კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის მონეტებზეა გამოსახული მაიასტომელები და ინახება თუ არა ამგვარი მონეტები საბა მცხეთაძის კოლექციაში

ნუმიზმატი საბა მცხეთაძე ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მდიდარი კოლექციის მფლობელია. პირველი მონეტები მის კოლექციაში მაშინ გაჩნდა, როდესაც ბატონი საბა, ჯერ კიდევ მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე იყო. თუ ვინ ზრუნავს მისი კოლექციის გამდიდრებაზე, როგორ იჭრებოდა ძველი სპარსული და ბიზანტიური მონეტები და რომელი ბანკნოტია ბევრი კოლექციონერის ოცნება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

საბა მცხეთაძე: ჩემი ნათლია ალჟირის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და მან ჩამომიტანა მონეტები საჩუქრად. მოგვიანებით, მეზობლის მამა გაემგზავრა ლაოსში და იმანაც ჩამოიყოლა ლაოსური კუპიურები და მონეტები. მე, იმ პერიოდში, მეხუთე-მეექვსე კლასელი გახლდით და ძალიან გამიტაცა უჩვეულო ფორმის, ზომისა და შეფერილობის მონეტებმა. ამის შემდეგ, უკვე დავიწყე სპეციალური ლიტერატურის მოძიება. პარალელურად, ჩემი სამი თანაკლასელიც შეუდგა მონეტებისა და ბანკნოტების კოლექციონერობას. მაგრამ, ჩემი კოლექცია რომ ნახეს, ხელები ასწიეს, სულგრძელობა გამოიჩინეს და თავისი მონეტებიც მე გადმომცეს.

– ჩვეულებრივ, კოლექციონერი ირჩევს ერთ მიმართულებას, ამ შემთხვევაში, ერთ ქვეყანას და იმ ქვეყნის ბანკნოტებსა და მონეტებს აგროვებს, თქვენს კოლექციაში ეს არ იგრძნობა, ის გაცილებით მდიდარია.

– მე, როგორც ნუმიზმატს მთელი მსოფლიო მაინტერესებს. იმ ქვეყნის მონეტებიც კი მაქვს, უკვე რომ აღარ არსებობს. მაგალითად: ავსტრია-უნგრეთის, იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიის... ასევე ეგვიპტური მონეტები – ისინი, რომლებიც გამოცემული იყო და მოქმედებდა ეგვიპტეში, სირიაში, ისრაელსა და პალესტინაში.

– კიდევ რომელ მონეტებს ან ბანკნოტებს გამოარჩევდით?

– ძალიან ლამაზი და საინტერესო მონეტები აქვს მექსიკას, რომლის რამდენიმე ნიმუში ჩემს კოლექციაშიცაა. ამ მონეტებს შორის არის სერია მაიასტომელთა გამოსახულებით. ეს არც ისე ძველი მონეტებია, თუმცა თავისი გარეგნული იერსახით, პირადად მე, საუკეთესო ათეულში ჩავსვამდი.

– ამ ათეულში პირველ ადგილს რომელი ქვეყნის ფულს მიანიჭებდით?

– უდავოდ, ძველ ამერიკულ ოქროს ორმოცდაათდოლარიანს, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში მოქმედებდა.

როდესაც ძველ მონეტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ბიზანტიური და სპარსული მონეტები, რომელიც ხელით იყო მოჭრილი და დამუშავებული. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, „ჰენდ მეიდ”.

– რა მასალისგან იყო ეს მონეტები მოჭრილი?

– ეს იყო ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მონეტები.

– რის მიხედვით ერთიანდება თქვენს კოლექციაში ბანკნოტები ან მონეტები?

– ქვეყნების მიხედვით. შესაძლოა, ერთ ალბომში თავმოყრილი მქონდეს ერთი ქვეყნის მონეტები და ბანკნოტები – დაწყებული მეჩვიდმეტე საუკუნიდან დღემდე.

ჩემს ფავორიტად დავასახელებდი ქართულ 500-ლარიან ოქროს მონეტას, რომელიც სულ 2 ათასი ცალი მოიჭრა ინგლისში და თითოეულს თავისი ნომერი აქვს.

– თქვენ გაქვთ ეს მონეტა?

– მაქვს.

– არის ისეთი, ბანკნოტი, რომელიც თქვენს კოლექციაში არ არის და მრავალი კოლექციონერის ოცნებად რჩება?

– ასეთი, ალბათ, ძველი პალესტინური ბანკნოტია, რომელზეც მეჩეთია გამოსახული და თუ კარგად დააკვირდებით, ამ მეჩეთის ჩუქურთმებს შორის ჯვარს დაინახავთ. ამ ბანკნოტის სავარაუდო ფასი 10 ათასი დოლარია.

ჩემი კოლექციის გასამდიდრებლად მთელი ჩემი სანათესაო და სამეგობრო აქტიურად არის ჩართული. ვინც კი საზღვარს გასცდება, ყველას ვახსოვარ. ამას წინათ მეუღლე იყო სამსახურიდან მივლენილი ჰონკონგში და ტიბეტური მონეტებით გაამდიდრა ჩემი კოლექცია.

– სულ რამდენი მონეტა და ბანკნოტია ამ კოლექციაში?

– დაახლოებით, 5 ათასი მონეტა და 3 ათასი ბანკნოტი.

– მათ შორის რომელ ქვეყანას გამოარჩევდით ფულის საინტერესო, მიმზიდველი დიზაინით?

– ალბათ, ინგლისურ ფუნტს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ცხოვრებაში არ მიფიქრია ამ კოლექციის შეფასება, ამ თვალით არც ვუყურებ. ეს ჩემი ჰობია. როდესაც გადმოვალაგებ, შევუდგები მონეტების დახარისხებას, გაწმენდას, ჩალაგებას, დრო შეუმჩნევლად გადის. ამ ბოლო დროს ჩემი შვილებიც დაინტერესდნენ. ისინი გვერდიდან არ მშორდებიან, როგორც კი კოლექციას გადმოვალაგებ. უჩნდებათ ბევრი შეკითხვა, იფართოებენ თვალსაწიერს და თან, ერთობიან. მე ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ კოლექციით დაინტერესდნენ. მოხარული ვიქნები, თუ სამომავლოდ მათაც გაიტაცებთ ნუმიზმატიკა და მათი ინტერესი არ დარჩება ბავშვურ ცნობისმოყვარეობად.

მახსოვს, გამოშვებული იყო ვიეტნამის გმირის, გენერალ დუგლას მაკარტურის ამერიკული ვერცხლის მონეტა, სულ მხოლოდ 3 ათასი ცალი. მე ეს მონეტა 5 ეგზემპლარად მოვიძიე. მათგან ერთი კოლექციაში განვათავსე, დანარჩენი ოთხი კი უახლოეს მეგობრებს ვაჩუქე, ნიშნად იმისა, თუ რაოდენ ძვირფასები არიან ისინი ჩემთვის.


скачать dle 11.3