რატომ არ ჩაერია ცოლის პარტიიდან გარიცხვის საქმეში სტალინი
„სტალინს ყველაფერი ჰქონდა – ჭკუა, თავდაჯერება, ინტელექტუალური სიღრმე, პოლიტიკური ნიჭი, რწმენა და გამოცდილება, მგრძნობიარობა, შურისმაძიებლობა, შარმი, უმოწყალობა, მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალურობა. ის და მისი პარტია ერთად დაიბადნენ და ერთად ვითარდებოდნენ. სოსო კლანურ კავკასიაში დაიბადა, მთელი ახალგაზრდობა კონსპირაციულ იატაკქვეშეთში გაატარა, სადაც სისასტიკე, ფანატიზმი და ერთგულება მთავარი ცნებები იყო. იგი მუდმივი ბრძოლის, დრამისა და სტრესის პირობებში ცხოვრობდა. ამიტომ, ხელისუფლებაში მოვიდა როგორც უჩვეულო ადამიანი – ერთდროულად ძალისა და იდეების კაცი. მაგრამ მას საყრდენი აკლდა – მომენტი, რომელიც 1917 წელს იპოვა. ახლა სტალინს შეეძლო, გამხდარიყო სტალინი. მეორე სერიოზული სტრესი, 1943 წელი იყო – სტალინგრადი“.
ს.ს. მონტეფიორე („ახალგაზრდა სტალინი“, თბილისი, 2009 წელი).
1917 წლის თებერვალში რუსული სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს დგამდა დემოკრატიისკენ. მონარქიული რეჟიმი დასრულდა. მეფემ მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ხელმწიფობაზე უარი განაცხადა და სამეფო ტახტიდან გადადგა. გამოცხადდა პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებულთა სრული ამნისტია რუსეთის ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით – ციმბირიდან.
„ათასობით ადამიანმა სახლებისკენ აიღო გეზი. მათ ყველა სტანციაზე (სადგური), როგორც გმირებს, ისე ხვდებოდნენ. თებერვალში „ჩვილი” რუსული დემოკრატიის მიერ ამნისტირებული ჯუღაშვილი ტურუხანსკის გადასახლებიდან პეტროგრადში ჩავიდა და ალილუევების ოჯახში დაბინავდა – ის ჯერ კიდევ ბაქოში რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა მთელ ოჯახს და თავის მომავალ მეუღლესაც, რომელიც მაშინ 2 წლის (მასზე 22 წლით უმცროსი) იყო. ალილუევებმა მას ცალკე ოთახი გამოუყვეს. სოსომ ცენტრალურ კომიტეტში გაზეთ „პრავდის” რედაქციაში დაიწყო მუშაობა. იმ დროს ლენინი იქვე, როჟდესტვენსკის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა. მაგრამ, სულ რაღაც ორ თვეში, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ბოლშევიკებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო. იმ პერიოდისთვის ხელისუფლება პეტროგრადის საბჭოს ხელში იყო გადასული, რომლის თავმჯდომარე, იყო ცნობილი მარქსისტი, კარლო ჩხეიძე. დროებითი ხელისუფლება იძულებული გახდა, ბოლშევიკი ულიანოვის (ლენინის) დაპატიმრების ბრძანება გაეცა ტერორიზმში ბრალდებით. პირადად კარლო ჩხეიძეს მიაჩნდა, რომ ლენინისთვის შინაპატიმრობაც საკმარისი იყო, რის გამოც მას დააბრალეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სტალინთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეხვედრა მართლაც შედგა, მაგრამ ჩხეიძემ ჯუღაშვილს განუმარტა, რომ არ შეუძლია, ანგარიში არ გაუწიოს საზოგადოებრივ აზრსა და მორალურ პრინციპებს. ამის შემდეგ, საგანგებო თათბირი ჩატარდა.
ლენინს, ნოგინს, სტალინს, ორჯონიკიძესა და სხვა თანამებრძოლებს შორის იხილებოდა საკითხი, უნდა დამორჩილებოდა თუ არა ლენინი მართლმსაჯულებას. სტალინი კატეგორიული იყო, ამტკიცებდა, რომ ლენინი უნდა დამალულიყო, რადგან იუნკერები მას ციხეში მიყვანამდე მოკლავდნენ, შეიძლება, გზაში ჩაექოლათ კიდეც. ერთი სიტყვით, პროლეტარიატის ბელადს არალეგალურად ცხოვრება მოუწია, რადგან ჯუღაშვილის პროტექციამ ჩხეიძესთან ვერ გაჭრა. სამაგიეროდ, ასეთ სიტუაციებში გამოცდილმა სტალინმა და ბუხარინმა ლენინს სესტრორეცკელი მუშის, ემილიანოვის სახლში ჩინებული სამალავი მოუწყვეს – იქ ლენინი და ზინოვიევი ფარულად ცხოვრობდნენ, ალილუევები კი საკვებითა და სასმლით ამარაგებდნენ. კონპირაციულ ბინაში არა მხოლოდ სამუშაო თათბირები, არამედ წვეულებებიც ეწყობდა. ამაგი ყველას დაუფასდა ზინოვიევისა და ბუხარინის გარდა.
