კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აღიარეს ლილეჰამერის უდიდეს როკ-ფესტივალზე მსოფლიო დონის მუსიკოსად და რატომ იწყებს ცხოვრებას ბორბლებზე რომა რცხილაძე

ბენდი თბილისიდან ათ წელიწადზე მეტია, არსებობს და შემოვლილი აქვს მთელი ევროპა. მიღებული აქვს მონაწილეობა ჯაზისა და ბლუზის ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: კოპენჰაგენის, სკანდებორგის ბლუზის ფესტივალი, ჰარლი-დევიდსონის როკ-ფესტივალი და სხვა. მათ უმღერიათ ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: ჯონი უინთერი, ალვინ ლი, ბლეიზი, დეივ ჰოული და სხვა – ამჟამად კი მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდნენ კონცერტის გასამართად. „თი.ბლუზ მობი“ ოთხი ძალიან მაგარი მუსიკოსისგან შედგება. 27 იანვარს თქვენთვის დაიხარჯებიან: კოკა ცქიტიშვილი, თამაზ თხინვალელი, რომა რცხილაძე და ზაზა ცერცვაძე.

კოკა ცქიტიშვილი: 27 იანვარს, „გურუ კლუბში” გაიმართება „თი.ბლუზის“ კონცერტი. თბილისში ბოლო ხუთი წელიწადია, არ დაგვიკრავს. ძალიან დაკავებულები ვართ. ძირითადად, სკანდინავიის ქვეყნებში გამოვდივართ, ვმუშაობთ კომპანია „მარსკ მიუზიკთან”. ეს არის უმსხვილესი პრომოუტერი კომპანია, რომელიც მუშაობს ინგლისელებთან, ამერიკელებთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – მხოლოდ ჩვენს ჯგუფთან. მოსწონთ ჩვენი მუსიკა, შესრულება და ჩვენი გაკეთებული სიმღერები.

– ძალიან სერიოზულ ტურებში დადიხართ?

– უზარმაზარი ტურებია – ოთხასი კონცერტი ჩავატარეთ, ორმოც ფესტივალზე გამოვედით იმ დიდ ვარსკვლავებთან, რომელიც მართლა მსოფლიო დონის მომღერლებად მიიჩნევიან. ეს დღესაც მოქმედებს და ჩვენ ისევ ხშირად გვიწევს მათთან ერთად სცენაზე დგომა. ესენი არიან – ჯონი უინთერი, დეივ ჰოული და სხვები. მთელი ცხოვრება ამ მუსიკაში ვარ. ბლუზი, რითმენ ბლუზი, სოული – ეს მუსიკა მიტაცებდა ყოველთვის. თავიდან მქონდა ჯგუფი „ბლუზ მობილ ბენდ”. ვუკრავდით მე, გია სალაღიშვილი და ვოვა მოგელაძე – ლეგენდარული, ცნობილი ტრიო იყო. მერე ეს ჯგუფი დაიშალა და გადავწყვიტე, შემექმნა ახალი ჯგუფი „თი.ბლუზ მობი”. უცხოელები თბილისს ზუსტად ვერ გამოთქვამენ, ყოველთვის ამბობენ – თიბლისი. თითქოს ამ სახელშიც უკვე იგულისხმებოდა ბლუზი. თი-ბლის, თი-ბლუზ.

– ბენდის შემადგენლობა ცვალებადია?

– ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვართ. უკვე ათი წელია, მე და თამაზ თხინვალელი ერთად ვუკრავთ. მაშინ სხვა შემადგენლობა იყო. ბოლო სამი წელია, ძიებაში ვარ, ჯგუფის ახალ წევრებს ვეძებდით. მოგროვდა მასალა, უამრავი კომპოზიცია. შარშან მაისიდან დავიწყეთ ქასთინგები. ერთადერთი, უცვლელი პოზიცია თამაზ თხინვალელს და მე მქონდა. ვეძებდი პიანისტს, დრამერს, სასულე ინსტრუმენტზე შემსრულებლებს. დაახლოებით თოთხმეტი მუსიკოსი მოვისმინეთ, ზოგთან მუშაობაც დავიწყეთ. მაგრამ, არ გამოვიდა, მალევე დავიშალეთ. ცოტა სპეციფიკური, გრძნობის მუსიკაა და მას მხოლოდ ნოტებით ვერ დაუკრავ. იმ პერიოდში ვიცოდი, რომ რომა თავისი პროექტებით იყო დაკავებული, მაგრამ მაინც შევთავაზე, იქნებ ერთად დავუკრათ-მეთქი. დავუკარით და თითქოს იმ ოთახში მართლა რაღაც სასწაული მოხდა, რაღაც გაელვება. რომამაც უცებ ყველა თავისი პროექტი გვერდით გადადო და თქვა, მორჩა, მე მოვდივარ ამ პროექტში როგორც ბლუზის რიგითი ჯარისკაციო. ბოლო ერთი თვეა, ჩვენ დაგვემატა დრამერი ზაზა ცერცვაძე. პირადად მე, გაოცებული ვარ, ასეთი ახალგაზრდა ბიჭი იმდენად ტექნიკური და ინტელექტუალური დრამერია. ესეც მოვლენაა; საკვირველი, ის არის, რომ ყველა ინსტრუმენტზე უკრავს – რაც ხელში აიღო ყველაფერზე დაუკრა, გადაგვრია.

– საკმაოდ მკაცრი ხართ რეპეტიციებზე.

– ეს სამუშაო პროცესია. მადლიერი ვარ რომასი. მასზე ხუმრობით მაქვს ნათქვამი – ხომ არსებობს ამა თუ იმ სფეროში მეტრი, მაგალითად, მუსიკალური მეტრი – რომა მეტრი კი არა კილომეტრია. ამხელა ისტორიის მქონე ადამიანმა ყველაფერი გვერდზე გადადო. ასეთი უამბიციო ადამიანი, კარგი გაგებით ვამბობ, არ მინახავს. არასდროს იყურება ზემოდან, პირიქით, ყოველდღიურად თვითონაც სწავლობს რაღაცეებს და მეგობრებსაც ასწავლის. ისევე როგორც ეს ნამდვილ ვარსკვლავებთან ხდება. ვინც კი მართლა მუსიკის გენიოსი მინახავს, ყველა თავმდაბალია. ასეთი დონის თანამოაზრე გვერდში არ მყოლია.

– რომა, რატომ ასე უცებ ყველაფრისთვის თავის დანებება და ცხოვრების თავიდან დაწყება?

რომა რცხილაძე: ამას ძალიან უბრალო მიზეზი აქვს. მოხდა ის, რაც აქამდე უნდა მომხდარიყო. მისი აღმატებულება შემთხვევის წყალობით მოხდა ყველაფერი. კოკამ და თამაზმა გამაბედნიერეს, დამაბრუნეს იმაში, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ადამიანი უნდა აკეთებდე იმას, რაც იცი და დანარჩენს ყველაფერს თავი დაანებო. პატარა ბავშვივით მიხარია ეს ყველაფერი. სარეპეტიციოდ ყველაზე ადრე მოვდივარ და ყველაზე გვიან გავდივარ. იმის თქმა მინდა, რომ აქამდე რაც ვისწავლე, ეს უვერტიურა, შესავალი იყო. სწავლას ახლა ვიწყებთ, ყველანი ერთად. მთავარი კი სიყვარულია. ბლუზი ეს სიყვარულია. იცით რა, დღეს ომია გამოცხადებული. მუსიკოსები მუსიკას აქ ომს უცხადებენ. ეჩხუბებიან მუსიკას, მაშინ, როცა უნდა ეფერო. მუსიკას მოფერება უნდა, ეს სექსია. ბლუზი ანბანია. თუ ანბანს არ ისწავლი, ვერც ჯაზს, ვერც როკს, ვერც ფანქს, ვერც სოულს დაუკრავ. მაგრამ, ეს ანბანი საკმაოდ რთულია. მას თავისი სლენგი აქვს. „თი.ბლუზ მობი” ჩვენი მემკვიდრე, ჩვენი ურთიერთობის შედეგია. როცა არსებობს იმის შანსი, რომ შექმნა, ააშენო სახლი, სადაც ჯანსაღი ატმოსფეროა, სადაც გემოვნებიანი მუსიკაა, ის ხელიდან არ უნდა გაუშვა. სხვათა შორის, იდეა გვაქვს, რომ საქართველოში ამ ჩვენს ტურნეს თან სდევდეს სლოგანი – არაგოიმური მუსიკა.

