ზარს სცემდა ქართველ „ცეხავიკებს“ და მათ მილიონები წაართვა
გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე ცნობილი საბჭოთა ბოროტმოქმედის, ვიქტორ ქაჯაიას, მეტსახელად „ქაჯის” ორგანიზებული ბანდა შიშის ზარს სცემდა ეგრეთ წოდებულ „ცეხავიკებს”. ამიტომ, მასზე გაცხოველებული ნადირობა იყო გამოცხადებული. პრესაში პირველად ქვეყნდება მასალები „ქაჯისა” და მისი ლეგენდარული ბანდის შესახებ.
სასიკვდილო ნოკაუტი
და თავხედური გაქცევა
– ხვალამდე, ქეთი, სადარბაზოში აღარ შემოგყვები, შენები არ შეგვეფეთონ შემთხვევით, სირცხვილია, – უთხრა გოგონას ათლეტური აღნაგობის ყმაწვილმა, ლოყაზე აკოცა და სადარბაზოსგან ათიოოდე მეტრის მოშორებით, ცაცხვის ხესთან გაჩერდა.
– ხვალამდე, ვიკა, ზუსტად შვიდზე რუსთაველის მეტროსთან მოვალ, – მიუგო ყმაწვილს გოგონამ, შეტრიალდა და სადარბაზოსკენ გაემართა.
16 წლის ვიქტორ ქაჯაიამ, თავისი თანაკლასელი და შეყვარებული, ქეთევან ჩხეიძე სახლამდე მიაცილა და გოგონა რომ სადარბაზოში შევიდა, უკან გაბრუნებას აპირებდა, როდესაც ქეთის კივილი შემოესმა. ვიქტორი სადარბაზოში შევარდა და დაინახა, რომ ორ ახალგაზრდა ბიჭს ქეთი შებოჭილი ყავდა. ერთ-ერთი გოგონას პირზე ხელს აფარებდა, რომ არ ეყვირა, მეორე კი, ტანსაცმელზე უფათურებდა ხელებს.
ვიქტორი ზურგით მდგომთან მიიჭრა და მკვეთრი მოძრაობით მოაშორა ქეთის, შემდეგ მეორე მოძალადეს შემოკრა მუშტი ყბაში და ძირს დააგდო. ეს შემთხვევა 1966 წლის 30 აპრილს მოხდა. 1 მაისს კი, როდესაც რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია დასრულდა, რომელშიც დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეები – ვიქტორ ქაჯაია და ქეთევან ჩხეიძეც მონაწილეობდნენ, ვიქტორი მთავრობის სასახლესთან, ჩიტაძის ქუჩაზე აიყვანა მილიციამ. ამ დროს ის ქეთისთან ერთად ფუნიკულიორისკენ მიდიოდა.
16 წლის ვიქტორ ქაჯაია მაშინდელ კალინინის რაიონის (მთაწმინდის) მილიციაში მიიყვანეს და გამომძიებელმა ნოშრევან კუტუბიძემ მას ერთი ადამიანის მკვლელობისა და მეორესთვის მძიმე ფიზიკური დაზიანების ბრალდება წაუყენა. როგორც კუტუბიძემ ქაჯაიას განუმარტა, 22 წლის თემურ კიკილაშვილი გამთენიისას გარდაიცვალა საავადმყოფოში, ხოლო 21 წლის მალხაზ ბართაია კი კვლავ უმძიმეს, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ქაჯაია აბსოლუტურად უდანაშაულო იყო – ის ქეთისა და საკუთარ სიცოცხლეს იცავდა და სახლში უნდა გაეშვათ, კუტუბიძემ ის წინასწარი დაკავების საკანში მოათავსა, თორმეტწლიანი მუხლი მიუყენა და საქმე სასამართლოში გადააგზავნა.
