კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა იყოს ლეიას მიწა ტენიანი და რა სიხშირით მოვრწყათ ქოქოსის პალმა ზამთარში

ზამთარში ტემპერატურა ეცემა, განათება იკლებს და, ბუნებრივია, მცენარეების მოვლის პირობებიც იცვლება. „ფლორა ინტერნაციონალის”, მეცნიერ-მუშაკი, ბიოლოგი ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ ლეიასა და ქოქოსის პალმას. თუ გაინტერესებთ, სად დადგათ ზამთრის სეზონზე ეს მცენარეები, რა სიხშირით მორწყათ და რა ტემპერატურა შეურჩიოთ მათ, გირჩევთ, ჩვენი ინტერვიუ წაიკითხოთ.

– გამძლე მცენარეა თუ არა ლეია და როგორ ეგუება ის საქართველოს პირობებს?

– ლეია ქოთნის ულამაზესი მცენარეა. იოლად გასახარებელია და, ამავე დროს, ეგუება თითქმის ყველანაირ პირობებს. ის კარგად ხარობს ყველანაირ ნიადაგში – როგორც ტორფიანში, ასევე თიხანარევში. თავის სამშობლოში, ავსტრალიაში, მცენარე ოთხ მეტრ სიმაღლეს აღწევს, საქართველოს პირობებში კი ორ მეტრამდე იზრდება. ის ექვემდებარება გასხვლასაც. ასე რომ, თუ თქვენ მისი დაბუჩქება მოგინდებათ, იოლად მოახერხებთ – შეგიძლიათ, გაზაფხულზე გასხლათ და ლეია დაიბუჩქება.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ და სად დავდგათ ეს მცენარე?

– მისი ზაფხულის ტემპერატურა 28-34 გრადუსია. ზამთარში, სასურველია, სიგრილეში იყოს – 8-10 გრადუსზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარისთვის აუცილებელია ჰაერზე გატანა, რათა ტენიანობა კარგად მიიღოს.

– რა სიხშირით გვირჩევთ მის მორწყვას?

– ზაფხულში შეგიძლიათ, ხშირად დანამოთ ან „აბანაოთ“. ამ დროს მისი მიწა ყოველთვის ზომიერად ნესტიანი უნდა იყოს. ზამთარში კი გამოაშრეთ და მორწყეთ ათ დღეში ერთხელ.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ლეია?

– მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ორი წილი ტორფი, თითო წილი ნაკელი და ქვიშა და სამი წილი მიწა. ასეთ ნიადაგში მცენარე კარგადაც გაიზრდება და უფრო იოლადაც გაიხარებს.

– როგორ გავამრავლოთ ლეია და შესაძლებელია თუ არა მისი ყვავილობა?

– ამ მცენარის ყვავილობა ძალიან იშვიათად ხდება. ოთახის პირობებში თესლსაც იშვიათად ტოვებს, ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ უკვე აღმოცენებული მცენარე. იმ შემთხვევაში, თუ ლეიამ იყვავილა და მისი გამრავლება გსურთ, გაიტანეთ გარეთ, რომ დამტვერვა მწერებმა მოახდინონ. ძირითადად თესლის გასამრავლებლად დამტვერვა ხელოვნურად ხდება ბიოლოგების დახმარებით.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა?

– შეგიძლიათ, მცენარე გადარგოთ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაანგრიოთ ფესვის კომი. მისი დაშლის შემთხვევაში, შესაძლებელია, მცენარემ გახარება შეწყვიტოს.

– რაც შეეხება მავნებლებს?

– ამ მცენარეს მავნებელი არ ესევა, რადგან მას არ აქვს რბილი ფოთოლი. ლეიას ფოთლები იმდენად სქელი და უხეშია, რომ მავნებელი არ ეტანება და ამიტომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.

– უყვარს თუ არა ლეიას სინათლე და რას გვირჩევთ, როგორ ადგილას დავდგათ მცენარე ბინაში?

– ლეიას კარგი განათება უყვარს. საერთოდ, წელიწადის ყველა სეზონზე ეცადეთ, მცენარე განათებულ ადგილას დადგათ. ახლა მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც სინათლის 60-70 პროცენტი მაინც მოხვდება, რადგან ამ დროს მისმა ფოთლებმა ფოტოსინთეზი უნდა მიიღოს.