კოკა: ჩვენს კონცერტს დავარქვათ – არაგოიმური საღამო.

– აქამდე რატომ ვერ ჩამოხვედით?

– იმდენად დაკავებულები ვართ, ექვს თვეში ერთხელ რომ საქართველოში ჩამოვდიოდი, უბრალოდ ვისვენებდი. ფიზიკურად აღარ შემეძლო მუშაობა. გეტყვით, რატომ გადავწყვიტეთ კონცერტის სწორედ ახლა გამართვა. ყველა მხრიდან, მუსიკოსებისგან, ჟურნალისტებისგან, მსმენელებისგან ისმის წუწუნი იმაზე, თუ როგორ დაიღალნენ უგემოვნო მუსიკით. ამიტომ გადავწყვიტე, კი არ ვიძახოთ – რა ხდება, რა ხდება... გავაკეთოთ ალტერნატივა, რომელიც აჩვენებს, რა არის კარგი. იქნება კონცერტების მთელი სერია. „მაგთი კლუბის” დახურული კონცერტის შემდეგ ეს იქნება პირველი კონცერტი თბილისში, სადაც თორმეტ ახალ სიმღერას შევასრულებთ. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე. ესენი უკვე ტირიან, აღარ გვინდა ამდენი სიმღერაო...

რომა: გვინდა, გვინდა, გვინდა... (იცინიან).

კოკა: საინტერესო ის იყო, რომ ქასთინგის დროს ვოკალისტსაც ვეძებდი, რადგან არ ვმღეროდი. ვიპოვე ვოკალისტი ჩემში – ვულკანივით ამოხეთქა ამ ყველაფერმა. ძალიან დიდი მასალა დაგროვდა, უკვე ორი-სამი ალბომისთვის არის სამყოფი.

– რა მოგცათ ამ ფესტივალებმა, ამდენ ვარსკვლავთან ერთად სიმღერამ?

რომა: რწმენა...

კოკა: ჩემი ნატვრა, რომლის ახდენაც ვერასდროს წარმომედგინა, როდესაც სულ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და რაღაცეებს ფირფიტებზე ვუსმენდი, თურმე, წარმოუდგენელი არ ყოფილა. ამ დროს ნატვრა ახდა. მარტო იმ სცენებზე გამოსვლა კი არ ყოფილა, სადაც ისინი დგანან, ერთობლივი კონცერტებიც კი გვაქვს. როცა ჩავდივართ, ჩვენი გულშემატკივრები უკვე ოვაციებით გვხვდებიან – ქართველები მოდიანო. თითქოს ბავშვობის ნატვრა ავიხდინე...

– და მერე რა ხდება?

– თურმე, არაფერი. ახლა ვიწყებ ყველაფერს. უცებ გამოჩნდა ახალი პროექტი, ჩვენით დაინტერესდნენ ამერიკელები, კერძოდ, „ქეფითალ რეკორდსი” უზარმაზარი, მსოფლიო დონის ხმის ჩამწერი სტუდია. უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტუმრობა უნდათ ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა – ჩიკაგო, ლოს-ანჟელესის ბლუზ ფესტივალი. საქართველო დღეს უკვე ისეა ცნობილი, რომ ყველგან უნდათ, მოუსმინონ, აინტერესებთ, რა ხდება ამ ქვეყნის მუსიკაში. სკანდინავიაშიც, რომ ჩავდივართ და გაიგებენ ჯორჯიას, კითხულობენ, რომელი ჯორჯიაო... და დგება რიგი, რომ, რაც შეიძლება, მეტი მომაყოლონ ჩვენს ქვეყანაზე. მისიონერივით ვარ, ვყვები საქართველოს ისტორიას – ვინ ვართ და საიდან. მათ ძალიან კარგად იციან ეს მუსიკა და მისი დაფასება. არაჩვეულებრივი მსმენელია ჯერ მარტო იმიტომ, რომ იქ უდიდესი ფესტივალები ტარდება. კომპანია, რომელშიც ჩვენც ვართ, აერთიანებს ორმოცდახუთ შემსრულებელს და ბენდს, საიდანაც მხოლოდ ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპიდან. ვიმღერებთ ფესტივალზე, მეორე, მესამე წელს ისევ და ისევ გვიწვევენ.

