დაუმორჩილებელნი
„სლეპოის“ საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹32-26(444)
– რამაზმა დარეკა. მარტინი დაუთრევიათ და გველოდებიან. წავედით! – უთხრა პეტიკომ ჰამოს და წამოდგა, – ვნახოთ ერთი, რას გვეტყვის.
– ვნახოთ, ვნახოთ, – მიუგო ჰამომ, წამოდგა და პეტიკოსთან ერთად დატოვა სახლი.
მათ ტაქსი გააჩერეს, სახელოსნოსკენ გაემართნენ და ყოველი შემთხვევისთვის ასიოდე მეტრის მოშორებით ჩამოვიდნენ. ხოლო ტაქსი რომ წავიდა, გზა ფეხით განაგრძეს. შემდეგ მომცრო ხიდზე გადავიდნენ, მარცხნივ ჩაუხვიეს და თეთრად შეღებილ, ჟალუზებიან, ერთსართულიან შენობაში გაუჩინარდნენ, სადაც რამაზი და მისი შვიდი მეგობარი იმყოფებოდნენ. იქვე იყო ბანკის პრეზიდენტი მარტინიც, რომელიც საცვლებისამარა იჯდა რკინის სკამზე და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით. პეტიკო რომ დაინახა, მწარედ ჩაეცინა, თავი გააქნია და თქვა:
– მორჩა, დავიღუპე, ყელაფერი დასრულდა, – შემდეგ თავი ჩაღუნა და ატირდა.
– რას გულისხმობ, მარტინ, რა დასრულდა და ჩაიშალა, ან რა გატირებს? – ჰკითხა მარტინს პეტიკომ, მიუახლოვდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
– ისინი ჩემს გოგონას მოკლავენ, შენ კი მე მომკლავ, – წაილუღლუღა მარტინმა, – თუმცა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი. მე ემას ბედი მაღელვებს. ჩემი გოგონა... ჩემი საცოდავი გოგონა. მარტომ, დედის გარეშე გავზარდე და რას აღარ ვაკეთებდი, რომ ხალხში გამომეყვანა, დღე-ღამეს ვასწორებდი... მაგრამ ყველაფერი წყალში ჩამეყარა.
მარტინის სიტყვებიდან პეტიკო მიხვდა, რომ მას ერთადერთი ქალიშვილი მოსტაცეს და უთხრა:
– ტირილს მოეშვი და მომიყევი, რა მოხდა.
– ემა მოიტაცეს, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, – ამოილუღლუღა მარტინმა.
– მაგას უკვე მივხვდი. დაწვრილებით მოყევი, ვინ და რატომ. თუმცა ალბათ იმიტომ, რომ აქ ჩამოგეტყუებინე.
– ჰო, – თავი დააქნია მარტინმა, – ემა შენს ჩამოსატყუებლად გაიტაცეს, მაგრამ, ვინ არიან, არ ვიცი.
– როგორ მოხდა, დაწვრილებით მოყევი.
მარტინმა ამოიხვნეშა და თქვა:
– ორი დღის წინ ოფისში ორი რესპექტაბელური გარეგნობის ჯენტლმენი მეწვია და მითხრეს, რომ კონფიდენციალური საუბარი უნდოდათ ჩემთან. როცა მარტონი დავრჩით, ერთ-ერთმა მათგანმა გამიღიმა და მითხრა:
– მშვენიერი ქალიშვილი გყოლიათ.
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის, – ვუთხარი მე, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს ჩვენს საუბართან?
– პირდაპირი. საქმე ისაა, რომ მშვენიერი ემა ახლა ჩვენთანაა და თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული მისი ბედი.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ჩემი სტუმრები გამომძალველები იყვნენ და ფული შევთავაზე, თან ვუთხარი:
– რა თანხა გნებავთ, მილიონი? ორი მილიონი? დაასახელეთ და უკან არ დავიხევ, ოღონდ ჩემს გოგონას ნურაფერს დაუშავებთ-მეთქი.
იმან კი თავი გააქნია, საზარლად გაიცინა და მითხრა:
– არა, ჩვენ ფული არ გვინდა. ჩვენ გვჭირდება პეტიკო, რომელიც სასწრაფოდ აქ უნდა ჩამოიტყუო და ემას მხოლოდ ამ შემთხვევაში გავათავისუფლებთ. თუ ეს ასე არ მოხდა, პოლიციას შეატყობინეთ, ან თავად პეტიკო ჩააყენეთ საქმის კურსში, იცოდეთ, რომ თქვენი ქალიშვილის საქმე ცუდად იქნებაო.
