კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიღო საქართველომ თავის თავზე რუსეთ-ირანის ურთიერთობის განმამტკიცებლის ფუნქცია და როგორ აპირებს ირანული პროდუქცია საქართველოს მეშვეობით ევროპულ ბაზარზე შეღწევას

გასულ კვირას ჩვენი ჟურნალის სომეხმა რესპონდენტმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა სომხური და ქართული ეკონომიკური გარემოს დამსგავსების მიზნის შესახებ (საქართველოს ირანთან სახმელეთო ურთიერთობის დამყარება სწორედ სომხეთის გავლით მოუწევსო). მეორე მხრივ, ქართულ-ირანულ დატკბობას რფ მეტად ჩუმად ადევნებს თვალს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესში ირანთან დაკავშირებაა, რაშიც ჩაკეტილი საქართველო უშლის ხელს, არ არის გამორიცხული, რუსეთი სომხეთის დახმარებით საქართველოს გავლით ირანთან გზასაც ჭრიდეს. ამის პარალელურად, რანგით ნომერ პირველმა ქართველმა დიპლომატმა ყარაბაღის კონფლიქტში მხარეთა შორის შუამავლობის სურვილიც გამოთქვა. შექმნილი უცნაური რეალობის ანალიზს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.

– მეჩვენება, რომ ირანის დასავლეთისკენ გასასვლელი ორი ალტერნატიული გზა გამოიკვეთა: ირანი-სომხეთი, საქართველო-რუსეთი და ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო. ეს ჩემი ეჭვი ყურით მოთრეულია თუ აქვს რეალური საფუძველი?

– ეს ეჭვი ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად უნდა ევროპას ირანთან ურთიერთობა.

– ვგულისხმობ იმას, თუ უნდა ევროპას ირანის გარევა საერთაშორისო მარაქაში. რა სარგებელსა და საფრთხეს შეიცავს საქართველო-სომხეთ-ირანის დერეფანი ჩვენთვის, რუსეთისა და ევროპისთვის?

– საკითხი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელზეც, ამ ქვეყანაში სააზროვნო ჯგუფები რომ იყოს, ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგა ხნით ადრე უნდა გადაეთვალათ პასუხების ვერსიები და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. შიშველი ხელით თუ შევეჭიდებით ამ პრობლემას მე და თქვენ, უნდა ვიმსჯელოთ იმ ფაქტებით, რაც ზედაპირზეა. ირანისთვის ხელსაყრელია საქართველოსკენ მოძრაობა, იმიტომ რომ მისი საქონელი უფრო იაფი და ნაწილობრივ დოტაციურია, რადგან მეწარმეები ენერგეტიკულ კომპონენტში ფულს არ იხდიან. სწორედ ამ დოტაციურობის გამოა, რომ ევროპული ბაზარი ირანული საქონლისთვის დახურულია. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ირანული საქონელი პირდაპირ წავიდეს ევროპისკენ. ამდენად, ამ საქონლის ირიბი გზებით სხვადასხვა ქვეყნებიდან გავრცელება, ალბათ, ირანის ეკონომიკური ინტერესია. ასეთი გამავრცელებელი საკვანძო პუნქტი კი შესაძლოა, გახდეს საქართველო.

– საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ზონებში შექმნილ საწარმოებს შეუძლიათ, შემოიტანონ სხვადასხვა ქვეყნებიდან ნახევარფაბრიკატები, რომლებიც აქ დაფასოვდება, დაეწერება, რომ „წარმოებულია საქართველოში“ და ის ევროპულ ბაზარზე შევა, როგორც ქართული პროდუქტი.

– ანუ ირანულ საქონელს დაეფარება ქართული იარლიყი. მგონია, რომ ეს ხაზი ჩვენთვის სახიფათოა, რადგან ირანის იაფფასიანი პროდუქტის შემოსვლა, მოკლავს იმავე ტიპის პროდუქციის წარმოებას საქართველოში. ისედაც რა საწარმოო პოტენციალი გვაქვს და ამით, ფაქტობრივად, ჯვარი დაესმება. რაც შეეხება რუსეთის ინტერესს: საქართველოს ირანისკენ მოძრაობა ზრდის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საქართველოსა და სომხეთს შორის: სომხეთი გამოდის ისეთივე სატრანზიტო ქვეყანა, როგორებიც დღეს საქართველო და აზერბაიჯანია. ასეთ თანამშრომლობაში ჩაბმული ქვეყნები კი ერთმანეთთან პარტნიორობას სხვა საკითხებშიც განაგრძობენ. მით უმეტეს, რომ რუსეთი მცირე ნაბიჯებით მიდის სარკინიგზო გზით სომხეთისკენ, შემდეგ ბუნებრივია, ირან-რუსეთის ურთიერთობას სხვა ელფერი მიეცემა. თუმცა დღეს ირან-რუსეთის ურთიერთობა ვარდისფერი ნამდვილად არ არის, ამიტომ ძნელი საპროგნოზოა, მართლაც მეგობრობენ თუ არა ისინი. ასე რომ, შესაძლოა, რუსული ინტერესი ირანთან ურთიერთობაში თვითონ ირანმა გაცვალოს სხვა, მისთვის უფრო ხელსაყრელ ვერსიაზე. ჯერჯერობით რუსეთი ერთ-ერთი ხელსაყრელი პარტნიორია ირანისთვის, რაც გამოჩნდა იმით, რომ ირანმა ბირთვულ ექსპერტიზაზე რუსები და ჩინელები დაუშვა. ამდენად, მოცემულ ეტაპზე ჩვენ ვხდებით რუსულ-ირანული ურთიერთობის განმტკიცების ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა, ვიმეორებ, ეს შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი და მტკიცე მეგობრობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა, პოლიტიკურისგან დამოუკიდებლად განვითარდეს, რაც რუსეთს ხელს აძლევს.

– აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო, შეიძლება, დადგეს რკინიგზის გახსნის საკითხი უკვე ირანის მონაწილეობით და ეკონომიკური საფარველის ქვეშ აღმოჩნდეს, რომ პოლიტიკური დათმობა გამოგვივიდა?

– რკინიგზის გახსნაზე ანალიზისას იგულისხმებოდა, რომ რუსეთს იმდენად აინტერესებდა სომხეთის რკინიგზა, რამდენადაც ის ირანამდე გრძელდებოდა. ასე რომ, თუ სომხეთამდე მივა რკინიგზა, ირანი პრობლემა აღარ არის. რაც შეეხება ქართულ ინტერესს: გამორიცხული არ არის, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევდეს, რომ ირანის იაფი პროდუქცია ჩვენი ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სხვა ქვეყნის პროდუქცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ირანის პროდუქცია არ არის იმ დონის, რომ დიდად ბედნიერი იყო ამის გამო. ყველამ ვიცით, რამდენი მსხვერპლი მოჰყვა ირანულ გამათბობლებს. მეორე მხრივ, როგორც გითხარით, ირანული პროდუქცია თავისი სიიაფით ხელ-ფეხს შეუკრავს ქართულ წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს: ირანისკენ ორიენტაციამ საქართველოს შეიძლება, კიდევ ერთი სავაჭრო თემა მისცეს. 2008 წლის შემდეგ, როგორც დასავლეთს გაუჩნდა უნდობლობა საქართველოს მიმართ, ისევე გაუჩნდა საქართველოსაც დასავლეთის მიმართ. ფაქტია, რომ საქართველოს გაუჩნდა იმის განცდა, რომ დასავლეთი, თუკი რამე არ მოეწონება, ზურგს შეაქცევს.

– ოთხ-ნახევარი მილიარდი, აბა, ვინ მოგვცა? ეს არ ჰგავს ზურგშექცეულს, ჩვენ ნაცვლად კი დასავლეთს არც ევალება, იმუშაოს?

– რა თქმა უნდა, მაშინ ასე ვთქვათ, ზურგი გვაქცია 45-გრადუსიანი კუთხით, ამიტომაც არის ჩვენთვის წარმოუდგენელი დასავლეთზე უარის თქმა. მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველოს დღევანდელ ადმინისტრაციას დაუდგა ის საკითხი, რაც ერთხელ უკვე იდგა საქართველოს წინაშე.

– რას გულისხმობთ?

– როდესაც სოხუმი ისე დაგვამხეს რუსებმა თავზე, რომ დასავლეთს ხმა არ ამოუღია, ისევე, როგორც ყარაბაღი ისე დაამხეს ბაქოელებს თავზე, რომ ხმა არ ამოუღიათ. ამიტომაც ერთ ბედქვეშ მოხვედრილმა ალიევმა და შევარდნაძემ გააკეთეს ის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ დასავლეთი კვებავს თავის პარტნიორებს, მაგრამ, თუ უფრო პრაქტიკული ინტერესი უჩნდება, ხელებს იბანს. ეს დასკვნა გახდა იმის საფუძველი, რომ მათ დაიწყეს ფიქრი ნავთობსადენის მშენებლობაზე, დააინტერესეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამის შემდეგ მოეწყო პირველი ტერაქტი შევარდნაძეზე რუსეთის მხრიდან. ფაქტობრივად, ამის შემდეგ დაიწყო დასავლური დიპლომატიის აღლუმი კავკასიის მიმართულებით. ასე რომ, პირველად ამერიკელების დაინტერესება კავკასიით სწორედ კავკასიელების მიერ იყო ინიცირებული და მეეჭვება, ამერიკელების მთავარი ინტერესი კავკასიაში დემოკრატიის დამყარება ყოფილიყო. თუკი დასავლეთი ასეთი პრაგმატიკოსია, საქართველოს დღევანდელ ადმინისტრაციასაც უნდა გასჩენოდა აზრი, რომ მის ხელთაც უნდა იყოს რაღაც ბერკეტი, პრაგმატიკოსი დასავლეთის თავისკენ შემოსატრიალებლად. მათ შორის, იმ მიმართულებითაც, რომ კონფლიქტების გადაწყვეტაში დასავლეთი ბეჯითად ემხრობა ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს.

– შეუძლია კი რამის გაკეთება?

– რომ ვხედავდეთ, რომ ცდილობს მაინც, ესეც სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ დასავლეთი ამის საფუძველსაც არ იძლევა. ხომ შეუძლია, სანქციები დაუწესოს რუსეთს, თუკი ირანს უწესებს, როდესაც ირანის ქცევა არ მოსწონს?! ფაქტია, რომ რუსეთთან ასეთ სანქციებზე დასავლეთი არ წავა, მაგრამ საქართველომ რომ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს თავისი მოთხოვნები, არ არის გამორიცხული, გააფართოოს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და დასავლეთს დაანახვოს, რომ მხოლოდ დასავლეთი არ არსებობს და ალტერნატივის სახით ჩასვას დასავლეთისთვის ისეთი მიუწვდომელი სუბიექტი, როგორიც ირანია.

– მაგრამ აჰმადინეჯადი ხომ არ არის, ვთქვათ, ედუარდ კოკოევი, ასე რომ ეთამაშო? შემოიყვანო და შემდეგ გადააგდო? მგონია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოპატიჟება ჩვენი საქმე იყო, მაგრამ გაშვება უკვე მთლად ჩვენი საქმე აღარ იქნება?

– როგორც აღმოჩნდა, კოკოევიც არ ყოფილა ასეთი.

– მით უმეტეს.

– რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივად სათამაშო სიტუაცია და არ ვიცი, აქვს თუ არა ბოლომდე გათვლილი ქართულ მხარეს შესაძლო შედეგები და არის თუ არა მზად პროფესიულად სამოქმედოდ ამ მიმართულებისთვის.

– საქართველო-სომხეთ-ირანის ხაზი არ ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ინტერესს?

– რა თქმა უნდა.

– მერედა, ღირს ასეთი მოკავშირის დაკარგვა?

– აზერბაიჯანის ინტერესი ნებისმიერ შემთხვევაშია გასათვალისწინებელი, რადგან უნიკალური მეზობელია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანის ინტერესი სხვა გზით დაკმაყოფილდეს.

– კერძოდ? ყარაბაღის მიმართულებით ჩვენი დიპლომატიის გააქტიურებას გულისხმობთ?

– ჯერ ერთი, ყარაბაღის მიმართულებით საეჭვოდ გააქტიურდა ქართული მხარე, არადა ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო, მეორე მხრივ კი, ფაქტია, რომ ძალიან მაღალ დონეზეა კონტაქტები ბაქოსთან, ერევანთან კი – უმაღლეს დონეზე.

– თებერვლის ბოლოს სააკაშვილს ერევანში ელიან.

