კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრიორიტეტები და გეგმები აქვს ნათია მაქაცარიასა და ქეთი ჯიშიაშვილის სამოდელო სააგენტო „NEW FACE-ს“ და რა პერსპექტივებს უსახავენ ისინი ახალ სახეებს

სამოდელო სააგენტო „ნიუ ფეისს“ ქეთი ჯიშიაშვილი და ყველასთვის კარგად ცნობილი მოდელი, მშვენიერი ნათია მაქაცარია ხელმძღვანელობენ. როგორც სააგენტოს დამფუძნებლები და სულისჩამდგმელები ამბობენ, მათთვის პრიორიტეტი პროფესიონალიზმი, მაღალი კლასი და ახალი სახეების აღმოჩენაა, რაზეც თავად სამოდელო სააგენტოს სახელიც მეტყველებს. მიაჩნიათ რა, რომ სფერო ძალიან სწრაფად მზარდი და კონკურენტუნარიანია, ისინი ეცდებიან, თავიანთი ნიშა მონახონ ამ ბიზნესში და დაიმკვიდრონ თავი, როგორც ბრენდმა. სააგენტოს სამომავლო გეგმებსა და მიმართულებებზე ორივე მათგანს გავესაუბრეთ.

– ნათია, რამდენი ხანია, რაც თქვენი სამოდელო სააგენტო, „ნიუ ფეისი“ არსებობს?

ნათია: სააგენტო დაახლოებით ორი თვეა, არსებობს. დამფუძნებლები ვართ მე და ქეთი. ამ სფეროში კარგა ხნის განმავლობაში ვიყავი და დიდი გამოცდილებაც მაქვს. მუდმივად მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ჩემთვის ყველაფერ ამის ორგანიზება, როგორც იტყვიან, თავის მობმა, ძალიან რთული იყო. ამიტომ ქეთი ძალიან დამეხმარა: ყველაფერი სისტემაში მოიყვანა, მოაგვარა, მოაწესრიგა და ჩვენ დავაფუძნეთ სამოდელო სააგენტო. იდეა სწორედ მას ეკუთვნის. 26 იანვარს, ვგეგმავთ პრეზენტაციას „ბამბა რუმსში“, სადაც მოვიწვევთ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს. იქ მოვაწყობთ ჩვენი სააგენტოს ფართს, რომელსაც დაესწრებიან ჩვენი მეგობრები; ვაპირებთ დავაგზავნოთ მოსაწვევები, პრესრელიზები. სტუმრებს დავპატიჟებთ „ფეისბუქის“ საშუალებითაც. ასევე, იგეგმება ახალბედა დიზაინერის – ანი მაისურაძის ჩვენება, სადაც კოსტიუმებს ჩვენი სააგენტოს მოდელები წარადგენენ. (ინტერვიუ ჩაწერილია 18 იანვარს – ავტორი).

ქეთი: მე პროფესიით მსახიობი და ქორეოგრაფი ვარ, სამოდელო ბიზნესში არასდროს მიმუშავია, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა და მიზიდავდა ეს სფერო, თუმცა მანამდე მასთან შეხება არ მქონია. სააგენტოს შექმნის იდეა შევთავაზე ნათიას, რომელიც ჩემს წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან სწავლება და გოგონებთან მუშაობა მხოლოდ დეფილეთი არ შემოიფარგლება. აქ კვალიფიციური სპეციალისტები ასწავლიან ბევრ სხვა საგანს: ცეკვას, ფოტო და ვიდეოკამერასთან პოზირებას, სამსახიობო ოსტატობას, პლასტიკას, ვიზაჟს, ეთიკას, ესთეტიკას, ფსიქოლოგიას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, სულ 10 საგანს, ასევე, თეორიულ საგნებსაც. ვფიქრობ, რომ ასე კარგად და საფუძვლიანად ამ საქმეს სხვაგან არსად ასწავლიან. ნათია მაქაცარიას ხელმძღვანელობა ამ საქმეში, დამეთანხმებით, უკვე რენომეა.

– დღევანდელ ქართულ სამოდელო ბიზნესში რა ვითარებაა, რის გაკეთებას აპირებს თქვენი სააგენტო?

ნათია: ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მართლა ძალიან ბევრი ლამაზი და კარგი გოგოა, რომელიც არ მოდის სააგენტოში. ამით ქვეყანაც აგებს, ეს ბიზნესიც და თავად გოგონებიც. კარგ ტენდენციად მიმაჩნია ის, რომ სამოდელო ბიზნესი საკმაოდ მზარდი, პერსპექტიული სფერო გახდა: ტარდება „ფეშენ ვიქები“, აგრეთვე, ცალკეული ჩვენებები, სადაც ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო შემოქმედი თუ მოდელი ჩნდება. იქმნება ქართული პროდუქტი, რომელსაც სჭირდება ქართული რეკლამა და, შესაბამისად, ქართული სახეები. უკვე ორი „ფეშენ ვიქი“ ჩატარდა საქართველოში, რაც საქართველოს მოდის ინდუსტრიისთვის დიდი მიღწევაა. საერთოდ, მოდის კვირეულები ტარდება სეზონის მიხედვით, ანუ, წელიწადში 4 გამოდის. ბოლო თბილისურმა კვირეულმა ბევრი ახალი და საინტერესო დიზაინერი წარმოაჩინა და ჩვენ ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგისა და ფიარის სამსახური, რომელიც ჩვენთან ასევე, კარგად მუშაობს. სულ ორი თვეა, ვარსებობთ, მაგრამ მალე გავიზრდებით.

საერთოდ მიმაჩნია, რომ მოდელობა ადამიანის ძირითადი პროფესია ვერ იქნება, ანუ ეს არ არის პროფესიულად იმდენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი საქმე, მაგრამ ამ ასაკში გოგონებისთვის უკეთესი საქმიანობა ნამდვილად არ მეგულება. შესაძლოა, სწორედ ისეთი გოგონა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თქვენს ჟურნალს ხშირად კითხულობდეს და მინდა მას ვუთხრა, აუცილებლად მოვიდეს სააგენტოში, ხოლო რაც შეეხება შეფასებას, ჩვენ მოგვანდოს. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ის არ არის ლამაზი, არ აქვს სათანადო პარამეტრები და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მაგრამ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჯერ ერთი, სილამაზე პირობითი ცნებაა; მეორეც, აუცილებელი არ არის, ვინც სააგენტოში ივლის, ბოლომდე პოდიუმზე იდგეს. მოდელი არის მანეკენი, რომელიც კონკრეტული კოსტიუმის დემონსტრირებას ახდენს და უწევს მას რეკლამას, იქნება ეს დეფილე, სტუდიური თუ სარეკლამო გადაღება ან სხვა ღონისძიება. ამიტომ, თვითმიზნად მოდელობას ნუ გაიხდით, მობრძანდით ჩვენს სააგენტოში და ჩვენ მივხედავთ თქვენს ვიზუალს, დავხვეწთ მას, გასწავლით საკუთარი თავის სწორ პრეზენტაციას საზოგადოებაში. დამერწმუნეთ, ეს ქალს აუცილებლად სჭირდება და, თან, ძალიან სახალისოა. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია, ვთქვა, რომ, რაც პოდიუმზე დავდექი და სააგენტოში მივედი, ცხოვრებასა და საკუთარ თავს აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე. სხვა საქმეა, ვის შეარჩევს დამკვეთი, რომელიც, საერთოდ, ძალიან პრეტენზიულია, როგორც ყველა ხელოვანი, მიმუშავია ნიუ-იორკში მოდელად და ვიცი, დამკვეთმა 500 გოგონადან შენი კონტინგენტის ერთი გოგოც რომ შეარჩიოს, უკვე წარმატებაა. აქვე დავამატებ, რომ კარგია, თუ ჩამოვლენ რეგიონებიდან, რადგანაც თბილისში ამ მხრივ ვითარება უკეთესია – მეტი ინფორმაციაა და უფრო ხელმისაწვდომიცაა, რეგიონებში კი უფრო ნაკლებია.

