როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სხირტლაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი სხირტლა.
1840-იანი წლების აღწერით, სხირტლაძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: გორი, კვაცხეთი, მრავალძალი, სხვავა. სოფელ გორში სხირტლაძეები არიან საბატონო გლეხები, კვაცხეთშიც – საბატონო გლეხები, მრავალძალში – საეკლესიო გლეხები, სხვავში კი – წერეთლის საბატონო გლეხები.
სხირტლაძეებს ჰყავდათ ბევრი სახელოვანი ადამიანი და მამულიშვილი, მათ შორის გამორჩეული თამადა – ბატონი სიმონი და დიდი და ეროვნული პიროვნება შოთა სხირტლაძე.
საქართველოში 2 573 სხირტლაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 220, საჩხერეში – 284, ჭიათურაში – 179. არიან სხვაგანაც.
პეტრიაშვილი
პეტრიაშვილები არიან კახეთის სამეფო აზნაურები. შეტანილი არიან 1850 წლის 6 დეკემბრის რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილ ხავერდის წიგნში. პეტრიაშვილები, როგორც აზნაურები შეტანილი არიან ასევე, 1783 წლის 24 ივნისს შედგენილ გეორგიევსკის ტრაქტატში.
ილია მაისურაძემ დაგვაკვალიანა და ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: „პეტრიაშვილი, გოგაშენი, ახალქალაქის რაიონი.”
ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.
პეტრედანაა ნაწარმოები პერტია, პერტენავა.
პეტრიაშვილები არიან ასევე, თავად ავალიშვილებიდან მომდინარე საგვარეულო. თვით ავალიშვილები კი ციციშვილებიდანაა წარმოშობილი.
თავად ანდრონიკაშვილებიდან რამდენიმე გვარია წარმომდგარი. მათ შორისაა ერასტიშვილი, მათგან გაჩენილა დავითისშვილი, ხოლო მისგან პეტრესშვილი.
მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, პეტრესშვილი მამულა, იხსენიება კარალეთში 1700 წელს.
პეტრიაშვილი ბიძინა და გიორგი მოიხსენიებიან მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს კლდისწყაროში.
პეტრიაშვილ პეტრეს, მოურავს, ერეკლე მეფემ უბოძა ჭალაანში დასახლება და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა, 1699 წელს.
პეტრიაშვილები ცხოვრობენ რაჭაშიც; იქ მოგვიანებით გადავიდნენ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ეს გვარი რაჭიდან მოდის.
საქართველოში 3 353 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 587, გურჯაანში – 186, რუსთავში – 178.
ბურდიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბურდა, ბურდი, ბურდია.
მჭადიჯვრის მცხოვრები ბურდიაშვილები შედიოდნენ წილკნელის სამწყსოში. თუ მათი სახლის უფროსი ან მოხელე გარდაიცვლებოდა, ამისთვის მთელი რიტუალი არსებობდა. კერძოდ, შეკაზმული ცხენი, ორი გადასახურავი, სუფრის იარაღი, თალხი – ეს ყველაფერი წილკნელისთვის უნდა მიერთმიათ.
იასე ბურდიაშვილი რამაზ ვაჩნაძის მიერ ოხიაყორჩ რაისებისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმედ მოიხსენიება 1673 წელს.
1664 წელს მოიხსენიება სუხიტა ბურდიაშვილი პაპუნა ფალავანდიშვილისა და თბილელი ეპისკოპოსის, იოსებ სააკაძეს შორის ყმა-მამულის დავითის მოწმედ.
როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბურდიაშვილებს ადრე ქართლში უცხოვრიათ, შემდეგ კახეთში გადასულან. მოგვიანებით, ბურდიაშვილებს აზნაურობაც მიუღიათ.
საქართველოში 599 ბურდიაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 334, გურჯაანში – 146, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც.
ავგაროზიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ავგაროზი, რომელიც პატარა ნივთია და ცრუმორწმუნენი გულზე დაკიდებულს ატარებენ.
„რკონელი ავგაზორი გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრისას ნახევარი მამულით გოშკარს ერგო“.
ავგაროზი იყო ჯერ მეტსახელი, შემდეგ კი საკუთარ სახელად იქცა.
აბრაჰამ ავგაროზის ძე სამეფო კარის მწიგნობარი იყო, რომელმაც შეადგინა გიორგი მეფის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელზე გაცემული მონასტრის წყალობის სიგელი.
შიდარელ გრიგოლ ავგაროზის ძე ანდრიაშვილს გულშარ დედოფალმა უბოძა თორმეტი ათასი თეთრი, რათა გულშარისთვის გადაეხადა აღაპი ქვათახევის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს საქმე დაევალა ონიას.
საქართველოში 27 ავგაროზაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 20, თბილისში – 5, თელავში – 2.
შამანაური
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი შამან.
სახელი შამან ბევრ ისტორიულ საბუთშია მოხსენიებული. შამანს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, დაუდუღებელი ღვინო, სუსტი არაყი, ჯადოქარი, მკურნალი.
ამ სახელისგან ასევე წარმოქმნილია გვარები: შამანაშვილი, შამანაძე.
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, შამანები ერქვათ ადამიანებს, რომლებიც არყის გამოხდაში იყვნენ დახელოვნებულნი. აქედან დასკვნა, რომ შამანაურებიც ამ ხელობას მისდევდნენ.
შამანაური და შამანაშვილი, ერთი და იგივე გვარია. ცნობილია, რომ ხევში ბევრი ადამიანი ცნობილ გვარზე ეწერებოდა. შვილი სუფიქსით დაბოლოებული გვარების დიდი ნაწილი, მეთვრამეტე საუკუნეში – ურ, ულ ან ძე სუფიქსებს ირთავდა. მსგავსი გვარებია გოგიშვილი – გოგიაური, ელოშვილი – ელოური, ქუქიშვილი – ქუქიაური და ასე შემდეგ.
ქართლის მთიანეთში მცხოვრები შამანაურების დიდი ნაწილი შიდა ქართლსა და თბილისში ცხოვრობს.
საქართველოში 298 შამანაურია: თბილისში – 168, კასპში – 101, მცხეთაში – 13. არიან სხვაგანაც.
არაბიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არაბი, არაბა.
არაბიძეთა გვარი მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანს ისტორიულ წყაროებში.
ქედში მცხოვრები არაბიძე მირიან ჯარელიძემ მამულითურთ უწყალობა თავის აზნაურს გიორგი შერაზანიშვილი.
მეთექვსმეტე საუკუნის პირველ ნახევარში არაბიძე ბერდიას მამული მიუყიდია რამინა ჭაგრიძისთვის.
საქართველოში 2 080 არაბიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 544, თერჯოლაში – 485, თბილისში – 276. არიან სხვაგანაც.
ლუკაშვილი
გვარის ფუძეა სახელი ლუკა, რაც მანათობელს ნიშნავს. ლათინურად ლუკა მზის ამოსვლისას დაბადებულს ნიშნავს. ის წმიდანის სახელია, რომელსაც დღესასწაულობდა მართლმადიდებლური ეკლესია – 4, 29 თებერვალს, 7 აპრილს, 22 ივლისს, 30 სექტემბერს, 18 ოქტომბერს, 6 ნოემბერს, 11 დეკემბერს.
ლუკაშვილი შიო გიორგის ძე მოიხსენიება სოფელ ღოლოვანას 1843 წელს. 1886 წლის აღწერით, ამავე სოფელში მოიხსენიება გიორგი ლუკაშვილი და ვანო ლუკაშვილი.
საქართველოში 182 ლუკაშვილი ცხოვრობს: გორში – 70, თბილისში – 56, საგარეჯოში – 32. ცხოვრობენ სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით