კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გააოცა ედუარდ შევარდნაძე იაპონელმა ქალმა და რაში გადაუხადა მას 1 000 დოლარი

25 იანვარს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ დაბადების დღეს კრწანისში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს. როგორც თავად ამბობს, იუბილეები არ უყვარს, განსაკუთრებით – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. 83 წლის ასაკში თავს ისე გრძნობს, რომ არც ჭიქა ღვინის დალევაზე ამბობს უარს, მით უმეტეს, თუ ყველაზე საყვარელი ადამიანების გვერდით არის, რომლებიც კრწანისის მშვიდ და მყუდრო გარემოში მისი ყველაზე სასურველი სტუმრები არიან.

– ბატონო ედუარდ, როგორ ხვდებით საკუთარ დაბადების დღეს, როგორი განწყობა გაქვთ?

– კარგი განწყობა მაქვს. ამას წინათ ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ, მალე გამოვკეთდი. ახლა ექიმი რომ დამირეკავს და მკითხულობს, ვეუბნები: მხეცივით ვარ-მეთქი. დაბადების დღესაც ასეთი განწყობით ვხვდები, თუმცა, მაინცდამაინც არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. მოდიან ნათესავები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, გაიშლება ხოლმე სუფრა ერთ დიდ ოთახში და არის ერთი ალიაქოთი. სამზადისი არ მიყვარს, თორემ, მერე კი მოვილხენ ხოლმე. ადრეც ასე ვიყავი. 70 წლის რომ გავხდი, ძალით გადამიხადეს დაბადების დღე კახეთში – მე, ნანული და ჩვენი ოჯახის წევრები ვიყავით წინანდალში, მედიკო მეზვრიშვილმა დაგვპატიჟა. ის დაბადების დღე დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. კახეთში ღამით ვიქეიფეთ, კახური ღვინო დავლიეთ, მე ერთი ჭიქა ღვინით შემიძლია, მთელი საღამო გავატარო, მამაჩემიც ასე იყო, სუფრასთან დილიდან მეორე დილამდე იჯდებოდა, მაგრამ მთვრალი არავის უნახავს. მეც ცოტას ვსვამ, კახური ღვინო მიყვარს, სამკურნალო ღვინოა. ისე ნანულის გარდაცვალების შემდეგ დაბადების დღე აღარ მიხარია. სხვათა შორის, 70 წელთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო: როგორც გითხარით, ძალად გადამიხადეს ეს დაბადების დღე. მაგრამ, როცა ჩემმა მეგობარმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა, შეიტყო, რომ ეს თარიღი პომპეზურად არ აღინიშნება, გადაწყვიტა, მაინც მოელოცა. 24 იანვარს საგანგებოდ, რამდენიმე საათით ჩამოვიდა, მესტუმრა კანცელარიაში და მთავრობის სხდომათა დარბაზში თითქმის ერთსაათიანი მოხსენება გააკეთა ჩემი მოღვაწეობისა და ჩვენი მეგობრობის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში ყველა დიდი ინტერესით უსმენდა, იმდენად საინტერესოდ გადმოსცემდა ჩვენი თანამშრომლობის ეტაპებს. ამ იმპროვიზირებულ „იუბილეს” ესწრებოდნენ თანამშრომლები, უამრავი ჟურნალისტი, ზოგიერთი ოფიციალური პირი, რომელთაც შეიტყვეს მისი მოულოდნელი ვიზიტის შესახებ. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა საჩუქარმა – ეს იყო სამი უზარმაზარი ნოხი, მათ შორის ერთზე გამოსახული იყო ჩემი და ნანულის პორტრეტი. ასეთი მეგობრობა გვქონდა მე და ჰეიდარ ალიევს.

– რამდენი წლის ხდებით? სულ იმას ამბობდნენ, წლებს იკლებდა, რომ ჯარში არ წასულიყოო.

