კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „ებმებიან“ მამაკაცები სასიყვარულო თამაშებში და რას ნანობენ მერე ისინი

ამბობენ, რომ მამაკაცებს უფრო უჭირთ საიდუმლოს შენახვა, ვიდრე ქალბატონებს და, თუ კაცი პროფესიონალი მატყუარა არ არის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახსნის გულს და იტყვის სიმართლეს, ანუ, გამოტყდება ჩადენილ „დანაშაულში” – ღალატში, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. ნამდვილად არ არის ისე, რომ მამაკაცისთვის სულერთი იყოს საკუთარი საქციელის შედეგი, მით უმეტეს, თუ მეუღლესთან გრძნობა და სტაბილური ურთიერთობა აკავშირებს. არც საკუთარი საქციელისა და დაშვებული შეცდომის აღიარება უჭირს, მაგრამ, ეშინია, რომ ვერ გაუგებენ და არ აპატიებენ. ძნელია, უთხრა ადამიანს, მით უფრო ქალს, დაივიწყოს ტკივილი და შეურაცხყოფა. გაუღიმოს მეუღლეს და ისე გააგრძელოს ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ, როცა სინანული გულწრფელია, ალბათ, მისი დაჯერებაც და საყვარელი ადამიანისთვის შანსის მიცემაც შეიძლება.

ლევანი (36 წლის): მე თქვენთან სასაუბროდ იმიტომ არ მოვედი, რომ ვინმეზე კარგი გამოვჩნდე ან ის ვამტკიცო, რომ უცოდველი კრავი ვარ და შემაცდინეს. ნამდვილად არ არის ასე. უბრალოდ, დარდი მაქვს და, რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია. ძალიან ძნელი ყოფილა დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრება, დამთრგუნველია და სრულფასოვან ცხოვრებაში ძალიან გიშლის ხელს. რაც ეს ამბავი მოხდა, სამსახურშიც ვეღარ ვმუშაობ ისე, როგორც საჭიროა. არ გამომდის ნერვიულობის პარალელურად ყურადღების კონცენტრაცია. სულ ტყუილად ჰგონიათ ქალებს, რომ მამაკაცებს ემოციები არ გაგვაჩნია და ჩვენთვის ყველაფერი სულერთია, ნამდვილად არ არის ასე.

– ვინმე გიმტკიცებთ, რომ ასეა? ვინ ვერ გაგიგოთ?

– სხვანაირად გეტყვით. ვიცი, რომ ვერ გამიგებს, დარწმუნებული ვარ ამაში – ჩემს მეუღლეს ვგულისხმობ – და მართლა არ ვბრაზობ მასზე, იმიტომ რომ, იმავე სიტუაციაში ვერც მე გავუგებდი, არ დავუჯერებდი, რომ ყველაფერი მისი სურვილის გარეშე მოხდა.

– „ყველაფერი” – ეს ალბათ, ღალატია, არა?

– დიახ, სწორად მიხვდით, ღალატზე მოგახსენებთ. ვიცი, რატომაც გეღიმებათ, ფიქრობთ, რომ ჩემი ასეთი ლაპარაკით დანაშაულის თავიდან არიდებას და სიტუაციიდან გამოძრომას ვცდილობ. არ ვაპირებ, დაგიმტკიცოთ, რომ ცდებით. თუ ვინმესთვის რამის დამტკიცება მინდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მინდა, დავრწმუნდე, რომ ნაძირალა არ ვარ. სიამოვნებით მოვუყვებოდი ჩემს ცოლს ყველაფერს, გულს გადავუშლიდი და გავთავისუფლდებოდი ამ ლოდისგან, გულზე რომ მაწევს. მაგრამ, ძალიან ცოტა შანსი მაქვს, რომ მაპატიებს, ყველაფერს ისე არ გაიგებს, როგორც სინამდვილეში იყო – ქალებს ხომ თქვენი ფანტაზიები გაქვთ!

– რას გულისხმობთ ფანტაზიებში, რომ ჩვენ იმას ვიგონებთ, რაც სინამდვილეში არ არის და არ ხდება?

– არა, მაგრამ, თქვენი ემოციებიდან გამომდინარე, მოვლენებს სხვანაირად აღიქვამთ. მშვიდად რომ გააანალიზოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს – ნეტავ ეს რატომ მოხდა, იქნებ ქმარი არც არის დამნაშავეო, – ეს არ გინდათ.

– როცა გიღალატებენ, დამნაშავეს აღარ ეძებ. მგონი, მამაკაცებიც ასე არიან.

