რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ქალაქის პირობებში რომელ „ჯიპს“ ანიჭებთ უპირატესობას: „სუზუკი გრანდ ვიტარას“, „პაჯერო იოს“ თუ „ჰონდა სიარვის“? პირადად მე, უფრო „სუზუკისკენ“ ვიხრები. მომწონს ეს მანქანა როგორც ვიზუალურად ისე ფასითაც.
პასუხი: ამ სამი ავტომობილიდან თუ აქცენტს პრაქტიკულობაზე გავაკეთებთ, ანუ ჩვენს პირობებში რომელი უფრო მისაღებია, მაშინ ყოყმანის გარეშე გეტყვით, რომ საუკეთესოა „ჰონდა სიარვი”, იგივე „ცეერვე”. „სუზუკს” გაცილებით რთულად აქვს მოწყობილი ზოგიერთი სისტემა და თან, საკმაოდ იოლადაც ზიანდება ნებისმიერი წვრილმანი თუ მსხვილმანი – სისტემა იქნება ეს, გადაბმის სავალი ნაწილი თუ სხვა. „პაჯერო” კარგია გამავლობის თვალსაზრისით. უგზოობის პირობებში, საკმაოდ რბილი ავტომობილია, მაგრამ გაცილებით ბევრ საწვავს მოიხმარს, ვიდრე „გრანდ ვიტარა” ან „სიარვი”. თან, მოვლის თვალსაზრისითაც ოდნავ ძვირი ჯდება. რაც შეეხება „სიარვის”. ის ძალიან იაფი შესანახი ავტომობილია. არც ძალიან უხეშად დადის. როდესაც სალონში ზიხართ, მსუბუქი ავტომობილის შეგრძნებას ტოვებს. კარგია უგზოობაში და იმის უნარიც აქვს, რომ ცოტა სხარტად იაროს. უგზოობაში გადასვლისას, მეორე ხიდი, ჩართვის გარეშე, ავტომატურად გეხმარებათ. ანუ, ბევრი ჩასართავ-გამოსართავი არ აქვს. ეს ყველაფერი კოლოფში მექანიკურად ხდება. უმარტივესად მოწყობილი ავტომობილია და დამატებით პრობლემებს არ გვიქმნის.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, „მიცუბიში პაჯერო” თუ „ტოიოტა პრადო”?
პასუხი: ეს ორივე ავტომობილი მრავალჯერ არის გატესტილი უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა. თან, საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილებია, რომელიც აღჭურვილია როგორც წინა, ისე გვერდული აირბაგებით. ანუ, უსაფრთხოების ბალიშებით, ავტომობილის წინა მხარე საკმაოდ მტკიცეა და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. ზოგადად, ნებისმიერ ახალ ავტომობილს ქრაშტესტი უტარდება. დაახლოებით, ორმოცდაათი კილომეტრ-საათში აჩქარებით მანქანებს კედელს აჯახებენ და ადგენენ უსაფრთხოა თუ არა ის. მსგავსი ტესტი ორივე ამ ავტომობილს აქვს გავლილი, მაგრამ მაინც გააჩნია, რა ტიპის ავარიას გულისხმობთ. სამწუხაროდ, ისეთი ავარიებიც ხდება, როდესაც ავტომობილში ადამიანის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია.