რა არ აძლევს „სიკვდილის“ საშუალებას ნინი შერმადინს და რას სთავაზობდნენ საყვარლობის სანაცვლოდ მარკო მეტრეველს გავლენიანი მილიონერი ცისფერები
საბერძნეთი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სივრცე აღმოჩნდა წარმატების გაცილებით დიდი მასშტაბების მისაღწევად, ვიდრე აქ იყო. თუმცა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია. როგორც ნინი შერმადინი და მარკო მეტრეველი ყვებიან, ეს მზიანი, თეთრი სახლების მხარე სულაც არ არის ისეთი მშვენიერი, როგორი შეფუთულიცაა. რა არის იქ ნამდვილი შოუ-ბიზნესი ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მარკო მეტრეველი
– როგორ გრძნობ ნინი თავს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საბერძნეთში მიემგზავრები.
– საშინლად-მეთქი, რომ გითხრა, დამიჯერებ?! მართლა ცუდად ვარ. რაღაც ვირუსი შემხვდა და მაქვს 39 სიცხე. ამას სხვა მიზეზებიც ემატება. ჩემს ადგილას წესით, ადამიანს უნდა უხაროდეს, რადგან მივდივარ საბერძნეთში, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით ვარ მიწვეული „იქს-ფაქტორის” ნახევარფინალში. ახალი სიმღერა უნდა ვიმღერო და ვაჩვენო კონკურსანტებს, თუ რამდენად გავიზარდე მთელი ამ წლის განმავლობაში. ამის შემდეგ 21 იანვარს ქართველი ემიგრანტებისთვის სოლოკონცერტი მაქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 19 იანვარს – ავტორი). ჩემთან ერთად იმღერებს იქ მოღვაწე ქართველი მომღერალი და მოცეკვავე იაკობ გოგუა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომღერლებიდან იქ მე, თამთას, იაკობს და მარკოს გვიცნობენ. კიდევ ჟურნალისტი გვყავს ერთი გიორგი სულხანიშვილი, საკმაოდ წარმატებულია საბერძნეთში. მოკლედ, მივდივარ ასე სიცხიანი, იმედი მაქვს, თვითმფრინავი ჩემს სიცხეს უშველის.
– გუშინაც გვქონდა კონცერტი და ნინიმ საკმაოდ კარგად იმღერა. მინდა აღვნიშნო, რომ არავის შეუმჩნევია შენი ცუდად ყოფნა. რას იგრძნობ, როცა ისევ იმ დიდ სცენაზე დადგები, ამჯერად არა როგორც კონკურსანტი არამედ როგორც ვარსკვლავი.
– ალბათ, თავისებური ღელვა მაინც მექნება. მგონი, ხასიათში გადამივიდა ეს განცდა, როდესაც „იქს-ფაქტორის” სცენას და ჟიურის ვხედავ. გამოსვლების დროს არ ვნერვიულობდი, მაგრამ შინაგანად, სულ რაღაც ხდებოდა. თან, მნიშვნელობა არ აქვს შენ კონკურსზე მღერი თუ არა, ისინი მაინც შემფასებლის თვალით გიყურებენ. საზოგადოებაც ასე გიყურებს – გაიზარდე და დაიხვეწე თუ არა. ეს ხომ არ არის კონკურსი – ვაიმე, რა დამემართა, ხმა ჩამიწყდა. შენც კარგად იცი, თუ პრობლემა გაქვს, შესრულების ტექნიკის გარდა, ამის დროებით შეჩერების არანაირი მეთოდი არ არსებობს. უნდა იცოდე, რა ადგილებს დატვირთავ. საერთოდ, სულ ვამბობ და ვიცი, შენც დამეთანხმები, სცენა ჯადოსნური რაღაცაა. რომ კვდებოდე, ფეხს შედგამ სცენაზე და ეგრევე კარგად ხდები. თუ, რა თქმა უნდა, შინაგანად ხელოვანი ხარ. არავის აინტერესებს, მით უმეტეს მაყურებელს, შენ გშია, გცივა, ცუდად ხარ, კვდები... უნდა იმღერო და მორჩა.
– გული არ დაგწყვეტია, რომ ერთი არასწორი სიმღერისთვის შესაძლოა, ყველა შენი არაჩვეულებრივი ნამღერისთვის ხაზი გადაუსვამთ?
