როგორ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვის ეძებენ გერმანიიდან აფხაზეთში
67 წლის ალექსანდრ მიხაილის ძე მენდელეევი ეძებს 66 წლის თამაზ ვარლამის ძე გოგოხიას.
ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს – 66 წლის თამაზ ვარლამის ძე გოგოხიას. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. ამჟამად მე გერმანიაში ვცხოვრობ და მისი პოვნა აქედან ჩემთვის თითქმის შეუძლებელია. მე და თამაზი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მინდა ვიპოვო ის და აღვადგინო ჩვენი ურთიერთობა.
– გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი და რა მიზეზით დაიკარგა თქვენ შორის კონტაქტი?
– მე და თამაზმა ერთმანეთი დაახლოებით 1967 წელს გავიცანით. ორივე ერთად მოვხვდით ერთ სასწავლებელში ხარკოვში და დავამთავრეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი. მეც და თაზოც საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით. ის ჩამოსული იყო თავისი სამშობლოდან, რათა განათლება იქ მიეღო, მე კი იმ დროს ხარკოვში ვცხოვრობდი. დღემდე მახსოვს, რამდენი ლამაზი და კარგი დრო გვაქვს ერთად გატარებული. თაზო ჩვენს თანაკურსელებს შორის გამოირჩეოდა ხალისიანობით. ის იყო ძალიან კარგი მეგობარი და მთელ ჩემს ოჯახს ძალიან უყვარდა. 1972 წელს ორივემ წარმატებით დავასრულეთ ხარკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი და ეს აღვნიშნეთ კიდეც. ორივემ ვიცოდით, რომ დაშორება გველოდა, რადგან თაზო აუცილებლად უნდა წასულიყო სამშობლოში, სადაც თავისი ოჯახი ელოდებოდა. როგორც მახსოვს, მას ჰყავდა ორი ძმა და ისინი იმ დროისთვის ცხოვრობდნენ აფხაზეთში, გალში. ჩვენ მიმოწერაც გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ 1992 წლიდან თაზოსგან წერილები აღარ მიმიღია.
– ამ წლებში საქართველოში დიდი არეულობა იყო და, ხომ არ ფიქრობთ, რომ მას ან მის ოჯახს შეიძლება, რამე მოსვლოდა?
– მინდა მჯეროდეს, რომ ისინი კარგად არიან და ჩვენი ერთმანეთთან დაუკავშირებლობა, უბრალოდ, სხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაინც უკეთესის იმედს ვიტოვებ და დღემდე მჯერა, რომ თაზო ცოცხალია და ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით.
– რამდენი ხანია, რაც მეგობარს ეძებთ და რა ხერხებს მიმართეთ ამისთვის?
– მეგობარს ჯერ კიდევ ხარკოვში ცხოვრების პერიოდში ვეძებდი. დავიწყე იმით, რომ დავუკავშირდი ნებაყოფლობით დამხმარეებს, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ძებნის სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. მართალია, ისინი სხვადასხვა სახით დამეხმარნენ, მაგრამ თაზოს პოვნა ვერ შეძლეს, ამიტომ გადავწყვიტე, თქვენ დაგკავშირებოდით. ამჟამად მე გერმანიაში ვცხოვრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ისტორიას უყურადღებოდ არ დატოვებთ. სამწუხაროდ, მე არ მაქვს შემორჩენილი თაზოს არც ერთი სურათი, რადგან შვილიშვილებისგან ვერ ვიხსენი ჩემი ალბომი და უამრავი სურათი მათი თამაშის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად სურათის არქონისა, იმედი მაქვს, რომ, შეიძლება მან, მისმა ნათესავმა ან მეგობარმა წაიკითხოს ეს სტატია და გამოგვეხმაუროს.
– როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებთ თქვენ და, მისი პოვნის შემთხვევაში, სად და როგორ შედგება თქვენი შეხვედრა?
– მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ასაკში ვარ, არა მგონია, თაზოს სანახავად ჩამოფრენა გადავდო. თუკი მას ვიპოვი, აუცილებლად ვეცდები, ვინახულო და შეხვედრა ან მასთან, ან აქ, გერმანიაში მოვაწყო. ჩემი ნათესავები და ახლობლები მგულშემატკივრობენ და ვიცი, რომ ყველა დამეხმარება იმაში, რომ ძველმა მეგობრებმა ერთმანეთი ვნახოთ და გავიხაროთ შეხვედრით. შეიძლება, თაზომაც ჩემსავით შეცვალა თავისი ძველი მისამართი და სწორედ ამ მიზეზით ვერ ვპოულობ მას. ჩემი მისამართიც ასევე უცნობია მისთვის, რადგან 1995 წელს მე გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად და ამის შესახებ მან არ იცოდა, რადგან 1992 წლიდან ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგული გვქონდა. შეიძლება, თაზო ამჟამად თბილისშიც კი ცხოვრობს, სადაც, როგორც მახსოვს, მას უამრავი მეგობარი ჰყავდა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.