კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „ბრძოლაში” არ გაჰყვნენ გია როინიშვილს ქალები და როგორ ცდილობს ის მარტოხელა კაცის ცხოვრების დაძლევას

ორი წელია, რაც გია როინიშვილი ხელოვანის ცხოვრებას შეელია და აპლოდისმენტებს უკვე პოლიტიკურ სცენაზე იღებს. პარლამენტარის ამპლუას კარგად მოერგო. ამაში კი, როგორც ამბობს, ძველი პროფესიაც დაეხმარა და ის მოძღვრებაც, რომელსაც ყველაზე დიდი მასწავლებლის წყალობით ეზიარა. მას შემდეგ, რაც ცნობილ მომღერალთან მისი ოჯახური ტანდემი დასრულდა, მარტოხელა კაცის ცხოვრება აქვს – ახლა სწორედ ისეა, რაც როგორც აღიარებს, ყველაზე მეტად არ სურდა. თუმცა, ამაზე საუბარს უკვე ტაბუ დაადო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც გია როინიშვილი ბაბუაც გახდა, მასთან საუბარი სწორედ ამ სიახლით დავიწყეთ.

გია როინიშვილი: ბაბუობა ძალიან კარგია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ელენე გაჩნდა, ალბათ, პირველ შვილიშვილთან დაკავშირებული ემოციები ყველასთვის ასეთი მძაფრია. იმ განცდამ, რომ ბაბუა ვარ, სულაც არ დამაბერა, პირიქით, უფრო მეტი სტიმული და ენერგია მომცა, ყველას და ყველაფრის წინაშე მომემატა პასუხისმგებლობა. კლასიკური ბაბუის როლში არ ვარ, სამწუხაროდ, პატარა ელენეს ძალიან ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ კაბინეტში მაქვს მისი ფოტო და ხშირად ვუყურებ ხოლმე. როცა დაიბადა, გავუგზავნე ეტლი და პატარ-პატარა საჩუქრები. ალბათ, სხვებს დავასწარი, რადგან პატარას ჩემს გარდა ერთი ბაბუა და ორი ბებია ჰყავს. ძალიან კარგად მახსოვს ზამთრის ის დილა, როცა ჩემი მარიამი გაჩნდა. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. სახლში ვეღარ წავედი, თეატრისკენ გავუყევი გზას პლეხანოვისკენ და ჩემს თავს ვეკითხებოდი: ვა, ახლა მე მამა ვარ? მამა ვარ? მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, ასეთი დღე ჩემს ცხოვრებაში ბევრი არ ყოფილა.

– პატარა ელენემაც არ შეცვალა თქვენი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობა?

– მე არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა, მათ შორის არც თამრიკოსთან. ვცდილობ, შევინარჩუნო ნორმალური ადამიანური ურთიერთობა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რაღაც იყო და ახლა აღარ არის. თუმცა, ეს ჩემთვის დახურული თემაა და მასზე საუბარი არ მინდა.

– მარტოხელა კაცის ცხოვრება რთულია? არ გიჭირთ?

– არა, ახლა მე ვცხოვრობ ჩემს სახლში. დედა მწოლიარეა, დამხმარე ქალბატონი უვლის მას. მოდიან ჩემი შვილები. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ჩემთან არიან, ამაზე არც მაქვს პრეტენზია. მარიამიც და კოკოც უკვე დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. მე ვცდილობ, ყოველთვის მოვიკითხო ჩემი შვილები, გავიგო მათი ამბები, სად არიან და როგორ, კარგი გაგებით „გავაკონტროლო” ისინი (იცინის). რაც შეეხება მარტოხელა კაცის ცხოვრებას, მე ვერასოდეს ვიტანდი მარტოობას. თურმე ხშირად ცხოვრება ზუსტად იმას „გვაძლევს”, რაც ძალიან არ გვინდა. მე შევეცდები, რომ მარტო არ ვიყო, რაღაცას ვიზამ. თუმცა, ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დაგეგმავ და ვერ გათვლი. ყველა ადამიანი მაინც მარტოა, ადამიანს ყოველთვის უნდა დაუტოვო შანსი. მე ასე ვარ, ალბათ, ჩემთვის არ დაუტოვებიათ შანსი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდით გყავს ქალი, რომელიც მხარში ამოგიდგება არა მხოლოდ მაშინ, როცა გიჭირს, არამედ მაშინაც, როცა ბრძოლაში ხარ ჩართული. ქალი თავისით უნდა მიხვდეს, რა ბრძოლაში ხარ, თქმა არ უნდა სჭირდებოდეს..

