მთავარია, „გაგება“
ტაშისმკვრელები
ქართულმა ელმედიამ გასულ კვირას ზარ-ზეიმით გვამცნო, რომ გრაგნილი, სახელწოდებით – „დევნილთა გზავნილი ცივილიზებულ მსოფლიოს“ – გაეროს გადაეცა. ამ გრაგნილით, დევნილები, ჯერ ერთი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვენ და, რაც მთავარია, ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდებენ, საქართველოში რუსეთის ოკუპაცია დაასრულოს (ჩვენ, ალბათ, დეოკუპაციის შემდგომ ტაშისმკვრელების როლს შევასრულებთ). გრაგნილის ხელმომწერები, რა თქმა უნდა, დევნილები არიან, ოღონდ არა მხოლოდ ისინი, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ, სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულებიც (სულ 10 ქვეყანაში შეგროვდნენ ხელმომწერები). ბოლო ხელმოწერა, თურმე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიას ეკუთვნის (რაკი სიტყვამ მოიტანა და დევნილებისთვის ბინების დათვლა ლამის წმიდათაწმიდა მოვალეობად იქცა, ნეტავ, ბ-ნ ბარამიას რამდენი და რაოდენ კეთილმოწყობილი ბინა აქვს?!). გრაგნილის მზადება აგვისტოს ომის 2 წლისთავზე დაწყებულა და 12 000 დევნილის ხელმოწერას 3 მეტრიც (სიგრძეში) აუთვისებია.
ბ-ნმა ლომაიამ (რომელსაც, მართალია, რეფორმები დაუწუნეს, თუმცა, გაეროში საქართველოს წარმომადგენლად მაინც დატოვეს) დაგვაიმედა, რომ გაეროს ოფისის წარმომადგენელს „გაგებით მოუსმენია“. ან კი როგორ არ მოისმენდა „გაგებით“, როდესაც (მომაქვს ციტატა ბ-ნი ლომაიას განცხადებიდან): „საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმაა დაბრუნების უფლება იქ, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობა გამოაძევეს“.
მეორე მხრივ, თბილისიდან დევნილთა გასახლების პროცესი განახლდა. მართალია, ამ პროცესის გასაშუქებლად ქართულმა საერთო მაუწყებლებმა ვერ მოიცალეს, რადგან მსოფლიო სევდით იყვნენ შეპყრობილები: განგაშის ზარებს არისხებდნენ – დიდ ბრიტანეთში ფასები კატასტროფულად მატულობსო! ბუნებრივია, ხელისუფლება და მათი მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ დევნილები უნდა გაასახლონ და, მაინცდამაინც, არც ადამიანების სატვირთო ავტომანქანებით გადაყვანა უკლავთ გულს, თუმცა, სახალხო დამცველი კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მკაცრად დაიცვას კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით განსაზღვრული ყველა უფლება და ყველა დევნილის კანონიერი ინტერესი (ის, თუ რა უფლებები აქვთ დევნილებს, იხ. 6-7 გვ.-ები). სახალხო დამცველმა 2011 წლის იანვრის დასაწყისში, აგვისტოში თბილისიდან გასახლებული დევნილების საცხოვრებელი ადგილებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ დევნილთა ჩასახლების ადგილები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს, არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, არც აფთიაქია, არც სკოლა და არც ავტობუსი დადის. მეტიც, წყლის პრობლემაც მოუგვარებელია. რაც მთავარია, ჯერ არ გადაწყვეტილა, მისცემენ თუ არა მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (სამაგიეროდ, წყალი არ გაუვა, რომ ბურებს, რამდენიც გაუხარდებათ, იმდენ ქართულ მიწას მიართმევენ).
ხოლო, თუ გაეროსთვის გადაცემულ ზემოხსენებულ დევნილთა გრაგნილს გავიხსენებთ (უნდა დასრულდეს რუსეთის ოკუპაციაო), დევნილების სატვირთო ავტომანქანებით ზემოხსენებულ პირობებში გადაყვანა უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს?!