ერთი სიტყვით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მათ თვალწინ დაგირეკე, გელაპარაკე და აქ ჩამოსვლა გთხოვე, – უთხრა პეტიკოს მარტინმა და ისევ ატირდა.
პეტიკომ გაიარ-გამოიარა, სიგარა გააბოლა. შემდეგ მარტინის წინ შეჩერდა და უთხრა:
– მართალი ხარ, სხვა გამოსავალი არ გქონდა და შეიძლება, შენს ადგილზე მეც ასე მოვქცეულიყავი.
მარტინმა თავი ასწია და პეტიკოს ტირილით მიმართა:
– მაპატიე, პეტიკო, მაპატიე, მაგრამ ემას გარდა ამქვეყნად არავინ მყავს. ის ამ საქმეში ტყუილად გარიეს. ის ხომ მხოლოდ 17 წლისაა, და არავისთვის არაფერი დაუშავებია. მაპატიე, პეტიკო, მაგრამ ემას გამო მოვიქეცი ამგვარად.
– გეყო ტირილი, არაფერში გდებ ბრალს. მოდი, იმაზე ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.
– ვიფიქროთ, ვიფიქროთ, – გაიმეორა მარტინმა, – მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თავსაც გავწირავ, ოღონდ ჩემი გოგონა გადარჩეს.
– როგორ გგონია, ვინ იყო ის ხალხი? – ჰკითხა პეტიკომ მარტინს.
– წარმოდგენა არ მაქვს, – თქვა მარტინმა, – ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. ჰოლანდიურად კარგად ლაპარაკობდნენ, ჰოლანდიელები ნამდვილად არ არიან, უფრო აღმოსავლური გარეგნობა აქვთ.
პეტიკოს ჩაეცინა:
– აღმოსავლური გარეგნობის ჰოლანდიურად მოლაპარაკე სუბიექტები, რომლებიც ჩემს თავს თხოულობენ და ამისთვის უდანაშაულო გოგონა მოიტაცეს. ნეტავ ვინ უნდა იყვნენ?
– ჩემი საბრალო გოგონა... – ამოიკვნესა მარტინმა და ისევ აქვითინდა.
– გეყოფა ქვითინი, – შეუტია პეტიკომ, – ჩემი „დათრევის“ სცენარი როგორია?
მარტინმა ცრემლები მოიწმინდა და პეტიკოს უთხრა:
– დილის 10 საათზე გამომივლიან მანქანით და აეროპორტში უნდა წამოვიდეთ შენს დასახვედრად. ორნი იქნებიან. ერთი – ვითომ ჩემი მძღოლი, მეორე კი – ვითომ თანაშემწე. ალბათ, გზაში შეეცდებიან გაკოჭვას და გატაცებას.
– პეტიკოს „დათრევისთვის“ ორ კაცზე მეტი ვერ გაიმეტეს? – თავი გააქნია პეტიკომ და ჩაეცინა.
– შეიძლება, მეტნიც კი იყვნენ და სხვა მანქანებით გამოგვედევნონ, მაგრამ მე ასე მითხრეს.
პეტიკო და მარტინი ჰოლანდიურად საუბრობდნენ და ჰამოს გარდა მათი ყველას ესმოდა. პეტიკო რამაზს მიუბრუნდა და ქართულად უთხრა:
– როგორც ვატყობ, აქ მარტო მე და ჰამო ვერაფერს გავხდებით და თქვენი დახმარება დაგვჭირდება. დაგვეხმარებით?
– რაზეა „ბაზარი“, – მხრები აიჩეჩა რამაზმა, – შენი გეგმა გვითხარი.
მანამდე მდუმარედ მდგომმა ჰამომ პეტიკოს უთხრა:
– ბოლოს და ბოლოს, რა ხდება, არ იტყვი?
– მაცალე და გეტყვი, – უთხრა პეტიკომ ჰამოს, საათს დახედა და მარტინს მიმართა: – ღამის 3 საათია. შვიდი საათი დაგვრჩა და უნდა მოვემზადოთ.
– რას აპირებ? – იკითხა მარტინმა.
– უბრალო რამეს. იმ ხალხს „დავითრევთ“ და გამოვტეხავთ ყველაფერში. მერე წავალთ და შენს გოგონას გავათავისუფლებთ, თან ყველას დავხოცავთ.
– ყველას? ვინ ყველას? – ენის ბორძიკით თქვა მარტინმა, რომელიც პეტიკოს სიტყვების არსს ვერ ჩასწვდა.