– ასეთი ქალი არ შეგხვედრიათ?

– არ ვიცი, ალბათ, არა.

– თქვენ თავად გაყოლილხართ ქალს ასეთ „ბრძოლაში”?

– კი, კარგი ხელოვანისთვის, რომელსაც თავის დამკვიდრება უნდოდა, მე ბევრი რამ გამიკეთებია. ისე, რომ ეს თვითონაც არ იცოდა.

– ამბობენ, თაყვანისმცემელთა დიდი არმია უტევსო. ჯერ ვერ მოიგო ვერავინ თქვენი გული?

– ასე ამბობენ? მე რომ ეს არ გამიგია, თან, ამაზე არც ვფიქრობ. სერიოზული ურთიერთობები არავისთან მაქვს და არც დრო მაქვს ამაზე საფიქრალი. ან რატომ უნდა მოიგოს ქალმა ჩემი გული. მე, როგორც ვიცი, კაცი უნდა ცდილობდეს ამას. ჩემზე გაგიჟებული ქალი ჯერ არ მინახავს, თუ ვინმე ისე იბრძვის ჩემთვის, რომ მე ვერ ვამჩნევ და მგონია, მე ვიბრძვი, არ ვიცი... (იცინის).

– რაც დეპუტატი გახდით, საყვარელ საქმეს, სცენას, სულ ჩამოშორდით?

– პრინციპში კი, ალბათ, იმან გადამატანინა ეს ყველაფერი, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, აქტიური შეხება მაქვს ამ სფეროსთან, რომლისაც მგონია, რომ რაღაც გამეგება. თეატრის აქტიურ მაყურებლადაც დავრჩი. ყველაზე კარგად ხელოვანი ხალხის ენა მესმის. დიდ პატივს ვცემ მათ შემოქმედებით წვას, მათთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებ ყველაზე აქტუალურ თემებზე. თეატრში არ ვთამაშობ, მაგრამ ეს რჩება ჩემი მთავარი ინტერესის სფეროდ. ახლა ჩვენს თეატრში არის რემონტი. რემონტის დაწყებამდე ერთი-ორ სპექტაკლზე მიმიწვიეს, ძველ როლებზე. ახალი არაფერი მითამაშია და ალბათ, კარგა ხანს არ ვითამაშებ. ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, რომ მოწვევა არ მექნება და მეც არ მაქვს ამისი სურვილი. თეატრში იციან, რომ, ახლა მე სხვა საქმეს ვაკეთებ. ვმუშაობ, პარლამენტში კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, დამერწმუნეთ, რომ ეს სლოგანებით საუბარი არ არის. ეს ორი წელი, რაც პარლამენტში ვარ, მთლიანად გადავერთე პოლიტიკაში და ეს სფერო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. გარედან ყველაფერი სულ სხვანაირად მოჩანს, შიგნით რომ მოხვდები, სულ სხვაა. სხვათა შორის, ერთმა რეჟისორმა მითხრა ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ: სულ ვნერვიულობდი, როგორ შეგხვდებოდა მაყურებელი, რომელსაც პოლიტიკაში წასვლამდე უყვარდიო.

– იმ დღეს მიიღეთ აპლოდისმენტები?

– კი, მე აპლოდისმენტებს არა მხოლოდ სცენაზე ვიღებ. აქ, პოლიტიკაშიც ბევრი აპლოდისმენტი მივიღე ჩემი ამომრჩევლისგან.

– თქვენ ხომ პარტიული სიით მოხვდით პარლამენტში.