– ბატონო ამირან, შესაძლებელია თუ არა ქოქოსის პალმის გაზრდა ოთახის პირობებში?

– ქოქოსის პალმა მარადმწვანე ხე-პალმაა. ის ხარობს როგორც ქოთანში, ასევე, გარე გრუნტშიც. ეს პალმა ძალიან ეფექტურია. თავისი ორიგინალური ფოთლებით გასაფორმებელ საშუალებადაც გამოიყენება. შეგიძლიათ, გაახაროთ ბინებშიც და გაითვალისწინოთ მხოლოდ უმნიშვნელო პირობები, რათა თქვენმა მცენარემ კარგად გაიხაროს.

– არის თუ არა ქოქოსის პალმა ყინვაგამძლე მცენარე?

– ეს მცენარე ყინვის საშუალოდ ამტანია, სინათლის მოყვარულია და კარგად ხარობს ყველა საბაღო ნიადაგზე.

– როგორი ინტენსივობით უნდა მოვრწყათ ქოქოსის პალმა?

– ქოქოსის პალმას ზაფხულში რეგულარული მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი – ორ კვირაში ერთხელ. ეცადეთ, ახლა ხშირად არ მორწყათ გაზაფხულამდე, რადგან, შესაძლებელია, ხშირმა მორწყვამ მცენარის ლპობა გამოიწვიოს. ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს, უფრო ხშირად დაასხით წყალი, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში, ზაფხულის ცხელ დღეებში ასევე, შეგიძლიათ, დანამოთ კიდეც.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა და მისი ფოთლების შეკვეცა?

– ქოქოსის პალმა გადარგეთ მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ. გადარგვისას ეცადეთ, არ დაუზიანოთ ფესვთა სისტემა. უმჯობესია, თუ თავისივე კუთვნილი მიწით გადარგავთ სხვა ქოთანში. ამ პალმას არ სჭირდება ნაადრევად ფოთლების შეჭრა. როდესაც დრო მოუვა, თავისით ჩამოხმება ფოთლების ქვედა რიგი.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ის?

– ამ მცენარის ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თითო წილი ქვიშა და ტორფი, სამი წილი მიწა და ორი წილი ნაკელი.

– რით მრავლდება ქოქოსის პალმა და ყვავის თუ არა ის ოთახის პირობებში?

– ქოქოსის პალმა ზაფხულის სეზონზე – ივლისიდან აგვისტომდე ყვავის, თუმცა, ოთახის პირობებში მისი თესლის მიღება შეუძლებელია. საერთოდ, ეს მცენარე თესლით მრავლდება, ამიტომ, თუ მის გამრავლებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, მიმართოთ ორანჟერეებს და მათგან მიიღოთ თესლი ან შეიძინოთ ყვავილების მაღაზიებში.

– სად გვირჩევთ ქოქოსის პალმის დადგმას და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– ახლა, ზამთრის პირობებში, პალმა დადგით ისეთ ადგილას, რომ ნორმალური შუქი ხვდებოდეს, ხოლო ზაფხულში, როგორც ყველა მცენარეს, ქოქოსის პალმასაც სიამოვნებს აივანზე ან ბაღში ყოფნა – ასეთ პირობებში უკეთ ხვდება განათება და თავსაც მშვენივრად გრძნობს. რაც შეეხება ტემპერატურას, ამ პერიოდში ბინაში მას უნდა ჰქონდეს 15-22 გრადუსი და მისი ტენიანობა უნდა იყოს 30 პროცენტი. ეცადეთ, ამ დროს ყურადღება მიაქციოთ ტენიანობას. ზაფხულში ის ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება, ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ძალიან მწველ მზეზე არ დადგათ.

– ემტერება თუ არა ამ მცენარეს მავნებელი?

– ქოქოსის პალმას ძირითადად მავნებელი აწუხებს მხოლოდ შემოდგომით, როდესაც ამოაქვს საყვავილე. ამ დროს შეიძლება, შეესიოს ტკიპა ან ცრუ ფარიანა. მათი მოსპობა შესაძლებელია აკტელიკის ხსნარით. გახსენით ის წყალში და შეასხურეთ მცენარეს. ამ პროცესის ჩატარების შემდეგ მავნებლებისგან დაისვენებთ.


скачать dle 11.3