– იცით, რაშია საქმე? ღალატი ყოველთვის არ არის ღალატი. მაგალითად, ჩემთვის ჩემი ცოლი და ჩემი ორი შვილი ყველას და ყველაფერზე ძვირფასია. ბავშვებიდან უმცროსი ორის ხდება, უფროსი – ექვსის. ცოლიც მიყვარს, ის ჩემთვის სიმშვიდესთან, სითბოსთან, კომფორტთან ასოცირდება. მისი იმედი ყოველთვის შემიძლია მქონდეს. არაჩვეულებრივი დედაა და მზრუნველი მეუღლე. რა დროსაც უნდა მივიდე, არ სძინავს და მელოდება. სრულ ჭკუაზე არ უნდა ვიყო, ეს რომ ვერ დავინახო და არ დავაფასო.

– აღიარებთ, რომ მეუღლეს აფასებდით, კარგი ცოლი იყო, მაგრამ, მაინც უღალატეთ, ანუ, საყვარლად არ გამოდგა?

– არა, ასე არ არის. პრობლემა ისაა, რომ კაცის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ის თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მამაკაცები გამიგებენ. თქვენ რომ გამიგოთ, მეეჭვება, იმიტომ რომ ქალი ხართ. თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდა. თუ გამიგებთ, ძალიან გამიკვირდება და გამიხარდება, გულწრფელად ვამბობ. თუმცა, თქვენი პროფესია არ გამითვალისწინებია. მოკლედ, საქმის არსი ასეთია: მე არ ვარ მოღალატე ქმარი, რომელიც თავგადასავლებსა და შარს დაეძებს.

– ცოლის ღალატი შარია?

– აბა, რა არის?! მით უმეტეს, როცა ამ საქმეში დახელოვნებული არ ხარ. ზოგი კაცი ისე იტყუება, თვალს არ ახამხამებს – მე კი ეს არ შემიძლია – ტყუილს რომ ვიტყვი, ეგრევე მეტყობა, მაშინვე მიხვდები, რომ რაღაცას ვმალავ და სიმართლეს არ ვლაპარაკობ. ეს ჩემმა ცოლმაც იცის. საკმარისია, თვალებში მომაშტერდეს, რომ ეგრევე ვიშიფრები.

– ანუ, ტყუილს ხშირად ამბობთ?

– არა, არა, მაგას გიხსნით, რომ ტყუილს საერთოდ ვერ ვიტან, არ ზის ჩემს ხასიათში. თან, ცოლიც მიყვარს. რომ არ მიყვარდეს, მაინც არ მოვატყუებდი, ვეტყოდი, რომ მასთან ცხოვრება აღარ მინდა და ისე წავიდოდი სხვასთან. თუმცა, როგორც გითხარით, მე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ნაპოვნი მყავს, შვილებზეც ვგიჟდები, მათ გარეშე, ერთ დღესაც ვერ გავძლებ. სულ ვცდილობდი, მეტი დრო გამეტარებინა მათთან. სემინარზე წასვლაც ძალიან არ მინდოდა – ოთხი დღე მოსაწყენ საუბრებს როგორ უნდა მოვუსმინო ან, ამათ გარეშე როგორ უნდა გავძლო-მეთქი. გეფიცებით, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ ვინმეს თვალში „კარგი ტიპი” გამოვჩნდე, არანაირად. მართლა მეზარებოდა და მართლა არ მინდოდა წასვლა.

– როგორც წესი, მამაკაცები ასეთ „მივლინებებს” მშვენივრად იყენებენ ცხოვრების გასახალისებლად.

– ვიცი, მაგრამ მე ეს არ მჭირდებოდა. შეიძლება, ვიღაცეებისთვის ეს არის კიდეც შანსი, რომ ყოველდღიური რუტინა გაიხალისოს, მაგრამ, არანაირი წინასწარი განზრახვა არ მქონია. არც კი მიფიქრია, რომ ამ დღეებს კონკრეტული მიზნისთვის გამოვიყენებდი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ინიციატივა ჩემგან არ წამოსულა.

– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალმა „შეგაბათ“?

