რატომ ამბობს უარს საქართველოს ხელისუფლება, მიიღოს ფული უცხოელი დონორებისგან ომით დაზარალებულებისთვის სრული კომპენსაციების გასაცემად
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი უახლესი წარსულია, რომლის შედეგებსაც ვიმკით, დევნილები თითქოს ორად არიან გაყოფილი: ამჟამინდელ ხელისუფლებას გული უფრო 2008 წელს დაზარალებული მოსახლეობისკენ უწევს და უჩვეულო შეუვალობას იჩენს 1992-1993 წლების ომით დაზარალებულების მიმართ. აფხაზეთიდან დევნილები იმასაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დევნილთა განსასახლებლად თანხა შევარდნაძის ხელისუფლებასაც გამოუყო, თუმცა თანხა გაიფლანგა და მათ ამის სანაცვლოდ, ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, სახელმწიფოს კუთვნილი ცარიელი შენობების დაკავების უფლება მიეცათ. თუმცა ეს საქმე ისევე ჩაიფარცხა და მიეცა დავიწყებას, როგორც 1992-1993 წლების ომის დამარცხების მიზეზები. ამის მიუხედავადაც, რაკი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებისა და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის სურვილი გვაქვს, არანაკლებ საინტერესოა, რა უფლებები აქვთ დევნილებსა და ომით დაზარალებულ ადამიანებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით. ადვოკატი ლია მუხაშავრია სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს და, ბუნებრივია, პრობლემის ანალიზიც სწორედ მას ვთხოვეთ.
– კანონმდებლობით, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ომით დაზარალებული საკუთარი მოსახლეობის მიმართ?
– ჩვენს კანონმდებლობაში საკმაოდ კარგად არის ყველაფერი ნათქვამი. საომარი მდგომარეობის კანონში პირდაპირ წერია, რომ ომით მიყენებული ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ მხრივ, იმდენად კარგი კანონმდებლობა გვაქვს, რომ არანაირი საერთაშორისო კონვენციები არ გვჭირდება და ჩვენი კანონითვე შეგიძლია, მოითხოვო ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანი კი 2008 წლის ომის დროს ადამიანებს, ძირითადად, იმის გამო მიადგათ, რომ მათ მშვიდობიან საცხოვრებელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები უნდა დაწყებულიყო და ისინი არ იყვნენ ევაკუირებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.
– ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში არ ელოდა რუსეთის ჩაბმას საომარ მოქმედებებში. ამ შემთხვევაშიც აქვს სახელმწიფოს ევაკუაციის ვალდებულება?
– ჩვენ იმიტომ ვიხდით გადასახადებს და ვინახავთ თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურებს, რომ მოვემზადოთ საომარი მდგომარეობისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ პაატა დავითაიას კომისიის მასალები, სადაც პირდაპირი აღიარებითი ჩვენებებია, რომ ხელისუფლება არ მოელოდა საომარ მოქმედებებს და არ ეგონა, რომ ევაკუაციის საჭიროება იქნებოდა. გაითვალისწინეთ, იმ საომარ ვითარებას ჰქონდა ის სპეციფიკა, რომ ეს ხალხი ბოლო თხუთმეტი წელია, აფეთქებების ფონზე იძინებდა და ამიტომაც, როდესაც აქტიური საომარი ოპერაციები დაიწყო, მათ ამისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ. მეტიც, არ არსებობდა სამოქალაქო თავდაცვის გეგმა და ამას ადასტურებს დავითაიას კომისიის მასალებიც. მთავრობას აქვს ევაკუაციის ვალდებულება და არა მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს. გახსოვთ, როდესაც ველისციხეში პოლიციამ მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია მოსალოდნელი სტიქიური უბედურების გამო. მთელი სოფელი დაცალეს. სხვათა შორის, ევაკუაცია პირველად განახორციელეს ბრიტანელებმა 1938 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ბრიტანეთის პარლამენტმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაიწყო ზრუნვა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ამის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გადაიღო ეს პრაქტიკა და დღეს ეს სავალდებულოა. გეოფიზიკოსებმა მითხრეს, რომ ჩინეთში 8 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა მიწისძვრის საშიშროების გამო. სამჯერ გაიყვანეს მოსახლეობა და ნგრევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. ჩვენთან თავად მთავრობას არ ჰქონდა გააზრებული ეს პასუხისმგებლობა. მე ისიც მესმის, ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტში იმდენი ფული, რომ ყველა დაზარალებულს დავეხმაროთ.
