რატომ იყო ნახევარი თბილისი რატი ბაქრაძეზე შეყვარებული
რატი ბაქრაძე „სეზონის” ოთხ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ თბილისელ ბიჭს შორის, ძალიან საინტერესო სახეს ქმნის. მართალია, მეუღლე, სალომე გოგიჩაიშვილი ეკრანულ და რეალურ რატის შორის ბევრ მსგავსებას პოულობს ტიპაჟის დონეზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რთულ, ექსტრემალურ, საშიშ, უცნობ პირობებში, ასე არ მოიქცეოდა. ერთადერთი შეიძლება, ცარიელ ბათუმშიც „გაზის ქალი” ჰყოლოდა უკმაყოფილო.
რატი ბაქრაძე: დავიბადე თბილისში 1986 წლის 24 თებერვალს, თარხნიშვილის ქუჩაზე რომ სამშობიაროა იქ, 3.7 კილოგრამი. გავიზარდე ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე. დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე „მაღლივში“, საერთაშორისო ბიზნეს და საგარეო ვაჭრობაზე. მე და ბორჩხა – „სეზონის” რეჟისორი თურქეთში წავედით დასასვენებლად და რომ ჩამოვედით, ჩემებმა მითხრეს, მორჩა, მოვიფიქრეთ, სად უნდა ჩააბაროო. მაგრამ, პირველივე კურსზე „მაღლივიდან“ საბუთები თეატრალურში გადმოვიტანე. ჩავაბარე სარეჟისოროზე.
– საიდან უცებ ასეთი გადახვევა?
– ბავშვობიდან ვწერდი რაღაცეებს – ჯერ ლექსებს, მერე ნოველებს. მერე ამ ნოველებიდან უკვე პატარა კინოსცენარებს ვაკეთებდი. ვწერდი ძალიან ბევრს და საბოლოოდ, ალბათ, ამან მიმიყვანა რეჟისურამდე. რეზო ესაძის ჯგუფში მოვხვდი. მართლა ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. წელს დავამთავრე და რაღაცეებს უკვე ვაპირებ. ისე, თექვსმეტი წლიდან სულ ვმუშაობ. არასდროს გავჩერებულვარ. სულ რაღაცეებს ვიღებდი. ჯერ ვიყავი „იქფრომში”, „სარკის” შვილობილი კომპანია იყო. მერე, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი თბილისის პორტალში ვმუშაობდი, მერიის რეჟისორი ვიყავი. თბილისზე და მერიის პროექტებზე სარეკლამო რგოლებს ვიღებდი. კერძო შეკვეთებითაც მიმუშავია რეკლამებზე. მოკლედ, სულ სადღაც ვიყავი. ვიყავი ასევე „კონტროლსტუდიოში”, ირაკლი ჩხიკვაძესთან.
– რეკლამიდან კინოში გადმოსვლას არ ფიქრობ?
– ზუსტად ახლა, ერთი პროექტის გაკეთებას ვიწყებთ, რომელსაც „მოკლე ჩართვა” ჰქვია. მე, ლევან ბარამიძე, გიორგი მასხარაშვილი, დათო ჭყოიძე და ირაკლი ჩხიკვაძე გადავიღებთ ხუთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც ერთ პროექტში გაერთიანდება და ასე გავა კინოთეატრებში. ჩემს ფილმს ჰქვია „ჩემი ახალი თანამშრომელი”. სცენარიც ჩემი დაწერილია. მექალთანე კაცზეა, რომელიც თავიდან ცოლთან ერთად ცხოვრობს და ხან ერთი ქალი ამოყავს სახლში, ხან მეორე, ხან მესამე... ანუ სამსახური არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც... რა ხდება ფინალში ამას „რუსთაველში“ ან „ამირანში“ რომ მოხვალ, იქ ნახავ (იცინის).
– რატი, ცოტა შენს მეუღლეზეც გვიამბე, სად შეხვდით ერთმანეთს?
– ჩემი მეუღლეა სალომე გოგიჩაიშვილი. თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც ჩემს პირველ, მოკლემეტრაჟიან ფილმს „მწვანე ჭიქა” ვიღებდი, ჩემივე სცენარით. ამ ფილმში გადავიღე ერთი გოგო – სოფო კომახიძე, რომლის მეგობარიც არის სალომე და მას მოჰყვა. მაშინ სალომეც თვრამეტი წლის იყო. რაღაც სცენებს ვიღებდით და თან ვსაუბრობდით.
სალომე: რატი მანამდეც ვიცოდი ვინ იყო და მანაც იცოდა ჩემ შესახებ, ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი გვყავდა. მაგრამ, გაცნობა იმ დღეს მოხდა.
– როგორი შეყვარებული იყო რატი, რომანტიკული? ლექსებს, ნოველებს წერს, ხელოვანია...
– იმ პერიოდში რომანტიზმზე ნაკლებად ვფიქრობდით. მაშინ რა ხდებოდა, იცი?! ნახევარი თბილისი რატის შეყვარებული იყო, ნახევართან – მეგობრობდა. მეც ბაღიდან შეყვარებული მყავდა, სულ ვიღაც მომწონდა. ბოლოს, უკვე რატისთან ურთიერთობა რომ დაიწყო, თავიდან მეგობრებს აღარ ვუთხარი, გაგიჟდებიან, არ დამიჯერებენ-მეთქი. მაგრამ, მერე ყველაფერი გაირკვა და დალაგდა.
რატი: სალომე ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილია და უკვე ამ ურთიერთობის დამალვა მისი მხრიდან, აღარ გამოდიოდა. მერე ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი – მესიჯები, მოკითხვები, სეირნობები და დაახლოებით ხუთ თვეში, ცოლად მოვიყვანე.
სალომე: რაც შეეხება რომანტიზმს, ამ შემთხვევაში, პრობლემა ჩემშია. ლექსი ერთხელ წამიკითხა და მითხრა, შენ გიძღვნიო. თავს ვერ დავდებ, რომ მაინცდამაინც ჩემზე დაწერა, ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა. მაგრამ ლექსების კითხვის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ძალიან ცუდია, მაგრამ პოეზია არ მიყვარს, ამიტომ, რატიმაც დაანება თავი ჩემთვის ლექსის შეყვარებას.
რატი: ადრე ვაკითხებდი ხოლმე, თუ რამე ახალს დავწერდი. მაგრამ, ოთხი წელი რომ უკითხავ ლექსებს და ემოციას ვერ იწვევ, მივხვდი, აღარ უნდა წავუკითხო (იცინიან). პოეზია რომ არ გიყვარს, არ გიყვარს. მორჩა, ვერაფერს შეცვლი. ყველაფერზე ერთნაირი რეაქცია ჰქონდა – კი, კაია... ერთადერთი, რომ ვხატავ, ამაზე ყოველთვის გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. სალომე არქიტექტორია, თვითონაც ხატავდა და ტექნიკურად ჩემზე მეტი იცის. რაღაცეებს მისწორებს ხოლმე და მეც ვუჯერებ.
– რატი ხატავს, წერს, იღებს, ეძებს საკუთარ თავს. არეული ნატურაა?
სალომე: არეული არ არის, უბრალოდ, ბევრი რაღაც გამოსდის კარგად. ხელოვნების ბევრ სფეროში გრძნობს თავს კარგად. როცა ვხატავდი, მხოლოდ იმისთვის, რომ პროფესიისთვის მჭირდებოდა და რატი თავისი სიამოვნებისთვის ხატავს.
– „სეზონის” რატის და ნამდვილ რატის შორის რა მსგავსებაა?
– ზუსტად იგივეა, ტიპაჟს ვამბობ, რა თქმა უნდა. მისი მანერები, ქცევა, თუნდაც გინება ჩემთვის ძალიან მშობლიურია... (იცინიან).
რატი: მართლა მაქვს ცოტა ბინძური ენა, მაგრამ რატომღაც ყველა მეუბნება, შენგან არ გვაღიზიანებს, რაღაც ბუნებრივად გამოგდის და გიხდებაო. ხშირად სამსახურში, ძალიან ბევრ გოგონასთან შემიგინებია და რეაქცია არ ჰქონიათ. მაგრამ, ვინმე სხვისგან გინებას ვერ იტანდნენ. თან, თანამშრომლებს შორის იყო რამდენიმე წარბაწეული ტიპი, ორმოცდახუთი წლის თარჯიმანი ქალბატონი და სხვები – ისეთი სახით გახედავდნენ, ტიპი ამდგარა და საერთოდ წასულა.
სალომე: პროფესიაში არეული არ არის, მაგრამ ოჯახურ საკითხებში ნამდვილად ცოტა კი არა კარგად გაფანტულია. მუდმივად გვაქვს პრობლემა „გაზის ქალთან“, რომელიც სულ გაზის ქვითარს ითხოვს. გადასახადებს რატი იხდის, მიაქვს ქვითარი და არასდროს იცის, სად წაიღო, არ ინახავს.
რატი: ერთხელ იყო კიდევ მაგარი ისტორია. სახლში სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდა. ჩვენი შვილის, ნუცის ტანსაცმელი დედაჩემთან უნდა წამეღო გასარეცხად. ორი პარკი ტანსაცმელი ნაგავთან ერთად გავიტანე სახლიდან და მათთან ერთად გადავყარე. ბავშვობიდან ასეთი გაფანტული ტიპი ვარ, რაღაცეები მავიწყდება, სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. ასეთი ამბები მჭირს.
სალომე: ამ ბოლო დროს შეემთხვა კიდევ მსგავსი რაღაც. ზაფხულში ათლარიანი ჯარიმის გადახდა დაავიწყდა და ახლა 1 300 ლარი გადაიხადა, მართვის მოწმობა ჩამოართვეს...
რატი: ვიღაცამ ბიუჯეტიც ხომ უნდა შეავსოს, სახელმწიფოსაც სჭირდება ფული.
სალომე: მაგრამ მეოჯახე ტიპი არ არის-მეთქი, ვერ ვიტყვი. თვრამეტი წლიდან მარტო ვცხოვრობთ. არასდროს არაფერი არ მიყიდია მე. ყველის, ხორცის არჩევა, არაფერი ვიცი, რადგან სულ რატი ყიდულობს.
– თვრამეტი წლისანი გაიპარეთ?
რატი: არა, ყველაფერი ძალიან წყნარად და მშვიდად მოხდა – იყო ნიშნობა, ქორწილი. მართალია, ჩვენ ქორწილი გვეზარებოდა, მაგრამ მაინც არ დაგვიჯერეს და გააკეთეს.
– პატარა რამდენი წლისაა?
– ხუთის. მე და ნუცი ახლა და ახლა დავმეგობრდით, უფრო გავუგეთ ერთმანეთს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სალომეს ვეხმარებოდი, როცა ბავშვი პატარა იყო – პამპერსები და რაღაცეები არ მიცვლია და ღამეები არ მითენებია.
– „სეზონის“ პირობებში რატი როგორ მოიქცეოდა?
სალომე: საერთოდ არ გაახსენდებოდა, რომ ხორცი უნდა მოემარაგებინა. არავითარ შემთხვევაში, არ დაყრიდა ფარ-ხმალს და არ შეეგუებოდა იმ მდგომარეობას. საკმაოდ, ბრძოლისუნარიანი ტიპია, ერთ ადგილას ვერ ისვენებს. არ მახსოვს ისეთი დღე, დილიდან საღამომდე სახლში ყოფილიყო. სულ სხვანაირია.
– გქონიათ ურთიერთობაში რთული პერიოდები? მით უმეტეს, ასე ადრე შექმენით ოჯახი.
– არ მახსენდება. სირთულეები, რა თქმა უნდა, ყველას ჰქონია. გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ უბრალო ჩხუბს არ გაცდენია ეს ყველაფერი. ერთადერთხელ მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მეტხანს ვერ გავძელით. ორივე დამთმობები ვართ, მაგრამ პირველ ნაბიჯს მე ვდგამ ხოლმე.
– ეჭვიანი ხარ?
– საერთოდ არა. საბაბი თუ არ მაქვს, უაზროდ რატომ უნდა ვიეჭვიანო. არც მის პოპულარობაზე, თაყვანისმცემლებზე თუ, იმ გოგოებზე მაქვს რეაქცია, ვისაც ფილმის შემდეგ ძალიან მოეწონა, მთავარია, რატისგან არ ვიგრძნო სიცივე. არ არსებობს, ქმარს ისე იცნობ, რომ მართლა რამე თუ ხდება, ეს ვერ იგრძნო. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და იმედი მაქვს, არც იქნება. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რას ფიქრობს, განიცდის, რა დროს რას გააკეთებს.
– რატი, გადაღებები არ გენატრება?
რატი: ძალიან. რაღაც პერიოდი გავიდა და ამ ფილმის გადაღება სულ დამავიწყდა, თითქოს არც ყოფილა. მაგრამ, ახლა მაგარი ნოსტალგია მეწყება. მინდება იქაური დილა, ყველა ერთად რომ გამოვდიოდით, მუშაობას ვიწყებდით. ძალიან მიყვარს თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. მეორე „სეზონი”, ალბათ, არ იქნება, მაგრამ იგივე ჯგუფთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.