– მერე, გჯერათ ამის?! ჩემი ძმა დაიღუპა ომის დაწყებისთანავე. მრავალი წელი ვეძებდით ჩემს ძმას, მერე ბელორუსიაში, ბრესტში მივაგენით მის კვალს, დიდი დახმარება გამიწია ბელორუსიის ცეკას მაშინდელმა პირველი მდივანმა მაშეროვმა – ის ჩემი მეგობარი იყო. ობელისკზე ჩემი ძმისა და მისი თანამემამულეების გვარებია ამოტვიფრული. ჩემი ძმა მაგარი ბიჭი იყო, მამათში სახლიც იმან ააშენა, მეზობლებს ეხმარებოდა ხოლმე. ისე იმოქმედა ჩემი ძმის დაღუპვამ, რომ ოჯახში ხალისი გაქრა, ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება. მამათში ვეღარ ჩავდივარ, შარშან გერმანელებთან ერთად ვიყავი – ჩემზე ფილმს აკეთებდნენ და მთხოვეს, სოფელში აგვიყვანეთო. დავინჯღრიეთ გზაში ისინიც და მეც. მაინც კარგი იყო სოფელში, ვიქეიფეთ, „ჩხავერი” დავლიეთ. მგონი, იმ ფილმში ყველაზე საინტერესო სოფლის მომენტები იქნება. სკოლას წიგნები წავუღე, მაგრამ ბავშვები არ შემახვედრეს – ყანაში არიანო (იცინის). მაინც დავუტოვე ის წიგნები იმ ბავშვებს. მერე გავიგე, გული დასწყვეტიათ. ჩემს ასაკს რაც შეეხება, იცით, ახლა რამდენის ვხდები? ოთხმოცდასამის. გვარში ჩემი ხნის მამაკაცი არ ყოფილა. მინდა, ღმერთმა კიდევ რამდენიმე წელი მაჩუქოს, რომ ჩემი შვილთაშვილების – პატარა ედუარდისა და თოდოს მეხსიერებას შემოვრჩე. ბაბუაჩემი ადრე გარდაიცვალა, არ მახსოვს და, მინდა, ჩემს შვილთაშვილებს ახსოვდეთ თავისი დიდი ბაბუა. აქ, კრწანისში, ხშირად მოჰყავთ ბიჭები და საჩუქრებს ვახვედრებ ხოლმე. თოდოს პირველი სათამაშო მანქანა – პატარა „მერსედესი” მე ვუყიდე, მაგრამ ისეთ საჩუქრებს არ ვჩუქნი, რომ განებივრდნენ.

– ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული, იღბლიანი ხართ?

– კმაყოფილი არასდროს არ უნდა იყო იმით, რაც გაიარე. იღბალი რა არის, თავისით რომ მოვა რამე? მე ასე არ ვყოფილვარ, არა ვარ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაცი, ამაზე ლექსიც მაქვს დაწერილი, ერთ ფრაზას გეტყვით:

„ქვეყანაზე ძნელ ვარსკვლავზე გავჩენილვარ,

ყველა ჩემგან ნუგეშსა და შველას ითხოვს,

არვინ იცის, ამ გულში რა ბოღმა ხრჩოლავს...” – დანარჩენს ჩემი წიგნისთვის ვინახავ. (იცინის). ლექსებს ახალგაზრდობაში ვწერდი, 60-70 ლექსი მაინც მაქვს დაწერილი. ჩემი დის სახლში ვცხოვრობდი, პატარა სახლი იყო და ლექსებს სარდაფში ვინახავდი. ერთხელაც, ერთი ლექსი დავწერე, არ მომეწონა, ავდექი და ის ლექსები სულ დავწვი. ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, ჩემი შრომითა და ჭკუით. მშრომელი ვიყავი ბავშვობიდან, ჩაის ვკრეფდი, ვთოხნიდი. 5 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვკრიფე ჩაი, მერე დედას კოლექტივში მივყვებოდი ხოლმე და ვეხმარებოდი. მე და დედაჩემი სოციალისტური შრომის გმირები არ ვყოფილვართ, მაგრამ ბევრს ვშრომობდით, დედა დიასახლისიც კარგი იყო, თან, განათლებული ქალი გახლდათ, მაგრამ ძალიან მკაცრად მექცეოდა – გავაბრაზებდი და შემომარტყამდა ხოლმე. მე მამას დავემსგავსე. მე და ნანულიც ასე ვიყავით შვილებთან: ის მკაცრი იყო, მე – არა. არც შვილების ცხოვრებაში ვერეოდი. მეც არავის ვრევდი ჩემს ცხოვრებაში. პატარაობიდან შევეჩვიე დამოუკიდებლობას.

– დაბადების დღეებზე ბევრ საჩუქარს იღებთ?

– არა, ყველამ იცის, რომ არ მიყვარს საჩუქრების მიღება. შვილისა და შვილიშვილის საჩუქარს ხომ არ გადავაგდებ, ისე კი, სულ ვეუბნები, რომ არაფერი მაჩუქონ. ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ჩემს დაბადების დღეზე უსაჩუქროდ უნდა მოვიდნენ.

– ადრე არ იქნებოდა ასე, ცეკას მდივანს 25 იანვარს უსაჩუქროდ ვინ დაგტოვებდათ?

