მწვანე კუთხე
კითხვა: ხომ ვერ ამიხსნით, რატომ გაუყვითლდა ბანანის ხეს ფოთლები?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს მზიანი ადგილი. ალბათ, თქვენ ჩრდილში გიდგათ და ამის გამო მოიწყინა. გაზაფხულსა და ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ. ახლა ზამთარია, ხელს ნუ ახლებთ, უბრალოდ, დადგით განათებულ ადგილას და, თუ გაზაფხულზე ისევ გაფუჭებული იქნება ფოთლები, ძირში გადაჭერით – ის თავიდან ამოიყრის და გაიზრდება.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს კაქტუსი?
პასუხი: თითქმის ყველა კაქტუსს უყვარს მზიანი და განათებული ადგილი. წელიწადის ყველა სეზონზე ეცადეთ, ბინაში სწორედ ასეთი ადგილები შეურჩიოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში უხვად მორწყეთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კაქტუსებს არ უყვართ ჭურჭელში წყლის დაგუბება, მათ აუცილებლად კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი სჭირდებათ.
კითხვა: რამდენიმე კვირით მივემგზავრები ქალაქიდან. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, ბარაქის ხე დავტოვო ბინაში და რამდენ ხანს გაძლებს ის უწყლოდ?
პასუხი: ამ მცენარეს ზამთრის სეზონზე ხშირი მორწყვა არც სჭირდება, თუმცა, თუ დიდი ხნით მიემგზავრებით და ყურადღებას ვერ მიაქცევთ, შეგიძლიათ, ბარაქის ხე ქოთნით ჩადგათ წყლიან ჭურჭელში და ასე დატოვოთ ხანგრძლივი დროით. მთავარია, დადგათ ჩრდილში, რათა წყალი არ ამოუშრეს.
კითხვა: რით მრავლდება დიფენბახია?
პასუხი: ამ მცენარის გამრავლება სხვადასხვანაირი ხერხითაა შესაძლებელი: ძირის დაყოფით, ღეროს დაჭრით და, ასევე, დაკალმებით. ყველაზე იოლი დაკალმებით გამრავლებაა. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ერთი წილი ქვიშა, მიწა და ტორფი. აჭერით ორ მუხლზე და დააკალმეთ.