ლამაზებს უფრო მეტი ჭკუა ჰქონიათ
გავრცელებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, ლამაზ ადამიანებს ინტელექტუალური განვითარების უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ნაკლებად სიმპათიურ მამაკაცებს და ქალებს, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევრები. მათი აზრით, მიმზიდველი გარეგნობის ადამიანები, როგორც წესი, უკეთესად სწავლობენ და ავლენენ კიდეც თავს პროფესიულ საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, მეტს აღწევენ ცხოვრებაში. კვლევების ავტორთა შეფასებით, მიმზიდველი ბრიტანელი მამაკაცის ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი 1Q, 13,6 პროცენტით აღემატება ამ მაჩვენებელს მთლიანად ქვეყანაში, ხოლო სიმპათიური ბრიტანელი ქალის მაჩვენებელი – 11,4-ით მაღალია, ვიდრე მისი თანამემამულეების უმრავლესობისა.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკოსების დასკვნები ეყრდნობა დაკვირვებებს 17 419 ადამიანზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1958 წლის მარტში, ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ და ასევე, 35 ათას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეზე განხორციელებულ კვლევის შედეგებს.
კვლევების ერთ-ერთი ავტორი სატოში კაზანავა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჭკვიანი და ლამაზი ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. შესაბამისად, მათი შვილები თავიანთი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებენ არა მარტო ფიზიკურ სილამაზეს, არამედ ინტელექტუალური განვითარებისკენ ლტოლვას, ცოდნის კარგად ათვისების უნარს. ადამიანის ფიზიკური მიმზიდველობა მისი გონებრივი განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს.