რატომ გადააბარა მაკა მახარაძემ საოჯახო საქმეები მთლიანად სხვას და როგორ აცხობს ის ცეცხლმოკიდებულ ნამცხვარ „მაკას”
ცნობილი მშობლების შვილი და თავადაც არანაკლებ წარმატებული ქალბატონი, მაკა მახარაძე, დიდი ხანია, დიასახლისის ამპლუას გამოეთხოვა. თუმცა, ამბობს, თავის დროზე ძალიან მიყვარდა საოჯახო საქმეებიო. რეცეპტებიც გაგვიმხილა და საკუთარ გემოვნებაზეც ისაუბრა.
– ქალბატონო მაკა, გაგებული მაქვს, რომ დედათქვენი, ქალბატონი მედეა, არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. თქვენ თუ დაემსგავსეთ მას ამაში?
– არა, სამწუხაროდ, ამ საკითხში დედას ვერ დავემსგავსე. დედა ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი დიასახლისი, ის კი არა, არაჩვეულებრივზე უფრო მეტი იყო. დედა სამზარეულოში იყო პოეტი, კომპოზიტორი, მოკლედ, შემოქმედი, ნამდვილი ჯადოქარი. მისთვის არ არსებობდა რეცეპტი, ჩაწერა, ჩანიშვნა – არ უყვარდა ასეთი რაღაცეები, საკუთარი გემოვნებით აკეთებდა ყოველთვის, იმპროვიზაცია უყვარდა. ნამცხვრისა და სალათების რეცეპტებს ვგულისხმობ, თორემ, გასაგებია, რომ კატლეტსა და ჩახოხბილს რეცეპტი არ სჭირდება. ყოველთვის ყველაფერს ზეპირად, თავისი გემოვნებით ამზადებდა. არ ვიცი, რას მივაწერო მისი მხრიდან სამზარეულოს ასეთი სიყვარული – მეგრულ წარმომავლობას, სადაც მართლა ძალიან დიდია სუფრის კულტურა თუ მის მრავალმხრივ ნიჭს. მედეას მართლა უამრავი რამ ეხერხებოდა და გამოსდიოდა. მე, მაგალითად, ის, რასაც დედა ამზადებდა ხოლმე, არ ვიცი. იმიტომ კი არა, რომ მეთაკილება ცოდნა ან მეზარება, უბრალოდ, რაღაც ნიშა ჰქონდა დედას და იმაში არ ვეცილებოდი. საახალწლო კერძებს მე არ ვამზადებ; საცივს, მხალეულსა და ყველაფერ დანარჩენს დედა აკეთებდა. ასეთი საახალწლო ტრადიცია გვქონდა: პირველ იანვარს ყველანი დედასთან ვიკრიბებოდით, ახლა 2-ში ვიკრიბებით ჩემთან. საცივს, ისეთს ვერც გავაკეთებდი და ვერც გავაკეთებ, როგორსაც ის ამზადებდა. მხოლოდ ერთხელ გავაკეთე – დავურეკე და ყველაფერს ტელეფონში მკარნახობდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. არა უშავდა, სხვათა შორის. ვინაიდან მედეას არ ჰქონდა რეცეპტები და ჩანაწერები, ვერ გეტყოდა, ვთქვათ, რამდენი კვერცხი უნდა გექნა, რამდენი კოვზი მარილი და მიხაკ-დარიჩინი. ბევრ რამეს ამზადებდა საუცხოოდ. ერთად რომ ვიკრიბებოდით, ქაშაყს გვიმზადებდა ხოლმე მაიონეზით. მომზადებამდე თევზს რძეში ალბობდა, თუმცა, ბოლო დროს თევზის გამზადებულ ფილეს ყიდულობდა და აღარც სჭირდებოდა რძეში დალბობა. ზემოდან მოასხამდა მაიონეზს, რომელშიც მდოგვსა და შავ პილპილს ურევდა, მერე შიგნით პლასტმასის ჩანგლებს არჭობდა ხოლმე.
– ესე იგი, სამზარეულოში ექსპერიმენტი უყვარდა?
