როგორ გააოცა ეთერ ჭკადუამ ამერიკელები და რატომ აირჩია თავის „ბოიფრენდად“ ნარკომანი
80-იანი წლების ბოლოს, გაგანია პერესტროიკის პერიოდშიც და შემდგომაც, რკინის ფარდის გაქრობის შემდეგ, ბევრმა ხელოვანმა დასავლეთში ცხოვრება არჩია. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ამერიკაში ცნობილი მხატვარი ეთერ ჭკადუა, რომელიც თავის შემოქმედებასთან ერთად, ემოციებით სავსე, ბოჰემური ცხოვრებითაცაა გამორჩეული. მისი ნახატები უცხოეთში საკმაოდ ძვირად იყიდება, დაახლოებით 10 000-დან 30 000 დოლარამდე ღირს. ამბობს, რომ მის შემოქმედებას კონცეპტუალური რეალიზმი ჰქვია, არის უამრავი სამყაროსა და კულტურის სინთეზი.
ეთერ ჭკადუა: თბილისიდან 1988 წელს წავედი, რადგან გავთხოვდი ამერიკელ ლინგვისტზე, რომელიც იმ დროს საქართველოში ქართული ენის შესასწავლად იყო ჩამოსული.
– ამერიკაში თავიდან თქვენი ცხოვრება როგორ აეწყო?
– ძალიან ბედნიერი ვიყავი პირველი წლების განმავლობაში, ქმარი მიყვარდა და მაინტერესებდა ყველაფერი ახალი – ახალი კულტურა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენა. ამერიკულ ცხოვრებას გავეცანი ჩემს ყოფილ ამერიკელ ოჯახთან ურთიერთობით. ოჯახის თითოეული წევრი განსხვავებული ტიპი იყო: კევინი – ჩემი ყოფილი მეუღლე – აკადემიური და ინტელექტუალური; მისი ერთი და – ფემინისტი, ჰიპი, ხელოვანი; მეორე და – მწერალი, მესამე – სათნო და ტიპური ამერიკელი, კარგი გაგებით, ახლად შექმნილი ოჯახით; ძმა – ჰევი-მეტალისტი, მუსიკოსი, მამა ბიზნესის პროფესორი, დედა ფანტასტიკურად თბილი და კეთილი პიროვნება – ამ ადამიანებთან შეხებით თითქოს მალე გამაცნო და გამარკვია ჩემი ახალი ქვეყნის ცხოვრების წესსა და პოლიტიკურ სიტუაციაში.
– ამერიკის სამხატვრო წრეებში როგორ მიგიღეს?
– სამხატვრო საზოგადოება ამერიკაში შესაბამისად, ძალიან დიდია და სხვადასხვა ქალაქში ერთმანეთისგან განსხვავდება. მე გამუდმებით გადავდიოდი ქალაქში და არც ვცდილობდი ამ საზოგადოებებში შეღწევას. იქაური სკოლა არ მქონდა გავლილი და ამიტომ ჩემი კონტაქტები ძალიან უმნიშვნელო იყო, თუმცა ჩემს პირველ გამოფენაზე ბევრი დაწერეს პრესაში და ტელევიზიითაც გადასცეს ჩიკაგოში. ამან თავდაჯერებულობა შემძინა, თუმცა, ჩიკაგოში წარმატება რომ ბევრს არაფერს ნიშნავდა, ამას მივხვდი ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე. ამ ქალაქს ხელოვნების თავისი სამყარო და სტილი აქვს და ამ სამყაროში, როგორც ყველა სხვა სფეროში, ნაცნობობისა და იქაური ინსტიტუტის გავლის გარეშე, უცხოელისთვის პრაქტიკულად, შეუძლებელია შეღწევა. მახსოვს, ერთმა ხელოვანმა მითხრა, 10 წელი მაინც უნდა იცხოვრო ამ ქალაქში, სანამ გაგიცნობენო... ჩემს შემთხვევაში, 6 წელიწადში, შემთხვევით გამაცნეს ცნობილი არტ-დილერი – ჯან ენცო სპერონე, რომელმაც შემდეგ უკვე 10 წელიწადში (1998-2008 წლებში) შეაგროვა ყველა ჩემი ნამუშევარი.
– არ გაგიჭირდათ უცხო კულტურის გათავისება? როგორ ფიქრობთ, ეს ქალისთვის უფრო რთული არ არის?
