ვინ უკრავს სტრადივარიუსის ცნობილ ვიოლინო „ზარბაზანზე“ და რატომ გაუმასპინძლდა ემირატების ერთ-ერთი მმართველი შეიხ ალ ნაჰიანი ლელა მჭედლიძეს „კუსკუსით“
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, ორკესტრის – „მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის” – ერთადერთი ქართველი წარმომადგენელია... თავის დროზე გაეროს ეგიდით შექმნილი ორკესტრი მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, ამიტომაც ქართველი მუსიკოსისთვის სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან და მონარქებთან შეხვედრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა... ახლახან ლელა მჭედლიძე ემირატებიდან დაბრუნდა. როგორც ცნობილია, წლევანდელი ახალი წელი ემირატებში განსაკუთრებულად აღინიშნა, სადაც 11 მილიონ ევროდ ღირებული ნაძვის ხე დაიდგა...
– ქალბატონო ლელა, გვიამბეთ როგორი იყო კონცერტი იმ ნაძვის ხესთან, რომელმაც წელს მთელი მსოფლიო გააოცა?
– პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის” არაბულ ქვეყანაში ჩავიდა და, ამდენად, ეს მათთვის ისტორიული მოვლენა იყო. კონცერტი „აბუდაბის ფესტივალის” ფარგლებში გაიმართა 7-ვარსკვლავიან სასტუმროში. ეს სასტუმრო ყველაზე ძვირია მთელ მსოფლიოში – იქ ყველაზე უბრალო ნომრის ფასი დღე-ღამეში 5 000 ევროა. სასტუმროს აქვს აუდიტორია, სადაც გრანდიოზული ღონისძიებები იმართება... ამ სასტუმრომ წელს კიდევ ერთხელ გაითქვა სახელი, რადგან იქ დაიდგა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული – 11 მილიონ ევროდ შეფასებული ნაძვის ხე. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ მწვანე ნაძვის ხეზე ეკიდა ძვირფასთვლებიანი, ორნამენტებით გაწყობილი სათამაშოები, ასევე, მორთული იყო ძვირფასი სამკაულებით. თითქოს გაოცებას იწვევს – რა საჭიროა ნაძვის ხეზე სამაჯურები და მაჯის საათები, მაგრამ, მთლიანობაში ულამაზესი სანახაობა იყო და ძალიან დიდი სიმდიდრის შთაბეჭდილებას ქმნიდა... არ შეიძლებოდა, სადმე ჩასულიყო იმდენი ტურისტი, რამდენიც ამ ქვეყანას მოაწყდა ნაძვის ხის სანახავად.
– ქვეყანაშიც იგრძნობა ეს სიმდიდრე?
– ამ ქვეყანას, მოგეხსენებათ, სულ რაღაც 40 წლის ისტორია აქვს და დღეს იქ სულ ცათამბჯენებია. ერთი ცათამბჯენია, რომელიც ხუთჯერ უფრო გადახრილია, ვიდრე პიზის კოშკი. ძალიან ემადლიერებიან შეიხ ალ ზაიდს, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებლად მიაჩნიათ. მისი ხსოვნის პატივსაცემად ააგეს მეჩეთი, რომელსაც სიდიდით მსოფლიოში მესამე ადგილზე ასახელებენ, მაგრამ მეჩეთი ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია და, სავარაუდოდ, სიდიდით პირველ ადგილს დაიკავებს. სამშენებლოდ მარმარილო მხოლოდ იმ ქალაქიდან ჩამოაქვთ, საიდანაც იყო მიქელანჯელო. ამ მეჩეთში კიდია მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაღი, რომელიც 40 ტონას იწონის და მთლიანად „სვაროვსკის“ კრისტალებისგან შედგება. ძირს დაფენილია უზარმაზარი, ხელით ნაქსოვი ირანული ხალიჩა, დაახლოებით ერთი კოლომეტრი სიგრძის, რომელიც ცხრა ნაწილად მოქსოვეს და იქვე გადააკერეს. ყველა ნივთი ოქროსი ან ვერცხლისაა. მეჩეთს ვენეციური ბროლის ფანჯრები აქვს. ჩვენ დათვალიერებისას აღმოსავლური სამოსი ჩაგვაცვეს – თავსაბურავებით, ფეხშიშველები შევედით... მეჩეთის დათვალიერების შემდეგ ემირატების სასახლეში წავედით, სადაც ფოტოგადაღება იყო „სიენენის“ დოკუმენტურ ფილმზე. სასახლეში შესვლისას ჩემკენ გამოემართა კამერიანი ოპერატორი, რომელსაც ინტერვიუს ჩაწერა სურდა. როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, გაგიჟდა, რადგან, აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფთან ერთად მუშაობდა, საქართველოზე რომ მოამზადეს სიუჟეტი „სიენენისთვის“. ოპერატორი უზომოდ იყო საქართველოზე შეყვარებული. რაც შეეხება ინტერვიუს, იგი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს მუსიკოსისთვის, უკრავდეს მსოფლიო ორკესტრში.
