კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მგონი, ქმარი მღალატობს

28 წლის გავთხოვდი. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა, წესით, ამ ნაბიჯის გადადგმისას, გრძნობასთან ერთად, გონებაც უნდა მონაწილეობდეს. მეც ასე მეგონა თავიდან, რომ ყველაფერი გათვლილი მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ უგონოდ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ გარკვეული სიმპათიები მის მიმართ ნამდვილად მქონდა და მასთან ერთად თავს ყოველთვის დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. თანაც, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და მეგონა, კარგად ვიცნობდი. თურმე, ვცდებოდი. არ ვიცი, რატომ დავუშვი ასეთი შეცდომა. ალბათ, იმიტომ, რომ ზედმეტად მიმნდობი ვარ. ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც ეპიზოდებს და ვაანალიზებ, ვხვდები, ეს თვისება ანდროს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად მომწონდა კიდეც – რომანტიკულობასა თუ დარდიმანდობაში ვუთვლიდი. ახლა კი, უკვე ოთხი წლის ცოლქმრობის შემდეგ, ამ ყველაფერს სულ სხვა თვალით ვუყურებ. საქმე ისაა, რომ ჩემს ქმარს ძალიან უყვარს ქალები. ალბათ, ვინმე გულში იტყვის, მადლობელი იყავი, რომ ქალები უყვარს და არა კაცებიო. ეს თავისთავად, მაგრამ სიყვარულსაც გააჩნია. ჯერ კიდევ დაქორწინებამდე ვამჩნევდი, როგორ აყოლებდა თვალს ნებისმიერ ქალს, მაშინაც კი, როცა, ვთქვათ, კაფეში ვისხედით და თავის გრძნობებზე მელაპარაკებოდა, ან – ქუჩაში ვსეირნობდით. ამას არ მალავდა, აღტაცებულ მზერას გააყოლებდა და მეტყოდა – ნახე, რა მაგარი ქალი იყო, ვგიჟდები ეგეთ ქალებზეო. მე მაშინ ამაზე მეცინებოდა და გულწრფელად ვფიქრობდი, ჩუმჩუმელობას ასეთი უკომპლექსობა მირჩევნია-მეთქი. ქორწილშიც კი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და სურვილით აღსავსე შესცქეროდა გაპრანჭულ გოგოებს. მაშინაც არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, მაგრამ, ეტყობა, იფიქრა, ეს ჩემი ცოლი დებილიაო და ახლა ჩემს დაქალებს დაუწყო თვალების პრაწვა. თავიდან, ისინიც ხუმრობაში უტარებდნენ, მაგრამ ერთხელ ჩემმა მეჯვარემ მითხრა, არ გეწყინოს, მაგრამ, მაგ შენს ქმარს მიხედე, თორემ ვიღაცას შემოელახებაო. მაშინ კი რეჩხი მიყო გულმა და გადავეკიდე, რა მოხდა, რატომ მეუბნები მაგას-მეთქი. თავიდან ანა არ მეუბნებოდა, მერე კი გამომიტყდა. ამას წინათ, შენი ქმარი ქუჩაში შემხვდა და ისეთი არშიყობა დამიწყო, კინაღამ ჩემს ქმარს დავურეკეო. მერე სხვა დაქალებმაც თითქმის იგივე მითხრეს. ერთმა კი მტკიცება დამიწყო, შანსი არ არის, შენი ქმარი არ გღალატობდესო. იმის მერე დავუდარაჯდი და თვალთვალი დავუწყე, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ შემიმჩნევია. თუმცა, რაღაც „ვინტი“ რომ მოშვებული აქვს ტვინში, ამაში ნამდვილად დავრწმუნდი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე ვერ დავიჭირე, მაინც დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ხშირად მღალატობს. შეიძლება, ერთი და ოფიციალური საყვარელი არ ჰყავს, მაგრამ, ეტყობა, მოჭარბებული პოტენცია აქვს და ვერ იტევს. ასეა თუ ისე, ჩემთვის ეს შვება არ არის და არც მისი გამართლება შემიძლია. ისე დამღალა თავისი ცანცარობით, უკვე ერთი სული მაქვს, რამეში გამოვიჭირო. მაშინვე ხელს დავუქნევ და სდიოს მერე ქალებს რამდენიც უნდა.