– თეორიულად მაინც შესაძლებელია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ყველა ომით დაზარალებულს?
– ევროკავშირმა გრანტის სახის მოგვცა ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი და იქ არ ჩაუწერია, მაინცდამაინც, ინფრასტრუქტურის აშენებას მოახმარეთო. როდესაც, ერთი მხრივ, გყავს კოტეჯებში, გაუსაძლის პირობებში შესახლებული მოსახლეობა და, მეორე მხრივ, აცხადებ, რომ ევროპული დონის ტრასებს აშენებ, ეს შეუსაბამობაა. სანამ არ ვისწავლით საკუთარი მთავრობის კონტროლს, სანამ არ გავაგებინებთ, რომ, რაც შევუკვეთეთ, ის უნდა გააკეთონ, ჩვენი საშველი არ იქნება. მუშაობის პროცესში ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე: არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. სხვათა შორის, ჩვენი საქმიანობა ცნობილია ოსებისა და აფხაზებისთვის. იცით, რომ აფხაზეთში შეიქმნა ორმხრივი კომისია.
– და გვთხოვენ 13 მილიარდს, როდესაც ჩვენ მხოლოდ ოთხ-ნახევარი მოგვცეს?
– უბრალოდ იმის აღიარებაც კი, რომ ეს ჩვენი გადასახდელია, შესანიშნავი შესაძლებლობაა შემორიგების პოლიტიკის დასაწყებად. თქვენ ფული ასესხეთ ვინმეს და არც იმჩნევს, რომ თქვენი ფული მართებს, ხომ გაბრაზებთ ეს? მაგრამ თუკი თითოეული შეხვედრისას შეწუხებული გეუბნებათ, მე, რა თქმა უნდა, შენი ფული მმართებს, მაგრამ ახლა არ მაქვს და როგორც კი მექნება, მაშინვე მოგცემო, თქვენ სულ სხვა დამოკიდებულება გექნებათ. ასეა პოლიტიკაშიც.
– აფხაზებსა და ოსებსაც ეკუთვნით, ალბათ, ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ მათ ჩვენს მოქალაქეებად ვაღიარებთ.
– ომისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას არანაირი კავშირი არ აქვს მოქალაქეობასთან და არც ეთნიკურ წარმომავლობასთან. ქონებრივი უფლება არის წმიდათაწმიდა. თუკი შენს ტერიტორიაზე მიადგა ზიანი კერძო საკუთრებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის, უნდა აანაზღაურო. არსებობს კიდეც ამის პრეცედენტები: მაგალითად, გერმანელებმა გადაუხადეს ებრაელებს კონტრიბუცია.
– მაგრამ, როგორც ამბობენ, ამან ლამის გააკოტრა გერმანია?
– მაგრამ გადაიხადეს. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში დაიწყო უზარმაზარი მოძრაობა, რომ ყველა იმ ებრაელის ფული, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე შვეიცარიის ბანკებში იყო და ომის შემდეგ გაქრა, აანაზღაუროს შვეიცარიის მთავრობამ. ანუ ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მთელ მსოფლიოში აღიარებული პრინციპია, რომელსაც ქვეყნები ასრულებენ. წარმოვიდგინოთ: თუ ეს პრინციპი ყველამ გააცნობიერა, ძალიან ძნელად მიიღებს ამის შემდეგ ვინმე ომის დაწყების გადაწყვეტილებას და არც პროვოკაციაზე წამოეგება ასე იოლად. ჩვენ არ ველით, რომ ქართული სასამართლო გადაწყვეტს ამ საკითხს და ეს სწრაფად მოგვარდება, მაგრამ, რამდენი წელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გეტყვით: 2008 წლის ომის დევნილები ამბობენ, თუ მივიღებთ კომპენსაციას, თუნდაც, ეს არ იყოს მათი ქონების ადეკვატური თანხა, დავბრუნდებით ჩვენს ეზო-კარში და იქ ვიცხოვრებთ, ოსებთან არანაირი პრობლემები არ გვექნებაო. ამას, სამწუხაროდ, აფხაზეთიდან დევნილები არ ამბობენ.