– ალბათ, ასეთი კონტაქტები შემთხვევითი არ არის. საქართველომ შეიძლება, მოძებნოს ბაქოსთვის რამე საინტერესო თემა, რის ფონზეც ბაქო აღარ იქნება მგრძნობიარე ირანულ-სომხური მიმართულებისადმი. ასეთი საინტერესო თემა შეძლება, აღმოჩნდეს გაზსადენი, რომლის გაყიდვაზეც ბეჯითად საუბრობს ქართული მედია.

– სანაცვლოდ „სოკარს“ ჩვენი მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდონ? მაგრამ, შემდეგ რომ „სოკარმა“ ეს გაზსადენი რუსეთს მიჰყიდოს?

– თეორიულად გამორიცხული არაფერია, მაგრამ რუსეთმაც რომ არ იყიდოს, თუკი შენ აღარ გექნება, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ექნება, შენს ფუნქციას მაინც ხომ კარგავ გაყიდვით?!

– სულ მიკვირს, მაგისტრალური გაზსადენი თუ გაიყიდა, პორტები თუ გაიყიდა, საიდანღა გვაქვს დერეფნის ფუნქცია? დერეფანი ხომ არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ის ხომ პოლიტიკური მოთამაშის წონასაც გაძლევს?

– როდესაც ჰყიდი, ეს ყველაფერი ზეწოლის ინსტრუმენტი აღარ არის: უბრალოდ, შენს ტერიტორიაზე გაივლის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და რთული თამაში წამოიწყო საქართველომ. საიდანაც შეიძლება, ვიხეიროთ კიდეც, ოღონდ რისკის ხარისხი მაღალია.

– ამერიკას უნდოდა ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართვა, მაგრამ რუსებმა და სომხებმა ეს დაბლოკეს თავ-თავიანთი ინტერესებით. საქართველო შუამავლობის შეთავაზებით ამერიკისთვის თამაშობს თუ თავისთვის?

– ფაქტია, რომ ამერიკა საკმაოდ თბილად შეხვდა ყარაბაღის თემის მოგვარებას თურქეთის მეშვეობით და სომხურ-თურქული კონტაქტები ლამის ამერიკის უმაღლესი დონის წარმომადგენელთა ხელდასმით აღდგა. ამ ფონზე არადამაჯერებელია, რომ ამერიკამ უცბად შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში დაინახა შუამავლის პოტენციალი. ასეთი ფუნქციის შესრულებისთვის, როგორც წესი, უფრო ძლიერი ქვეყანა გამოდგება, ვიდრე ისეთი, რომელსაც შეიძლება, რომელიღაც მხარემ სიტყვა შეუბრუნოს. საქართველოს არ აქვს ამჟამად კავკასიაში მყარი პოზიცია.

– ანუ თვითონ აიღეს თავის თავზე შუამავლის ფუნქცია?

– მე მაინც საკუთარი ინიციატივით აღებული ფუნქცია მგონია, ან გაკეთებულია იმისთვის, რომ ამ ფუნქცით რაღაცნაირად სხვა საკითხები მოაგვაროს ქართულმა მხარემ.

– რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ქართველობა ავტომატურად ნიშნავდა ევროპელობას და კავკასიური წარმომავლობის ხსენებაც არ გვინდოდა. ფესვებს ვუბრუნდებით?

– რეგიონული პოლიტიკა საერთოდ არ ტარდებოდა და, ამდენად, აი, ასე უცბად რეგიონული თემის წინ წამოწევა, რა მოტივითაც უნდა იყოს, მაინც პოზიტიურია. თუნდაც ცოტათი, მაგრამ ეს მაინც გაზრდის საქართველოს წონას. ერთი პერიოდის განმავლობაში თურქული თემა იყო წამყვანი კავკასიასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემამ ფეხი ვერც სომხეთში მოიკიდა და ვერც თურქეთში. ჩემი აზრით, თურქული ვერსია, რომ თურქეთი იქნებოდა ლიდერი კავკასიაში, აღარ განვითარდა, ამიტომაც მგონია, რომ ჯერჯერობით მაინც რუსეთი და დასავლეთი იბრძვიან კავკასიისთვის. თუმცა ისიც სათქმელია, შეიძლება თუ არა, ამას ბრძოლა ვუწოდოთ. ოღონდ ის კი აშკარაა, რომ კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები არ ემთხვევა, ხოლო, თუკი ქართული ხაზი ირანისკენ გაგრძელდა და განვითარდა, შესაძლოა, ირანი გააქტიურდეს კავკასიაში.


скачать dle 11.3