– შენ რამ შეგაშინა? შენ ეს არ გეხება. ყველაში ჩვენს მტრებს ვგულისხმობ, ანუ იმ ხალხს, ვინც შენი ემა მოიტაცა. ახლა კი შენთან წავიდეთ. მოვემზადოთ და ჩავუსაფრთდეთ, – თქვა პეტიკომ. შემდეგ ჰამოს უამბო ყველაფერი და ორი მანქანით მარტინის სახლისკენ გაემართნენ, რომელიც ამსტერდამის ცენტრში მდებარეობდა.
***
მარტინის ფეშენებელურ სახლში მხოლოდ მასპინძელი და მისი ქალიშვილი ცხოვრობდნენ და დიასახლისის მოვალეობას 17 წლის ემა ასრულებდა. სახლში დაბრუნებულმა მასპინძელმა მოიბოდიშა და საძინებელში გაუჩინარდა. შემდეგ ჩაცმული დაბრუნდა სტუმრებთან და თქვა:
– მე და ჩემი ემა აქ ბედნიერად ვცხოვრობდით და მოსამსახურე შეგნებულად არ ავიყვანე, რომ ჩემს გოგონას სრულფასოვან დიასახლისად ეგრძნო თავი. ყველაფერს თვითონ აკეთებდა. დაუზარელი, გულკეთილი და ზრდილობიანი გოგონა იყო.
– დამშვიდდი, მარტინ, – უთხრა პეტიკომ მარტინს, – შენს გოგონაზე წარსულ დროში ნუ ლაპარაკობ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ნერვები დაიმშვიდო და შენი როლი უშეცდომოდ შეასრულო. შენ ის მითხარი, სარდაფი თუ გაქვს?
– მაქვს. რად გინდა?
– იმ ნაძირლების გამოსატეხად. ფეხებით დავკიდებთ და ყველაფერს „დავაფქვევინებთ“.
– მეც ხომ მიმაღებინებთ ამაში მონაწილეობას?
– თუ სურვილი გაქვს, რატომაც არა, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ და საათს დახედა, 9 საათია, ერთ საათში მოვლენ.
ერთმა საათმა ძალიან სწრაფად გაიარა და ზუსტად დილის ათ საათზე მარტინის სახლს „მერსედესი“ მიადგა, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა. პეტიკო, ჰამო და რამაზი ჩუმად უთვალთვალებდნენ ახალმოსულებს. პეტიკომ მარტინს ჰკითხა:
– ეგენი იყვნენ შენს ოფისში?
– კი, ეგენი.
– მიდი, შემოიტყუე!
მარტინი აივანზე გავიდა, „მერსედესში“ მსხდომებს ხელი დაუქნია და დაუძახა:
– ამოდით, ამოდით, სიტუაცია შეიცვალა და დავილაპარაკოთ.
„მერსედესიდან“ მხოლოდ ერთი ადამიანი გადავიდა. მძღოლი კი მანქანაში დარჩა.
– რამე ხომ არ იეჭვეს? – იკითხა პეტიკომ და დაამატა, – მიდი, მარტინ, შეეგებე, მაგრამ იცოდე, არ „დაიწვა“.
„მერსედესიდან“ გადმოსული მამაკაცი, რომელსაც ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა, სახლში შევიდა და მარტინს უთხრა:
– რატომ დამიძახე, მოხდა რამე?
მარტინმა მხრები აიჩეჩა. ახალმოსულის ზურგსუკან მდგომმა რამაზმა კი მას პისტოლეტი მიადო კეფაზე და უთხრა: – მიდი, მეორეც იხმე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ.
ნაცრისფერპიჯაკიანი მეორე სართულზე აათრიეს, სადაც დანარჩენები იყვნენ შეკრებილი და პეტიკომ მას უთხრა:
– ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ან ისე მოიქცევით, როგორც გიბრძანებ, ან აქვე მოგკლავ.
– რა გინდათ? – ბილებში გამოსცრა ნაცრისფერპიჯაკიანმა.
– მეორეს უხმე, მაგრამ გაფრთხილებ, თუკი მას ნიშანს მისცემ, გაუფრთხილებლად გესვრი.
ნაცრისფერპიჯაკიანმა „მერსედესის“ მძღოლს ხელი დაუქნია, იხმო და ერთი წუთის შემდეგ ისიც თავისი მეგობრის გვერდით იჯდა და ამბობდა:
– ჯობს, გაგვიშვათ, თორემ თქვენს დაჩეხილ გვამებს დააგემოვნებენ ჩრდილოეთის ზღვის მშიერი თევზები.
მძღოლის სიტყვებზე პეტიკოს გაეცინა, ჯერ ნაცრისფერპიჯაკიანს სთხლიშა კბილებში „გლოკის“ ტარი, შემდეგ – მძღოლს და დაამატა:
– ისევ იმ აზრზე ხართ თუ ზრდილობიანად მოიქცევით?
