მამათა შეგონებანი
იაონე ოქროპირი: ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს: ვითომ კიდეც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არათუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისთვის, არამედ პირიქით – ავნებ საკუთარ თავს.
ნიკოლოზ სერბი: ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი.
ანტონ დიდი: თუკი ისეთი ცოდვისთვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს, უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ? რას იტყოდი, რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს?! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს შეინანებ, მაშინ შენ კი არ მიგიტოვებია ცოდვა, არამედ მას მიუტოვებიხარ შენ“.
ეფრემ ასური: ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისთვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგან ღმერთი სახიერია და ყველას მიუტევებს ცოდვებს, ვინც კი მისდა მიიქცევა.
ისააკ ასური: უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.
არსენი ათონელი: ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ, გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა.
ათანასე ალექსანდრიელი: თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი, არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი, გამართლდება და როგორც მიმტევებელი, მიტევებას მიიღებს.
სილუანი: კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არ ხარ. ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასოდეს არ იქნება მშვიდად, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში.
ბერი იოსები: როცა ღვთის ნების გაგება გსურთ, აბსოლუტურად განერიდეთ საკუთარ თავს, ყველა გულისთქმას და აზრებს და ლოცვაში დიდი მორჩილებით ითხოვეთ, ჩასწვდეთ ღვთის ნებას. და რასაც გული გიკარნახებთ, შეასრულეთ და ეს იქნება ღვთის ნების განხორციელება. ვინც ამისთვის გულმხურვალედ ლოცულობს შინაგანი სმენა მას ნათელ ცნობებს აწვდის და ცხოვრებაშიც უფალი ყურადღებით არის, ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე ღმერთი ცნობას არ მიაწვდის.