– აფხაზეთიდან დევნილებს არანაირი კანონი არ ეხება? როგორც ამბობენ, მაშინაც გამოიყო რაღაც თანხა მათ დასაბინავებლად, რომელიც წინა ხელისუფლებამ უბრალოდ შეჭამა?
– ის კანონმდებლობა, რომელზეც ვლაპარაკობთ, მიღებულია აფხაზეთის ომის შემდეგ. საომარი მდგომარეობის კანონი 1997 წელს, ქონების რესტიტუციის – 2007 წელს და ეს კანონები ვერ გავრცელდება აფხაზეთიდან დევნილებზე.
– აფხაზების მიერ შექმნილი ორმხრივი კომისია ახსენეთ. იმ კომისიის მოსაზრებით, ქართველებს, თურმე, არანაირი კერძო საკუთრება არ ეკუთვნით აფხაზეთში?
– ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, მაგრამ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, იმას წყალი არ გაუვა, რადგან სამართალი უნდა აღსრულდეს. 2007 წელს არის მიღებული სპეციალური კანონი „სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონების რესტიტუციის შესახებ“. ეს ევროპის მოთხოვნა იყო და ჩვენ ეს ვალდებულება ვიკისრეთ. იმ კანონში პირდაპირ წერია, რომ ომით დაზარალებულს იგივე ქონება უნდა მიეცეს ნატურით, რაც ჰქონდა, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მიეცეს ფული. პროცედურაც საკმაოდ გამარტივებულია.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენმა მთავრობამ უნდა გადაიხადოს ეს თანხა.
– თუ იქნება კეთილი ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება, ფული მოიძებნება, იმიტომ რომ მსოფლიოს სჭირდება კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა.
– გამოდის, თქვენ ახლა საქართველოს მთავრობასაც აძლევთ რეკომენდაციას: გადადგას ეს ნაბიჯი და პოტენციურ ამომრჩეველსაც მოიმადლიერებს და დონორთა ფულსაც იშოვის?
– რა თქმა უნდა, გამჭრიახმა და ჭკვიანმა პოლიტიკოსმა ეს არგუმენტები ბაირაღივით უნდა აფრიალოს: მოვალთ ხელისუფლებაში და ამას გავაკეთებთო. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკოსს გავუწევთ უფასო კონსულტაციას, ვისაც ამის სურვილი ექნება. წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთეა ამდენი გაუბედურებული ადამიანის ფეხზე დადგომა.
– ესე იგი, სანამ 2008 წლის ომით დაზარალებულთა საკითხი, უკეთეს შემთხვევაში, ქართული, უარესში კი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ გადაწყდება, აფხაზეთიდან დევნილებს არაფერი ეშველებათ?
– სამწუხაროდ, ასეა. ეს კანონის ხარვეზია, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილებისთვის არავის ჩამოურთმევია ლობირების უფლება. მათ აქვთ უფლება, პოლიტიკოსებს მიაღებინონ ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. კანონის ერთი მუხლით შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი.
– აქაც უცხოელი დონორები დაგვეხმარებიან ხარჯის დაფარვაში, ანუ ესეც „ტექნიკის“ საქმეა?