„მერსედესის“ მძღოლმა ჯერ ნაცრისფერპიჯაკიანს შეაფურთხა და უღრიალა:
– ნაგავო! გამყიდველო! – შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა ღრიალით, – გვამები ხართ, გვამები! მისტერ დიკი ყველას გაგანადგურებთ!
– სასუნთქი გადაუკეტეთ ამ „ნაბოზარს“, – მშვიდად უთხრა პეტიკომ რამაზს და, მას შემდეგ, რაც რამაზმა მას თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვა და ხელები გადაუგრიხა, პეტიკომ ნაცრისფერპიჯაკიანს მიმართა, – იტყვი რამეს თუ შენი მეგობარივით ცელოფანი წამოგაცვათ?
– რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი. ვინ ხართ, რა გინდათ და ჩემი აქ ჩამოყვანა ვინ დაგავალათ. მთავარი კი ისაა, სად იმყოფება ემა. თან მისტერ დიკის ვინაობაც გვაინტერესებს.
მძღოლმა შიშნარევი მზერა ესროლა პეტიკოს და უთხრა:
– ჩვენ მხოლოდ მისტერ დიკის ბრძანებას ვასრულებთ, სხვა არაფერი ვიცით. ალბანელი ემიგრანტები ვართ.
– მისტერ დიკი ვინღაა, ალბანელია?
– არ ვიცი, არასდროს მინახავს, – თავი გააქნია ნაცრისფერპიჯაკიანმა, – მისტერ დიკის ბრძანებებს წითური ჰანსი გადმოგვცემს ხოლმე. ჩვენ უბრალო შემსრულებლები ვართ.
– ემა სადაა?
– არ ვიცი.
– ვინ იცის?
– წითურმა ჰანსმა. ემა მან და მისმა ბიჭებმა გაიტაცეს.
სანამ პეტიკო ნაცრისფერპიჯაკიანს ელაპარაკებოდა, მძღოლს სული შეეხუთა, გონება დაკარგა და პეტიკომ რამაზს უთხრა:
– მოხსენი ცელოფანი და მოასულიერე.
რამაზმა ბრძანება შეასრულა. მძღოლს ცელოფანი მოხსნა, წყალი ასხურა, მოასულიერა და მიმართა:
– ისევ იცელქებ თუ ალაპარაკდები?
– ავლაპარაკდები, – თავი დააქნია მძღოლმა – რა გაინტერესებთ?
პეტიკომ ნაცრისფერპიჯაკიანს თავი დაანება და მძღოლს მიუბრუნდა:
– არც შენ იცნობ მისტერ დიკს?
– არა.
– წითურ ჰანსს?
– კი.
– ვინ არის?
– მისტერ დიკის მარჯვენა ხელი და შემსრულებელი.
– ახლა სადაა?
– ჩვენს ზარს ელოდება. მოლაპარაკებისამებრ, როდესაც ჩამოხვიდოდით, მისთვის უნდა დაგვერეკა და გვეთქვა. შემდეგ ისინი ტრასაზე დაგვხვდებოდნენ და მოგიტაცებდნენ.
– რამდენი კაცი ჰყავს?
– სულ რვანი იქნებიან. ორი მანქანით მოძრაობენ.
– თვითონ წითური ჰანსი სადაურია?
– არ ვიცი.
– მისი ხალხი?
– ზუსტად არც ეს ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ერის ხალხი ჰყავს, მათ შორის ალბანელებიც.
პეტიკომ საათს დახედა:
– თვითმფრინავი ნახევარ საათში ჩამოფრინდება. წავედით. მაგრამ, იცოდეთ, წითური ჰანსი და მისი ხალხი თუ გააფრთხილეთ, პირველებს თქვენ დაგხოცავთ.
პეტიკო და კამპანია სამი მანქანით გაემართნენ აეროპორტისკენ, რომ ჩამოსვლის სცენა გაეთამაშათ და წითური ჰანსი და მისი ხალხი ჩაეგდოთ ხელში. დანიშნულ დროს მძღოლმა ჰანსს დაურეკა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. კლიენტი ჩამოფრინდა და მანქანაში ზის. რა ვქნათ?
– წამოიყვანეთ და ყურადღებით იყავით. ოცდამეერთე კილომეტრთან რომ ქარის წისქვილია, იქ მანქანის გაფუჭება გაითამაშეთ და დაგველოდეთ. ჩვენც მალე მოვალთ და შემდეგ ჩვენ ვიცით.
– გასაგებია, – თქვა მძღოლმა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ პეტიკოს მიუბრუნდა და ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა.