ელზა, 32 წლის.



რატომ არ გავეყარე ქმარს

თქვენი ჟურნალის ერთ-ერთი რუბრიკაში წავიკითხე, ერთი ქალბატონი ამბობდა, მართალია, ოჯახს ის არჩენს და არც ჩემი ჩაცმა-დახურვისთვის ენანება ფულის მოცემა, მაგრამ ქმარს ფსიქოლოგიურ ტერორში ვყავარ – მეუბნება, აღარაფერი გიხდება, აღარავის მოეწონები, მადლობელი იყავი, რომ არ გეყრებიო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენი და, მით უმეტეს, ძნელად მოსათმენი და გადასატანია და იმაშიც ვეთანხმები, რომ ეს მართლაც არის ფსიქოლოგიური ტერორი, მაგრამ მე უარეს დღეში ვარ: ჩემს ქმარსაც, მის დედასაც და დასაც მე ვარჩენ – ვაჭმევ, ვასმევ და ვაცმევ. ოჯახის ყველანაირი ხარჯი ჩემზეა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამივეს მიაჩნია, რომ ჩემს ქმარს უკეთესი ქალი ეკუთვნოდა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ გარეგნობითაც ვჯობივარ ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს, ინტელექტითაც და ოჯახიშვილობითაც, მაგრამ, რატომღაც, პირველივე დღიდან თავს მაყვედრიან. თავიდანვე ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ მე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ჩემი მიტანილის ჭამას, ჩაცმასა და დახურვას რომ კადრულობდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად, უფლება არ მქონდა, მათი ნებართვის გარეშე საკუთარი ფულით საკუთარი თავისთვის მეყიდა თუნდაც ფეხსაცმელი ან პარფიუმერია. თუ ამას მაინც გავბედავდი, ორი იმდენი და უკეთესი ფირმისა და ხარისხის, დედამთილისა და მულისთვის უნდა მიმერთმია – დღემდე ასეა. ამას კი ისიც ემატება, რასაც ის ქალბატონიც ამბობდა თავის ისტორიაში: დაცინვა, ირონია, ყვედრება, პლუს უმიზეზოდ ლანძღვა-გინება, ყველაფრით უკმაყოფილება. არც არასდროს უზრუნია ქმარს ჩემზე. ორი ულამაზესი გოგონა გვყავს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ შვილები არ უყვარს, მაგრამ, არც იმ დონეზე, რომ მათთვის თავი შეიწუხოს. ალბათ, იტყვით, ასეთი საშინელება თუა, რატომ ამდენ ხანს არ გაშორდიო. ჩემი სიდებილის გამო ვითმენ, 15 წელია, ასეთ მოპყრობას. ჯერ ერთი, თავიდან სულ მეგონა, დავანახვებ ერთგულებას, ზრუნვას, სითბოსა და სიყვარულს და თვალი აეხილება-მეთქი. მაგრამ, რაც მეტად გადავყევი თან, მით მეტად დამავალდებულა – წარმოიდგინა, რომ ჩემი შერთვით ისეთი მოწყალება გაიღო – თითქოს სადღაც ტყიდან გამომიყვანა, ცივილიზაციას მაზიარა და ამიტომ, მთელი სიცოცხლე მისი მადლიერი, მონა უნდა ვიყო; მეორეც, მამაჩემის მეშინოდა თუ მერიდებოდა – ვიცოდი, კატეგორიულად წინააღმდეგი იქნებოდა ჩვენი გაყრის. ნამდვილ მიზეზს ვერ ვეტყოდი – ცემით მოკლავდა. მარტო იმის თქმა კი, ხასიათით ვერ შევეწყვე ან აღარ მიყვარს-მეთქი, უაზრობა იქნებოდა. ამიტომაც, შევრჩი და შევრჩი. ერთადერთი, ეჭვიანობით არ შევუწუხებივარ არასდროს და, ლამის რომ შევაბერდით ერთმანეთს, ახლა მეუბნება, ღმერთმა იცის, სად დადიხარ, მე რა ვიცი, იქნებ, სულაც არ ხარ სამსახურშიო. ეგ როგორ მაკადრე-მეთქი. ვითომ რატომ არ გეკადრება, სხვებზე უკეთესი რითი ხარო. მაშინ კი ვუთხარი, ყველაზე მეტად, რასაც ვნანობ ცხოვრებაში, ის არის, რქები რომ არ დაგადგი-მეთქი. იცით, რა მითხრა? მაგისთვის, მინიმუმ, ის არის საჭირო, ვინმეს ოდნავ მაინც მოეწონოო.

