კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ცდილობს რეპერი „ძვალის“ წყობიდან გამოყვანას და რისი ბრალია მისი ეკრანიდან გაუჩინარება

რეპერი „ძვალი“ ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო: წერდა სიმღერებს, იღებდა კლიპებს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკრანიდან გაუჩინარდა. ახლა, როგორც თავად ამბობს „ხოდში მოვიდა“ და კვლავ აქტიურად აპირებს კარიერის გაგრძელებას. მას უამრავი მიზანი და გეგმა აქვს და ამის შესახებ თავად გვიამბობს.

– უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ეკრანზე აღარ ჩანხარ, ადრე უფრო ხშირად გადიოდა შენი სიმღერები, მუსიკალური კლიპები. რისი ბრალია ეს?

– მგონი, ეკრანზე იმ სიხშირით არავინ აღარ ჩანს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. დიდი ხანია, შეწყვეტილია მსგავსი „დვიჟენიები“. ალბათ, ყველა მოთენთილია. მეც სხვა რაღაცეებით უფრო მეტად დავკავდი, ვიდრე ჩემი პროფესიით. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ბავშვი შემეძინა და, ალბათ, ამანაც იმოქმედა – მეტ დროს მათთან ვატარებდი. ახლა გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ საქმეს მივხედო.

– ესე იგი, შენი შემოქმედებითი პაუზა ოჯახის შექმნის ბრალია?

– ჩემს ცხოვრებაში ერთად იმდენი რაღაც მოხდა, რომ ვეღარ მოვიცალე სტუდიისთვის. ადრე ჩემი დროის ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობოდა სტუდიას, ჩაწერებსა და მუშაობას. შემდეგ იყო პერიოდი, როცა ამ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია. ახლა კი, ისევ წინ გადმოვწიე და მზად ვარ, ჩემი კარიერის გასაგრძელებლად.

– ამ ეტაპზე რა ხდება, რას აკეთებ, სიმღერების ჩაწერა უკვე დაიწყე?

– ამ ეტაპზე ვაპირებ, ჩავწერო ალბომი. სიმღერების ჩაწერა უკვე დავიწყე. ცოტა ხანში ყველას ექნება საშუალება, მოისმინოს და, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებათ, რადგან მართლაც მაგარი პროდუქტი იქმნება.

– ესე იგი, ახლა ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობ.

– დიახ, ძალიან დატვირთული ვარ, რადგან მარტო სიმღერების ჩაწერით არ ვარ დაკავებული. ვუკრავ „ბამბა რუმსში“ – დიჯეი ვარ. მოკლედ, ყველაფერს მივედ-მოვედები (იცინის).

– როგორც ჩანს, აქტიური ცხოვრება ძალიან მოგწონს.

– გუშინდელიდან, მგონი, უფრო მომწონს (ინტერვიუ ჩაწერილია 12 იანვარს, – ავტორი). გუშინ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რაღაცეები და დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ ბევრი რამ შემიძლია, თან – ძალიან კარგად.

– პასიური პერიოდები, როგორც ყველას, ალბათ, შენც გქონია.

– პასიური პერიოდები როგორ არ მქონია, მაგრამ, უსაქმურობა არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც გავაკეთო. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისვენებ ხოლმე და ამას უსაქმურობას არ ვეძახი (იცინის).

– როგორია შენთვის ყველაზე კარგი დასვენება?

– ყველაზე კარგი დასვენება ჩემთვის არის ძილი. დილას კარგად გამოძინებული რომ ავდგები, მაგაზე კარგი დასვენება რა შეიძლება, იყოს. საერთოდ, ადამიანმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს.

– რაიმე სლოგანი თუ გაქვს, რასაც ხშირად ითვალისწინებ ცხოვრებაში.

– ერთი ამოჩემებული სლოგანი არ მაქვს, თუმცა, ძალიან ბევრი პრინციპია, რის მიხედვითაც ვცხოვრობ. უმეტესად, ინტუიციით ვხვდები ხოლმე, რა უფრო კარგია და იმას ვაკეთებ.

– ასეთ აქტიურ ადამიანს პასიურ ხალხთან შეგიძლია მეგობრობა? თუ, შენი მეგობრებიც ისეთები არიან, როგორიც შენ ხარ?

– სიმართლე რომ გითხრათ, ჩემნაირს არავის ვიცნობ. სტეფანე ამბობს ხოლმე, რომ ბიჭებში შენ ხარ და გოგოებში – ქეთა თოფურიაო. სულ ტვინს ჭამ, სულ რაღაც გინდა, ძალიან აქტიური ხარო. მეგობრებს რაც შეეხება ზოგი აქტიური ადამიანია, ზოგი პასიური – ერთნაირები ხომ არ ვიქნებით. საერთოდ, ძალიან დიპლომატიური ვარ ურთიერთობებში.

– ურთიერთობაში ადვილად შედიხარ?

– ძალიან ადვილად გამომდის ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში შესვლა. თუ გიჟია და „გამარჯობის“ თქმაზე გეჩხუბა, მაშინ, რად მინდა მასთან ურთიერთობა! საერთოდ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ.

– ყველაზე კარგად თავს სად გრძნობ?

– ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩემს შვილთან ერთად ვთამაშობ. ის ჯერ 6 თვისაა. როცა მასთან ერთად ვარ, ყველაფერი მავიწყდება, საათს რომ შევხედავ, მაშინ მახსენდება, რომ წასასვლელი ვარ. ასევე, სტუდიაში ვგრძნობ თავს ძალიან კარგად. საერთოდ, ასეთი ჩვევა მაქვს: თუ სადმე რაღაც არ მომეწონა, შანსი არ არის, იქ გავჩერდე.