– მე ვფიქრობ, როცა იმას აკეთებ, რაც შენ გიყვარს, ეს უკვე დიდი თავისუფლებაა – გიადვილებს ნებისმიერ უცხო კულტურაში არსებობას, მიუხედავად სქესისა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ქალს მენტალურად და ემოციურად უფრო ადვილად შეუძლია ახალ კულტურაში გადანაცვლება, ვიდრე მამაკაცს, მით უმეტეს ქართველს.
ჩვენ, საქართველოში, დასავლეთისგან დიდი ხნით ვიყავით მოწყვეტილი და შესაბამისად, ფსიქიკა და მორალური კოდექსი ჩამოყალიბებული გვქონდა ძველი და პოლიტიკურად ჩაკეტილი ქვეყნის პერსპექტივიდან.
ხელოვანისთვის შეიძლება, უფრო ადვილია ფსიქიკურად გადანაცვლება, რადგან ჩვენ სიახლე უფრო გვჭირდება, ვიდრე ნაცნობი და ძველი სამყარო. ხელოვანისთვის მენტალურად და ფინანსურად ყოველთვის რთულია არსებობა, რადგან ის სულ ძიებაშია და მიუღწევლობით ხშირად იტანჯება. მას რეგულარული ხელფასი არ აქვს. რაც უფრო წინ უსწრებს თანამედროვეობას, მით უფრო გვიან ხდება მისი აღიარება. შესაბამისად, ფინანსური უკმარისობა ხშირად აგონიაში აგდებს.
მე როგორღაც „გავიტანე“ თავი 2-3 ნახატით წელიწადში. ეს იშვიათად ხდება და ამაზე სხვა ხელოვანების სახელით ზოგადად ვერ ვილაპარაკებ.
– ძირითადად რა ჟანრში მუშაობთ?
– ჩემი ნახატების ჟანრი სიტყვიერად შეიძლება ასე აისახოს: კონცეპტუალური რეალიზმი ტეკნიკურად უახლოვდება რენესანსის ტექნიკას, თუმცა ვიზუალური დატვირთვა და ფერები უფრო პოპარტულია, კომპოზიციის იდეა კონცეპტუალურია....
ჩემი ნახატები, საკუთარი „მომთაბარე“ ცხოვრების შესაბამისად, ყველაფრის ჰიბრიდია – ძველისა და ახლის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხელოვნების.. და რა ვიცი, რისი არა....
– ამბობენ, რომ თქვენი ნახატები საკმაოდ ძვირად იყიდება, ათასები ღირს. ცნობილი უცხოელები ხშირად იძენენ მათ?
– ჯან ენცო სპერონემ – ჩემმა დილერმა და კოლექციონერმა ჩადო ინვესტიცია ჩემს ნახატებში. მან გადამიხადა მინიმალური თანხა ნახატებში, რაც მეყოფოდა სახელოსნოს ქირისა და მასალისთვის.
ნახატების უმეტესობა მის კოლექციაშია და მან უკვე უარი თქვა მათ გაყიდვაზე – მხოლოდ ზოგიერთი მიჰყიდა თავის ნაცნობ კოლექციონერებს. შესაბამისად, მის მიერ გაყიდული ნახატის ფასის მთელი 100 პროცენტი მისია. მე ამაზე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და არც ხელი მიმიწვდება. ჩემი ნახატები რომ მის კოლექციაშია ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი არტ-დილერები ქმნიან ხელოვნების ისტორიას და დარწმუნებული ვარ, ჩემს ნახატებს კარგი „პატრონი” ჰყავს.
– პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ, შეყვარებული ბევრჯერ იყავით?
– ძლიერად შეყვარებული ბოლო ოც წელიწადში, სამჯერ ვიყავი ამერიკელებზე და სამივეს განსხვავებული რელიგიური მრწამსი ჰქონდა. მე უცხო კულტურისა და რელიგიის ადამიანებთან ურთიერთობა მაინტერესებს.
– ალბათ, თქვენს ნამუშევრებზე ამან დიდი გავლენა მოახდინა.
– რა თქმა უნდა, სიყვარული ეფექტს ახდენს ნახატზე ემოციური დატვირთვის მხრივ. თუმცა, შეყვარებულიც, შემოქმედი ვარ. მე ვფიქრობ, ხელოვანისთვის აუცილებელია, ერთხელ მაინც გაიგოს, რა არის ნამდვილი სიყვარული. ხანდახან ეს ძნელი საქმეა და ხან კი კარგი მუსიკასავითაა. შეყვარებულის გარეშე ხელოვანს უფრო უმძაფრდება შინაგანი სამყაროს გამოხატვის ნიჭი: დარდი, მონატრება, ლოდინი, გაურკვევლობა. გრძნობები მასალაა შემოქმედი ადამიანისთვის და დამოკიდებულებას ხელოვნებასთან უფრო ინტენსიურს ხდის, სიყვარულით გამოწვეული პრობლემები ხშირად აღრმავებს ხელოვანის ფანტაზიას.
