როგორ მოვიშოროთ ერთდროულად ცელულიტი და სტრესი
ამაში დაგვეხმარება ყველასთვის ნაცნობი მინერალი – ზღვის მარილი, რომელსაც, თურმე ჯადოსნური თვისებები გააჩნია.
სტრესი და დაღლილობა
გაქვთ დაძაბული სამუშაო გრაფიკი, რის გამოც ძალიან იღლებით და ცუდად გძინავთ? ამ პრობლემის გადაჭრა სულ ადვილად შეიძლება: განსაკუთრებით მძიმე დღის ბოლოს მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანა. ზღვის მარილის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ ის ხელთ არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი, იოდიზებული მარილიც გამოიყენოთ: 3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 კილოგრამი მარილი და მიღებული ხსნარი შეურიეთ აბაზანაში ჩასხმულ 38-გრადუსიან წყალს. წყალში ჩაწექით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიიღეთ შხაპი, შეიმშრალეთ და შეგიძლიათ, მშვიდად დაიძინოთ.
მარილი კარგად „გამოქაჩავს“ კანიდან წყალს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ამასთან ერთად, იოდის ორთქლის შესუნთქვისას სასიამოვნო მოთენთილობას იგრძნობთ.
სხეულის კორექცია
გსურთ, მოახდინოთ სხეულის კორექცია? მაშინ, ჩაიტარეთ ზღვის მარილის კომპრესების კურსი. პროცედურა უნდა ჩატარდეს აბაზანის მიღებისთანავე, მაშინ, როცა კანი გახურებულია, ფორები კი – გახსნილი: ცხელ წყალში დაასველეთ დიდი ზომის სქელი პირსახოცი, ცოტა გაწურეთ, მოაყარეთ ზღვის მარილი და ტანზე მჭიდროდ შემოიხვიეთ. 10 წუთის შემდეგ მიიღეთ შხაპი, დალიეთ ჩაი და წამოწექით მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში.
კანის დარბილება –
ცელულიტის მოშორება
სხეულზე კანი რბილი და ელასტიკური რომ გქონდეთ, ასევე, ცელულიტის მოსაშორებლად, გაიკეთეთ მარილის პილინგი: თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში ზღვის მარილი და სოდა, სველი ხელით ამოიღეთ ცოტ-ცოტა და მსუბუქი მოძრაობით დაიმასაჟეთ მთელი სხეული. მერე გადაივლეთ წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, თქვენ მიერ მომზადებულ სკრაბს ცოტა ზეითუნის ზეთი შეურიეთ.
მოდუნებული
კანისთვის
ზღვის მარილით პირის დაბანა და ნიღბების გაკეთება მოდუნებულ კანს გააახალგაზრდავებს, ელასტიკურსა და ხავერდოვანს გახდის. ნიღბისთვის კარგად აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით თაფლი, ნაღები, ხაჭო, წვრილმარცვლებიანი ზღვის მარილი და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
ხელებისა და
ფრჩხილებისთვის
იმისთვის, რომ ფრჩხილები გაგიმაგრდეთ, ხელებზე კანი კი რბილი და ელასტიკური გაგიხდეთ, გაიკეთეთ მარტივი აბაზანები: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი და ჩაყავით ამ სითხეში ხელები 10 წუთით. შემდეგ გადაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით გლიცერინი ან სპეციალური კრემი.