– რაიმე ისეთი მიზანი თუ გაქვს ცხოვრებაში, რასაც ჯერ ვერ მიაღწიე?

– მიზანი, რა თქმა უნდა, მაქვს. საერთოდ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრებისეული გეგმები, მიზნები. ისე ცხოვრებას რა აზრი აქვს, თუ რაღაც მიზნით არ ცხოვრობ? მე ასე ვფიქრობ.

– ხშირად გიმართლებს?

– კი, ალბათ, მიმართლებს, მაგრამ, გააჩნია, ვინ რას ეძახის გამართლებას. მე მჯერა ერთი რაღაცის: ცხოვრებაში რასაც გააკეთებ იმის შედეგს აუცილებლად მიიღებ. არ არსებობს, იწვალო, იშრომო, რაღაცა შექმნა და ის არ დაგიფასდეს და უკან არ დაგიბრუნდეს. თუ რაღაც გინდა, გამართლებას არ უნდა ელოდო – იშრომე და გაგიმართლებს.

– რისკიანი ადამიანი ხარ?

– გააჩნია, რას რისკავ. არსებობს ბევრი რაღაცა, რასაც მე რისკის ქვეშ არ დავაყენებ. კაზინოში თუ თამაშობ, შეიძლება, გარისკო, მაგრამ ცხოვრებაში ცოტა ძნელია. თუ რაღაცას სწორად დაგეგმავ და შეასრულებ, გარისკვა აღარ დაგჭირდება.

– როგორც ჩანს, ძალიან მიზანდასახული ხარ.

– კი, ძალიან. ცხოვრებაში რაც მიზნად დამისახავს, ყველაფერს ვასრულებ. თუ რაღაც არ გამომივიდა, ხელს არასდროს ჩავიქნევ. ცოცხალი იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი, რაც მიზნად მაქვს დასახული, შევასრულო.

– რაც შეეხება შენს სიმღერებს, კლიპებს, როდის იხილავს მსმენელი?

– ახლა ვართ მუშაობის პროცესში. როდის დავამთავრებთ, არ ვიცით, მე და „თი-ელი“ მარტო ვმუშაობთ. თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვინც ჩვენ დაგვეხმარება, უფრო გაგვიადვილდება სამუშაო და მალე მოვრჩებით.

– შენი მეუღლე როგორც ვიცი, უცხოეთშია წასული სასწავლებლად. ერთმანეთთან შორიშორს ყოფნა არ გიჭირთ?

– დიახ, სასწავლებლად არის წასული. დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. ეს არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასწავლებელი. ვინც მაგას დაამთავრებს, უდიდესი შანსი აქვს, გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა. ბავშვი კი ძალიან ენატრება, მაგრამ, როცა დაამთავრებს, აუცილებლად ჩამოვა.

– შენ ხომ არ აპირებ იქ წასვლას?

– ვაპირებ, მეც მინდა უცხოეთში სწავლა. გავიცნობ დიდ ამერიკას (იცინის). საბოლოოდ აუცილებლად ორივე საქართველოში ვიცხოვრებთ.

– საერთოდ ყველაფერს წინასწარ გეგმავ ხოლმე?

– არასდროს არ ვგეგმავ. მე და ჩემი ცოლი ამ საკითხში აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ: მე არაფერს ვგეგმავ, ერთი დღის მერეც არ მაქვს დაგეგმილი. ჩემს ცოლს კი, თუ ერთი თვის გეგმა არ აქვს, დეპრესიაში ვარდება. სულ ზის და გეგმავს ხოლმე.

– სხვა თვისებებითაც თუ განსხვავდებით შენ და შენი მეუღლე ერთმანეთისგან?

– ბევრი რამით განვსხვავდებით და, ეს, მგონი, კარგიცაა? ერთმანეთს ყველაფერში ვავსებთ: ხან მე ვთმობ, ხან ის და, საერთო ჯამში ერთ აზრზე ვთანხმდებით ხოლმე.

– საერთოდ უფრო რთული ადამიანი ხარ?

– მე ყველა ადამიანი რთულად მიმაჩნია. მარტივი ადამიანი საინტერესოც არ იქნება. ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან: ყველა სხვანაირად ხედავს, სხვანაირად აღიქვამს, ამიტომ, ყველა ადამიანი რთულია.

– ფეთქებადი ხარ?

– იყო პერიოდი, როცა სერიოზული ნევროზი მქონდა – გიჟი ვიყავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ახლა ძალიან დაწყნარებული, გაწონასწორებული ვარ. თუ ვინმე ეცდება, წყობიდან გამომიყვანოს, სიამოვნებით გამოვალ (იცინის). ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჯანით სავსე და, აბა, ვინმემ გამომიყვანოს წყობიდან, იქით გამოვიყვან (იცინის).

– წარმოგიდგენია, როგორი იქნება სიბერეში რეპერი „ძვალი“?

– ძალიან მინდა, სიბერეში ბევრი ვიმოგზაურო. მგონი, მოგზაურობაზე მაგარი არაფერია – ქვეყნების დათვალიერება, მათი კულტურის გაცნობა... ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის შემოვინახავ და, როცა დავბერდები, ბევრს ვიმოგზაურებ (იცინის).


скачать dle 11.3