კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო ნიგერიელმა რიჩარდმა მომავალი მეუღლე და რა რეაქცია ჰქონდა ქართველ სიმამრს მის დანახვაზე

ნიგერიელი რიჩარდ ოლუვუივა ოიებადე, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. თავიდან ის ფეხბურთის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა, შემდეგ სამოდელო სააგენტოშიც მიიწვიეს და ახლაც აქტიურად განაგრძობს მოდელობას. ის, ასევე, „შაბათის შოუს“ სკეტჩებშიც იღებდა მონაწილეობას. სულ ახლახან კი რიჩარდი დაოჯახდა – მან ცოლად ქართველი გოგონა შეირთო. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ გიამბობთ.

– უპირველეს ყოვლისა გილოცავთ გაბედნიერებას! რიჩარდს ქართველი საზოგადოება ტელევიზიიდან კარგად იცნობს. მაკა, თქვენც გაგვეცანით, ვინ ხართ პროფესიით, რას საქმიანობთ?

მაკა: პროფესიით ეკონომისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე ხატვა. უამრავი გამოფენა მაქვს მოწყობილი. შემდეგ ისევ ჩემს პროფესიას დავუბრუნდი და ბუღალტრად ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ეკონომიკური კრიზისი ჩვენც შეგვეხო და დროებით უმუშევარი ვარ.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– ერთმანეთი საერთო მეგობართან გავიცანით. შემდეგ რიჩარდი დიდხანს ცდილობდა ჩემს მოხიბვლას და ბოლოს გამოუვიდა (იცინის). ჯერ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ვსაუბრობდით, მერე კი როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ისე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.

– თუ წარმოიდგენდით, რომ განსხვავებული რასის წარმომადგენელი შეგიყვარდებოდათ?

– საერთოდ, ვინც მიცნობს, ყველასთვის ცნობილია, რომ არაორდინარული გემოვნება მაქვს. რატომღაც, ყოველთვის უცხოელები მომწონდა, ჩემი სიმპათიები ყოველთვის მათკენ უფრო იხრებოდა, ვიდრე ქართველებისკენ. ჩემთვის მნიშვნელობა არც კანის ფერს ჰქონია არასდროს. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ერთმანეთს ვუგებდეთ. ჩემი და რიჩარდის შემთხვევაში ყველაფერი იდეალურადაა: ვგიჟდებით ერთმანეთზე და ყველაფერი უთქმელად გვესმის ერთმანეთის.

– ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისგან წინააღმდეგობები ხომ არ გქონიათ?

– რაღაც პერიოდი კი იყო წინააღმდეგობები, სანამ გადახარშავდნენ, თუ რა მოხდა. მაგრამ, გარკვეული ხნის შემდეგ რიჩარდი ყველას ძალიან შეუყვარდა, რადგან არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან ლამაზია და ჩემთვის ყველანაირად დადებითია. მე წარმოშობით გორიდან ვარ. როდესაც იქ ჩავიყვანე რიჩი, თავიდან ჩემიანებს ცოტა გაუჭირდათ შეგუება, იქაურებიც სხვანაირად უყურებდნენ, მაგრამ, ჩემი გადასაწყვეტია, ცხოვრებას ვისთან ერთად გავაგრძელებ და ამიტომ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

– თბილისში იცხოვრებთ თუ გორში?

რიჩარდი: თბილისშიც ვიცხოვრებთ და გორშიც, ორივე ჩემი სახლია. ისე მე რაჭველი ვარ (იცინის). საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, ვგიჟდები ისე მიყვარს. არასოდეს წავალ აქედან სამუდამოდ. ეს არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება და ძალიან მინდოდა უკან წასვლა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ სამუდამოდ აქ დავრჩებოდი.

– საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედი, საერთოდ რა იცოდი ჩვენს ქვეყანაზე?

– მე ფეხბურთელი ვარ და საქართველოშიც ფეხბურთის გამო ჩამოვედი – ერთ-ერთ ქართულ გუნდში მომიწვიეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მანამდე ბევრი მქონდა გაგონილი თქვენი ქვეყნის შესახებ. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ფეხბურთელი შოთა არველაძე და, როდესაც გავიგე, რომ ქართველი იყო, დავინტერესდი თქვენი ქვეყნით. მოლაპარაკების მიხედვით, სამი კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ, ისე მომეწონა აქაურობა, ვეღარ წავედი.

– ყველაზე მეტად რა მოგეწონა საქართველოში?

– ძალიან თბილი და მოსიყვარულე ერი ხართ. ყველაფერი მომწონს თქვენი: კულტურა, ტრადიციები, ბუნება, საჭმელი, ქალები (იცინის).

– ქართველი ქალები რომ მოგწონს, მაგაში უკვე დავრწმუნდი – ცოლად ქართველი მოიყვანე.

– მართლა ძალიან მომწონს ქართველი ქალები. ლამაზები და ეშხიანები არიან, ჩემი მაკა კი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვმალავდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და მხოლოდ ხელის მოწერის შემდეგ გავუმხილეთ ყველას.

– ესე იგი, ჯერ ხელი მოაწერეთ და მერე გაუმხილე ოჯახს შენი არჩევნის შესახებ?

მაკა: დიახ, ჯერ ხელი მოვაწერეთ და შემდეგ ჩავიყვანე რიჩარდი გორში. ძალიან დიდი წინააღმდეგობაც რომ გაეწიათ, უკვე ყველაფერი გვიანი იქნებოდა, რადგან უკვე ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიყავით.

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

რიჩარდი: მაკა ჩემთვის ყველაფერია, მისი ყველაფერი მომწონს. ყოველთვის, როცა ვლოცულობდი, ღმერთს ვთხოვდი, ისეთი ცოლი მყოლოდა, რომელიც იქნებოდა მორწმუნე, ღირსეული ადამიანი და კარგ ცოლობას გამიწევდა. მაკას ყველა ის თვისება აქვს, რასაც მე ქალში ვაფასებ. ის ჩემთვის ქალის იდეალია. მისნაირი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია.

მაკა: რიჩარდი შინაგანად აბსოლუტურად ჩემნაირია. ძალიან მიხარია, რომ მან საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო და მოინათლა, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი. მასში ასევე ვაფასებ იმას, რომ ძალიან გულიანი და შეგნებული ადამიანია. მეც ისევე ძალიან მიყვარს ის, როგორც მას ვუყვარვარ.

– რიჩი, შენი ოჯახის წევრები თუ იცნობენ მაკას?

რიჩარდი: არა, ჯერჯერობით არ იცნობენ, მხოლოდ ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით ისაუბრეს და გაიცნეს ერთმანეთი. ახლა ჩემი ძმა აპირებს ჩამოსვლას მაკას გასაცნობად, შემდეგ ჩვენც ჩავალთ ნიგერიაში და ყველას გავაცნობ მაკას – მინდა, ყველამ, ნახოს რა ლამაზი ცოლი მყავს.

– როგორ შეეგუე ქართულ ტრადიციებს?

– ძალიან კარგად შევეგუე. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თითქმის ყველა თქვენი წესი და კანონი მომწონს. საერთოდ არ გამჭირვებია საქართველოსთან შეგუება. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა.

მაკა: სხვათა შორის, ქართული და ნიგერიული ტრადიციები ერთმანეთს ჰგავს, თუნდაც, ქალისადმი პატივისცემა, ცოლ-ქმრის ურთიერთობა და სხვა. რაც მთავარია, მე და რიჩის ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმის და თავს უბედნიერეს ადამიანებად ვგრძნობთ. ხანდახან, შეიძლება, მე ის არ მომეწონოს, რაც რიჩის მოსწონს, ან პირიქით, მაგრამ, საერთო ჯამში, ერთ აზრზე ვთანხმდებით ხოლმე.