– რა თქმა უნდა. იმედგაცრუებები და გულის ტკენები სულ არის. ისე, ადრე უფრო მტკიოდა და ვტიროდი კიდეც, მაგრამ ახლა ნაკლებად. არ შემიძლია, არ გავიხსენო ელენე გოგოლაშვილი. გოგო, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის და ამის მომსწრე თავად ვარ, ერთად ვმღეროდით „ნუცას სკოლაში” და „იმედის ტალღაზე”. გოგოს სიმღერის და სცენაზე დგომის ყველანაირი ხალისი დააკარგვინეს. იმიტომ რომ იყო ავად, განიცდიდა, ახალი გაკეთებული ჰქონდა ცხვირის ოპერაცია... ყველაფერზე მომღერალი ლანძღო და ქვეყნის სირცხვილი ეძახო, არ შეიძლება. მის პროდიუსერზე რატომ არავინ არაფერს ამბობს, რომელმაც ასეთი მოუმზადებელი წაიყვანა ამხელა კონკურსზე?! სულ რომ საშინელება ყოფილიყო, მაინც შენია. არის ქვეყნები, რომლის ფეხბურთის ნაკრებიც სულ აგებს თამაშს, მაგრამ ბოლო წუთამდე გულშემატკივრობენ. მეც მომსვლია ასეთი დეტონაციები და მეც ჩამწყვეტია ხმა.
– ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არა. „გრემის“ დაჯილდოებაზე მოსვლიათ ისეთი დეტონაციები, გადაირევით.
– ჩვენ ვართ ასეთი კრიტიკულები, ნამღერისგან სიამოვნებას კი არ ვიღებთ, მინუსებს ვეძებთ.
– აქ დაბრუნების შემდეგ, რა გეგმები გაქვს და რა ეტაპზეა შენი ალბომი?
– ძალიან ბევრი გეგმა და შემოთავაზება მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ორი სიმღერა უნდა ჩავწერო. ერთი მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა. დიდი მადლობა მას. ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სიმღერა, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას ეძღვნება. მეორე სიმღერა ანრი ჯოხაძემ დამიწერა და მიწინასწარმეტყველა, რომ „არასოდეს შემიყვარდებიზე” ნაკლები ჰიტი არ გახდებაო. დიდი მადლობა მასაც. ეს სიმღერები „სანო სტუდიაში” ჩაიწერება და ორივეზე ვიდეორგოლის გადაღებას ვაპირებ.
– ყველა ელოდებოდა, რომ შენ საბერძნეთში დარჩებოდი. პრინციპში, ორივე ჩვენგანის აქ ჩამოსვლის მიზეზი კრიზისი იყო.
– ისე მიზერულ თანხაზე ვმუშაობდით მომღერლები, რომ თავის შენახვაც კი ძალიან რთული ხდებოდა. ალბათ, ყველა ხედავთ ტელევიზიით, რაც ხდება საბერძნეთში. სერიოზული კრიზისია. მიუხედავად ამისა, არც „იქს-ფაქტორის” პროდაქშენთან, არც ჩემს მეგობრებთან არ გამიწყვეტია კავშირი. სულ მეკითხებიან, როდის ჩამოხვალ და დაგვიბრუნდებიო. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუ ჩემთვის სასურველი წინადადება არ იქნება, უცხო ქვეყანაში ვერ გადავიხვეწები. ჩემს ქვეყანაში ვარ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუმცა, იქ ანაზღაურება ამ დროისთვისაც კი, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე აქ.
– მაგრამ არის მეორე მხარეც. მე, რომელიც ვცხოვრობ ქალაქის ძალიან კარგ უბანში, კარგ სახლში და მისი ქირა ორი ათას ევროს აღემატება, ჩემი შემოსავალი ორი ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს. სხვანაირად ვერ შევძლებ მომღერლისთვის საჭირო დონეზე ცხოვრებას. ამიტომ, ჯობია, შენს ქვეყანაში, სამშობლოში, სახლში, შენს პატარა შოუ-ბიზნესში იყო და მცირე შემოსავალი გქონდეს, ვიდრე იქ და ვალებით ცხოვრობდე. ასე, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ცხოვრობს იქ. მოდი, მითხარი, სად შეხვდი და როგორ გაატარე ახალი წელი. როგორი კმაყოფილი ხარ „თავისუფლების“ კონცერტით?
