რა დაავადებაა ფიზიკური დატვირთვის ასთმა
ბრონქიალური ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში ყველაზე ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული ფიზიკური დატვირთვის ასთმა.
დადგენილია, რომ ასთმით დაავადებულთა 70 პროცენტში ამ ავადმყოფობის განვითარების მექანიზმი გადაჭარბებული ფიზიკური, კუნთოვანი აქტივობის დროს ირთვება. ამ მხრივ, უარესი მდგომარეობაა ბავშვებში – ფიზიკური დატვირთვის დროს სულის ხუთვა უვითარდებათ ასთმით დაავადებული ბიჭების 90, ხოლო გოგონათა 75 პროცენტს. ამ ტიპის ასთმისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: დაავადების დასაწყისში, როდესაც კუნთები აქტიურად მუშაობს, სუნთქვა თავისუფალია. ათწუთიანი დატვირთვის შემდეგ თავს იჩენს მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, გულისცემის სიხშირის გაძლიერება, ხველება და სულის ხუთვა. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, გაივლის ნახევარი საათის შემდეგ. ამიტომ, სპორტსმენები და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრები ამას თავიდან ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ფიზიკურ დატვირთვას აგრძელებენ, რითაც აჩქარებენ ბრონქიალური ასთმის განვითარებას და ჩამოყალიბებას. ექიმები ამ დაავადებას საწყის ეტაპზე მკურნალობენ ეგრეთ წოდებული დოზირებული დატვირთვით, ანუ ფიზიკურ დატვირთვას იწყებენ ადვილი ვარჯიშებით, თანდათან აძლიერებენ მის ინტენსივობას და ტემპს, რითაც ხელს უწყობენ ადამიანის ნორმალური ცხოვრების რეჟიმის ჩამოყალიბებას. ბრონქიალური სპაზმის განვითარებას სირბილთან ერთად ხშირად სიმძიმის აწევა, კალათბურთი და ფეხბურთიც იწვევს. ერთადერთი სპორტი, რომელიც ნებადართულია, ეს არის ცურვა.