– გეღიმებათ, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქალები „აბამენ“ კაცებს. უბრალოდ, მამაკაცებს უნდათ, რომ პირიქით იყოს და არ იმჩნევენ, მით უმეტეს – ცოლიან მამაკაცებს. სასიყვარულო თამაშში ისე ებმებიან, საკმაოდ გვიან ხვდებიან, რომ გამოიჭირეს. რადგან გულახდილად ვსაუბრობთ, მეც ბოლომდე გულახდილი ვიქნები. ალბათ, მამაკაცებს დიდად არ მოეწონებათ, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. შეიძლება, ძალიან მაგარი ტიპი იყო და ქალმა „შეგაბას“. მე არ ვდებ თავს მაგარ ტიპობაზე, არც იმას ვამბობ, რომ უდანაშაულო ვარ, რომ ძალიან გავუძალიანდი და გაკოჭილზე იძალავა იმ ქალმა, მაგრამ, არის ინტერესი და არის იმპულსური სისუსტე.

– ანუ, უნებისყოფობა.

– კი ბატონო, დაარქვით ამას უნებისყოფობა. ვარ უნებისყოფო, მაგრამ, არც ერთმა კაცმა არ დაიტრაბახოს და არ თქვას, რომ ჩემს ადგილას მყოფი ცდუნებას გაუძლებდა. რკინის ნამდვილად არ ვარ და, სამწუხაროდ, კაცი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

– სამწუხაროდ, რატომ?

– იმიტომ, რომ ქალებს უფრო შეუძლიათ ემოციების კონტროლი, ამიტომაც მოეთხოვებათ მეტი თავდაჭერილობა.

– აჰა, ქალმა რომ უღალატოს, ეს დანაშაულია, კაცის ღალატი კი, მხოლოდ და მხოლოდ უნებისყოფობა?

– რა ვქნა, ასეა და ეს ჩემი მოგონილი არ არის. მამაკაცების ემოციური ფონი რომ ქალის ემოციისგან განსხვავებულია, ამას რად უნდა მტკიცება?! ქალი ამ საქმეში გულსაც რთავს და გონებასაც, მამაკაცს კი ამ ორივეს გარეშეც მშვენივრად შეუძლია, ჰქონდეს სექსი და მერე ერთხელაც აღარ გაიხსენოს.

– ქალს ეს არ შეუძლია?

– ნორმალურ ქალს არ შეუძლია. პროფესიონალ მეძავებს არ ვგულისხმობ. ამიტომ არ ეპატიება ძნელად ქალს ღალატი, რომ შემთხვევითობა აქ თითქმის გამორიცხულია.

– ახლა თავს იმართლებთ.

– არა, არ ვიმართლებ. მე მხოლოდ ვცდილობ, აგიხსნათ სიტუაცია. ხშირად გამიგია, ქალებს უთქვამთ, კაცებს ჭკუა ერთ ადგილას აქვთო და ეს არ არის ტყუილი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება – ზოგჯერ ჭკუა ნამდვილად მიგვირბის „იქით“.

– დაგიჯერეთ, რომ მივლინებაში ცოლის საღალატოდ არ წასულხართ.

– ეს ირონიაა? დამცინით? როგორც გენებოთ, მაგრამ ისე ნუ გააკეთებთ, რომ საერთოდ ხმა აღარ ამოვიღო. არადა, მართლა განვიცდი, ცდუნებას რომ ვერ გავუმკლავდი. თუმცა, თავიდან ვიფიქრე, რომ ვაჯობებდი და მოვერეოდი საკუთარ თავს.

– ანუ, გამოცდას ვერ გაუძელით?

– შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა მე, ალბათ, არ ვარ ერთადერთი გამონაკლისი მამაკაცთა შორის. ქალი რომ მოგეძალება, თან, ქალიც არის და ქალიც! ხომ არიან ქალები, საკუთარი მომხიბვლელობის ძალას რომ გრძნობენ და ისიც იციან, ეს ძალა როგორ გამოიყენონ? ოღონდ, არ ვიცი, მე რატომ გამომარჩია. იქ ერთადერთი მამაკაცი ნამდვილად არ ვიყავი. მითხრა, ეს ჩემთვის პატარა თავგადასავალია, მეტი არაფერიო. დამცინა კიდეც, როცა ვუთხარი, ცოლიანი ვარ-მეთქი.

– გაგიფრთხილებიათ კიდეც.

– ვუთხარი. რა შუაშია გაფრთხილება. გეუბნებით, მთლიანად მისგან წამოვიდა ინიციატივა. გვერდით მომიჯდა კაფეში და თვითონ გამეცნო. ხელს ხომ ვერ ვკრავდი, ერთ ჯგუფში ვიყავით ორივე. არც თვალებით მიცდია მისი „შებმა”, არც რამე სხვა მეთოდით...

– არც ის გიფიქრიათ, რა მაგარი ქალიაო?!