პეტიკომ ყურადღებით მოუსმინა მძღოლს და რამაზს უთხრა:
– წითური ჰანსი რომ დაგვადგება, ზურგიდან შენ და შენი ბიჭები უნდა მიადგეთ და განაიარაღოთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში დაყაროთ, მაგრამ წითური ჰანსი ყველა ვარიანტში ცოცხალი მჭირდება. შეძლებთ?
– დარდი ნუ გაქვს, ხუთიანზე შევასრულებთ, – უთხრა პეტიკოს რამაზმა და დაამატა, – ჩვენ წავალთ, იქაურობას „ვჩიჩმავთ“და ჩავსაფრდებით.
რამაზი და მისი ხალხი ორი მანქანით წავიდნენ. პეტიკო, ჰამო, მარტინი და ორი ალბანელი კი „მერსედესით“ გაუყვნენ გზას. ოცდამეერთე კილომეტრს რომ მიუახლოვდნენ, მძღოლმა მანქანა გააჩერა და, როგორც მას წითურმა ჰანსმა უბრძანა, მანქანიდან გადავიდა და „კაპოტი“ გააღო.
– იცოდე, არაფერი მიანიშნო ჰანსს, – უთხრა პეტიკომ მძღოლს, – მიზანში მყავხარ ამოღებული და გაუფრთხილებლად გესვრი!
მძღოლი სამიოდე წუთის გადასული იყო მანქანიდან და დაცარიელებული ტრასის გადასახვევში, რომელსაც ოცდამეერთე კილომეტრს უწოდებდნენ, მანქანის „კაპოტში“ იქექებოდა. უცებ „მერსედესს“ ორი „ჯიპი“ მიადგა უკნიდან და ერთ-ერთი მათგანიდან წითური მამაკაცი გადმოვიდა სამი ახალგაზრდის თანხლებით. მათ „მერსედესის“ სალონს ალყა შემოარტყეს და ჰანსმა პეტიკოს უთხრა:
– თუ არ შეწუხდებით, ჩვენს მანქანაში გადმობრძანდით. თქვენი მაინც გაფუჭებულია და შორს ვერ წახვალთ.
პეტიკომ თვალი შეავლო მოალყეებს და ჰანსს უპასუხა:
– გმადლობთ, მაგრამ არაა საჭირო. მძღოლი მანქანას გააკეთებს და გზას განვაგრძობთ.
წითურმა ჰანსმა პეტიკოს პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა:
– მანქანიდან გადმოდი, შე ბრიყვო, ჩქარა, გაინძერი!
პეტიკომ ირონიულად გადახედა ჰანსს, რომელსაც რამაზმა კეფაზე მიადო პისტოლეტი და უთხრა:
– ფრთხილად, არ გავარდეს, – თან იარაღი ჩამოართვა, შეინახა და მისსავე „ჯიპში“ შეაგდო.
იგივე მოუვიდა ჰანსის დანარჩენ სამ მოალყესაც და ისინიც „ჯიპში“ ჩაყარეს. ხოლო მეორე „ჯიპში“ მსხდომი ჰანსის ხელქვეითები კი რამაზის ბიჭებმა მაყუჩიანი პისტოლეტებით დახოცეს და გზაზე დატოვეს. მთელი კამპანია ოთხი მანქანით რამაზის სახელოსნოსკენ დაიძრა. დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ, რამაზმა რკინის ჟალუზები ჩამოუშვა და იქაურობა ელექტრონათურებით გააჩახჩახა, შემდეგ დატყვევებული ჰანსი, მისი სამი ხელქვეითი და ორი ალბანელი მანქანებიდან გადმოათრიეს და ბეტონის კედელთან დაყარეს.
– ათს მინუს ოთხი, ტოლია ექვსის, – თქვა პეტიკომ, რომელიც დატყვევებულებს ათვალიერებდა და დაამატა: – ოთხი თქვენიანი „ჯიპში“ განისვენებს და თქვენც მათ ბედს გაიზიარებთ, თუკი ურჩობას დაიწყებთ.
– წადი, შენი დედაც! – შეიგინა ჰანსის ერთ-ერთმა ხელქვეითმა და პეტიკოს ხელით უზრდელური ჟესტი უჩვენა, მაგრამ ხელები მაშინვე ჩამოუცვივდა. რადგან რამაზმა პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია მაყუჩიანი პისტოლეტიდან.
ამ სურათის შემხედვარე წითური ჰანსი აკანკალდა. პეტიკომ კი გამჭოლი მზერა შეავლო მას და მშვიდად უთხრა:
– განუტევა სული, მაგრამ შენ იმის იმედი ნუ გექნება, რომ ასე მშვიდად გაგიშვებთ. სანამ სულს ამოგხდით, ჯოჯოხეთის ყველა შრეს გაგატარებთ.