ქეთი: სხვათა შორის, გვყავს რეგიონებიდან ერთი-ორი გოგონა, რომლებმაც აქაურ გარემოში ადაპტაცია საკმაოდ კარგად და მალე გაიარეს, ანუ, ის მომენტი, რომ თბილისელები არ არიან, არ აქვთ. გარდა ამისა, ჩვენთან მუშაობს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი, რომელიც გოგონებს კომპლექსების დაძლევაში ეხმარება. ძირითადი პლუსი ჩვენი სააგენტოსი ის არის, რომ საქმეს პროფესიონალურად და კომპლექსურად ვუდგებით, ანუ, არა ცალმხრივად, არამედ მრავალმხრივად. არსებობს სააგენტოები, სადაც არაკვალიფიციური პედაგოგები მუშაობენ. ჩვენთან კი მხოლოდ პროფესიონალები არიან, თანაც მოტივირებულები, მაგალითად, თავად ნათია მაქაცარია. „ნიუ ფეისი“ თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, გაცილებით ხელმისაწვდომია: გოგონა იხდის 130 ლარს და აფორმებს სააგენტოსთან 6-თვიან ხელშეკრულებას.

ნათია: სხვათა შორის, ხშირად თავად მშობლები არიან მოწადინებულები. ადრე სხვა ვითარება იყო – მშობლებს, განსაკუთრებით მამებს, ზერელე და ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ პოდიუმთან, ახლა კი პირიქითაა, რაც ძალიან მახარებს.

სამოდელო ბიზნესი რომ წინ მიიწევს, ეს ცხადია. ჩემს დროს ჩვენებებს არასწორი დატვირთვა ჰქონდა – ეს იყო მხოლოდ საკონცერტო შოუ. ფაქტობრივად, არ არსებობდა დიზაინ-ინდუსტრია, ცოტა იყო დიზაინერი. ისინი სულ რამდენიმე კოლექციას ქმნიდნენ და ერთსა და იმავე კოლექციას სხვადასხვა ადგილას აჩვენებდნენ. ამის გამო ჩვენებებიც შემცირდა. ახლა უკვე ამ ბიზნესს სწორი მიმართულება მიეცა. ჩვენებაზე იყიდება არა საკონცერტო ბილეთი, არამედ დასწრება მოსაწვევების საშუალებით ხდება. მთავარი პრიორიტეტი გოგონას შერჩევაში, რა თქმა უნდა, გარეგნობაა, მაგრამ, ასევე, საჭიროა შინაგანი მუხტი, შარმი, ინდივიდუალობა, ცოტა არტისტიზმი. მოგეხსენებათ, მოდელი ძალიან შეზღუდულია ემოციის გამოხატვის საშუალებებში. ამიტომ მას საოცრად მეტყველი თვალები და სახე უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ჩვენ ამასაც შევასწავლით. კიდევ ერთი პრიორიტეტი, სახელიდან გამომდინარე – ახალი სახეების აღმოჩენა და მათი გაფიარებაა. ჩვენ ველით მათ!

სააგენტო „ნიუ ფეისი“ იწვევს 10-15 წლამდე მსურველებს. სააგენტოში შეისწავლება დეფილე, ფოტო და ვიდეოკამერასთან პოზირება, სამსახიობო ოსტატობა, პლასტიკა, მეტყველება, ვიზაჟი, ეთიკა, ესთეტიკა, ფსიქოლოგია (პიროვნების განვითარება). აგრეთვე, შეასწავლიან ცეკვებს (ქართული, ლათინური).

მისამართი: კოსტავას პირველი

შესახვევი ¹¹9. ტელეფონი: 30-91-29.

ვებ-გვერდის მისამართი: www.Newface.com.ge

გახდი წარმატებული! შეიქმენი შენი ახალი სახე „ნიუ ფეისთან“ ერთად!


скачать dle 11.3