– (იცინიან) მართლა სასწაული დამემართა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი უცნაური და გაუთვალისწინებელი, მე უნდა შემემთხვეს. ანრი ჯოხაძე გმირ ქალს მეძახდა. მაგრამ, გმირობა აღარ ჰქვია ამას. თერთმეტის ნახევარზე გამოვედი სალონიდან და თორმეტს რომ ორმოცი წუთი აკლდა, ამ დროს იყო ჩვენი დუეტი. ტაქსის მძღოლმა, შემოვლითი გზებით, რაც შეიძლება ახლოს მიმიყვანა სცენასთან, მაგრამ იქ უკვე ზღვა ხალხი იყო. „თავისუფლების“ მეტროდან სცენამდე ფეხით მისვლას მოვუნდი ზუსტად ორმოცი წუთი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ დაცვა არ მიშვებდა შიგნით. სახეზე ვერ მიცნეს – ვერ მიცნეს, საშვს ვაჩვენებ და არ აინტერესებთ, ვრეკავ და ტელეფონს არავინ იღებს. ბოლოს ერთ-ერთმა ღვთისნიერმა დაცვამ შემიშვა და ბოლომდე მიმაცილა. ბარიკადებს ვახტებოდი ისე მივრბოდი. შევვარდი და კაბა ჩაცმული არ მაქვს. რატი დურგლიშვილის გიჟის ხმა მესმის, ერთ წუთში სცენაზე უნდა იყოო. ერთ წუთში ხუთი კაცი მაცმევდა კაბას...
– მე კი ხუთი მაწყნარებდა. გასვენებული ვიყავი უკვე. იძახიან, მარკუსის და ნინის დუეტია, გადით სცენაზეო. მეთქი, რა ვიმღერო მარტომ. გადი და ნინიც ამოვაო. საშინელება იყო.
– მოკლედ, საოცრებები დაგვემართა. მარკო სხვა მხრიდან გამოდიოდა, მე სხვა მხრიდან (მე მომმართავს – ავტორი), პირდაპირ ჰაერში ამაგდო და მიკროფონს შევაფრინდი.
– ამდენი დაძაბულობის შემდეგ, კატასტროფა გამოსვლა, ჩემი სირცხვილი გამოსვლა იყო ეს. ყველა ამბობდა, რომ ძალიან კარგები იყავითო, გვამშვიდებდნენ, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო.
– იგივეს თქმა მინდა. ამის შემდეგ სახლში შევირბინე და თორმეტი საათის შემდეგ, ზუსტად ექვსი კონცერტი მქონდა. ამდენი სირბილისგან ფეხები მტკიოდა, აღარაფერი მაინტერესებდა. მაგრამ, ახალი წელი მაინც კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმივით ისტორიები გადამხდა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინი შერმადინი
– მარკო, რაც საბერძნეთიდან ჩამოხვედი და შენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოში, კმაყოფილი თუ ხარ და რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას?
– ჩამოვედი თუ არა საქართველოში, ძალიან სერიოზული მუშაობა დავიწყე. გვერდში მიდგანან ძალიან სერიოზული ადამიანები – „სანო სტუდია” და მაიკო კაჭკაჭიშვილი. ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ დღემდე. პირველი დუეტი ნინი შერმადინთან ძალიან წარმატებული იყო და ამის შემდეგ ჩავწერე მეორე დუეტი ნინა წკრიალაშვილთან, რომელზეც ზურა მენთეშაშვილმა გადაიღო კლიპი. სულ მალე მისი პრემიერა ძალიან ცნობილი თოქ-შოუს დახმარებით შედგება. კმაყოფილი ვარ ყველაფრით. მართალია, ბევრი კონცერტით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს სფეროც უფრო მასშტაბური გახდება და დაიხვეწება. გუშინ ვიყავით ძალიან კარგ „ფეშენ-ივენთზე”. ჩამოსული იყო ნიუ-იორკის „ფეშენ ტივის” წარმომადგენელი საქართველოში – დიტო ჩხეიძე და ძალიან მაღალი დონის ივენთი ჩატარდა „ვაი ნოთში”. მგონი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში რაღაც-რაღაცეები ათუხთუხდება და გაკეთდება.
– შენი იმიჯი, გარეგნობა, ჩაცმის სტილი როგორ მიიღო საზოგადოებამ?