– რა გინდათ? – ამოიკვნესა ჰანსმა, რომელიც შეშინებული თვალებით უმზერდა პეტიკოს.
– ემა სადაა?
– კუნძულ მასზე, ჰელდერთან ახლოს, – სხაპასხუპით მიუგო ჰანსმა პეტიკოს.
პეტიკომ რამაზს შეხედა და უხმოდ ჰკითხა მას რაღაც. რამაზმა კი მიუგო:
– ჰელდერი აქედან ორას კილომეტრშია. მასიც მანდაა. პატარა კუნძულია ჩრდილოეთის ზღვაში.
– სწორია, სწორი, – თავი დააქნია ჰანსმა, – კუნძულის სამხრეთ ნაწილშია ერთ-ერთ ვილაში გამომწყვდეული.
– ჩემი მოტაცება ვინ დაგავალა?
– მისტერ დიკმა.
– რატომ?
– ეგ უკვე აღარ ვიცი, – თავი გააქნია ჰანსმა, – მე მხოლოდ თქვენი კუნძულ მასზე მიყვანა მევალებოდა, დანარჩენი კი მისი საქმეა.
– ეგ მისტერ დიკი ვინაა?
– ბიზნესმენი.
– სინამდვილეში ვინაა, რას საქმიანობს?
– არ ვიცი. ღმერთმანი არ ვიცი. მე მხოლოდ მის ბრძანებებს ვასრულებ.
პეტიკომ პისტოლეტი მიუშვირა ჰანსს და უთხრა:
– მე შენ რა გითხარი, სიმართლე თქვი, თორემ შენს ხელქვეითთან გაგამგზავრებ!
– არ ვიცი, – აყმუვლდა ჰანსი და მუხლებზე დაეცა, – მართლა არ ვიცი! დიკი მე ბინძურ საქმეებს მაკეთებინებს და სულ ესაა. თავის საქმეებში კი არ მახედებს.
– სადაურია ეგ დიკი, ჰოლანდიელია?
– სადაურია, არ ვიცი, მაგრამ ჰოლანდიელი ნამდვილად არაა.
– შენ თვითონ სადაური ხარ?
– ჰოლანდიელი.
– დიკთან როგორ მოხვდი?
– ვალი მქონდა, მაგრამ, რომ ვერ გადავუხადე, მისი დავალებით ერთი კაცი მოვკალი და გამიქვითა. მას მერე მასთან ვარ.
– რა ვალი გქონდა?
– ადრე ნარკოტიკები გადამქონდა და მისი კუთვნილი ნახევარი კილო ჰეროინი დავკარგე.
– ნარკოტიკებით ვაჭრობს დიკი?
– არა მარტო ნარკოტიკებით. მსხვილი საქმოსანია. აშკარად არ ჩანს, მაგრამ დიდი ქონება აქვს და კუნძული მასიც, მგონი, მას ეკუთვნის.
– დიდი დაცვა ჰყავს?
– ოციოდე კაცი. გარდა ამისა, კუნძულზე მომსახურე პერსონალიცაა, ორი ნავსაყუდელი სამი სწრაფმავალი კატერითა და ერთი სუპერიახტით.
– თვითონ სად ცხოვრობს?
– თეთრ ვილაში. ორსართულიანი შენობაა კლდის პირას და იქიდან მშვენიერი პეიზაჟი იშლება.
– მე როდისთვის მელოდებიან კუნძულზე?
– საღამოსთვის.
– კარგი, წავედით! – თქვა პეტიკომ და რამაზს მიუბრუნდა: – როგორ ფიქრობ, შევძლებთ ემას გამოხსნას?
– არა მარტო ემას გამოხსნას, – თქვა რამაზმა, – თვით მაგ დიკსაც „დავითრევთ“.
– მთელი არმია რომ ჰყოლია?
– მერე რა, რით გვჯობიან? თანაც მოულოდნელობის ეფექტს გამოვიყენებთ. მით უმეტეს, რომ მე მაგ კუნძულზე ნამყოფი ვარ და კლდეებზე ძრომის გამოცდილებაც მაქვს. დიკის ვილაც ვიცი სადაა და, მგონი, ყველაფერი რიგზე იქნება.
– თუ მასეა, მაშინ ჰელდერისკენ „დავახვიეთ“, იქიდან კი – მასზე.
– წავიდეთ, მაგრამ ამათ რა ვუყოთ? – თქვა რამაზმა და პეტიკოს ორ ალბანელზე და ჰანსის ორ ცოცხალ ხელქვეითზე მიუთითა.