– არა, მაშინაც ასე იყო. საჩუქრები რომ ამეღო, ახლა მილიონერი ვიქნებოდი. ნახატებს, წიგნებს მჩუქნიდნენ ხოლმე უცხოელები; შულცს, ბეიკერს, გენშერს, დიუმას, ჰაუს, ჰერდს არ ავიწყდებოდათ ხოლმე ჩემი დაბადების დღე, მოსალოცებს მიგზავნიდნენ – ასე იყო მიღებული ეტიკეტით, ამაზე უარს ხომ ვერ ვიტყოდი. ის კი არა, რამდენიმე წლის წინ ერთი იაპონელი ჟურნალისტი იყო ჩემთან, ისეთი რამე გააკეთა, ძალიან გამაოცა: ინტერვიუს შემდეგ, დავინახე, რომ კონვერტში რაღაც ჩადო, ჯერ ყურადღება არ მივაქციე, მერე კონვერტი გადმომცა. რომ გავხსენი, მგონი ათას დოლარამდე ფული იდო. ეს რა არის-მეთქი – გამოვეკიდე. ჩვენ უნდა გადაგიხადოთ ჰონორარი, ასეა მიღებულიო, ხელიც კი მომაწერინა – ანგარიში უნდა წარვუდგინო ხელმძღვანელობასო. ძალიან გამაოცა იმ იაპონელმა ჟურნალისტმა.

– როგორ გადის დღეები კრწანისში?

– ვწერ, ვკითხულობ, ტელევიზორზე არ ვგიჟდები, მაგრამ ხანდახან მაინც ვუყურებ საინფორმაციო პროგრამებს, თუმცა, მაინც კითხვას ვამჯობინებ. ელჩები, პოლიტოლოგები, სტუდენტები ხშირად მოდიან სტუმრად, თქვენც, ჟურნალისტებიც არ მივიწყებთ (იღიმება). იშვიათად მივდივარ შვილებთან, ხანდახან ძველი მეგობრები მნახულობენ – ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ამაშუკელი, სულ ახლახან თამაზ წივწივაძე მესტუმრა. ბევრმა მეგობარმა მიერთგულა, არ დამტოვეს, მარტო იმათზე მწყდება გული, ვინც დაიღუპა, ვინც დღეს აღარ არის. კვირაში ორჯერ გავდივარ ნანულის საფლავზე, ყვავილებს დავუწყობ, სანთელს დავანთებ და რაღაცეებს ვუყვები ხოლმე და მგონია, რომ ესმის. როცა ნანული გარდაიცვალა, მე თბილისში არ ვიყავი, გერმანიაში ვიყავი წასული ლექციის წასაკითხად. ნანული ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. პანტიკო თორდიამ თვითმფრინავი გამომიგზავნა და მაშინვე ჩამოვედი, არ უნდა წავსულიყავი იქ, არ უნდა დამეტოვებინა ნანული მარტო; ვუფრთხილდებოდი, მაგრამ უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი, ახლა ახალგაზრდა რომ ვიყო.

– ყველაზე მეტად რას ნანობთ წარსულიდან?

– არაფერს. უკან რომ დამაბრუნა, იმავე გზას გავივლიდი, ყველაფერს უცვლელად დავტოვებდი. ჩემს სახელთან არის დაკავშირებული გერმანიის გაერთიანება, ამერიკასთან ურთიერთობის დამყარება – შვიდჯერ შევხვდი რეიგანს. როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული.

– საქართველოსთვის?

– როცა აქ ჩამოვედი, საქართველო დანგრეული იყო. რაც შევძელი, გავაკეთეთ. ჩემი ტკივილი დაკავშირებულია ცხინვალთან და აფხაზეთთან. ჩემს დროს დაიწყო უბედურება აფხაზეთში. დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ მე თვითონ არ ჩავედი სოხუმში და პირადად არ დაველაპარაკე არძინბას ჯარის შეყვანისა და რკინიგზის გაკონტროლების შესახებ. წასვლის არ შემშინებია, მაგრამ, თბილისში არეულობა იყო და ამიტომ ვერ წავედი, არ უნდა გამეგზავნა თენგიზ სიგუა. ამ ყველაფერს დაემატა კიტოვანის თვითნებურად შესვლა სოხუმში. ახლა კიტოვანიც და სიგუაც, ორივე კარგად არიან, ჩემთან არ მოდიან, მაგრამ, დროდადრო შემომიტევენ ხოლმე, მე არ მაქვს დრო მათ საკრიტიკოდ – დრო ახლა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის.


скачать dle 11.3