– გულახდილად გითხრათ?! ჰო, გავიფიქრე, მერე, რა? მართლა ძალიან ეფექტური იყო და გულში შევაფასე მისი ღირსებები, ბრმა ხომ არ ვიყავი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. საერთოდ არ გამომიჩენია მის მიმართ ინტერესი.

– აშკარად, შეიძლება, არ გამოიჩინეთ, მაგრამ იმან შეგატყოთ.

– კარგით, რა, შემატყო! ერთხელ შევხედე და ეგ იყო. თვითონ მომიჯდა მაგიდასთან, გამიღიმა და მაშინვე კეკლუცობა დამიწყო, ფეხით მეფერებოდა მაგიდის ქვეშ. ძლივს შევიკავე თავი. მაგრამ, შევიკავე და ის „ინციდენტიც” ამოიწურა, მაგრამ, ვინ მოგეშვა. საღამოს მაინც „გამომიჭირა”. ცოლს ველაპარაკე, ბავშვებს, ვუთხარი, როგორი მოწყენილი ვიყავი და როგორ მინდოდა მათთან, ეს გულწრფელი ემოცია იყო. მართლა „დავიგრუზე” იმ შემთხვევის მერე. თან, ეტყობა, რაღაცნაირად ვგრძნობდი მოსალოდნელ საფრთხეს.

– თქვენთვის ეს საფრთხე იყო?

– რა თქმა უნდა, საფრთხე იყო, აბა, რა იყო?! არ მინდოდა-მეთქი, ღალატი, ყველანაირად მაკმაყოფილებდა ჩემი ცოლი. ზედმეტი თავისუფლებისთვის მზად არ ვიყავი. ნუ ფიქრობთ იმას, რომ მამაკაცებისთვის ყველაფერი სულერთია და ფეხებზე გვკიდია ცოლების ემოციები, ოღონდ ჩვენ „გავიგულავოთ”. ამ რაღაც წუთიერი სიამოვნებისთვის ნამდვილად არ მიღირდა ჩემი სიმშვიდე. ყველაფერი რომ დამთავრდა, იცით, რა საშინელი განცდა დამეუფლა?! – სიცარიელისა და იმედგაცრუების. არადა, მანამდე აღფრთოვანებამ სისხლი გამიცხელა. ბარში რომ ჩავედი და გვერდით მომიჯდა, თითქმის შიშველი იყო – მინი-კაბითა და ღრმა დეკოლტეთი. რომ მომეწება, სუნთქვა შემეკრა. მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი და ჭკუაზე გადავყავდი. ერთი მითხარით, რა უნდა მექნა? თან, ცოტაც დალეულიც მქონდა. მესმოდა, როგორ მიცემდა გული, მუხლებიც მიკანკალებდა. მარტო სასმელსაც ვერ დავაბრალებ ამას, გონება თითქმის დამეხშო და არაფერზე აღარ ვფიქრობდი. მოკლედ, ორივე ფეხით გავები.

– და ახლა ნანობთ ამას?

– ჰო, ვნანობ. არ გჯერათ? ძალიან ვნანობ. მაგრამ თქვენ, ბუნებრივია, არ გჯერათ, ისევე, როგორც ჩემი ცოლი არ დამიჯერებს არაფრით.

– რა გინდათ, რომ დაგიჯეროთ – რომ ნანობთ თუ რომ იძალავეს თქვენზე?

– მე არ ვამბობ, რომ ჩემზე იძალავეს, საკუთარი სისუსტე სხვას არ უნდა გადააბრალო. კაცს, მით უმეტეს არ შეეფერება და შეშვენის, ქალს გადააბრალოს ყველაფერი, თუნდაც ეს ქალი მართლაც ყველაფერში იყოს დამნაშავე. მე ვერც იმას ვიტყვი, რომ იმან მაიძულა, მეღალატა ცოლისთვის, მაგრამ ეს გარემოებამ გააკეთა. ახლა რა უნდა ვქნა: საიდუმლოდ შევინახო ეს ამბავი და ვიცხოვრო დამძიმებული სინდისით თუ, მოვუყვე ცოლს და რაც იქნება, იქნება?! მაგრამ არა, „რაც იქნება-იქნება“ არ გამოვა. რომ არ მაპატიოს და წავიდეს ჩემგან, ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს.

– თუ უყვარხართ, გაპატიებთ.

– თქვენ ასე ფიქრობთ? შეიძლება რომ ვუყვარვარ, სწორედ იმიტომაც ვერ მაპატიოს. ასეთ რისკზე ნამდვილად ვერ წავალ.


скачать dle 11.3