როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა ზამთარში და რატომ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება ამ სეზონზე სუნთქვას, ცხვირსა და ყურებს
ცივ სეზონზე საკმაოდ იმატებს დაავადებათა რიცხვი. ადამიანები უბრალო ჯანმრთელობის პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ და როცა საქმე გართულდება, მხოლოდ მაშინ აკითხავენ ექიმს. ეს არასწორი და სიცოცხლისთვის სახიფათო საქციელია. როგორც ექიმი გიორგი გოგნიაშვილი ამბობს, ამ სეზონზე ხშირია, ვირუსული და რესპირატორული დაავადებების ფონზე, ყურების დაგუბება. თუ ამ სიმპტომს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, არ არის გამორიცხული, სმენის დაქვეითების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ.
– ამ სეზონზე ბევრი ადამიანი უჩივის ანგინის, გაციებისა და სურდოს მიმდინარეობისას, სმენის დახშობას, ყურის დაგუბებას და ცხვირის გაჭედვას. მიაჩნიათ, რომ ეს სიმპტომები ამ დაავადების ჩვეულებრივი თანმდევია. საშიშია თუ არა ის და დროთა განმავლობაში, ადამიანის სმენას სერიოზულ საფრთხეს ხომ არ უქმნის?
– სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, გეტყვით, რომ ყური ტვინთან მჭიდრო კავშირშია. ყველანაირი ინფექცია კი, რომელიც ყურში ხვდება, დიდი შანსია, გავრცელდეს ტვინში – გამოიწვიოს მენინგიტი, ცეფალიტი ან სხვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. საკმაოდ აცივდა და შესაბამისად, გახშირდა კიდეც ვირუსული დაავადებები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები უბრალო გაციებას, სურდოს და გრიპს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს ამ სეზონის ჩვეულებრივ დაავადებად მიაჩნიათ. ამ დროს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყურები ხშირად დაგუბებულია. ეს კი შესაძლოა, სმენის დაქვეითების მიზეზიც კი გახდეს. ზამთრის დაავადებების მიმართ ზერელე მიდგომა არასწორია და შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში სახე მიიღოს. გართულებული დაავადების მკურნალობა საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივია, ვიდრე მისი მკურნალობა დაწყებით სტადიაში. მიაქციეთ ყურადღება სმენას და ყურების დაგუბების ან შუილის შემთხვევაში, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. ასევე, დიდი ყურადღება მიაქციეთ სუნთქვასაც. ზამთარი ის დროა, როცა ადამიანმა არ უნდა წაუყრუოს ყურის დაგუბებას, ისუნთქოს სწორად და მიხედოს ცხვირს, რათა შემდგომი გართულებები იოლად აიცილოს თავიდან. ეს პერიოდი ამ მხრივ, მართლაც რთული გადასატანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ხშირია ანგინები, განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში. იმატებს ასევე, ქრონიკული ტონზილიტებით დაავადება. თუ ბავშვობის ასაკში არ მიაქცევთ ყურადღებას ხშირ ანგინებს, მოზრდილ ასაკში, არ არის გამორიცხული, აღმოგაჩნდეთ რევმატული გართულებები, მაგალითად, სახსრების ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ. ამ დროს კი, სპეციალისტის ჩარევა აუცილებელია, რომ ინტოქსიკაცია ორგანიზმში მუდმივად არ მიმდინარეობდეს. ეკოლოგია დაბინძურებულია ამდენი გამონაბოლქვით და ადენოიდები ანუ პოლიპები, ამ ალერგიული ფონის გამოც მწვავდება.
– ამ დროს რა ცვლილებები ხდება ყურთან მიმართებაში?
– ამ დროს, ადენოიდები იზრდება და შესაბამისად, იწვევს ყურის დაგუბებას. ადენოიდები იზრდება ზუსტად იმ მიდამოში, სადაც შუა ყური იხსნება ატმოსფერულ ჰაერთან ანუ ცხვირ-ხახაში. გაზრდილი ადენოიდები აწვება ამ ხვრელს და ირღვევა ყურს შორის ვენტილაცია.
– გამოდის, რომ ყურის დაგუბება უბრალო გაციების დროსაც კი ძალიან საშიში სიმპტომია?
– რასაკვირველია. ბევრი არ აქცევს ყურადღებას ყურის დაგუბებას და ჰგონიათ, ეს მალე გაივლის, პრობლემაც გადაიჭრება და სმენაც მალე აღდგება. მერწმუნეთ, ეს საკითხი, ასე მარტივად არ წყდება. ყურის დაგუბება დროთა განმავლობაში იწვევს ყურის პათოლოგიებს. არ არის გამორიცხული შუა ყურში სითხე განვითარდეს და შემდეგ, ამ სითხემ გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. გეტყვით იმასაც, რომ ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. ბევრისგან მსმენია, აფთიაქში ყურში ჩასაწვეთებელი უამრავი პრეპარატია და რა პრობლემაა თვითმკურნალობაო. სამწუხაროდ, ასე ბევრი იქცევა და მათ მინდა ვუთხრა, რომ საკუთარ სმენას ნუ შეუქმნიან პრობლემას. გრიპის ან გაციების შედეგად ყურის დაგუბება დამოკიდებულია ვესტახის მილის გამავლობაზე, ანუ ცხვირიდან გამოწვეულ ყურის დაგუბებაზე. თუ არ მოხდა ამ დროს ცხვირის გახსნა, ყურში რაც არ უნდა ჩაიწვეთოთ, გარდა იმისა, რომ მდგომარეობას გაიუარესებთ, სხვა შედეგს ვერ მიიღებთ. ასე რომ, ამ დროს აფთიაქში ნაყიდი, თავად შერჩეული ჩასაწვეთებელი წამლების გამოყენება ცუდ შედეგს იძლევა. ოტო-ლარინგოლოგთან მისვლა, გამოკვლევა და სწორი მკურნალობის ჩატარება კი, პრობლემებს თავიდან აგარიდებთ. დააკვირდით, ყურის დაგუბებამ, დაახლოებით ათ დღეში, ან მაქსიმუმ, ორ კვირაში უნდა გაგიაროთ. თუ ამის შემდეგ პრობლემა რჩება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დროული და სწორი ლიკვიდაცია.
– ხშირ ანგინას თავი რომ ავარიდოთ, ხომ არ აჯობებს, ერთხელ და სამუდამოდ ამოვიჭრათ გლანდები. მით უმეტეს, რომ ამ ოპერაციისთვის ცივი სეზონი ზედგამოჭრილია. თქვენ, როგორც სპეციალისტი, ამასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ? ასევე, საშიშია თუ არა ქრონიკული ტონზილიტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
– თუ ადამიანს წელიწადში ოთხჯერ ან მეტჯერ ემართება ანგინა ამ დროს კი აღენიშნება ყელის ტკივილი მაღალი სიცხით, მუხლის არეში ტკივილი, უჭირს მოძრაობა, ადვილად იღლება და ასე შემდეგ, უნდა ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევა ტონზილიტებზე. გეტყვით, რომ ანგინა სასის ტონზილების ანთებაა, ანუ როგორც მას უწოდებენ, გლანდების ანთება. ქრონიკული ტონზილიტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც ორგანიზმში ნელ-ნელა იწვევს ინტოქსიკაციას. ამიტომ, როცა ქრონიკული პროცესი გამოიკვეთება კვლევის საფუძველზე, ამ დროს სხვადასხვა დაავადებების ლიკვიდაცია გართულებულია, რადგან ჩირქი, რომელიც ტონზილიტებშია, ადამიანის ორგანიზმს შხამავს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მისი თავიდანვე მოცილება და ამოკვეთა.
– რა დაავადებებს იწვევს შემდგომში ტონზილიტები, თუ მას დროულად არ მივხედეთ?
– ქრონიკული ტონზილიტი, თუ მას არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, შემდგომში იწვევს ჯირკვლებისა და გულის პათოლოგიებს, რევმატიზმს და ასე შემდეგ. ამიტომ, უმჯობესია, ის დროულად ამოიკვეთოთ.
– როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზამთარში ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სწორ სუნთქვას და ყურების მოვლას. თქვენ რას გვირჩევთ?
– ნუ გახვალთ ახალდაბანილი ქუჩაში ცივ ამინდში. ასევე, ატარეთ ქუჩაში ქუდი და კაშნე, რომელიც თქვენს ყურებს და ყელს დაიცავს ზამთარში. ეცადეთ, ცივ სეზონზე მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ყურებს, ყელს, ცხვირსა და სუნთქვას. გირჩევთ, თუნდაც გრიპის ან უბრალო გაციების დროს, აუცილებლად მიაქციოთ სათანადო ყურადღება ცხვირს, რომ არ გართულდეს სიტუაცია და არ გადავიდეს ის სინუსიტში, ჰაიმორიტში ან არ დაგემართოთ ცხვირის წიაღების ანთება, რაც ძალიან რთული მოსარჩენია. რაც შეეხება სუნთქვას, არასწორი სუნთქვა, სმენის დაქვეითებასთან პირდაპირ კავშირშია. ცხვირით ნორმალური სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხვირის ფუნქცია თუ მოშლილია, დიდი შანსია, განვითარდეს დეკომპენსირებული დაავადებები, რომელთა მკურნალობა შემდგომში დიდ დროს მოიცავს.