პეტიკომ მხრები აიჩეჩა:
– ჰანსი თან წავიყვანოთ, გვჭირდება. ამეებს კი, აბა, რა ვიცი...
– დავხოცოთ და წყალში გირებშებმულები გადავყაროთ, – თქვა რამაზმა და პისტოლეტი გადატენა, მაგრამ პეტიკომ უთხრა:
– არ შეიძლება, რომ ეს საქმე სხვაგვარად, მსხვერპლის გარეშე მოვაგვაროთ?
– თუ გინდა, გავკოჭავ და გამოვამწყვდევ, მაგრამ უკან რომ დავბრუნდებით, მაინც დასახოცი გაგვიხდება და არ სჯობს, ახლავე მოვუღოთ ბოლო? თორემ, ეგენი რომ გავუშვათ, „ჩაგვაგირავებენ“.
– არ „ჩაგაგირავებთ“, არა! – ერთხმად აყვირდნენ ალბანელებიც და დანარჩენი ორი ტყვეც, – პირიქით, ერთგული ძაღლებივით მოგემსახურებით, ოღონდ არ დაგვხოცოთ.
– იქნებ, მართლაც, არ დავხოცოთ და ჯერჯერობით გამოვამწყვდიოთ? როცა ჩამოვალთ, მერე გადავწყვიტოთ ჩვენი ტყვეების ამბავი, – თქვა პეტიკომ და დაამატა, – წავედით.
რამაზმა ოთხივე დატყვევებული გაკოჭა და ბეტონის ოთახში ჩაკეტა. შემდეგ ჰანსი მანქანაში ჩააგდეს და ჰელდერისკენ გაუყვნენ ლარივით გაჭიმულ ტრასას. იქამდე ჩასვვლას მაქსიმუმ ოთხი საათი სჭირდებოდა.
– მისტერ დიკს უნდა დავურეკო და ვუთხრა, რომ მოვდივართ, თორემ მასში რომ ჩავალთ, დამსჯის უყურადღებობისთვის, – თქვა წითურმა ჰანსმა და დაამატა, – შეფი ძალიან ეჭვიანია და დაუნდობელი.
– ბრიყვო, – რამაზს ჰანსის სიტყვებზე გაეცინა, – შენი შეფი სულ მალე თავად დაისჯება და რას ბოდავ!
– მიეცი ტელეფონი, დარეკოს, – უთხრა პეტიკომ რამაზს და ჰანსს მიუბრუნდა: – თუკი მაგ დიკის გაფრთხილებას შეეცდები, სასტიკად გაწამებ და ისე მოგიღებ ბოლოს.
წითურმა ჰანსმა თავი დაუქნია პეტიკოს. შემდეგ ტელეფონი გაშალა, ნომერი აკრიფა:
– ჰანსი ვარ, მისტერ დიკ!
– გისმენ, ჰანს.
– ყველაფერი რიგზეა, მოვდივართ.
– რამდენ ხანში იქნებით აქ?
– მაქსიმუმ, ხუთ საათში.
– კარგი, გელოდები!
– ნახვამდის, შეხვედრამდე, შეფ! – თქვა წითურმა ჰანსმა და ტელეფონი დაკეცა.
– ჯოჯოხეთში თუ შეხვდებით ერთმანეთს შენ და შენი შეფი, – ჩაეცინა რამაზს და ჰანსს ირონიულად გახედა, ნუთუ იმედი გაქვს, რომ ისევ ძველებურად იპარპაშებ?
წითური ჰანსი გაფითრდა, სახე დაემანჭა და პეტიკოს უთხრა:
– თქვენ ხომ შემპირდით, რომ არ მომკლავთ?
– მერედა, ვინ გკლავს? – კითხვა შეუბრუნა პეტიკომ.
ჰანსმა ახლა რამაზს შეხედა:
– ამ ბატონმა რომ თქვა, ვეღარ იპარპაშებო?
– მერე, რა თქვა არასწორი? დიკს რომ მოვკლავთ, აღარც შენი პარპაში იქნება საჭირო და ეს იგულისხმა ჩემმა მეგობარმა, – დაამშვიდა პეტიკომ წითური და იქვე დაამატა, – თუ, რა თქმა უნდა, რამე „გოთვერნობის“ ჩადენა არ განიზრახე.
– „გოთვერნობა“ რას ნიშნავს?
– ქართული გამოთქმაა.
– ქართული გამოთქმა? – გაიმეორა ჰანსმა, – ერთხელ ეს სიტყვა მისტერ დიკმა იხმარა და კითხვა ვერ გავბედე.
– რაო, რა თქვი? – კოპები შეიკრა პეტიკომ, – ეს სიტყვა მისტერ დიკისგან გაიგე?