რაც აქ გიამბეთ, ზღვაში წვეთია და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც, არ გავეყარე. ამის მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ის არის, რომ მერე ვინმემ რამე არ თქვას და ჩემს შვილებსაც გინდა ბავშვობა და გინდა მომავალი არ გავუფუჭო-მეთქი.

ნაცნობ-მეზობლებს ჰქონიათ, რომ ჩემი ქმარიც და მისი და და დედაც, თან გვყვებიან მე და ჩემს შვილებს. ბევრი შემონატრის ჩემს ოჯახს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ ერთ ბინაში ვცხოვრობთ და მეტი აბსოლუტურად არაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ ყველას მე ვარჩენ. თუმცა, ცეცხლი რომ წაუკიდო და ცხელი შანთებით აწამო, მაინც არც ერთი არ გამოტყდება ამაში.

ძალიან გვიან მივხვდი, რომ გაჟეჟილს გატეხილი ჯობია, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვდგამ გადამწყვეტ ნაბიჯს და ისევ ჩემი ნერვების, ჯანმრთელობისა და თავმოყვარეობის ხარჯზე ვიტან ყველაფერს.

ლალი, 39 წლის.



ბაბუაჩემი შეყვარებულია

ძალიან პატარა ვიყავი, ბებია რომ გარდამეცვალა. მახსოვს, როგორ განიცდიდა ბაბუა ცოლის სიკვდილს. რამდენიმე წელი ცრემლი არ შეშრობია თვალზე და ყოველდღე დადიოდა მის საფლავზე. ძალიან მეცოდებოდა და ამიტომ, სულ ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი, რომ დარდი შემემსუბუქებინა. ჩემმა ასეთმა თანაგრძნობამ მე და ბაბუა განსაკუთრებით დაგვაახლოვა. ბაბუას მამაჩემისა და ჩემ გარდა სხვა შვილები და შვილიშვილებიც ჰყავს, მაგრამ არავისთან მიდის, ჩვენთან უნდა ყოფნა, რადგან თავს აქ უკეთ გრძნობს.

ბაბუას ჰქონდა უზარმაზარი ორსართულიანი სახლი, რომელიც დაქვრივების შემდეგ, ოთხ თანაბარ ნაწილად გაყო. სამი ნაწილი სამ შვილს დაურიგა, მეოთხე, თავისი წილით კი პატარა ბინა იყიდა თავისთვის – რა იცი, რა ხდება და ჩემი კუთხე მინდა, მქონდესო. ის, არც ისე ხნიერია (69 წლისაა) და საკმაოდ ჯანმრთელია, თან მუშაობს კიდეც. ერთი სიტყვით, ჩვენი მისახედი არაფერი სჭირს. როგორც გითხარით, მე და ბაბუა ძალიან დავმეგობრდით. მე 18 წლის ვარ და, შესაბამისად, გოგოების მიმართ გულგრილი არ გახლავარ და თუკი ვინმე მომეწონება, ბაბუას გულახდილად ვუყვები ხოლმე ჩემი გრძნობების შესახებ. როგორც ჩანს, ბაბუამ დამიფასა ეს გულწრფელობა და ერთხელ მთხოვა, შენთან სერიოზული საქმე მაქვს და კარგი იქნება, თუ საღამოს ჩემთვის მოიცლიო. რა თქმა უნდა, იმავე საღამოს მოვიცალე. ჩვენი საუბარი ვინმეს რომ არ გაეგო, პარკში წავედით, ცარიელ კაფეში დავსხედით და მოსასმენად მოვემზადე. ბაბუას თავიდან გაუჭირდა, ეთქვა, რა აწუხებდა, მერე კი მაინც გაბედა და მითხრა, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდები, შენ თუ არ დამეხმარე. თუ უარს მეტყვი, შენი ნებაა, მაგრამ მაშინ მეცოდინება, რომ მარტო ვარ და საკუთარ თავს თვითონ უნდა მივხედოო. მე პირობა მივეცი, რომ, რაც არ უნდა ეთხოვა, ყველაფერში დავეხმარებოდი. ბაბუამ შვებით ამოისუნთქა, ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და გაბრწყინებული სახით მითხრა, შენი იმედი ყოველთვის მქონდა და ამიტომაც გამორჩეულად მიყვარხარო. მერე კი თავისი საიდუმლო გამანდო და მთხოვა, ჯერჯერობით ყველასგან საიდუმლოდ შემენახა. მოკლედ, გაირკვა, რომ ბაბუას გაუცნია 60 წლის ქალბატონი, გაუთხოვარი, კულტურული, წესიერი და პატიოსანი, სიმპათიური ქალი, რომელიც შეჰყვარებია და თურმე, უკვე რამდენიმე თვეა, ხვდებიან კიდეც ერთმანეთს. ბაბუას თავისი გულიც და ხელიც შეუთავაზებია, იმ ქალსაც თანხმობა უთქვამს, მაგრამ ბაბუას შვილების ეშინოდა და რცხვენოდა – ვინ იცის, როგორ ეწყინებათ და გაბრაზდებიანო.

მე ისე გამიხარდა ეს ამბავი, ტაში შემოვკარი და დახმარება აღვუთქვი. ჯერ გადავწყვიტე, მისი შვილები, რძალ-სიძე და შვილიშვილები ერთად შემეკრიბა, ყველაფერი მეთქვა და საჭიროების შემთხვევაში, ბაბუას ინტერესები დამეცვა, მაგრამ მერე ტაქტიკა შევცვალე: შევკრიბე ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, საიდუმლო გავანდე და დახმარება ვთხოვე, რაზეც ხალისიანი თანხმობა მივიღე. მერე საქმეები დავინაწილეთ და ორ კვირაში ყველაფერი მზად გვქონდა: ბაბუას ბინაში დამლაგებელი მოვიყვანეთ და იქაურობა დავაწკრიალებინეთ, მერე ჩემმა მამიდაშვილმა გოგონებმა საპატარძლოსთვის იყიდეს ნიშნობის ბეჭედი, ერთი-ორი სხვა სამკაული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები. მოველაპარაკეთ ერთი პატარა და მყუდრო ეკლესიის მოძღვარს ჯვრისწერასთან დაკავშირებით, მივეცით პურ-მარილის შეკვეთა (სუფრის გაშლა ბაბუას ბინაში გადავწყვიტეთ) და ყველაფერი რომ მოვაგვარეთ, მხოლოდ მაშინ გავუმხილეთ ეს ამბავი ჩვენს მშობლებს. ვერც კი წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატეხეს. სამი შვილი, ორი რძალი და ერთი სიძე ერთხმად გამოთქვამდნენ პროტესტს, მაგრამ შვილიშვილები მაინც უფრო სამართლიანები და მაგრები აღმოვჩნდით და დავუმტკიცეთ მათ, რომ ბაბუა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და უფლება აქვს, პირადი ცხოვრება მოიწყოს. სხვათა შორის, ქორწილში ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი დრო ვატარეთ.

ცოლის შერთვის შემდეგ ბაბუა თავის ბინაში გადავიდა, მაგრამ ჩვენი ახალი ბებია ისეთი კარგი ქალი გამოდგა, თითქმის ყოველდღე იქ ვართ შვილიშვილები. ერთხელ კი ბაბუამ ვითომ ხუმრობით გვითხრა, მაცალეთ, თქვე მამაძაღლებო, ამ ჩემს ცოლს ერთი-ორი სიტყვა თქვენ გარეშე ვუთხრაო.

ზუკა, 18 წლის.