– თუ არ ვცდები, ორკესტრისთვის მიღებაც გაიმართა...
– ფოტოგადაღების შემდეგ სასახლეში მიღებაზე მიგვიწვია შეიხ ალ ზაიდის შვილმა, შეიხ ალ ნაჰიანმა, დღეს ქვეყანას შეიხ ალ ზაიდის ოჯახი მართავს. არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს: თავდაპირველად ჩამოატარეს ყავა კარდამონით, შემდეგ გუნდრუკი, რომელიც არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევს და, შენკენ რომ ჩამოატარებენ, უნდა იკმიო. შემდეგ შეგვიძღვნენ საბანკეტო დარბაზში, სადაც ისეთი აღმოსავლური სუფრა დაგვხვდა, რომლის მსგავსიც მხოლოდ ზღაპრებში შეიძლება წარმოვიდგინოთ: უზარმაზარ ვერცხლის თასებზე მათი ეროვნული კერძები იყო, მათ შორის კოზაკის ხორცი, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ყველაფერს ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. ბრინჯისგან მომზადებულ კერძს „კუსკუსს“ ეძახიან. იყო აღმოსავლური ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი, მათთან ალკოჰოლური სასმელი არ არსებობს. შეიხმა უდიდესი მადლიერება გამოხატა ჩვენ მიმართ.
– უყვართ იქ კლასიკური მუსიკა?
– კონცერტზე შესრულდა როსინის, პროკოფიევისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. დაესწრო არა მხოლოდ აბუდაბის ელიტური საზოგადოება, არამედ წარმომადგენლები სხვა ქვეყნებიდანაც. ამ ქვეყანაში ახლა ცდილობენ, შემოიტანონ და დანერგონ მაღალი კულტურა და, სწორედ ამიტომ, მათთვის დიდი პატივი იყო, მსოფლიო ორკესტრი რომ ჩავიდა.
– თავად როგორ აღმოჩნდით ამ ორკესტრში?
– 2002 წელს ამ ორკესტრის დირექტორი, ჩარლზ ქეი, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში. მან ერთ-ერთ კონცერტზე დასწრების შემდეგ მიმიწვია ორკესტრში. მიწვევის შედეგად აღმოვჩნდი ფესტივალზე პეტერბურგსა და მოსკოვში... ამ ინტერნაციონალურ ორკესტრში ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. წარმოდგენილია დაახლოებით 40-მდე ქვეყანა და ძირითადად ის ქვეყნები, რომლებიც მდიდარი კლასიკური სამუსიკო კულტურით გამოირჩევიან. ორკესტრში, ევროპისა და ამერიკის გარდა, არიან იაპონიის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ინდოეთის წარმომადგენლები; პოსტსაბჭოთა სივრციდან კი – რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ესტონეთი... ორკესტრანტთა უმრავლესობა უკრავს ლეგენდარულ ინსტრუმენტებზე. მხოლოდ პირველი ვიოლინოების ჯგუფში ექვსი „სტრადივარიუსია“: შვეიცარიის ორკესტრის კონცერტმაისტერს უჭირავს სტრადივარიუსის ცნობილი ვიოლინო „ზარბაზანი”, რომელზეც თვით ნიკოლო პაგანინი უკრავდა...
– ამ ორკესტრის დირიჟორი დღეს ვალერი გერგიევია. იქნებ, გვიამბოთ ორკესტრის წარსულზე...
– 1992 წელს ორკესტრის შექმნის იდეა დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, დიდ ბრიტანეთშივე მოღვაწე, წარმოშობით უნგრელის, სახელგანთქმული დირიჟორის, სერ გეორგ შოლტის მიერ. გეორგ შოლტს, დიდ ბრიტანეთში კლასიკურ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა მიანიჭა წოდება „სერ“... გეორგ შოლტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უელსის პრინცმა ჩარლზმა მიღება ბუკინგემის სასახლეში გამართა. შოლტის მეუღლემ, ვალერია შოლტიმ, რომელიც დღეს ორკესტრის პატრონესაა და ჩარლზ ქეიმ სიურპრიზი მოუწყვეს შოლტის და მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს საუკეთესო მუსიკოსები კონცერტის გასამართავად. შოლტი ამან აღაფრთოვანა და განაცხადა: „განა არ არის გასაოცარი? როცა მუსიკოსები წარმოადგენენ გაერთიანებულ ევროპას და მთელ მსოფლიოს, რატომ არ შეუძლიათ იგივე გააკეთონ პოლიტიკოსებმა?!“ შოლტიმ ეს ორკესტრი 1993 წელს შექმნა. ამავე წელს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბუტროს ბუტროს გალიმ, შოლტის სთხოვა, გაეროს 50 წლისთავთან დაკავშირებით ჟენევაში კონცერტი გაემართა. 1995 წელს ჟენევაში კონცერტი გაიმართა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ორკესტრის შემდეგი გამოსვლა ბადენ-ბადენში, დიდი საკონცერტო დარბაზის გახსნაზე, 1998 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, შოლტი 1997 წელს გარდაიცვალა. როდესაც ორკესტრის დირექტორს სთხოვეს, მთელ მსოფლიოში მოეძებნა დირიჟორი, რომელიც შოლტის გზის ღირსეული გამგრძელებელი იქნებოდა, დირექტორმა არჩევანი ცნობილ რუს დირიჟორზე ვალერი გერგიევზე შეაჩერა.
– ვალერი გერგიევის დირიჟორობით სად გაიმართა პირველი კონცერტები?
– გერგიევის დირიჟორობით ჩატარდა კონცერტი ბადენ-ბადენში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგი მოწვევა ორკესტრს ლონდონში, „ბიბისის“ ფესტივალზე ჰქონდა, სადაც გაჩნდა იდეა, რომ ორკესტრს მონაწილეობა მიეღო პეტერბურგის დაარსებიდან 300 წლისთავსა და მოსკოვის სააღდგომო ფესტივალზე... ამ დროს ორკესტრში უკვე მეც ვუკრავდი.
– ყველაზე მნიშვნელოვანი ტური როდის იყო თქვენთვის?
– 2007 წელს ღონისძიებები მიეძღვნა სერ გეორგ შოლტის გარდაცვალებიდან 10 წლისთავს. პირველი კონცერტი როტერდამში ჩატარდა, ნიდერლანდების დედოფლის ბეატრიქსის პატივსაცემად. როტერდამში „დოელენის” დარბაზში დავუკარით. გასტროლებამდე ორი კვირით ადრე დამიკავშირდნენ პროექტის მენეჯერები და შემატყობინეს, რომ დედოფალმა პირადი აუდიენციისთვის მუსიკოსების სიიდან შეარჩია ოთხი პიროვნება, მათ შორის – მეც... საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის რჩევით, დედოფალს საჩუქრად ქართული ტიხრული მინანქარი გადავეცი, რამაც იგი ძალიან აღაფრთოვანა. გულთბილი შეხვედრა იყო. დედოფალი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით – კულტურის სფეროში...
გამოვარჩევდი პეკინში, საიმპერატორო, ეგრეთ წოდებულ აკრძალულ ქალაქში, კულტურის სასახლეში გამართულ კონცერტს. კონცერტის შემდეგ გამართული მიღება არასოდეს დამავიწყდება: იყო კოსტიუმირებული წარმოდგენა ჩინური ნაციონალური სამოსით, ნიღბებით, ცეცხლოვანი დრაკონებით. გაგვიმასპინძლდნენ ნაციონალური კერძებით, დარბაზი კი მთლიანად წყალზე იდგა.
– ორკესტრისთვის 2009 წელიც ძალიან საინტერესო იყო...
– 2009 წელს პოლონეთში, კრაკოვში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 70 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები. ღონისძიება კრაკოვის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. შესრულდა მალერის მე-5 სიმფონია. კონცერტი გადაიცემოდა „სიენენის“ პირდაპირ ეთერში. მიღება გაიმართა ვაველის ციხესიმაგრეში. ამ ციხესიმაგრეში დაკრძალეს შემდეგ ლეხ და მარია კაჩინსკები.
შვედეთში, სტოკჰოლმში, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონცერტი ცნობილ დარბაზში – ბერვარდჰალენში. კონცერტის წინ ჩემთან მოვიდა „დოიჩე ველეს” ჟურნალისტი. მას აინტერესებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოში პროცესები ომის შემდეგ ყველა მიმართულებით. გაოცდა, როცა ვუთხარი, რომ კულტურის სფეროში არათუ შეფერხება, არამედ წინსვლა და გამოცოცხლება იგრძნობა-მეთქი.
– რას გვეტყვით ლონდონისა და ზალცბურგის ფესტივალებზე?
– ლონდონში კონცერტი ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როიალ-ალბერტ-ჰოლში. გადაიცემოდა უშუალოდ „ბიბისი 2-ის“ მეშვეობით. „იუნესკოს“ გენერალურმა მდივანმა ყველა არტისტი „იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდებით დაგვაჯილდოვა. რაც შეეხება ზალცბურგს, ყველა ხელოვანის ოცნებაა, ერთხელ მაინც მოხვდეს ზალცბურგის ფესტივალზე. კონცერტზე გამოსვლის შემდეგ ორგანიზატორებმა ძალიან გულთბილი მიღება გაგვიმართეს.
– ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ პლაჩიდო დომინგომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა თქვენ მიმართ ბათუმში...
– ეს ჩემს ცხოვრებაში მართლაც დიდი სიურპრიზია... პლაჩიდო დომინგომ, მოგეხსენებათ, ბათუმში კონცერტზე იდირიჟორა კიდეც და მაშინ შემაფასა, როგორც დირიჟორმა მუსიკოსი. როდესაც ავტოგრაფი ვთხოვე, პროგრამაზე ძალიან გულთბილი სიტყვები დამიწერა. შემდეგ მითხრა, 3 დეკემბერს ერევანში კონცერტი მექნება და, მინდა, ამ კონცერტს დაესწრო, როგორც საგანგებო სტუმარი და, თუ შეიძლება, შენი ტელეფონის ნომერი ჩავიწეროო... 2 დეკემბერს მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი და, როდესაც დომინგომ დამირეკა, იმდენად ავღელდი, ცხელი ყავა პირდაპირ კაბაზე გადავისხი... სანამ ერევანში ჩავიდოდი ოთხ-ხუთჯერ დარეკა და ყველა დეტალზე ზრუნავდა. სასტუმროში რომ მივედი, იმდენად დიდი ოვაციებით შემხვდა, ყველა მე შემომცქეროდა, ხელში კი ეჭირა ჩემი გზის, სასტუმროს, სხვადასხვა ხარჯების ფული და კონცერტის ბილეთი. როცა ნახა, რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი, ორი ბილეთი კიდევ მაჩუქა, ერთი ბილეთი 400 დოლარი ღირდა. კონცერტზეც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა – რამდენჯერმე გამოგვიგზავნა ქართულ დელეგაციას ჰაეროვანი ამბორი. 5 დეკემბერს დამირეკა – სამშობლოში როგორ დაბრუნდიო, 25 დეკემბერს კი მესიჯი მომწერა და მე და ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანს შობა და ახალი წელი მოგვილოცა. მე, რასაკვირველია, ძალიან გულთბილი პასუხი მივწერე. 21 იანვარს პლაჩიდო დომინგოს დაბადების დღეა, რომელსაც აუცილებლად მივულოცავ. (ინტერვიუ ჩაწერილია 17 იანვარს – ავტორი).