– რა თქმა უნდა. აფხაზეთიდან დევნილების ერთადერთი გარანტია იყო შევარდნაძის განკარგულება, რის მიხედვითაც, მათ შეეძლოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი შენობების დაკავება. ეს განკარგულებაც გაუქმებულია და, ფაქტობრივად, თავისუფალი შენობაც აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ სულ ხუთი ადამიანი, კეთილი ნების ადვოკატები. ჩვენ ვიშოვეთ ფული, რომ ჩვენი სამუშაო ვაკეთოთ და ვცდილობთ, ეს სამყარო შევცვალოთ. როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში ხარ, შენ თვითონ არ უნდა ეცადო, რომ რამე შეცვალო?! ჩვენი ძირითადი დამფინანსებელია სოროსის ოფისი ბუდაპეშტში, ხანდახან ჩვენთან არსებული ფონდიც გვეხმარება. სტრასბურგში ვიცავ ზვიადისტ ქალბატონს, რომელიც იყო რეპრესიების მსხვერპლი. ეს ქალბატონი ჩემთან მოვიდა და თავისი ისტორია მიამბო, როგორ გახდა წამების მსხვერპლი მეუღლესთან და შვილთან ერთად. როგორ მოათავსეს უკანონოდ ჩვილ ბავშვთან ერთად ისეთ საკანში, სადაც ბავშვს დიზენტერია დაემართა. დამოუკიდებლად მოახერხა ის, რომ ქართულმა სასამართლომ რეპრესირებულად აღიარა. დავით ზეიკიძე, თბილისის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, წაჰყვა მოწმედ სასამართლოში და მისცა ჩვენება, პირადად ბევრჯერ გამიცია უკანონო ბრძანება ამ ქალის უკანონო დაკავებაზეო. როდესაც ვკითხე, როგორ მოახერხეთ-მეთქი, მითხრა, მე და ზეიკიძე ერთ უბანში ვცხოვრობთ. ერთმანეთს ვხვდებოდით ქუჩაში და ერთხელაც მომესალმა. როდესაც ეს საქმე წამოვიწყე და ქუჩაში შევხვდი, ვკითხე, ხომ არ დამეხმარებით-მეთქი და დამთანხმდა, მოწმედ წამოვალო. ამ ქალბატონს ვუთხარი, რომ ჩვენ ვმუშაობთ სოროსის ფულით და თქვენ გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა თანახმა-მეთქი. რა თქმა უნდა, თანახმა ვარო. ჯორჯ სოროსს პირადად ვიცნობ და ყველას ვეუბნები, ასეთი ადამიანი ასი რომ იყოს დედამიწაზე, ჩვენი სამყარო უკეთესი იქნებოდა.
– ამ კონკრეტული ქალბატონის კომპენსაციის თანხაც სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას აქ ავტომატურად მოჰყვეს გამოძიება, დადგინდეს, კონკრეტულად, რომელი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და კონკრეტულ თანამდებობის პირებს გადავახდევინოთ თანხა თავიანთი ჯიბიდან, რადგან გამოდის, რომ მე იქ საქმეს ვიგებ და ამით ჩვენს ბიუჯეტს ვაცარიელებ იმიტომ, რომ კონკრეტულმა ჩინოვნიკმა გადაცდომა ჩაიდინა.
– სტრასბურგშია, ასევე, აფხაზეთიდან რამდენიმე დევნილის საქმე, რომლებიც აფხაზეთში თავიანთი ქონების დაბრუნებას ითხოვენ?
– ამ საქმეებს ძალიან მარტივი ისტორია აქვს. ისინი მოჰყვა კვიპროსის მოქალაქეებისა და ილაშკუს საქმეებს. თუ ერთი საქმე მაინც მოვიგეთ, ეს გავრცელდება ყველა ამ კატეგორიის საქმეზე. ამ ადამიანებს აქვთ საკუთრება აფხაზეთის ტერიტორიაზე, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ საკუთრების გამოყენებას.
– ვინ უნდა აუნაზღაუროს მათ ქონების დაკარგვით მიყენებული ზარალი?
– მოპასუხეა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სახელმწიფო. რუსეთი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ის ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ამ ტერიტორიებზე.
– თანაბრად დაეკისრება საკომპენსაციო თანხა რუსეთსა და საქართველოს?
– ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. მაგრამ ამ საქმის მოგების შემდეგ, საჭირო აღარ იქნება კვლავ სტრასბურგისთვის მიმართვა მსგავსი საქმეებით.
– რუსეთისთვისაც სავალდებულო იქნება აღსრულება დანარჩენ საქმეებზე უკვე სტრასბურგის გვერდის ავლით?
– რა თქმა უნდა. ევროსასამართლო თვითონ წერს დეტალურად, რა უნდა მოხდეს აღსრულების პროცესში და სახავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს ქვეყანაში, რომ მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.