კიკილაშვილის მამა ერთ-ერთი რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, დაინვალიდებული ბართაიას „ცეხავიკმა” მამამ საკმაოდ მსხვილი თანხა გადაუხადა მილიციას და სასამართლოს, რათა ყოვლად უდანაშაულო ვიქტორ ქაჯაიასთვის მაქსიმალური სასჯელი მიეცათ. შედეგად, მოსამართლე ეთერ შოვნაძემ ქაჯაიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო 20 ოქტომბერს გაიმართა და სწორედ იმ დღეს შეუსრულდა ვიქტორს 17 წელი. უდანაშაულო ქაჯაიას ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ადვოკატი იცავდა, რომელმაც ჯერ საგამოძიებო ორგანოებს, მოგვიანებით კი, სასამართლოს, ვიქტორის უდანაშაულობის ყველა საბუთი წარუდგინა. თუმცა, ადვოკატის არც ერთი არგუმენტი და უტყუარი საბუთი არ იქნა გათვალისწინებული, განაჩენი ძალაში დატოვეს და ყოვლად უდანაშაულო, პატიოსანი ყმაწვილი ავჭალის არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს.
ადვოკატმა ბევრი იღვაწა, რომ სასჯელი მაინც შეემსუბუქებინა მისთვის, მაგრამ ამაოდ. სინამდვილეში კიკილაშვილი და ბარათაია ქეთევან ჩხეიძეს ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს, რადგან კიკილაშვილს 2 500 მანეთი ჰქონდა წაგებული ზარში, მეორე დღეს უნდა მიეტანა და თავის ძმაკაც ბართაიასთან ერთად, სწორედ ამის გამო ჩაიდინა ეს ბოროტმოქმედება. ზემო ავჭალის კოლონიაში ქაჯაიამ ურთულესი ერთწლიანი პერიოდი გაიარა. ვიქტორმა ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ამის გამო მას „ქაჯი” შეარქვეს. 1967 წლის 20 ოქტომბერს, ვიქტორი სრულწლოვანი გახდა, 18 წლის შესრულდა და 9 ნოემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს. იქ 2 წელი გაატარა და 1969 წლის 16 ნოემბერს საპყრობილიდან გაიქცა. ვიქტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საცოლე ქეთევან ჩხეიძე ჭლექისგან გარდაიცვალა. ჭლექი კი, მას ვიქტორზე დარდმა და ნერვიულობამ გაუჩინა. გოგონას 17 ნოემბერს ასაფლავებდნენ და თავისი ერთადერთი სიყვარული რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა, 20 წლის ბიჭი უკიდურეს ნაბიჯზე წავიდა და თავხედური გაქცევა მოაწყო. ვიქტორი ავტომანქანა „კრაზში” შევარდა, რომელიც კოლონიაში სპეციალურად იყო გამოძახებული უზარმაზარი ბილიკების ტრანსპორტირებისთვის. ქაჯაიამ დაბნეული მძღოლი კაბინიდან გადმოაგდო, უზარმაზარი მძიმეწონიანი მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, მეკოშკურე ბადრაგის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა, ორი რკინის კარი გაანგრია და გარეთ გააღწია.
„ცეხავიკების“ რისხვა
საპყრობილიდან „კრაზით” გაქცეულმა ყმაწვილმა კახეთისკენ აიღო გეზი. იქ მისი მეგობარი კობა ლეონიძე ცხოვრობდა, რომელიც ავჭალის კოლონიაში გაიცნო და დაუმეგობრდა.
– ქაჯო, აქ საიდან გაჩნდი? – ჰკითხა ვიქტორს გახარებულმა ლეონიძემ და მეგობარს გადაეხვია.
– ზონიდან მოვხიე, – მოკლედ მიუგო ვიქტორმა.
– როდის?
– ორი საათის წინ.
– წამოდი, ახლავე ახმეტაში ავიდეთ და ისე დაგმალავ, ეშმაკიც ვერ მოგაგნებს, – უთხრა კობამ გაქცეულ მეგობარს.
– არა, კობა, თბილისში უნდა ვიყო, ხვალ ჩემს ქეთის ასაფლავებენ და უკანასკნელად უნდა ვნახო, – მიუგო მეგობარს თვალცრემლიანმა ვიქტორმა.
კობამ ვიქტორი მეზობლის ფურგონიანი „მოსკვიჩით” თბილისში ჩაიყვანა და დაელოდა, სანამ ქაჯაია მიცვალებულს ნახავდა. ვიქტორი კი ქეთის ბინაში ავიდა და მის მშობლებსა და ძმას მიუსამძიმრა. სანამ უკან გაბრუნდებოდა, დაიფიცა, რომ ყველას, სასტიკად აზღვევინებდა.
