მეკობრეები მსოფლიოს ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებენ
საზღვაო მეკობრეობა ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოსთვის სერიოზულ პრობლემად იქცა და ის მსოფლიოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. როგორც ირკვევა, საზღვაო მეკობრეობა ყოველწლიურად მსოფლიოს ეკონომიკას 7-დან 12 მილიარდ დოლარამდე აზარალებს. ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა ბრიტანულ ინსტიტუტში – „ჩეტემ ჰაუზში“ განაცხადეს. ეს თანხები საჭირო აღმოჩნდა მეკობრეებისგან დაკავებული მეზღვაურებისა და გემების გამოსახსნელად, ასევე, იმ რეგიონების გასაკონტროლებლად, სადაც მეკობრეები აქტიურობენ. 2006 წელს მსოფლიოში მეკობრეობის 1 600 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც 54 ადამიანი დაიღუპა. 2011 წლის დასაწყისში მსოფლიოში მეკობრეების ხელში 18 სახელმწიფოს 500-მდე მეზღვაური რჩებოდა. მათ შორის ქართველებიც არიან, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეკობრეების თავდასხმების მიდამოებში საზღვაო პატრულირება გაძლიერებულია, მეკობრეობის შემთხვევები ბოლო წლებში არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. მეკობრეობის თვალსაზრისით, ყველაზე საშიშ რეგიონად ინდოეთის ოკეანის აუზი რჩება, რომელზეც გემებზე თავდასხმების 95 პროცენტი მოდის. ყველაზე დიდ ზიანს მსოფლიოს ეკონომიკას სომალელი მეკობრეები აყენებენ. დაცვითი ოპერაციები ამ ქვეყნის სანაპიროებთან 2 მილიარდამდე დოლარი დაჯდა.