– აბა, ამდენ ხანს რას ვლაპარაკობდი! (იცინის). რა თქმა უნდა, უყვარდა. უცებ იტყოდა: „რა მოვიგონო ახლა მე?” სწორედაც, ექსპერიმენტატორი იყო, სულ არაფრისგან შეეძლო, გადასარევი კერძები შეექმნა, მით უმეტეს, იმ გაჭირვების წლებში, როცა შეძენის საშუალება ნაკლებად იყო. ერთხელ, ნამცხვარი გამოიტანა და სიცილით გვითხრა, არ გაგიკვირდეთ, შიგ ქათმის ხორცი რომ იპოვოთო. ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ მივიდოდნენ ხოლმე დედაჩემთან, პირდაპირ სამზარეულოში შედიოდნენ.
– თქვენ თვითონ როგორ ამზადებთ, კარგი მზარეული ხართ?
– მე უკვე აღარაფერს აღარ ვამზადებ, უკვე რამდენიმე წელია, სახლის საქმეები მთლიანად გადაბარებული აქვს ჩვენს არაჩვეულებრივ და საყვარელ შორენას, რომელიც უკვე ჩვენი ოჯახის წევრიცაა და ნათესავიც. ბაზარში სიარული და ლაგება, საჭმელი – ყველაფერი შორენას პრეროგატივაა. სახლში აღარაფერს ვაკეთებ, გავივლი-გამოვივლი და შუქს თუ ჩავაქრობ – სულ ეგაა. საბალეტო სკოლა მაქვს და ამით ძალიან ვარ დაკავებული, საოჯახო საქმეებისთვის ვეღარ ვიცლი.
– ადრე, როცა გეცალათ, ამზადებდით?
– ვამზადებდი გვიან ღამით, დღისით თეატრში ვიყავი დაკავებული და არ მეცალა. უფრო არატიპური, არასტანდარტული, უცხოური კერძების მომზადება მიყვარს. რამე ჩემი გამორჩეული ან ჩემი გამოგონილი არ მაქვს, ძირითადად, სადმე რომ ვხვდები, ვიწერ, ვკითხულობ ხოლმე რეცეპტებს. დედასი არ იყოს, ბოლო დროს აღარც მე ვიწერ, ზეპირად ვიმახსოვრებ. უცხოეთში რომ ვარ, იქიდანაც ჩამომაქვს რეცეპტები. საერთოდ, არასდროს მომიმზადებია მხალეული – არ გამომივა, ვიცი, არაა ჩემი საქმე. ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო, მაგრამ იქ ბავშვობის მერე, ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვყოფილვარ. როცა ვიყავი, ბვშვობაში, მაშინ ამის ინტერესი არ მქონდა. მეგრელები მიყვარს ძალიან, ორივე მხრიდან სულ მეგრული სისხლი მაქვს – სხვათა შორის, მამას დედა მეგრელი ჰყავდა და გადასარევად იცოდა მეგრული.
– გურულს თუ ამზადებთ რამეს?
– გურია ძალიან მიყვარს, მაგრამ სამზარეულო მეგრული მირჩევნია. საერთოდ, არ ვარ პრეტენზიული მჭამელი, ყველაფერი მიყვარს, რასაც საჭმელი ჰქვია.
– ესე იგი, გურმანი ხართ?
– არა, ვერ ვიტყოდი. გურმანი უფრო ის არის, ვისაც რჩეული კერძები უყვარს, მე კი თითქმის ყველაფერს მივირთმევ. ხშირად გასაკეთებელი კერძების მომზადება არ მიყვარს. მიყვარს, მაგალითად, ჩაბასტურმებული ქათამი ჩინურად, რომელიც რატომღაც ევროპულ კერძად ითვლება. თუმცა, მე ჩემი ინიციატივით რაღაცეები დავამატე. საერთოდ, მიყვარს ჩინური, ინდური, ტაილანდური, მექსიკური სამზარეულო, „სუში“ – არა.
– რეცეპტს არ გაგვიმხელთ?
– რატომაც არა: ქათმის ფილე, დაახლოებით ერთი კილოგრამი, უნდა ჩააბასტურმოთ: დაჭერით ფილე პატარა კუბიკებად, დაახალეთ 3 კვერცხი, დაასხით 3 სადილის კოვზი ზეთი; ასევე, საჭიროა: 3 თავი ხახვი, 3 კოვზი ტყემალი (წითელი, მწვანე სულერთია), სასურველია, თუ გაქვთ, მოასხათ 3 კოვზი სოიის სოუსი, ან, შეგიძლიათ, ტყემლის ან ტომატის საწებლით ჩაანაცვლოთ. ბოლოს დაამატებთ 3 ჩაის კოვზ მარილს, 3 კოვზ შაქარს და ხარჩოს სუნელს. ამ ყველაფერს 1 დღით შეინახავთ მაცივარში, რომ კარგად გაუჯდეს, მაგრამ, მაშინვე შეწვაც შეიძლება. ამასთანავე, ცალკე უნდა მოვხარშოთ ბრინჯი და შემწვარი ფილე ამ ბრინჯს ზემოდან მოვაყაროთ. ძალიან გემრიელი გამოდის.