ვიქტორ ქაჯაიას მუქარა უმალვე ადრესატებამდე მივიდა და გამომძიებელ ნოშრევან კუტუბიძეს, მოსამართლე ეთერ შოვნაძეს, პარტიულ ფუნქციონერ ევგენი კიკილაშვილს და „ცეხავიკ” ჯემალ ბართაიას ფრთხილად ყოფნა ურჩიეს. თან, მათ ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს, იმ იმედით, რომ შურის საძიებლად მისულ ვიქტორ ქაჯაიას დააპატიმრებდნენ. თუმცა, მილიციის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ქაჯაიას მოხელთება ვერ მოხერხდა. ის არსად გამოჩენილა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერავინ გაიგო და სამი თვის შემდეგ, ოთხივე პიროვნებაზე თვალთვალი მოიხსნა.
23 თებერვალს, სასამართლოს შენობის ტუალეტში მოსამართლე ეთერ შოვნაძეს ზემოდან წყლის ბაკი დაეცა. მას ხერხემალი გაუტყდა, ზურგის ტვინი დაუზიანდა, რამაც ლოგინად ჩააგდო და მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაუკარგა. მოსამართლე შოვნაძე 10 წლის განმავლობაში იყო ლოგინად ჩავარდნილი. ქმარმა მიატოვა და მთელი ქონება გაუყიდა. რადგან მოსამართლე უშვილო იყო და მომვლელი, პატრონი არავინ ჰყავდა, სიცოცხლე უპატრონოთა სახლში დაასრულა. ასევე, 23 თებერვალს ევგენი კიკილაშვილს თავის სახლთან მანქანა დაეჯახა და ადგილზევე მოკლა. უცნობი მანქანის მძღოლი კი ვერსად აღმოაჩინა მილიციამ. ვერც მანქანის მარკა იქნა დადგენილი. მეორე დღეს კი, 24 თებერვალს ჯერ „ცეხავიკ“ ჯემალ ბართაიას სახლს წაეკიდა ცეცხლი და პატრონიანად გადაიბუგა, ხოლო დღის 3 საათზე, გამომძიებელი ნოშრევან კუტუბიძე საბურთალოზე, მშენებარე რვასართულიანი სახლის ბოლო სართულიდან გადმოვარდა და იქვე დალია სული. იქ ის საკუთარი მშენებარე ბინის სანახავად იყო მისული და რადგან ამ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყოლია, მილიციამ მას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. თუმცა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ოთხივე შემთხვევა შურისძიების შედეგი იყო.
ციხიდან გაქცევის მერე ქაჯი პირველად 9 თვის შემდეგ გამოჩნდა სააშკარაოზე – მან და ორმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა 25 აგვისტოს ცნობილი თბილისელი „ცეხავიკი” ანზორ ბაბუაძე, მეტსახელად „თუთიყუში” გაძარცვეს. მისი ბინიდან 80 ათასი მანეთი და უამრავი ძვირფასეულობა წაიღეს. „თუთიყუშმა” მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და რომ არ გამოუვიდა, უთხრა:
– იცოდეთ, ეს საქმე არ შეგრჩებათ, მე თუთიყუში ვარ და მიწიდან ამოგთხრითო, რაზეც ქაჯაიამ მიუგო:
– მე კი ქაჯი ვარ, ფეხები არ მოგვჭამო, სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიც თქვი და შენს ძმაკაცებს უთხარი, რომ ფული გაამზადონ ჩემთვის.
და მართლაც, შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში ვიქტორმა და მისმა მეგობრებმა კიდევ 8 „ცეხავიკი” დააყაჩაღეს, რომლებსაც 1 მილიონ 100 ათასი მანეთი და აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები წაართვეს.
1971 წლის 28 თებერვალს, ქაჯმა და მისმა მეგობრებმა მერაბ პაიჭაძისგან 200 ათასი მანეთი და ოქროს ზოდები წაიღეს, რაზეც მისი პოლკოვნიკი ძმა, სოსო პაიჭაძე უკიდურესად აღშფოთდა. ის მოსკოვში, საკავშირო სამინისტროში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ყველაფერი ნიკოლოზ შჩოლოკოვს ჩაუკაკლა, რომელიც იმ პერიოდში შინაგან საქმეთა საკავშირო მინისტრი გახლდათ.