– დიახ, – თავი დააქნია ჰანსმა.
პეტიკომ რამაზზე გადაიტანა მზერა და ქართულად უთხრა:
– ნუთუ ის ვიღაც მისტერ დიკი ქართველია?
– ყოველ შემთხვევაში, თბილისელი მაინც, – თავი დააქნია რამაზმა.
პეტიკო ისევ ჰანსს მიუბრუნდა:
– აბა, ერთი ამ მისტერ დიკის გარეგნობა ამიწერე.
წითურ ჰანსს ჩაეცინა:
– ეს შეუძლებელია.
– შეუძლებელი? – კოპები შეიკრა პეტიკომ, – რაებს ბოდავ?
– არ ვბოდავ, სიმართლეს გეუბნებით.
– ვერაფერი გავიგე.
– საქმე ისაა, ბატონო, რომ მისტერ დიკის სახე არასდროს მინახავს, – თქვა ჰანსმა, – როცა მას ვხვდები, ყოველთვის პირით კედლისკენ ვზივარ და ზურგიდან მელაპარაკება. აი, რატომ ვერ აღვწერ მის გარეგნობას.
– ეს უკვე საინტერესოა, – თავი გააქნია პეტიკომ და რამაზს ქართულად უთხრა, – გული მიგრძნობს, რომ რაღაც იდუმალ ამბავთან გვაქვს საქმე. რაღაც ძალიან ჩახლართული ისტორია იმალება ყოველივე ამის უკან.
– ყვერებით რომ პირქვე დავკიდებთ იმ მისტერ დიკს, იტყვის და გავიგებთ, – თქვა რამაზმა.
– თუ „დავითრიეთ“, კი დავკიდებთ, მაგრამ საკუთარ სახეს თუ მალავს და არავინ იცნობს „სიფათზე“, როგორ „დავითრევთ“?
– ვიღაცას მაინც ეცოდინება, დარდი ნუ გაქვს.
პეტიკომ თავი გააქნია და ჩაილაპარაკა:
– ჯერჯერობით ვერ ვხვდები, მაგრამ აქ რაღაცაშია საქმე.
***
პეტიკო და კამპანია რომ ქალაქ ჰელდერს მიუახლოვდნენ, საღამოს 8 საათი სრულდებოდა.
– გვითხარი, ახლა საით? – ჰკითხა პეტიკომ წითურ ჰანსს.
– სამხრეთ პორტისკენ აიღეთ გეზი. ერთ-ერთ ნავსაყუდელზე მისტერ დიკის სწრაფმავალი კატერი დგას და იმით გავემართებით მასისკენ.
– ხალხიც ხომ არ გველოდება? – მუქარის ტონით ჰკითხა ჰანსს რამაზმა.
– არა, – თავი გააქნია წითურმა, – კატერი ფასიან სადგომზე ცარიელი დგას.
– კატერების გაქირავება თუ არის ნავსაყუდელზე? – ჰკითხა ჰანსს რამაზმა პეტიკოს კი ქართულად უთხრა: – ორ კატერს ვიქირავებთ და კუნძულს კლდეების მხრიდან მივადგებით. როგორც კი შებინდდება, თეთრი ვილისკენ დავიძრებით და სანამ შენ და ეგ წითური, იქ მიხვალთ, ჩვენ დიკი უკვე ყვერებით გვეყოლება „დათრეული“.
– ურიგო გეგმა არაა, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, – უთხრა პეტიკომ რამაზს, – ეგ მისტერ დიკი დიდი ნაბოზარი ვინმე ჩანს და ასე ადვილად არ ჩაგვივარდება ხელში. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– დარდი ნუ გაქვს.
– კავშირი მობილურების საშუალებით დავამყაროთ, მაგრამ, განსაუთრებული აუცილებლობის გარდა, ნუ ვისარგებლებთ, – თქვა პეტიკომ.
მანქანები სამხრეთ პორტს მიადგნენ და, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიეპყროთ, ორად გაიყვნენ. რამაზი და კამპანია კატერების გასაქირავებელ ოფისთან მივიდნენ, წითური ჰანსი, პეტიკო და ჰამო კი მისტერ დიკის კატერისკენ გაემართნენ, რომელიც ფასიან ნავსაყუდელზე იდგა. ჰამო და პეტიკო შეიარაღებულნი იყვნენ და წითური გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუფრთხილებელი სროლით დაემუქრნენ.
– სიტუაცია შეიცვალა, – თქვა ჰანსმა, როდესაც ისინი ორმოცდაათიოდე მეტრით მიუახლოვდნენ კატერს, – სტუმრები გვყავს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში