ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რა არის პატენტი?
პასუხი: პატენტი არის ექსკლუზიური უფლება, რომელიც გაიცემა გამოგონებაზე და ავტორს მასზე აძლევს მონოპოლიურ უფლებას დროის შეზღუდულ პერიოდში, კერძოდ, 20 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში პატენტის მფლობელს აქვს უფლება, სხვა პირებს აუკრძალოს გამოგონების გამოყენება, განხორციელება, განაწილება ან გაყიდვა მისი თანხმობის გარეშე იმ ქვეყნებში, რომელშიც მოქმედებს მისი პატენტით დაცვის უფლება.
პატენტის გაცემა ხდება კონკრეტული ქვეყნის სახელწიფო ორგანოს მიერ ან რეგიონალური უწყების მიერ, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში პატენტი გაიცემა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ.
კითხვა: რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე გამოგონება სხვადასხვა პირების მიერ იქმნება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, როდესაც პატენტზე განაცხადის წარდგენა ხდება, დგინდება პრიორიტეტი, ანუ პირველად წარდგენის თარიღი. ეს თარიღი განმცხადებელს პრიორიტეტს ანიჭებს სხვა პოტენციური კონკურენტების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, მოგვიანებით წარადგინონ განაცხადი იმავე გამოგონებაზე და შესაბამისად, პატენტის აღების უფლებაც პირველ განმცხადებელს ექნება მინიჭებული. გარდა ამისა, პრიორიტეტის თარიღით ხორციელდება გამოგონების სიახლის დადგენა. თუ ამ თარიღამდე განმცხადებლის ან სხვა პირის მიერ გამოგონება საჯაროდ იქნა გამჟღავნებული, მაშინ პატენტის აღების უფლება იკარგება.
კითხვა: სად არის აკრძალული შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება?
პასუხი: შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება აკრძალულია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა შენობებში, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების შენობებში. აგრეთვე, ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა – პროკურატურა, პოლიცია, სასჯელთა აღსრულებისა და სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო ნაწილები და ობიექტები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, საავადმყოფოები, დიპლომატიური დაწესებულებები და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორია. ასევე, გასათვალისწინებელია კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმისა და შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.
კითხვა: რა ვალდებულებები ეკისრებათ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს?
პასუხი: შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას, აუცილებელია ამ კანონის მოთხოვნების დაცვა.
დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომელიც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ. ასევე, დაუშვებელია მოწოდებები, რომლებიც ომისა და ძალადობის პროპაგანდაა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ და სოციალურ შუღლს.
შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიაქტიური, ნერვულ-პარალიზებული მოქმედების, მომწამვლელი ნივთიერებანი და ალკოჰოლიანი სასმელები. დაუშვებელია მათ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
ზემოთ ჩამოთვლილი კანონის მოთხოვნების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში, შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს. შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილენი ვალდებული არიან, დატოვონ შეკრება ან მანიფესტაცია პასუხისმგებელი პირების ან უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნისთანავე.
კითხვა: როგორია პასუხისმგებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის?
პასუხი: შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, ან იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, საქართველოს საერთო სასამართლოში, ანდა მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, გამოიწვევს პატიმრობას. შეკრებისა და მანიფესტაციისთვის, ან მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას.
კითხვა: ვის შეუძლია, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ვის წინააღმდეგ?
პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსადმი ინდივიდუალური განაცხადით მიმართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელთაც აკისრიათ კონვენციის შესრულების ვალდებულება; ასევე, სახელმწიფოთაშორისო განაცხადით ხელშემკვრელ სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ.
კითხვა: რომელ ენაზე უნდა მოხდეს განაცხადის წარდგენა ევროპის სასამართლოში?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ოფიციალური ენები ინგლისური და ფრანგულია, განაცხადის გაგზავნა დასაშვებია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე. განაცხადის დასაშვებად ცნობამდე, განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოსთან ნებისმიერი კომუნიკაცია, კომენტარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე შეიძლება, წარმოებდეს. განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდგომ, მხარეებმა სასამართლოსთან ურთიერთობა სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე უნდა აწარმოონ.
კითხვა: არსებობს თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის დადგენილი გადასახადი?
პასუხი: განმცხადებელი საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ იხდის სასამართლოს გადასახადს. ევროპის სასამართლოში განაცხადის გაგზავნა არ არის დაკავშირებული იმ ფინანსურ გარემოებებთან, რასაც ქვეყნის შიგნით საქმის წარმოება შეიძლება მოიცავდეს.