უთხარი მას!
თუ გინდათ, რომ მამაკაცმა დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, ანუ, როცა უბრალოდ, გჭირდებათ, ჩვეულებრივი ფიზიკური თანადგომა და შრომის შემსუბუქება, აუცილებლად უთხარით მას ამის შესახებ.
არასოდეს უსაყვედუროთ მამაკაცს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გინდათ, მოიქცეს. რატომ არის ის დამნაშავე, თუ თქვენი ფიქრების ამოკითხვა და გულთმისნობა არ შეუძლია?! თავგადასავალი და ექსტრემი გიყვართ? – არ არის პრობლემა. დაგეგმეთ პატარა თავგადასავალი და უთხარით თქვენს საყვარელ მამაკაცს ამის შესახებ. ნუ ელოდებით, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაფერს დივანზე კოტრიალი ურჩევნია, ამ საქმეში დიდ ენთუზიაზმს გამოიჩენს. მადლობელი იყავით, თუ საერთოდ გამოგყვებათ. ეჩხუბოთ იმიტომ, რომ მისი ჰობი და გატაცება თქვენსას არ ემთხვევა, აქეთ-იქით ხეტიალს სიმშვიდე და სიმყუდროვე ურჩევნია, წარმოუდგენელი სისულელეა. გაითვალისწინეთ, როცა მოგყვებათ, ის მოდის კომპრომისზე და დააფასეთ ეს.
როცა მამაკაცს ხასიათში აქვს სტაბილურობა და ის თქვენი ხვალინდელი დღის საიმედო დასაყრდენია, ნუღარ მოსთხოვთ ექსტრემალურობას. ვერც იმას გაიფიქრებს დამოუკიდებლად, საყიდლებზე წავიდეს, ნაგავი გადაყაროს, ან თუნდაც ავეჯი გადააადგილოს ინტერიერის შესაცვლელად. ამიტომ რა, უნდა იჩხუბოთ? – არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, სთხოვეთ, დაგეხმაროთ (სთხოვეთ – არ მოსთხოვოთ) მერე მადლობაც გადაუხადეთ.
ნუ შეიქმნით ხელოვნურად „რკინის ლედის” იმიჯს. მერე ვეღარ დაუმტკიცებთ მამაკაცს, რომ სუსტი, ნაზი და დაუცველი არსება ხართ. იყავით ის, რაც ხართ, ყოველგვარი თამაშისა და თვალთმაქცობის გარეშე. ნუ იტვირთებთ იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლიათ და მერე ნუ იწუწუნებთ. ვერც ერთი მამაკაცი ვერ მიხვდება, რატომ მიდიხართ „გმირობაზე”, ანუ რატომ არ ზოგავთ თავს არაფრის გამო და ბუნებრივია, ხოტბასაც არ შეგასხამთ. რაც ისევ თქვენ გატკენთ გულს, ეს გაუგებრობა ორივეს დაგაზარალებთ. ამიტომ, როცა დაიღლებით, თქვით კიდეც, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ოღონდ, ნუ ეცდებით, თავი შეაცოდოთ. ეს ნამდვილად არაფერში წაგადგებათ.