– მგონი, რა აურაც მოდის ხალხისგან, ამ ყველაფერს ძალიან დადებითად შეხვდნენ. შეიძლება ცოტა ზედმეტად ჩანს ეს იმიჯი, მაგრამ ასეთი ვარ ბავშვობიდან, ასეთად ჩამოვყალიბდი. ყველა ერთნაირი მომღერალი ხომ არ იქნება. იმისთვის ჰქვია ამ სფეროს შოუ-ბიზნესი, რომ სცენაზე სულ უნდა იყოს სანახაობა. თუ გამოვალ და ვიღაცისნაირი ვიქნები, გავხდები უინტერესო. მომღერალი იმისთვისაა, რომ არა ყველასთვის, მაგრამ გარკვეული წრისთვის უნდა იყოს მისაბაძი.
– ბავშვობაში, სკოლაში არ გქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემები?
– რა თქმა უნდა, მქონდა. ძალიან ბევრ სკანდალსა და ჩხუბში გავხვეულვარ ამის გამო. ჩემს ჩაცმულობას მუშტითაც ვიცავდი და მთელი ოჯახი ჩემს გვერდით იდგა. ოჯახის წევრები მივიყვანე იმ დასკვნამდე, რომ მარკო ასეთი უნდა იყოს. თავიდან მათი მხრიდანაც იყო წინააღმდეგობა, მაგრამ მერე შევაჩვიე და ჩემებურად განვითარდნენ. თან, ეს არაფერია, მხოლოდ იმიჯია. ამის უკან იმალება მარკო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი.
– რა ჭორები გაიგე შენს თავზე აქ? საბერძნეთშიც ჭორაობდნენ ხომ?
– რა თქმა უნდა და ეს მსიამოვნებს. იმიტომაც ვართ ჩვენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომ ჩვენზე იჭორაონ...
– ყველაზე უცნაური რა გაიგე?
– (იცინიან) ვიტყვი. აქ რომ ჩამოვედი, ჩემი პროდიუსერი იყო გიორგი შალვაშვილი, ძალიან საყვარელი, კარგი ადამიანი. გავრცელდა ჭორი, რომ ის ჩემი საყვარელი იყო. სასაცილოა არა?! (იცინიან) ხომ არ დავიწყებ სიარულს და ყველას ავუხსნი, რომ ეს ტყუილია, რა ვქნა ახლა?!
– რა ვქნა ახლა კი არა და მახსოვს, რა საშინლად გაბრაზდი ამ ჭორზე. გაჩერდი ახლა.
– გავბრაზდი, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ დავიწყო იმის მტკიცება, რომ ვიღაც ჩემი საყვარელი არაა. თუ ჰგონიათ, ეგონოთ. ევროპისთვის კი ეს, ალბათ, ყველაზე მსუბუქი ჭორი იქნებოდა. იქ საშინლად ძვრებიან „სტარ პრაივით ლაიფის” ამბებში. თან, ეს ყველაფერი სატელევიზიო გადაცემებში, გაზეთებში, ჟურნალებში თვეობით გრძელდება. მაგალითად, ნინი შერმადინი ქმარს გაშორდა, ნინი შეურიგდა, მერე ნინიმ ეს უთხრა, იმან ის უპასუხა. ასე თვეობით იქნებოდა განხილვა.
– ძალიან მშვიდი ხარ და მდგომარეობიდან გამოდიხარ როდისმე?
– იშვიათად, მაგრამ თუ გამოვედი, არც მაშინ ვყვირი და ვჩხუბობ – ისევ, სიტყვებით ვამთავრებ ყველაფერს.
– ისიც მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში საინტერესო?
– ერთი წინადადებით გეტყვი – ძალიან ბედნიერი ვარ. დანარჩენი როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. კარგად ვმუშაობთ, ვინიღბებით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ გახმაურდეს.
– სულ ასეთი ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა! საინტერესოა, სულ ერთად ვართ, მუდმივი ურთიერთობა გვაქვს და მეც არ ვიცი, რა ხდება. ერთი ვიცი, რომ სულ მესიჯებზე ხარ ჩამოკიდებული. საქართველოში სულ ჩამოხვედი?
– არა. საბერძნეთი ძალიან კარგ ეტაპზე დავტოვე. ვიყავი ცნობილი და სულ ერთი ნაბიჯი მაკლდა იქამდე, რომ იქ მოვხვედრილიყავი, სადაც მინდოდა. ის, რაც ბავშვობაში დავგეგმე და მიზნად დავისახე, ამას ეტაპებად მივყვები. ახლა მინდა, აქ ალბომის გამოშვება და სოლო კონცერტის ჩატარება, რის შემდეგაც ისევ წავალ.
– სახელი უნდა, რომ დატოვოს და წავიდეს – მარკუს ავრელიუსი! „მაი ნეიმ იზ გლედიეითა” და მერე წავა.
– ყოველთვის ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ახლა მინდა, ვთქვა, ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც საბერძნეთიდან წამოვედი. იქ ქვეყნის ყველაზე დიდი პროდიუსერები ისეთ სიბინძურეებს მთავაზობდნენ, ვეღარ გავჩერდებოდი. იქ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, მათი მარიონეტი ხარ და როგორც უნდათ, ისე გმართავენ. სამწუხაროდ, დიდი პროდიუსერები სულ კაცები არიან – ილიას ფსინაიკის, მურატ ტიდისი და თუ მათ ხელში ხარ, აუცილებლად მათი საყვარელიც უნდა იყო.
– კი, ზუსტად ასეა. მურატმა რა მითხრა, იცი?! ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თეოფანოსს, თამაშში ჩემს მენეჯერს უნდა ავეყვანე, მაგრამ მურატ ტიდისაც უნდოდა ჩემი აყვანა. პირველ-მეორე ადგილზე იყო ლაპარაკი. სტავრო, პირველ ადგილზე გასული, არის თავიდან ბოლომდე ნატურალი და რა დღეში იყო, იცი? ეს მურატი წარამარა ხან სახეზე ეფერებოდა, ხან ხელებზე და ის ძალიან ცუდად იყო... ქალი რომ ხარ და არ გერჩის, როგორი სასაცილო იყო, იცი?! არადა, რადგან პირველ ადგილზე გავიდა სტავრო, „სონიმ” აიღო მასზე ვალდებულება. მე ძალიან მოვწონდი, მაგრამ სულ ასე ამბობდა, კარგი რაა, ქალიაო.
– მე მიყვები ამას?! სულ ეს მესმოდა – საღამოს რას აკეთებ? დღეს ერთად ხომ არ ვივახშმოთ? ერთ ამბავს გეტყვით, – ერთი ძალიან სერიოზული პროდიუსერი ჩემი კონცერტის დროს კულისებში შემოვიდა, სადაც მამზადებდნენ. უცებ მეუბნება – ათი წელია, სცენაზე მღერი, ბუზუკებში (ბუზუკი – გრანდიოზული დარბაზი სკამების გარეშე – ავტორი), დგახარ სცენაზე და მიკროფონის ხელში კარგად დაჭერა იციო?! რა თქმა უნდა, ბატონო ფსენიაკის, ეჭვი გეპარებათ-მეთქი? არა, მე იმ მიკროფონს არ ვგულისხმობო. თუ იმას გააკეთებ, რაზეც გელაპარაკები, მაშინ შემოხვალ იმ წრეშიო. მაგრამ, ვერ შემოხვალ, რადგან კომპლექსიანი ხარო.
– ნული აქვთ მორიდება, პირდაპირ გეკითხებიან და ამის მომსწრე ვარ ბევრ ბიჭთან დაკავშირებით. საშინელებაა.
– იქ შოუ-ბიზნესს მართავენ ძალიან მდიდარი, ელიტური ცისფერები, დიდი კლანი, რომელსაც ჯობია, არ დაუპირისპირდე, თორემ ყველაფრის დატოვება მოგიწევს. ამიტომაც, თავიდან რომ ამეცილებინა ეს დაპირისპირება, დედაჩემს დაველაპარაკე და ვუთხარი, საქართველოში უნდა წავიდე, ამ სიტუაციას ვეღარ ვიტან-მეთქი. ყოველდღიურად ამ სიტუაციის ატანა, აღარ შემეძლო. ახლა, მგონი, საბოლოოდ და ყველასთვის გასაგებად ვთქვი, რატომაც ჩამოვედი აქ და რატომაც გამიჭირდება იქ დაბრუნება. ვერ გავყიდდი ვერც ჩემს სულს და ვერც სხეულს.