1921 წლის დეკემბრის ერთ დილას, სტალინის მეუღლე, ნადეჟდა ალილუევა, შინ, კრემლის ბინაში, შეწუხებული დაბრუნდა. მაშინ იაკობიც, (სტალინის ვაჟი პირველი ქორწინებიდან), მათთან ერთად ცხოვრობდა. მან პირველად ნახა ნადიას თვალებზე ცრემლი. იაკობს დედინაცვალთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მით უფრო, რომ ის მასზე მხოლოდ 6 წლით იყო უფროსი. იაკობმა ჰკითხა, თუ რა მოხდა. „პარტიიდან გამრიცხეს პროფკავშირულ მოძრაობაში ანარქოსინდიკალისტებთან თანამშრომლობის გამო” – თქვა მან ქართულად. მაშინ იაკობმა რუსული, ფაქტობრივად, არ იცოდა და ისინი ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ ხოლმე (ნადეჟდა კავკასიაში იყო გაზრდილი. იგი 2 წლის იყო, როცა ბაქოში სოსო ჯუღაშვილმა სიკვდილს გადაარჩინა).
– რატომ? – გაოცება ვერ დამალა იაკობმა. – „პროფკავშირებისთვის შრომის იარაღისა და წარმოების საშუალებების გადაცემის მხარდაჭერისთვის“, – უპახუხა ნადეჟდამ. ერთი შეხედვით, რომელიმე პარტიის რიგების დატოვება ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ბოლშევიკური პარტიიდან გარიცხვა მხოლოდ თანამდებობის ან პრივილეგიების დაკარგვას არ ნიშნავდა. ამით ან სასტიკი სასჯელი გელოდა, ან, უკეთეს შემთხვევაში – საზოგადოებისგან გარიყვა. სტალინმა არ ისურვა ამ საქმეში ჩარევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება და იმის მტკიცება, რომ მისი ცოლი პროლეტარიატის დიქტატურის მომხრე იყო, რადგან ასეთი საქციელი საკუთარი ღირსებისთვის შეუფერებლად მიიჩნია. მალე დაპატიმრებების სერიაც დაიწყო, რიგით ადამიანებთან ერთად, აპატიმრებდნენ მაღალი თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მაგრამ სტალინი რეაგირებას მაინც არ ახდენდა. ნადეჟდა იძულებული გახდა, ლენინისთვის მიემართა და აეხსნა, რომ პროფკავშირებისა და პარტიის დაპირისპირებაში ბრალს უსამართლოდ სდებდნენ. ლენინმა გულიანად იცინა ნადეჟდას სიტყვებზე, შემდეგ კი სასწრაფოდ გაუგზავნა წერილი პარტიის წმენდის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ზალუცკის: „ვიცნობ ალილუევების ოჯახს, მამას – ვეტერან რევოლუციონერს, ასევე, დედასა და ორ ქალიშვილს. როცა მე და ზინოვიევი იძულებული ვიყავით, დავმალულიყავით და საფრთხე ძალზე დიდი იყო, ამ ოჯახს შევაფარეთ თავი. კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ცარიზმის დროსაც კი, ნადეჟდა ალილუევას მამა სერიოზულ სამსახურს უწევდა ბოლშევიკებს”. ნადია გადარჩა, კომისიამ პროტექცია გაითვალისწინა, თუმცა, საინტერესოა, რას გრძნობდა მაშინ სტალინის ცოლი, რადგან ლენინი დაეხმარა, მეუღლე კი – არა.
სტალინგრადი – ბეწვის ხიდი
მარშალ ალექსანდრ მიხეილის ძე ვასილევსკის სტალინი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობდა მისი მხედართმთავრული ნიჭისა და ღრმა სამხედრო აზროვნების გამო. ვასილევსკი თითქმის არასდროს ცდებოდა ოპერატიული ვითარების შეფასებაში, რის გამოც ბელადის თვალში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. როცა რომელიმე ფრონტის სარდალი უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკს წინადადებას სთავაზობდა, სტალინს აინტერესებდა, შეთანხმებული იყო თუ არა საკითხი ვასილევსკისთან. მას ყოველთვის საპასუხისმგებლო, კრიტიკულ სიტუაციებში გზავნიდა. მარშალმა თავი განსაკუთრებით სტალინგრადის ბრძოლის დროს გამოიჩინა: საბჭოთა არმია ჯერ ისევ თავდაცვით ბრძოლებს ახორციელებდა, ვასილევსკიმ კი ამ დროს უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში, თათბირზე, კონტრიერიშის გეგმა წამოაყენა იმ მიზნით, რომ გერმანული ჯარების დაჯგუფება ალყაში მოექციათ. ამ ოპერაციის ჩატარება სარისკო იყო, მაგრამ ბელადი დეტალებში გარკვევის შემდეგ დათანხმდა და ოპერაციას კოდური სახელწოდება – „ურანი” შეურჩია. მარშალი ვასილევსკი ფრონტზეც და გენერალურ შტაბში დაბრუნების შემდეგაც თავდაუზოგავად მუშაობდა. მას, პრაქტიკულად, დრო არ რჩებოდა ძილისთვის. უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომელიც მას თვალს ადევნებდა, დროდადრო იმის შემოწმებაც კი დაიწყო, ეძინა თუ არა ალექსანდრ მიხაილოვიჩს. ერთხელ მარშალმა თავისი დაღლილობა ვერ დაფარა და სტალინმა განკარგულება გასცა, რომ ის სანატორიუმ „არხანგელსკოეში” წასულიყო და მისი ჯეროვნად დასვენება უზრუნველეყოთ. ვასილევსკიმ ვერც კურორტზე მოისვენა: ბევრს კითხულობდა, იღებდა სხვადასხვა კორესპონდენციას. მოსკოვში დაბრუნებულს სტალინმა მოულოდნელად ჰკითხა, ეხმარებოდა თუ არა ის მატერიალურად მშობლებს. მიხაილ ალექსანდრეს ძეს ოთხი ვაჟი ჰყავდა: ერთი – ექიმი, მეორე – აგრონომი, მესამე – მფრინავი, მეოთხე თვითონ მარშალი. ალექსანდრე მათ შორის ყველაზე უზრუნველყოფილი იყო. მარშალი გულწრფელად გამოუტყდა ბელადს, რომ მღვდელ მამასთან 1926 წლიდან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა – ამით თითქოს მისი გულის მოგება უნდოდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა შედეგი მიიღო: „მაშასადამე, თქვენ მღვდელთან საქმე არ გაქვთ? – განრისხდა სტალინი – მაგრამ ჩემთან ხომ გაქვთ საქმე? მე ხომ სემინარიაში ვსწავლობდი და მღვდლობა მინდოდა?” მარშალი დაიბნა და ისღა მოახერხა, ეთქვა, რომ სტალინი უმაღლესი მთავარსარდალია. ამის შემდეგ სტალინმა ურჩია, სისტემატური კავშირი დაემყარებინა მშობლებთან და მატერიალური დახმარება გაეწია მათთვის, ბოლოს უბრძანა, მათთან გამგზავრებულიყო და მოენახულებინა ისინი. ვასილევსკიმ უარი განაცხადა – ასეთ დროს სად უნდა წავიდეო, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა. მშობლებთან ყოფნის დროს მარშალმა შეიტყო, რომ მამამისი რეგულარულად იღებდა ფულს და დარწმუნებული იყო, რომ მას ფულს ალექსანდრე უგზავნიდა და არა სხვა შვილები, რადგან ყოველთვის საკმაოდ დიდი თანხა მოსდიოდა. თვით მარშლისთვის გამოცანად იქცა ეს ამბავი, მაგრამ, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი გაირკვა: ვასილევსკი სტალინს ეახლა და მოახსენა, თქვენი დავალება შესრულებულია, მამაჩემთან ურთიერთობა მოვაგვარეო.
– ყოჩაღ, – უპასუხა სტალინმა, დინჯი ნაბიჯებით სეიფთან მივიდა, იქიდან საფოსტო გზავნილების ქვითრების დასტა გამოიღო, ვასილევსკის გაუწოდა და ჰკითხა: – როდემდე უნდა გიხადოთ ვასილევსკებს ფული? ჩემს ვალს დიდხანს ვერ გადაიხდიო. გაოგნებულმა მარშალმა ნერვიულობისგან მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ სტალინმა დაამშვიდა და უთხრა: მამაშენს, შეიძლება არ ვახსოვდე, მე მაშინ ახალგაზრდა სემინარიელი ვიყავი, როცა ახალი ათონის მონასტერში ლოცვაში ერთად მიგვიღია მონაწილეობაო.