– შეყვარებულის პორტრეტი დაგიხატავთ ოდესმე?
– ჩემს ნახატებში ხშირად შეხვდებით ჩემი ყოფილი შეყვარებულის პორტრეტს. ეს არის ის მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკებზეა დამოკიდებული. ის ნიუ-იორკელია და არა კანადელი, როგორც ჰგონიათ. კანადაში ჩემი პირველი ქმარი – კევინი ცხოვრობს, რომელიც არის ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის პროფესორი და ასწავლის ქართულს მონრეალის უნივერსიტეტში.
– ქმარს როდის დაშორდით?
– ქმარს დავშორდი, რადგან ნიუ-იორკში მინდოდა ცხოვრება და ჩემი ნახატებისთვის გალერეის მოძებნა. ნიუ-იორკში ცხოვრებამ ჩამითრია და უკან, კანადაში აღარ დავბრუნდი. ისე, ფანტასტიკურად კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, მაგრამ 23 წლის ვიყავი და ყველაფერი მაინტერესებდა, ოჯახის შექმნის გარდა.
– თქვენს ნარკოდამოკიდებულ შეყვარებულზე გვიამბეთ.
– ნიუ-იორკში ჩავედი 1992 წელს და მალე ძალიან დავუახლოვდი შეინს – ჩემს შეყვარებულს, რომელიც ვახსენე ზემოთ. ის ჰეროინის მომხმარებელი იყო, თუმცა სწრაფი აზროვნებით, იუმორითა და შესახედაობით ძალიან მომხიბლა. 2 კვირაში შემატყობინა, რომ ჰეროინზეა „შემჯდარი” და გარკვევით მითხრა – „არ დამიწყო ან მე ან ეს, რადგან ეს ყოველთვის იქნებაო”.
მე იმ დროს ამ სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა. მეგონა, ამის „გამოსწორება” შეიძლებოდა. მაგრამ, წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ეს არის ორივე: ბიოფიზიოლოგიური და ფსიქიკური დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებაზე და ორგანიზმს არ შეუძლია მისი „გადაგდება” ხანგრძლივი და რეგულარული თერაპიის გარეშე. თან, ამ საქმეში ძალიან გამოცდილი თერაპევტების მეთვალყურეობით.
ეს ურთიერთობა ძალიან რთული იყო, ჩემი პირადი ცხოვრება, ძირითადად, ამ ადამიანის მოვლა და გადარჩენა იყო. ბევრი რამ დამაკლდა და უარი ვთქვი უფრო პრაქტიკულად მოწყობილ პირად ურთიერთობებზე. თუმცა არ ვნანობ. მისგან ბევრი რამ შევისწავლე ცხოვრებაში, მე მასთან 4 წელიწადში ფიზიკური ურთიერთობა შევწყვიტე. მეგობრობას დღესაც ვაგრძელებ.
– იამაიკაზე როგორ ცხოვრობთ? ბოჰემურად? მოგწონთ?
– ჩემი ბოჰემური ცხოვრება საკმაოდ ორგანიზებულია და დაბალანსებული ჯანმრთელი კვებით და იოგით.
იამაიკაზე ისე ვცხოვრობ, როგორც ყველგან: ვდგები, ვკითხულობ, ვხატავ, ვვარჯიშობ და მუსიკას ვუსმენ... განსხვავება ის არის, რომ, ეს ყველაფერი ერთ პატარა კუნძულზე ხდება და მუდმივად გამწვანებულ მთებში, ტროპიკულ ბუნებასა და ტემპერატურაზე, რასაც მივეჩვიე და ზამთარი რომ ახლოვდება გავრბივარ ტროპიკებში.
იამაიკაზე ხალხს ბევრად პოზიტიური გამომეტყველება აქვს ერთმანეთთან ურთიერთობაში. მათ ადვილად ეღიმებათ და სითბოს გამოხატვაც შეუძლიათ. დიდ ქალაქებში ცხოვრების შემდეგ, ცხოვრების ნელი ტემპი სასიამოვნოა; მიყვარს აგრეთვე იამაიკის მუსიკა: რეგგეი, როკ-სტედი, დუბი.