ამერიკის სახელმწიფო ვალმა 14 ტრილიონს მიაღწია
ამერიკის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს – 14 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს ამერიკის ერთ სულ მოსახლეზე 45 ათასი დოლარია. ამერიკის კონგრესი ახალი დილემის წინაშე დადგა: მან ან სახელმწიფო ვალის ოდენობა უნდა გაზარდოს, ან საბიუჯეტო ხარჯები შეამციროს. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კონგრესს მოუწოდებს, სახელმწიფო ვალის გაზრდის ნებართვა გასცეს. შესაბამისი შინაარსის წერილი ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი ჰაიტნერმა, სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერს, ჰარი ლიდს, უკვე გაუგზავნა.
„იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის სახელმწიფო ვალის ოდენობის გაზრდაზე, ამერიკის ეკონომიკაში დეფოლტი გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, მოგვიწევს გადასახადები ყველა ამერიკელისა და ყველა ამერიკული საწარმოსთვის გავზარდოთ, რაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს და ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება,“ – აცხადებს ამერიკის ფინანსთა მინისტრი თავის წერილში. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ივნისში ამერიკის სახელმწიფო ვალი 13 ტრილიონი იყო. ობამამ ვალის ზღვარი 14 ტრილიონამდე გაზარდა. ახლა საბოლოო სიტყვა კონგრესმენებს ეკუთვნით. რესპუბლიკელები სახელმწიფო ვალის გაზრდის წინააღმდეგ გამოდიან.