რატომ არ უნდოდა ზურა მოსიავას “ჯეოსტარში„ მონაწილეობა და ვის გულშემატკივრობდა ის
ზურა მოსიავა: საკუთარ თავზე არ მიყვარს ლაპარაკი და ამ თემაზე არსად ვსაუბრობ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთული ადამიანი ვარ. შეიძლება, ეს ერთი შეხედვით არც ჩანს, მაგრამ ასეა.
– „ჯეოსტარი“ მოძველებული თემაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, რა მოგცა პირადად, შენ ამ პროექტმა?
– შეიძლება, სხვა კონკურსანტებს გამოცდილების მხრივ, რაიმე მისცა, მაგრამ მე, პირადად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი გამოცდილება არ მოუცია ჩემთვის. სცენაზე მანამდეც ვიდექი და გავიარე არაჩვეულებრივი სკოლა კონსერვატორიაში და ფილარმონიაშიც გამოვდიოდი ხოლმე. შემიძლია ერთადერთი ის ვთქვა, რომ გავხდი ცნობილი, ანუ საზოგადოება მცნობს. გარდა ამისა, მაგრად გავერთე მთელი ამ კონცერტების განმავლობაში და მეგობრებიც შევიძინე, რა თქმა უნდა.
– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყვი? რას უნდა ელოდოს მაყურებელი შენგან?
– მაქვს ძალიან დიდი გეგმები. მიწვეული ვარ „სხვა კონცერტზე“, იქ გიორგი აფციაურმა მიმიწვია, როგორც მეგობარი, მაგრამ ეს არაფერი. მთავარი მაინც წინაა. უკვე მზად არის რამდენიმე ჩემი კომპოზიცია – ზოგი ჩაწერილია, დანარჩენი აწი ჩაიწერება. თუ შესაძლებლობა იქნა, გამოვა კიდეც კომპაქტდისკი მხოლოდ კომპოზიციებით, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები და გასაგები იქნება. მყავს ჩემი ბენდი და ეს კომპოზიციებიც სწორედ ჩემი გაკეთებულია. სოლო კარიერას რაც შეეხება, არის პროექტები იგივე ოთოსთან, ლევან კბილაშვილთან ერთად და გვაქვს რაღაც გეგმები. არ გამოვრიცხავ, რომ შევქმნით ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს – ტრიოს, სადაც ჩემ გარდა იქნება ორი ცნობილი სახე, მომღერალი... შევქმნით ძალიან კარგ მუსიკას.
– უფრო უახლოესი გეგმებიდან რაღაც გქონია ჩაფიქრებული და იქნებ, გვითხრა.
– არის ასეთი ანსამბლი – „ბარძიმი“, სადაც ადრე ვიყავი კიდეც. ახლა კი ვაპირებ ამ ანსამბლთან ერთად გავაკეთოთ კონცერტი გაზაფხულზე, დაახლოებით ორ თვეში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ძალიან საინტერესო პროექტი იქნება.
– ცხოვრებაში, როგორც ყველა ადამიანს, შენც გექნებოდა ჩავარდნა და თუ გაიხსენებ იმ პერიოდს.
– რა თქმა უნდა, მეც მქონია ჩავარდნები. ერთ-ერთ ჟურნალში განვაცხადე კიდევაც ამის შესახებ, მაგრამ მათ დაწერეს სრული აბსურდი, სისულელე – თითქოს, მე კონსერვატორიიდან გამრიცხეს, ვერ დავამთავრე და დიპლომი არ მაქვს... რა ვიცი, ათასი სისულელე. სწავლის დროს მქონდა ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს იყო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, როცა მე მაგისტრატურაში ჩავაბარე და რაღაც ეტაპზე, პრობლემების, ანუ რა დასამალია, თანხის გამო, შევწყვიტე სწავლა. ბაკალავრიატში, სულ უფასოდ ვსწავლობდი. აბა, სად მქონდა იმდენი ფული, წლიურად მეხადა და სწორედაც თანხის გამო შემექმნა პრობლემა მაგისტრატურაში. თუ გინდათ, გაჩვენებთ ჩემს დიპლომს (იცინის).
– გაიხსენე ყველაზე ბედნიერი მომენტი შენი ცხოვრებიდან?
– გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა ჩემს დაბადების დღეზე ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა გიტარა და 50 დოლარი მაჩუქა.
– კიდევ ერთი კითხვა „ჯეოსტართან“ დაკავშირებით და გულწრფელად მიპასუხე – კონკურენტებიდან ყველაზე მეტად ვის გულშემატკივრობდი?
– ამ პროექტში პირადად, მე მონაწილეობა არ მინდოდა, მეგობრებმა მთხოვეს. მე საერთოდ ამ პროფილის არ ვარ – ყოველთვის ვუსმენ ჯაზს, ბლუზს. სამწუხაროა, რომ კონსერვატორიაში ეს განხრა არ იყო, მაგრამ მე ვქმნი და ვაპირებ ვიმუშაო ამაზე. რაც შეეხება კონკურსს და გულშემატკივრობას, იმედია, არავის ეწყინება, რომ ვთქვა, ვგულშემატკივრობდი სოფო გელოვანს. სოფო შემდგარი მომღერალია და იმედია, არც ოთოს ეწყინება და არც არავის.