შჩოლოკოვმა მაშინდელ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს პირადად დაურეკა და „ცეხავიკების” რისხვას, ვიქტორ ქაჯაიას, იგივე ქაჯის, ბანდის ნეიტრალიზება უმოკლეს დროში დაავალა.
კრიმინალური ოქტეტი და მილიციის მაიორი
საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ქართულმა საბჭოთა მილიციამ არათუ ქაჯის ბანდის ნეიტრალიზება შეძლო მისი წევრების სახელებიც კი ვერ გაიგო თავად ვიქტორ ქაჯაიასა და კობა ლეონიძის გარდა. ისიც იმიტომ, რომ ისევე, როგორც ქაჯი, არც ლეონიძე მალავდა საკუთარ ვინაობას. მილიციას, ბანდის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა და იცოდნენ, მხოლოდ რომ სულ რვა ადამიანისგან შედგებოდა. თუ სად აფარებდნენ ისინი თავს, რა შეიარაღება და კავშირები ჰქონდათ, ნაძარცვ ქონებას სად ინახავდნენ და სხვა წვრილმანები, მილიციამ არ იცოდა.
ქაჯი და მისი ბანდა მხოლოდ 5 თვე იყო ფსკერზე და 1971 წლის 2 აგვისტოს მათ ჯერ სოხუმელი იატაქვეშა მილიონერი რაულ აგირბა გაძარცვეს და 50 ათასი მანეთი, 2 კილოგრამი ოქრო და თერთმეტი ცალი მსხვილკარატიანი ბრილიანტი გაიტაცეს. სამი დღის შემდეგ კი, ქალაქ კრასნოდარში სტეპან პოპოვი გაძარცვეს და 160 ათასი მანეთი და ბრილიანტის სამკაულების კოლექცია გაიტაცეს.
გაძარცვული სტეპან პოპოვი, კრასნოდარის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის – მედუნოვის ალალი დეიდაშვილი იყო. მედუნოვი კი მაშინდელ საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის – უპირველესი მეგობარი. ამიტომ, ეს ისტორია ბრეჟნევის ყურამდე მივიდა, რომელმაც შჩოლოკოვი შეახურა, მან კი თავის ხელქვეით შევარდნაძეს „ვეჩეთი“ დაურეკა და გააფრთხილა, ბანდიტების ლიკვიდაცია მოეხდინათ.
მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, შევარდნაძემ სამინისტროში თათბირი მოიწვია, ხელქვეითები შეახურა და ორ კვირაში ბანდის განეიტრალება მოსთხოვა. მილიციელებმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ქაჯს ახლო ნათესავები არ ჰყავდა და ობოლი იყო, კობა ლეონიძის მამა დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც ის საკანში გარდაიცვალა. თუმცა, მილიციელებმა მისი ნაწამები გვამი კახეთში ჩაიტანეს და ლეონიძის ცხედარი ტყეში დააგდეს.
მიხო ლეონიძე, უპატიოსნესი ადამიანი იყო და ის მთელმა სოფელმა დიდი პატივით დაასაფლავა. დაკრძალვას ვერ დაესწრო მისი ვაჟი – კობა, რომელმაც იცოდა, რომ იქაურობა გადაცმული მილიციელებით იქნებოდა სავსე და მიცვალებული მამის შეურაცხყოფას მოერიდა. თუმცა, რაიონის სამძებროს უფროსს, ნოდარ მურადაშვილს, რომელმაც მამამისი დააპატიმრა და თბილისში ჩაიყვანა, შეუთვალა, რომ არ აცოცხლებდა და მის სისხლს დალევდა. მართლაც, მიხო ლეონიძის დასაფლავებიდან თვე-ნახევარი იყო გასული, როდესაც ნოდარ მურადაშვილი შუაღამეს, თავისი სახლის ტუალეტში რვა ტყვიით ჩაცხრილული ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავდა, ყველაფერი კობა ლეონიძეს დაბრალდა. მილიცია დარწმუნებული იყო, რომ ეს სასტიკი მკვლელობა სწორედ მან ჩაიდინა.
მინისტრ შევარდნაძის ხელქვეითებმა ბანდიტების ნეიტრალიზება ვერ მოახერხეს და შჩოლოკოვის მუქარის მიუხედავად, შევარდნაძე არამცთუ მინისტრობიდან მოხსნეს, საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშნეს. თუმცა, შევარდნაძეს კარგად ახსოვდა, რა უსიამოვნებაც შეხვდა ქაჯის გამო და ახალ მინისტრს ბანდის განეიტრალებაზე მუშაობის გაძლიერება დაავალა.