– მოკლედ, ერთმანეთს ავსებთ.

– დიახ, შეიძლება ასეც ითქვას (იცინის).

რიჩარდი: მაკას არ უყვარს აქტიური დასვენება – კლუბები და ასე შემდეგ. კაფეში ყავის დალევა ურჩევნია. მე ძალიან მიყვარს კლუბები, მაგრამ, იქ მივდივართ ხოლმე, სადაც მაკას უნდა.

მაკა: ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რა მასიამოვნოს. ძალიან თბილი და საყვარელია. ახლა მის დახატვას ვაპირებ, ჯერჯერობით პოზას ვარჩევ (იცინის).

რიჩარდი: იცით, რვა წლის წინ ერთი სიზმარი ვნახე. ცხოვრებაშიც იგივე რომ შემემთხვა, გამახსენდა და არასოდეს დამავიწყდება. მესიზმრა, ვითომ ცოლი მოვიყვანე. ჩემი ცოლი თეთრი ქალი იყო და ჩემ გარშემო ყველანი თეთრები იყვნენ (იცინის). როცა ეს ნიგერიაში მოვყევი, ყველამ დამცინა, მაგრამ, ხომ ხედავთ, სიზმარი ამიხდა (იცინის).

– მაკა როდის უნდა წაიყვანო შენს ქვეყანაში?

– ჯერ ჩემი ძმა უნდა ჩამოვიდეს და მერე აუცილებლად წავალთ, ალბათ ხუთ თვეში, ზუსტად არ ვიცით. იქაურობაც ძალიან მომენატრა. სხვათა შორის, მაკას ვასწავლე აფრიკული ცეკვა (იცინის).

მაკა: მასწავლიდა და თან დამცინოდა. ცოტა ძნელი შესასრულებელია, ეს კი იდგა და იცინოდა. გავბრაზდი და აღარ ვისწავლე (იცინის). რიჩიმ გადასარევად იცის ქართული ცეკვები, განსაკუთრებით – აჭარული.

– ქართული საჭმელები თუ შეაყვარე რიჩის?

– ძალიან უყვარს ქართული საჭმელები. განსაკუთრებით – საცივი, ხინკალი და მწვადი.

რიჩარდი: მაკაც კარგად ამზადებს საჭმელებს, მაგრამ, მგონი, მე უფრო კარგად გამომდის (იცინის). ორივე ვაკეთებთ ხოლმე. თავიდან, რომ ჩამოვედი და უცნაური საჭმელები ვნახე, ვერ ვჭამდი და სულ ბრინჯსა და ქათამს ვყიდულობდი, სხვა საჭმელს ვერ ვსინჯავდი, მაგრამ, ნელ-ნელა გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ახლა თითქმის ყველაფერს ვჭამ.

– მაკა, შენ თუ მოგწონს ნიგერიული სამზარეულო?

მაკა: სხვათა შორის, არა უშავს. ცოტა ხნის წინ გავსინჯე აფრიკული ღომი (იცინის). თავიდან თვალდახუჭული ვჭამდი, მაგრამ ახლა უკვე მომწონს (იცინის).

– ჯვრისწერას როდისთვის გეგმავთ?

რიჩარდი: ხელი უკვე მოწერილი გვაქვს და ჯვარსაც მალე დავიწერთ. ქორწილი, ალბათ, გორში გვექნება. ძალიან ბედნიერები ვართ. პირველ ყოვლისა, უფალს ვუხდი მადლობას, ჩვენ რომ ერთმანეთს შეგვახვედრა.

მაკა: ეს ორივესთვის პირველი ქორწინებაა. ალბათ, ბედი იყო, ერთმანეთს ველოდით და, როგორც იქნა, შევხვდით. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ, ახლა რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ამაში დარწმუნებული ვარ (იცინის).


скачать dle 11.3