რატომ გააშვილა 42 წლის წინ მოლდოველმა გოგონამ თავისი შვილი და ვინ დაეხმარა მას ბავშვის გაშვილებაში
43 წლის ნანა პაპუნაშვილი (ამჟამინდელი სახელი და გვარი) ეძებს ბიოლოგიურ დედას (სახელი, გვარი და ასაკი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, რომელმაც მე დაახლოებით 10-11 თვის ასაკში გამაშვილა მანგლისში. მწირი ინფორმაციის მიუხედავად, დიდი იმედი მაქვს, რომ მას მაინც ვიპოვი. ჩემს გაშვილებაში დიდი როლი ითამაშა ქართველმა ქალბატონმა (სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია), რომელიც იმ დროს, ანუ 42 წლის წინათ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცხოვრობდა.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა იცით თქვენი ბიოლოგიური დედის შესახებ, გარდა იმისა, რომ მოლდოველია, ან, რა იყო თქვენი გაშვილების მიზეზი?
– ჩემი ისტორია ძალიან მძიმეა, რადგან მე თითქმის არაფერი ვიცი ჩემი მშობლების შესახებ, ანუ ხელმოსაკიდი თითქმის არაფერი მაქვს, გარდა იმ უმნიშვნელო ინფორმაციისა, რაც მე ჩემი აღმზრდელებისგან ვიცი. ვეძებ ქალბატონს, რომელიც დაახლოებით 42 წლის წინათ ისვენებდა მანგლისში უშვილო ცოლ-ქმართან (ანუ ჩემს მომავალ აღმზრდელებთან). ეს ქალბატონი იმ დროს ცხოვრობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. სამწუხაროდ, მისი არც ზუსტი მისამართი ვიცი და არც სახელი და გვარი. სწორედ ამ ქალბატონმა გააცნო ჩემს აღმზრდელ მშობლებს თბილისში ჩამოსული მოლდოველი გოგონა, რომელსაც ჰყავდა დაახლოებით 10-11 თვის შვილი (ანუ მე). მისი დახმარებით ჩემმა აღმზრდელებმა მიშვილეს, რისთვისაც 300 მანეთი გადაიხადეს. ყველაფერი, რაც მე ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ ვიცი, არის ის, რომ მე მან საქართველოში გამაჩინა, მაგრამ მატერიალურად ძალიან უჭირდა და უნდა დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში – მოლდოვეთში. ამასთან, ის იმ დროისთვის იყო ძალიან ახალგაზრდა, სამშობლოში ბავშვთან ერთად ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მშობლების ეშინოდა. იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, სწორედ ეს იყო მისი მხრიდან ჩემი გაშვილების მიზეზი.
– მამის შესახებ რა იცით?
– მამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა მე არაფერი მითხრეს, ამჟამად კი ისინი ცოცხლები აღარ არიან და ვისგან უნდა გავიგო ჩემი ამბავი, აღარ ვიცი. ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს, არის ის თბილისელი ქალბატონი, რომლის არც სახელი და არც გვარი არ არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიასთან დაკავშირებით ბევრად მეტი ეცოდინება. ვფიქრობ, ის დღესდღეობით უკვე მოხუცია, მაგრამ იმედია, თუკი ის ამ წერილს წაიკითხავს, აუცილებლად გამომეხმაურება. შეიძლება, მისმა შვილებმაც კი იციან ეს ისტორია და ისინი გამოგვეხმაურონ და დამეხმარონ ჩემი მოლდოველი დედის მოძებნაში. როდესაც მე მიშვილეს, ჯერ ერთი წლისაც არ ვყოფილვარ, ამჟამად უკვე 43 წლის ვარ და მინდა გავიგო ჩემი მშობლების ვინაობა და ვიპოვო ისინი, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
– ესე იგი, მამის შესახებაც არაფერი იცით...
– ადრე, თურმე, სანამ მიშვილებდნენ, რუსულ-აზერბაიჯანული სახელი მრქმევია, მგონი, მამაც არაქართველი მყავდა. თუ არ ვცდები და სწორი ინფორმაცია მაქვს, მამა მაშინ მშენებლობაზე მუშაობდა. ამჟამად მე უკვე სამი შვილის დედა და ბებიაც კი ვარ. დღემდე ერთადერთი ოცნება მაქვს – ვიპოვო ჩემი მშობლები, გავიგო რაიმე მათ შესახებ. ხანდახან მგონია, რომ ჩემი მოლდოველი დედაც მეძებს, მაგრამ არ იცის ჩემი ამჟამინდელი სახელი და გვარი და ვერ მპოულობს.
– ანუ, თქვენ პატიობთ ბიოლოგიურ დედას ყველაფერს და, მიუხედავად იმისა, რომ მან გაგაშვილათ, მაინც ეძებთ... როგორ ფიქრობთ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ერთმანეთს იპოვით, როგორი იქნება მომავალში თქვენი ურთიერთობა?
– მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვიპოვი ჩემს მშობელ დედას და გავიცნობ. ღმერთმა ქნას და, თუ ეს ასე მოხდება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება, მე ყველაფერი ვაპატიე მას, რადგან, როგორც ვიცი, ის იმ დროს ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. თანაც, შეიძლება, ის დღემდე ნანობს თავის საქციელს. თუკი ერთმანეთს ვიპოვით, ეს იქნება ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში.