რატომ ვერ შეცვალა ტრაგედიამ თათული ედიშერაშვილი და რა სჭირდებოდა მას ყველაზე მძიმე მომენტში
ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ პატარა გოგონას გული, რომელსაც ეკრანიდან ყველას ცხოვრებაში სიხალისე შემოაქვს, დიდ ნაღველს იტევდა. მძიმე მომენტებში საკუთარ თავს უფლება არ მისცა, დაცემულიყო და საყვარელი ადამიანებისთვის, ახლობლებისთვის, მაყურებლისთვის მწუხარე სახე დაენახვებინა. რა თრგუნავს და ანაღვლებს თათული ედიშერაშვილს, ამას ის მხოლოდ ჩვენი ჟურნალის საშუალებით გიამბობთ.
– ყველას აინტერესებს, რეალურად როგორ ცხოვრობენ ცნობილი ადამიანები, როგორ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სიძნელეებს. გვიამბე, რა გზა გამოიარე იქამდე, სანამ პოპულარული გახდებოდი?
– პრობლემა იმწუთას გგონია საგანგაშო და გადაუჭრელი, მაგრამ გარკვეული დრო რომ გადის, მერე ხდება შეფასება. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მქონია პრობლემები თუნდაც ჯანმრთელობასთან, პროფესიასთან დაკავშირებით, სამსახურში – ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვა ფორმითა და დოზით. მაგრამ, ამწუთას ჩემთვის დაბრკოლება არის ის, რომ თეატრში დაკავებული არ ვარ. რაღაც შემოთავაზებები არის, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიდის. ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცი ვარ და იქ არ მივდივარ, სადაც უნდა ვიყო. შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანი – დრო, მეპარება მხედველობის არედან, არ ვიცი, მაგრამ თათული ედიშერაშვილი თეატრში არ არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვარ ჩაბმული სატელევიზიო ცხოვრებაში, მიმაჩნია რომ, მსახიობს მაინც თეატრში სჭირდება როლები. ადამიანს მეტი და მეტი გინდა და ალბათ, ეს სიხარბეში არ ჩამეთვლება. უბრალოდ, გული მტკივა, რომ საკმარისად ვერ ვიხარჯები. არადა, ძალიან ბევრი სათქმელი დამიგროვდა სცენიდან. რაღაც ბევრს ვწუწუნებ თეატრზე, მაგრამ რეალურად დღეს ასეთი სიტუაციაა. თეატრალურ ცხოვრებაში დიდი პაუზა გამომივიდა და ეს მანაღვლიანებს. თუმცა, არასდროს ვიბოღმები. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც საკუთარი არ გააჩნია და სხვისიც არ უხარია. ვერ ვიტყვი, თეატრალურ ცხოვრებაში გადატრიალებას მოვახდენ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ისე ვთამაშობდი, რომ საკუთარი თავის არ შემრცხვენია. ნელ-ნელა ვეგუები ამ მდგომარეობას, თუმცა, არც ფარ-ხმალს ვყრი. თუკი ჩემს პროფესიაზე მიდგა საქმე, ჩემთვის სწორედ ამით იწყება და ამით მთავრდება ცხოვრება. ახალგაზრდული ენერგია, სურვილები, განცდები, მიდის – დრო რომ გადის და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენ ადამიანი, ძნელია. როლი იმიტომ არის საკეთებლად კარგი, რომ მასში შენს განცდებს, სათქმელს დებ. მსახიობობა მარტო ის ხომ არ არის, სცენაზე გამოხვიდე, ტაში დაგიკრან და ქუჩაში გიცნონ.
– დღეს, ცნობილიც და არაცნობილიც ერთ ქვაბში ვიხარშებით. ამხელა კომუნალურ გადასახადებს ვეღარ ავუდივართ, პროდუქტი დღითი დღე ძვირდება, ყველაზე მეტი ყურადღება კი ბავშვებს უნდათ. ცუდი ის არის, რომ არ იცი, როდის დასრულდება ეს ტანჯვა, როდის გამოსწორდება ქვეყანაში სიტუაცია. ალბათ, შენც საშინელ მდგომარეობაში ხარ.
– მეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრობლემები მაქვს. ელემენტარულად, შეიძლება, ელექტროენერგიის ქვითრის გადამოწმება გამომრჩეს და სინათლე გამითიშონ. მერე „თელასში“ გავრბივარ, რომ ჩავართვევინო. ყოველთვის არ გაქვს იმის ფუფუნება, მშვიდად იყო, რომ დენს ან გაზს არ გაგითიშავენ. არ ვიცი, ეს ვისი ბრალია, ზოგადად ქვეყნის, თუ... შემიძლია, ელემენტარულ რაღაცაზე ვიდარდო, ვიტირო და საკმაოდ მწარედაც. მოგონებებზეც მიტირია. ჩემი შუათანა და უცხოეთში ცხოვრობს. წელიწადში ორჯერ მაქვს მისი ნახვის ბედნიერება და ძალიან რომ მენატრება, ვტირი. როდესაც მახსენდება დედა, მაშინაც ვტირი. სამი წლის წინ გარდაიცვალა. საშინელებაა, როდესაც ამ გრძნობას ვერაფერს უხერხებ. როცა ჩემს შვილს ვუყურებ, პირობას ვაძლევ, რომ საუკეთესო დედა ვიქნები. მინდა, იმდენი მოვახერხო, რაც დედაჩემმა ჩვენთვის გააკეთა. იმედი მაქვს, მეც ისეთივე ღირსეული ქალი და დედა ვიქნები. ის ჩემი წარსულიც არის და მომავალიც, ცხოვრების დიდი მაგალითი, მაგრამ დედის ფოტოს რომ ვუყურებ, თითქოს ყველაფრის ძალა და სურვილი მეკარგება.
– როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, გგონია, თითქოს ეს ყველაფერი შენს თავს კი არ ხდება, სიზმარია. როცა რაღაც გიჭირს, სწორედ დედაა ის ადამიანი, ვისთანაც შეგიძლია, გული მოიოხო, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია, გქონდეს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ მამაც არაჩვეულებრივი მყავს. კარგი ადამიანია. ახლა ის ჩემთვის მამაც არის და დედაც. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მოვალეობები გაუორმაგდა. ბევრ ისეთ რაღაცას, მხოლოდ დედას ვუმხელდი და მერე დედა მამას ეუბნებოდა. ახლა კი კარგი ხდება თუ ცუდი ჩვენს ცხოვრებაში, სახლში ხმამაღლა ვამბობთ.
– ამ მდგომარეობამ, ალბათ, კარგა ხანს არ მოგცა მუშაობის საშუალება. მსახიობისთვის ხომ ძნელია ამხელა ჭრილობით თამაში?
– ორი დღის შემდეგ მივედი ტელევიზიაში და ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. მივხვდი, რომ ჯობდა ცხოვრება გამეგრძელებინა. არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს სულიერად კვდებიან და თავს ძალას ვერ ატანენ. მამაკაცების შემთხვევაში ხდება ისე, რომ სმას ეტანებიან, იმიტომ რომ ამხელა სტრესს ვერ იტანენ. მივხვდი, რომ ამით ისევ ჩემს თავს დავაკლებდი, არაფერს კარგს ეს არ მომიტანდა. დედაჩემს ასე უფრო მოეწონებოდა, გაუხარდებოდა. სხვათა შორის, მის მფარველობას სულ ვგრძნობ. შეიძლება, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ემოციები მალაპარაკებს, მაგრამ მართლა განსაკუთრებულად ვგრძნობ მის გვერდით დგომას. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა, მოვდუნებულიყავი და განცდები რომ გაივლიდა, მერე დავბრუნებოდი სამსახურს. თავს ვერ მივცემდი უფლებას, ვიღაც მელოდინებინა, თუმცა, მათი მხრიდან იყო წინადადება, ცოტა ხანს შემესვენა, მაგრამ მე ეს ძალიან მჭირდებოდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ეს ტკივილი ჩემმა სამსახურმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, საყვარელმა ადამიანებმა გადამატანინეს. მართალია, მაშინ ჯერ არ ვიყავი გათხოვილი, მაგრამ კახამაც დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში. გარკვეული პერიოდი აღარც ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე. ყველაფერი თავისთავად მოხდა.
– ასეთი კარგი გოგო, ასეთი ნაღვლიანი თვალებით... არადა, როცა ეკრანზე ჩანხარ, ვერავინ იტყვის, რამე ადარდებსო. პირადად მე, ამას ვერ ვიფიქრებდი.
– აი, ასეთი ვარ ცხოვრებაში, ეკრანისგან განსხვავებით. ძალიან არ მომწონს, როცა ვიღაც ეცოდებათ და მეშინია ამ სიტყვის. ჩემთვის მტკივნეულია. თანაგრძნობა უფრო თბილი და კარგი სიტყვაა. იცი? ერთი რაღაც აღმოვაჩინე: ფოტოებშიც, როგორც არ უნდა ვიცინოდე, ძალიან სევდიანი თვალები მაქვს. ამბობენ, თვალები უფრო კარგად გადმოსცემს ადამიანის შინაგან მდგომარეობასო. მიხარია, თუ ეს ვიღაცისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ესე იგი, ეკრანზე კარგად ვნიღბავ ჩემს შინაგან მდგომარეობას, ანუ კარგად ვიტყუები.
– ხშირად ვიღაცას შენი არ ესმის, გაშანტაჟებს, ცხოვრებას გინგრევს. როცა ხედავ, რომ ვიღაცასთან ურთიერთობა არ ეწყობა, როგორ იქცევი?
– ბევრ ადამიანს უტკენია ჩემთვის გული და ალბათ, მეც მიტკენია ვინმესთვის. სულაც არ მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მე ბოდიშის მოხდაც თავისუფლად შემიძლია. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები იმას, რომ თუ ადამიანს შეცდომას აპატიებ, მაშინ ბოლომდე მიუტევე. ეს ხან გამომდის, ხან – არა. ძალიან ახლო მეგობარსაც უტკენია გული, მაგრამ მივმხვდარვარ, რომ ბავშვობის სიყვარული და მეგობრობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კონკრეტულ სიტუაციაში რაც მოხდა. ჯობია, ამ გრძნობით გააგრძელო ცხოვრება, ვიდრე სიძულვილით. ყველაფერს იუმორით ვუდგები და ეს მშველის. როცა რამე პრობლემაა, ასე ვიქცევი. ჩემს თავს ცოტა „ვეღადავები“. შეიძლება, ადამიანებს გაექცე, მაგრამ პრობლემებს ვერსად გაექცევი, ის მხოლოდ შენი მოსაგვარებელია. აბლაბუდას ქსელი გაებმევა და ყველაფერი აგერ-დაგერევა. უნდა დაჯდე და დაალაგო აზრები, ოღონდ სიცილით, თორემ გული გაგისკდება.