მამისგან მემკვიდრეობით ეჭვიანობა გამომყვა

მთელი ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე მწარედ მახსოვს – მამაჩემის ეჭვიანი ხასიათის გამო დედა ლამის ყოველდღე ტიროდა. მამა ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა: მარტოს პურზეც კი არ უშვებდა, მისი ყველა მეგობარი დაითხოვა სახლიდან – ჩემს ცოლთან კაცებზე ლაპარაკობთო; მეზობლებთან ურთიერთობის უფლებასაც კი არ აძლევდა. არადა, ცოცხალი ადამიანი ისე როგორ გამოიკეტებოდა სახლში, ვინმესთვის ხმა არ გაეცა. ჰოდა, ამის გამო სახლში ყოველდღე ჩხუბი და უბედურება იყო. რომ წამოვიზარდეთ, მამა მე და ჩემს დასაც გადმოგვწვდა – დედათქვენს ხელს უწყობთ, რომ აქეთ-იქით იტრაშუნოს და თვალები აცეცოსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიზრდებოდით. ერთხელ ჩემმა დამ პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა დედას – ქმარს გაშორდიო, მაგრამ დედა ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა – მომკლავსო. ასეთი საქციელის გამო, გამოგიტყდებით და თანდათან შემძულდა მამა. ხშირად მინატრია, ნეტავი, ქუჩაში მანქანა დაეჯახოს და სახლში მკვდარი მოასვენონ-მეთქი.

მე და ჩემმა დამ სკოლა რომ დავამთავრეთ, მამა შედარებით ერიდებოდა ჩვენი თანდასწრებით სცენების მოწყობას. მაგრამ, როცა დედას მარტოს დაიხელთებდა, სისხლს უშრობდა. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდით, ერთ-ერთი მაინც ვყოფილიყავით სახლში.

ასე გავიდა წლები. ჩემი და გათხოვდა და თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, თუმცა შორიდან მაინც ნერვიულობდა დედაზე და ცდილობდა, ხშირად ყოფილიყო მასთან. მერე მეც მოვიყვანე ცოლი და, მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან მეცოდებოდა, ბინა ვიქირავე და ცოლთან ერთად ცალკე გადავედი – არ მინდოდა, იმასაც ენახა ეჭვიანობით ჭკუიდან გადასული მამაჩემი და შეურაცხყოფისა და შიშისგან ატირებული დედაჩემი. თუმცა, მეც ვცდილობდი, ყოველ მეორე დღეს მაინც შემერბინა სახლში და დედასთვის დამეხედა.

სანამ ცოლს შევირთავდი, სულ ვფიქრობდი, რომ მე მამაჩემისგან განსხვავებული ქმარი ვიქნებოდი. მართლაც, ჩვენი ქორწინების პირველი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვიდი, წყნარი და ბედნიერი პერიოდი იყო. მაგრამ, შვილი არ გვიჩნდებოდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ დღეს კი, ჩემთვის მოულოდნელად, გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩემი ცოლი სპეციალურად იცავდა თავს დაფეხმძიმებისგან, რომ მეტი თავისუფალი დრო ჰქონოდა. შესაბამისად კი, თავისუფლად ევლო აქეთ-იქით. ამ ეჭვებმა კიდევ ახალი ეჭვები წარმოშვა და, ერთ დღესაც, ისე შემიპყრო ეჭვებმა, ლამის ჭკუიდან გადავდექი. სიმართლე გითხრათ, სცენების მოწყობა ვერ გავბედე, თუმცა, მაინც ვგრძნობ, რომ ეს საშინელი სენი, შეიძლება, ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც გადმომეცა მემკვიდრეობით. ამას საშინლად განვიცდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი და მისი დაკარგვის მეშინია. დედაჩემივით ყველა ხომ ვერ მოითმენს ქმრის სიგიჟეებს!

ლუკა, 27 წლის.