მილიციის მაიორი მურადაშვილი 1971 წლის 20 ოქტომბერს ჩაცხრილეს, ხოლო ედუარდ შევარდნაძე 1972 წლის აგვისტოს მიწურულს დანიშნეს ცეკას პირველ მდივნად. ის ბოლო 10 თვის განმავლობაში უნაყოფოდ ცდილობდა ქაჯის მოხელთებას. ამიტომ, თავის მემკვიდრეს – კონსტანტინე კეთილაძეს, უკვე რესპუბლიკის პირველი პირის სტატუსში მყოფმა 1972 წლის 9 სექტემბერს თავის კაბინეტში უთხრა:
– მაგ ქაჯის საქმე ხინჯად მრჩება და რადგან ჩემი მინისტრობის დროს არ მოხერხდა ამ ბანდიტების ლიკვიდაცია, იქნებ, ეს შენ მოახერხო.
– იმედია, მოვახერხებთ, ედუარდ ამბროსოვიჩ, – მიუგო შევარდნაძეს საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, – მით უმეტეს, რომ ხელის ჩასაჭიდი უკვე გვაქვს. მაიორი კოტე თორაძე ვიქტორ ქაჯაიას ნათლიაა და ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ის ამარაგებდა თავის ნათლულს საიდუმლო ინფორმაციით და იმიტომ ვერ მოვიხელთეთ ქაჯი.
შევარდნაძე კინაღამ შოკში ჩააგდო კეთილაძის სიტყვებმა, რადგან, კოტე თორაძე მისი პირადი ნდობითა და სიმპათიით სარგებლობდა. ამიტომ, ცეკას ახალმა მდივანმა კოპები შეკრა და მინისტრ კეთილაძეს უბრძანა:
– ეს ამბავი არ გაახმაუროთ. ყველაფერი საფუძვლიანად გამოიკვლიეთ, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაზარალდეს.
კოტე თორაძე მართლაც ვიქტორ ქაჯაიას ნათლია და მამამისის ბავშვობის მეგობარი იყო. მასზე მილიციას საიდუმლო სამსახურებრივი გამოძიება ჰქონდა დაწყებული და უთვალთვალებდნენ. თუმცა, კეთილაძისა და შევარდნაძის საუბრიდან, მეორე დღეს, კოტე თორაძე მოთვალთვალეთა თვალთახედვის არედან მოულოდნელად გაქრა. ის ვერსად აღმოაჩინეს. ხოლო 11 სექტემბერს კი, ჩრდილო ოსეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის ერთ-ერთ თერგისპირა სოფელს მილიციის სპეცრაზმი ეწვია და ვინმე ალან კოკოევის სახლს ალყა შემოარტყა. ალან კოკოევი ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო, იატაკქვეშა მილიონრად ითვლებოდა. თუმცა, მილიცია იქ მის დასაპატიმრებლად, კი არ მივიდა, მასთან ქაჯი და მისი ბანდის წევრები ეგულებოდა. მოუხელთებელი კრიმინალური ოქტეტი სრული შემადგენლობით მართლაც კოკოევს ძარცვავდა. ზუსტად შუაღამეს დაიწყო მათი ლიკვიდაციის ოპერაცია. თუმცა, ოპერებს კოკოევის სახლი ცარიელი დახვდათ.
მეორე დღეს, ალან კოკოევის დაცხრილული გვამი აბობოქრებულმა თერგმა შემთხვევის ადგილიდან 18 კილომეტრში გამორიყა ქვიან ნაპირზე. დანარჩენების პოვნა კი არ მოხერხდა. ქაჯი და მისი შვიდი მეგობარი, ასევე მაიორი კოტე თორაძე სად გაქრნენ, ვერავინ დაადგინა.
არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ქაჯაია, კობა ლეონიძე და კოტე თორაძე უცხოეთში გაიქცნენ და 3 წლის განმავლობაში ნაძარცვი ფულის ნაწილი გაიტაცეს. ბანდის ის 6 წევრი, რომლის შესახებაც მილიციამ არაფერი იცოდა დღესაც ცოცხალია და ნაძარცვი ფულით აწყობილი ბიზნესი აქვთ.