– მერე, ქართული პროდუქტით გამოდის ჩინური და ევროპული კერძები? უცხოურ სუნელებს არ იყენებთ?
– ერთადერთი, რასაც ვიყენებ, ეს არის ინდური სანელებელი „კარი“ ან „ქარი“ – სულერთია. საკმაოდ ცხარეა, ხარჩოს სუნელს მივუსადაგე და ხარჩოს „ქარით“ ვაკეთებ. ჰგავს ქართულ სანელებლებს, საკმაოდ ცხარეა, მე კი, როგორც მეგრული სისხლის მქონეს, მიყვარს ცხარე საკვები.
– ნამცხვრებს თუ აცხობთ?
– ვაცხობ და ერთ რეცეპტსაც გეტყვით. დარწმუნებული ვარ, არ გაგისინჯავთ – ნამცხვარი „მაკა” (იცინის): ცომი არის აბსოლუტურად უნივერსალური, გამოდგება, ნამცხვრისთვისაც, ხაჭაპურისთვისაც, ტარხუნის ღვეზელისთვისაც (ტარხუნის ღვეზელსაც ვაცხობდი თავის დროზე). ცომს სჭირდება 2 კვერცხი, ნახევარი ლიტრი მაწონი, 1 შეკვრა მარგარინი, საჭმლის სოდა. გავაბრტყელოთ საშუალოდ, არც ძალიან თხლად. შემდეგ ზედ წავუსვათ მურაბა ან ჯემი, მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი (ერთი-ერთზე შაქართან), დავუმატოთ ცოტა დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ვანილი, შეიძლება ქიშმიშიც. ცომი რომ არ დაიფშვნას და შეიკრას, დავუმატოთ კვერცხის ცილა. ავიღოთ 1 კილოგრამი. „ანტონოვკა”, გავთალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მანამდე წყალში ჩავდოთ, რომ არ „დაიჟანგოს“. დავალაგოთ ცომზე და გამოვაცხოთ. სუფრაზე გატანის წინ ჩამჩაში ჩავასხათ კონიაკი, ან, თუ არ გვაქვს, ჩვეულებრივი არაყი და წავუკიდოთ ცეცხლი. შემდეგ ეს ცეცხლმოკიდებული სითხე მოვაფრქვიოთ ნამცხვარს. არაჩვეულებრივია! ეს რეცეპტი თავის დროზე „ბურდაში“ ამოვიკითხე.
– როგორ ფიქრობთ, ქალისთვის აუცილებელია დიასახლისობა?
– ურიგო არ არის, თუმცა, ვფიქრობ, არტისტი ამით არ უნდა იყოს დაკავებული. ადრე ისტერიკულად ვცდილობდი, ყველაფერი მე მეკეთებინა: დავდიოდი ბაზარში, ვრეცხავდი ხელით, მომქონდა პროდუქტი, ვამზადებდი საჭმელს, ვაუთოებდი პერანგებს, ვალაგებდი სახლს – მინდოდა, ოჯახზე თავად მეზრუნა. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ცოტა გადავამლაშე. მეუღლე მსაყვედურობდა კიდეც, არ მოსწონდა. ახლა შორენას გადავაბარე ყველაფერი. თუმცა, სახლის დალაგება, მოწესრიგება, დასუფთავება ყოველთვის მიყვარდა. არ მხიბლავს უსუფთაობა და ქაოსი. ვაიმე, განსაკუთრებით სუფრის ალაგებას ვერ ვიტან. მეგობრებმა ფული შემიგროვეს და მიყიდეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც ძალიან მშველის. გაწყობა – იცოცხლე, მიყვარს. მეუღლე მხატვარი მყავს და ორივე ვაკვირდებით სუფრის დიზაინს, ფერებს, საჭმლის ვიზუალურ მხარესაც, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, სუფრა ლამაზი და აკურატული უნდა იყოს.
– თქვენი ქალიშვილები როგორ არიან სამზარეულოსთან?
– ნაკლებად, დიდად ვერ მეგობრობენ.