– მერე რა, თქვენ ეს სია სკოლის სია ხომ არ გგონიათ. პატივისცემა, სითბო და ურთიერთგატანა არც ჩემი კოლეგებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერებისგან მაკლია. არ მეგულება დედამიწის ზურგზე პოლიტიკოსი, რომლისთვისაც „აპლოდისმენტები” მნიშვნელოვანი არ იყოს. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. მართალია, ჩემი არჩევანი თავის დროზე ბევრმა დაიწუნა, მათ შორის ჩემმა კოლეგებმაც, მაგრამ ყველას თავისი ხედვა აქვს. თან, მე ვფიქრობ, რომ არც ისე ცოტა ადამიანს უნდოდა აქ მოხვედრა, თურმე მსურველები საკმაოდ მრავლად იყვნენ (იცინის). ზოგს მოსწონს, როცა გარედან გიკიჟინებს ან გაკრიტიკებს, ხელს კი თავად არაფერზე აწერს, შენ „გაწერინებს.” ეს ქურდული მენტალიტეტია – ქურდები ხომ ხელს არაფერზე აწერენ. ვიღაც რისკავს ცხოვრებაში, ვიღაც – არა, მე, საერთოდ, მიყვარს რისკზე წასვლა. ბევრჯერ წავსულვარ რისკზე. წარუმატებელი რისკებიც ბევრი იყო, მაგრამ ის მარცხი მახსოვს და არასდროს მავიწყდება. ჩემი პირველი რისკი ის იყო, რომ მსახიობი გავხდი. ძალიან მორცხვი ვიყავი, იოლად ვწითლდებოდი – მერე ეს კომპლექსი გეხსნება. როცა აკეთებ საქმეს, რაღა დროს მორცხვობაა? (იცინის).

– ძველი პროფესია აქ, ალბათ, ძალიან გადგებათ.

– არც ერთი ის როლი არ გამომადგება აქ, რაც ადრე მითამაშია. მსახიობობა სხვა რამეა, ბავშვურ თამაშს უფრო ჰგავს, აქ სერიოზული თამაში მიდის (იცინის). მსახიობობა ხომ ადამიანმცოდნეობას გულისხმობს. როგორ უნდა ითამაშო სხვისი როლი, თუ ადამიანის ფსიქოლოგია და ხასიათი არ იცი. ეს პოლიტიკაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყველაზე მეტად მაინც თუმანიშვილსგან ნასწავლი მოძღვრება მადგება – ხელოვნება უნდა გიყვარდეს შენს თავში და არა შენი თავი ხელოვნებაშიო. პოლიტიკაშიც ასეა, შენს თავში უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო.

– პოლიტიკაში ყოფნამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა?

– უფრო პრაგმატული გავხდი. თუმცა, სენტიმენტალური არც ადრე ვყოფილვარ. ახლა უფრო კარგად ვგრძნობ, როცა ადამიანთან რაიმეს სათხოვნელად მიდიხარ, როგორი დაფიქრება გმართებს. ამ სკამიდან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების რეჟიმს, სულ მინდა, რომ ავაწყო – ვივარჯიშო, დღეში სამჯერ ვიკვებო და ასე შემდეგ. ეს არასდროს გამომსვლია. ვერც სავარჯიშოდ ვიცლი და დღის განმავლობაში ძირითადად პარლამენტის ბუფეტში ვიკვებები. ტიპი ვარ ასეთი, რეჟიმებში ვერ ვჯდები, სპონტანურობა უფრო მახასიათებს. თუმცა, ასეთი ვარ ჩემი თავისთვის და არა საქმეში. არ ვარ საკუთარ თავზე გადამკვდარი, ის ვინც თავის თავზე ბევრს ფიქრობს, ჩემსავით არ ცხოვრობს (იცინის). დღის რეჟიმი დამიწერია კიდეც, მაგრამ მაინც არ გამომდის გეგმით ცხოვრება. მე არ ვარ ტიპი, რომელიც ყოველდღე „ტუსოვკებზე” დადის. ამის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, მიყვარს ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად დაჯდომა და დროსტარება. თუმცა, ახლა ამისი დრო თითქმის აღარ მაქვს. ვშრომობ, გვიან ვიძინებ, ბევრს ვკითხულობ. არ დავფრინავ, მიწაზე ვდგავარ მყარად. როცა „აფრენა” მინდა, ახლო მეგობრებს ვხვდები, სადაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ჯერ პენსიონერობისგან შორს ვარ, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდია. მქონია ისეთი პერიოდებიც, როცა თავდავიწყებით მიცხოვრია, მაგრამ ეს იყო ადრე, წლების წინ.




скачать dle 11.3