– რას ნიშნავს, როდესაც ასეთი ემოციით გხვდებიან უცხო ქვეყანაში, თუ მუსიკა აერთიანებს ყველას?

– ჯერ ერთი, მუსიკა აერთიანებს და მეორეც ჩვენი დრაივი მოსწონთ. ამერიკელებმა დრაივი ცოტა არ იყოს დაკარგეს. ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათზე უკეთესად არ დავუკრათ. ამ ყველაფრის გამო, უამრავი საოცრება მოხდა. ოთხი-ხუთი წლის წინ, შვედეთის ფესტივალზე თამაზ თხინვალელი ბლუზის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. ჩვენ ვიყავით ლილეჰამერ როკ-ფესტივალზე – უდიდესი ფესტივალია ნორვეგიაში, სადაც ჯგუფი „ვორლდ კლასს მუზიშენად” აღიარეს. მაგრამ, ამის გაფიარება არ ხდებოდა. ინტერესი არ მქონდა და იმიტომ. იქ პრესა წერს, ტელევიზია იღებს. ქალაქებია, სადაც გვიცნობენ და ჩვენს კონცერტზე ბილეთები კვირებით ადრეა გაყიდული. თამაზს ახსოვს, როგორ წამოვიდა სხვა ქალაქში ჩვენი გულშემატკივრებით სავსე ორი ავტობუსი სტოკჰოლმიდან. და როგორ გამეფიარებინა ეს ყველაფერი?! რა უნდა ავხსნა, რომ აქლემი არ ვარ?!

რომა: ჩვენ შევძელით, რომ შეგვექმნა ისეთი შემადგენლობა, რომელიც აქტიურად იმუშავებს და აჩვენებს ყველაფერ იმას, რაზეც კოკამ ილაპარაკა. იქ იციან, კოკას უკვე ელოდებიან. იციან, რომ ამ ბენდს ყოველთვის ხარისხიანი მუსიკა ჩამოაქვს. ახლა უკვე ცოტა სხვა სახით ჩავალთ.



კოკა: და მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს ევროპაში. ჩვენ ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე დავბრუნდებით სკანდინავიაში. პარალელურად, ვმუშაობთ ამერიკის პროექტზე, რომლის შედეგებსაც მალე გაგაცნობთ. თან, რაც მთავარია, დაგეგმილია ტურნე მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე თურქეთში, უკრაინაში და სხვა.

რომა: მუდმივი გადაადგილება. „თი.ბლუზ მობი” არის ერთადერთი, ოფიციალური ბოშა-ბენდი... ბორბლები, ბორბლები, ბორბლები. თამაზი გვყავს რაჭველი, ცოტა შენელებული, მაგრამ არა უშავს, მასაც ავამუშავებთ (იცინიან).

კოკა: თბილისი ყოველთვის იყო მელომანთა ქალაქი. ამ ქალაქში ყოველთვის უყვარდათ კარგი მუსიკა. მოსკოვში გვქონდა ტური, სადაც სტასნავინი, მაკარევიჩი მოსულან კონცერტზე და უთქვამთ, რომ თბილისი ჩვენთვის იყო ჩიკაგო, ნამდვილი მექა. ახლა რა დაგემართათ, რა შემსრულებლები ჩამოდიანო. მაშინ იყო ორბაკაიტეს და ვარუმის ბუმი.

რომა: აფხაზეთის ომმა გამოიწვია ის, რომ მუსიკოსს ფული აღარ ჰქონდა და მღეროდა ის, ვისაც ჰქონდა ფული. არ იყო ბენდის ფული, დაიწყო ფონოგრამები. ვისაც ფული აქვს, მუსიკასაც ის უკვეთავს. უკვეთავს ვინ? ადამიანები, რომელთაც ნეკზე ფრჩხილი აქვთ გაზრდილი. ახლა ჩვენ ვიწყებთ ამის ჩაჩეხვას.

კოკა: არავისზე არაფრის თქმა არ მინდა, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ეს მუსიკა ისევე დარჩა ანდერგრაუნდში, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. გაირღვა რკინის ფარდა და მუსიკა ისევ ქვევითაა. ჩვენ მას ამოვიყვანთ ანდერგრაუნდიდან.


скачать dle 11.3