ჩემი ძმაკაცი ჩემს დას ეარშიყება

სტუდენტი რომ გავხდი, პირველივე კურსიდან ხუთნი დავმეგობრდით და ისეთი განუყრელი ძმაკაცები ვიყავით, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა. უფრო სწორად, თავიდან ოთხნი დავძმაკაცდით, მეხუთე კი, ლაშა, მესამე კურსიდან შემოგვიერთდა. სიმართლე გითხრათ, თვითონ იყო ჩვენთან დაახლოების ინიციატორი. მანამდე სხვა „სასტავთან“ უფრო ახლოს იყო, მაგრამ იმათთან რაღაც უსიამოვნება მოუვიდა ვიღაც გოგოს გამო და თითქმის აღარ ურთიერთობდა. ჩვენთან რომ დაიწყო დაახლოება, თავიდან დიდად არ გადავრეულვართ, რადგან ვიცოდით, რომ ცოტა შარიანი ბიჭი იყო, მაგრამ ხელს ხომ არ ვკრავდით. მით უმეტეს, რომ ყველანაირად ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ კარგი ტიპი იყო: თუ სადმე მივდიოდით, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებდა, ჩხუბიც იცოდა, მხარში დადგომაც, ერთგულება და გამტანობაც ბევრჯერ დაუმტკიცებია და, ამიტომ, ნელ-ნელა თავისთავად „ჩაჯდა“ ჩვენს წრეში. ერთადერთი, რაც ლაშასი არ მომწონდა, ის იყო, რომ თუ გოგო მოეწონებოდა, ყველა ხერხს იხმარდა, არანაირ სვლას არ ითაკილებდა, ოღონდ კი მისი ყურადღება დაემსახურებინა, მაგრამ, მეორე დღეს სხვა გოგო რომ მოსწონებოდა, ისევ ისე დადგებოდა ყირაზე მის მოსახიბლავად, წინა დღეს მოწონებული გოგო კი აღარც ახსოვდა და აღარც ადარდებდა. თან, არ დაეძებდა, ვინ იქნებოდა ის გოგონა, თავისი ძმაკაცის შეყვარებულიც რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც ეცდებოდა, რომ მისთვისი თავისი „სუპერმენობა“ დაემტკიცებინა. ეს ერთი ნაკლი ჰქონდა, სხვა მხრივ, ძმაკაცობის თვალსაზრისით წუნს ვერ დასდებდი. რომ ვიცოდით მისი ასეთი „ხუშტურების“ შესახებ, გარკვეულ სიტუაციებში ძალიან ფხიზლად ვიყავით და ყოველთვის ვაკონტროლებდით მის ყოველ ნაბიჯსა თუ სიტყვას. სხვათა შორის, თვითონაც ცდილობდა, გამოესწორებინა ეს ნაკლი და, ასე ვთქვათ, ამ მხრივ ძალიან მუშაობდა საკუთარ თავზე.

მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთხელ მაინც შევნიშნე, რომ, როცა ჩვენთან ვიკრიბებოდით ხოლმე, უცნაურად წრიალებდა და ადგილს ვეღარ პოულობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი მეათეკლასელი და შემოვიდოდა ჩემს ოთახში. ეჭვი ავიღე, ერთხელაც დავუდარაჯდი და კიდეც გამოვიჭირე: ჩემს დასთან შესულიყო სამზარეულოში და აქებდა მის გარეგნობას, ხასიათს და ასე შემდეგ და აღფრთოვანებული თვალებით შესცქეროდა. ლაწირაკ მეათეკლასელ შტერ გოგოსაც მეტი რა უნდა – ისიც ბედნიერი იყო, რომ სტუდენტ ბიჭს, თან, ასეთ თამამსა და გოგოებში პოპულარულს მოეწონა.

მაგრამ, მათი ჟღურტული ცუდად დამთავრდა: თავი ვეღარ შევიკავე და ლაშა სახლიდან დავითხოვე, თან ძმაკაცებთან საქმეც გავურჩიე. რა თქმა უნდა, ყველამ მე გამამართლა, თუმცა ის დღემდე მიმტკიცებს, რომ ჩემი და სერიოზულად მოსწონს, რაც მე კიდევ უფრო მეტად მაცოფებს, რადგან, მეშინია, ჩემი დაც არ აიყოლიოს და ან არ გაიპარონ, ან უარესი სისულელე არ ჩაიდინონ – 15 წლის გამოუცდელი გოგოს გაგიჟებას რა დიდი რამე სჭირდება!

გიო, 21 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3