როდის უწევს გიორგი ვარდოსანიძეს ცხოვრებაში თამაში და როგორ შეცვალა ის სიყვარულმა
გიორგი ვარდოსანიძე ახალგაზრდა, სიმპათიური და ძალიან პოპულარული მსახიობია. იგი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“. გიორგი ამ ეტაპზე ძალიან დატვირთულია შემოქმედებითად – სერიალის გარდა სპექტაკლებშიც თამაშობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის იტოვებს და ცდილობს, ყოველი საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს.
– როგორია გიორგი ვარდოსანიძის ცხოვრების სტილი?
– გიორგი ვარდოსანიძის ცხოვრების სტილი არის ძალიან აქტიური. მართალია, ხანდახან ვიღლები, მაგრამ ეს დაღლა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. უსაქმურად ყოფნას, მირჩევნია, სულ დატვირთული ვიყო საქმეებით. არის დღეები, როცა ვნატრობ ხოლმე, ნეტა ორი დღე მაინც მქონდეს თავისუფალი-მეთქი, მაგრამ, როცა მოხდება ისე, რომ თავისუფალი ვარ, მერე ვამბობ, მირჩევნია, საქმეები მქონდეს-მეთქი. საერთო ჯამში, გადაღლასაც ვასწრებ და დასვენებასაც.
– შენთვის ყველაზე კარგი დასვენება როგორია?
– ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სიღნაღი. მანამდეც მიყვარდა, მაგრამ ახლა – განსაკუთრებით. როცა ორ-სამ დღეს გამოვნახავ, მაშინვე ვსხდებით მეგობრები მანქანაში, მივდივართ და იქ ვისვენებ ყველაზე კარგად. თუ იმის დრო არ მაქვს, რომ ორი დღით ქალაქიდან გავიდე, მაშინ, მეგობრები ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან – მეორესთან და ვსხედვართ, ვსვამთ, ვსაუბრობთ.
– კლუბური ცხოვრება არ გიყვარს?
– არა, არ მიყვარს კლუბები. არასდროს არ ვყოფილვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, დიდი მოყვარული არ ვარ. სულ სამჯერ თუ ოთხჯერ ვარ ნამყოფი, ისიც ზრდილობის გამო. ჩემთვის იდეალური დასვენებაა სიმშვიდეში ყოფნა. მაგალითად, ბარი, სადაც უკრავს ჯაზი, ცოტა კონიაკი და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.
– როგორი სიმთვრალე გაქვს?
– საერთოდ, ძალიან იშვიათად ვსვამ. ღვინოზე ცუდად ვხდები და ამიტომ სპირტს ვეძალები ხოლმე. მხოლოდ რამდენიმე მეგობართან ერთად ვსვამ ბევრს, იმიტომ რომ, იციან, მერე რა უნდა მიქნან (იცინის). ამბობენ, რომ ცუდი სიმთვრალე არ მაქვს – ბუნჩულა ვხდები, ვწითლდები, ვზივარ და სულ ვიცინი. მახსენდება ერთი-ორი შემთხვევა, როცა ამქვეყნიდან გასული ვყოფილვარ, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ბუნჩულა, საყვარელი, მთვრალი კაცი ვარ (იცინის).
– როგორ მოხვდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, ქასთინგი გაიარე?
– ძალიან ჩვეულებრივად მოვხვდი: გამოცხადდა ქასთინგი, მივედი, გავიარე ტურები. რატომღაც, არ მეგონა, თუ ასე ადვილად გავივლიდი. დიდი შემართებით არ ვყოფილვარ მისული. ვფიქრობდი, თუ გავივლი კარგია, თუ არადა, არა უშავს-მეთქი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მშვენივრად გავიარე. დაიწყო გადაღებები და შევრჩი და შევრჩი (იცინის).
– მსახიობის პროფესია შენთვის რას ნიშნავს?
– საერთოდ, კინოსა და თეატრს რადიკალურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ძალიან მიყვარს კამერასთან მუშაობა, მაგრამ თეატრი მაინც სულ სხვაა, ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის თეატრი იქნება. კინოს ერთი მინუსი აქვს: დაიწყებ თამაშს და ძალიან უცბად კადრი წყდება – ვსიო მორჩა, გადავლაგდით შემდეგ კადრზე! თეატრში, იცით, როგორ არის? დაიწყებ თამაშს და ორი საათი ერთ ამბავს მიჰყვები, ძერწავ და ძერწავ, იმ ამბის მონაწილე ხარ თავიდან ბოლომდე. ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს?
– სცენაზე თამაშის გარდა კიდევ რა განიჭებს სიამოვნებას?
– ზოგადად, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს გარემოს გამოცვლა – სადღაც წასვლა, მოგზაურობა, ქვეყნიდან ან თუნდაც ქალაქიდან გასვლა. მაგარი შეგრძნებაა, როცა ხვდები ისეთ გარემოში, სადაც პირველად ხარ. შემიძლია, თვეობით ვიარო, დავიკარგო ტყეებში, ოღონდ გარემო გამოვიცვალო. ვგიჟდები ლაშქრობებზე. ახლა დრო რომ მქონდეს, ავიკიდებ ჩანთას და ფეხით შემოვივლი საქართველოს, როცა ჩამოვალ – ჩამოვალ, თუნდაც ხუთი თვის მერე. მსგავს რაღაცეებზე ჭკუა მეკეტება, მით უმეტეს, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
– ადამიანების ამოცნობა თუ გეხერხება?
– მეხერხება-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ და, თუ ვინმე ჩემი ასაკის ადამიანი გეტყვის, მეხერხებაო, ისიც მოგატყუებს, დამიჯერე. ეგ პრაქტიკისა და გამოცდილების ამბავია. რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო ადვილად ამოიცნობ ადამიანს. მე ძალიან ადვილად ვენდობი ყველას, მაგრამ ცუდ ადამიანს ადვილად ვშიფრავ, თუმცა, კარგის გაგება მიჭირს. ვფიქრობ ხოლმე, ბოლომდე კარგია თუ არც ისე-მეთქი. ცოტა დრო მჭირდება ამისთვის.
– შენი ხასიათის ამოცნობა თუ არის ადვილი?
– მგონი, ძალიან ადვილია. საკმაოდ კომუნიკაბელური და გახსნილი ვარ. არ მგონია, ვინმეს გაუჭირდეს ჩემთან ურთიერთობა. ყოველთვის ადვილად შევდივარ კონტაქტში. ცოტათი გამოცდილი ადამიანი მაშინვე მიხვდება, ვინ ვარ და რა ვარ (იცინის).
– ცხოვრებაში თუ გიწევს თამაში?
– ძალიან რთულია ამ ცხოვრებაში არ ითამაშო. უნდა ეცადო, რაც შეიძლება ნაკლებად მოგიწიოს თამაში. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებთანაც ყოველთვის ვიქნები ის, ვინც ვარ, ესენი არიან: ახლობლები, ოჯახი, მეგობრები. თუმცა, არის სიტუაციები, როცა ტყუილიც საჭიროა, თუ, რა თქმა უნდა, ამას ზიანი არ მოაქვს ვინმესთვის.
– სერიალის „გოგონა გარეუბნიდან” ახალ სეზონში, რომელსაც მაყურებელი სულმოუთქმელად ელის, ალბათ, ბევრი კარგი რამ მოხდება.
– დიახ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება. დაგეგმილია უამრავი ცვლილება. ბევრი ისტორია განვითარდება. მოკლედ, ძალიან ველოდები სერიალს. ძალიან მაინტერესებს, ვის რა ბედი ეწევა და როგორ განვითარდება თითოეული გმირის ცხოვრება.
– რაც შეეხება თეატრს, ახალი რა ხდება?
– ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დგამს ხუთ- კაციან სპექტაკლს, რომელიც არც ისე ძველი პიესაა, მაქსიმუმ ათი წლის თუ იქნება. ძალიან გახმაურებული ამბავია. ზოგადად, ქალბატონ მანანასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. ამ ეტაპზე ამით ვარ დაკავებული. დილიდან რეპეტიციები მაქვს. სულ გადარბენაზე ვარ.
– ასეთი დატვირთული რომ ხარ შემოქმედებითად, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?
– რა თქმა უნდა, ვახერხებ დროის გამონახვას პირადი ცხოვრებისთვისაც. დღის განმავლობაში ვარ თეატრში, თორემ, მთელი საღამო თავისუფალი მაქვს.
– როგორც ვიცი, შენი შეყვარებულიც მსახიობის პროფესიას ეუფლება. შენ რამე პრობლემა ხომ არ გქონია ამასთან დაკავშირებით? თუ გინდოდა, ისიც მსახიობი რომ ყოფილიყო?
– არა, პირიქით, კარგია, მასაც ეს პროფესია რომ აქვს არჩეული, რადგან ჩემი ძალიან კარგად ესმის და იცის, რომ უაზროდ არ ვკარგავ დროს. მასაც თითქმის ჩემნაირი დატვირთული გრაფიკი აქვს. შესაბამისად, მეც ვუგებ და ისიც მიგებს.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
– ერთმანეთი გავიცანით სრულიად შემთხვევით: მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი მისული „ოცნების ქალაქის” გადაღებაზე. აღმოჩნდა, რომ თამთაც იყო მოსული თავის მეგობრებთან ერთად და იქ გავიცანით ერთმანეთი.
– მახსოვს, ერთი პერიოდი თამთაც თამაშობდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”.
– დიახ, თამთა თამაშობდა ლალი ჩიქოვანის მდივანს, მაგრამ ეს გაგრძელდა მანამ, სანამ სწავლა დაიწყებოდა. სწავლა დაიწყო თუ არა, მაშინვე ყველაფერი აუკრძალეს. იქ ძალიან მკაცრად ეპყრობიან ტელევიზიას, რეკლამას. მოკლედ, ასე დარჩა სწავლის ანაბარა.
– ზოგადად, გადაწყვეტილებებს ადვილად იღებ?
– გააჩნია თემას. ზოგადად, ბევრი ფიქრი არ მიყვარს. თუ ცხელ გულზე ვიმოქმედე, აუცილებლად შეცდომით ვამთავრებ ხოლმე, ამიტომ, ვცდილობ, ყოველთვის ნორმალური სისწრაფით მივიღო გადაწყვეტილება. თუ დაუფიქრებლად მოვიქეცი, შემდეგ ამას დიდხანს ვნანობ ხოლმე. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან, რატომღაც, ამართლებს ხოლმე ჩემი გადაწყვეტილებები.
– სიყვარულმა შეგცვალა?
– რა თქმა უნდა, შემცვალა – უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამკიდა, რაც ძალიან მომწონს. როდესაც მარტო ვიყავი, მხოლოდ საკუთარ თავსა და გართობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. სიყვარულმა ძალიან დამასერიოზულა (იცინის).
– შენი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია?
– კი, ძალიან ფეთქებადი ვარ. გამოკვლევების შედეგად ვიცი, რომ სერიოზული ნევროზი მაქვს (იცინის). აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, ბევრ რამეს იუმორით შევხედო. ადრე ძალიან ბოღმა ვიყავი – გულში ჩავიდებდი წყენას და შემდეგ იმ ადამიანს სამაგიეროს ვუხდიდი ხოლმე (იცინის).
– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
– დიახ, ძალიან იღბლიანი ვარ, თუმცა, ბავშვობაში მეგონა, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვიყავი (იცინის) – სულ რაღაცას ვიმტვრევდი, სულ დაჩეხილი ვეგდე, საშინელებები მემართებოდა. ქუჩაში გასვლის მეშინოდა, „კამაზს“ არ გავეტანე (იცინის). თუმცა 16-17 წლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა და დღეს ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ.
– თუ არის ისეთი რაღაც, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში ძალიან გინდოდა და ვერ გააკეთე?
– გაგეცინებათ და, ბავშვობიდან ერთ რაღაცაზე ვოცნებობდი. ეს ჩემს პროფესიასთან თან შუაშია, თან არაფერ შუაშია: ყოველთვის მინდოდა გადამეღო ფილმი. პირველი კამერები რომ შემოვიდა, სულ რაღაცას ვიღებდი, ვდგამდი. ჩემი დიდი სურვილია, ამ სფეროშიც ვცადო თავი, ოღონდ, ეს უფრო სამომავლო გეგმაა. იმედია, მოვა დრო და ამ პატარა ოცნების ასრულებას შევძლებ.