რომელი ორგანო დაიპატარავა ჰოლივუდის ლეგენდამ კლარკ გეიბლმა და კომიქსების რომელ გმირს უწოდეს სახელი მის პატივსაცემად
თუკი მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ჰოლივუდი ფუფუნებისა და გლამურის სამეფო იყო, მაშინ კლარკ გეიბლი ამ სამეფოს მეთაურად შეიძლება, ჩაითვალოს. კლარკ გეიბლი ყველა ქალისთვის სასურველი იდეალური მამაკაცი იყო, რომლის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა.
2011 წლის თებერვალში ლეგენდარულ მსახიობს დაბადებიდან 110 წელი უსრულდება და „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ კლარკ გეიბლის ცხოვრებას ციტატებსა და ფაქტებში.
* უილიამ კლარკ გეიბლი 1901 წლის 1 თებერვალს დაიბადა ოჰაიოს შტატში. მამამისი სანავთობო კომპანიაში მბურღავად მუშაობდა. დაბადების მოწმობაში ახალდაბადებულ კლარკს შეცდომით მდედრობითი სქესი ჰქონდა მითითებული.
* კლარკის დედინაცვალი დახვეწილი მანერების ქალი იყო და სწორედ მან ასწავლა კლარკს გემოვნებით ჩაცმა, შექსპირის კითხვა და ფორტეპიანოზე დაკვრა.
* გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში, კლარკი უილამეტის ხეობაში ხის მჭრელად მუშაობდა, თუმცა, მალე მობეზრდა ფიზიკური შრომა და მსახიობობა გადაწყვიტა.
* მსახიობის კარიერა კლარკ გეიბლმა ორეგონის შტატის თეატრებში დაიწყო, სადაც გაიცნო შეთავსებით აგენტი თავისი პირველი, 14 წლით უფროსი მეუღლე ჟოზეფინ დილონი, რომელმაც გზა გაუკვალა დამწყებ მსახიობს ლოს-ანჯელესში.
* პირველ ქასთინგს, სადაც გეიბლი მივიდა, რეჟისორი მერვინ ლე როი ატარებდა ფილმისთვის „პატარა ცეზარი”. რეჟისორი კმაყოფილი იყო გეიბლის პერსონით, თუმცა ფილმის პროდიუსერს, დერილ ზანუკს, არ მოეწონა გეიბლის დიდი ყურები. სწორედ ყურების გამო დაიწუნეს გეიბლი, რომელმაც ქასთინგის შემდეგ პლასტიკურ ქირურგს მიმართა და ყურები დაიპატარავა.
* 1930 წელს კლარკ გეიბლმა პირველი კონტრაქტი გააფორმა სტუდია „მეტრო-გოლდენ-მაიერთან”, რის შემდეგაც გაშორდა ჟოზეფინას და ცოლად მოიყვანა ტეხასელი რია ფრანკლინ პრენტის ლუკას ლენგემი – ამჯერად 17 წლით უფროსი ქალბატონი.
* „მეტრო-გოლდენ-მაიერი” სერიოზულად განიხილავდა გეიბლის კანდიდატურას ტარზანის როლზე, თუმცა მოგვიანებით ეს როლი ოლიმპიურ ჩემპიონ ჯონ ვაისმიულერს შეხვდა.
* ღრძილების ინფექციის გამო, 1933 წელს კლარკ გეიბლმა პრაქტიკულად ყველა კბილი დაკარგა. იმ პერიოდში იგი მონაწილეობას იღებდა ფილმ „მოცეკვავე ლედის” გადაღებებში, რომლის პროცესიც რამდენიმე თვით გაიწელა, მანამ მსახიობმა პირის ღრუს პრობლემა მოიგვარა. გადაღებების დასრულების შემდეგ, „მეტრო-გოლდენ-მაიერმა” მსახიობის დასჯა განიზრახა და, ფრენსის კაპრას სტუდია „ქოლამბია ფიქჩერზს”, რომელიც იმ დროს მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, ის დაბალბიუჯეტიანი კომედიური ფილმისთვის „ეს მოხდა ღამით” „ათხოვა“.
* ყველასათვის მოულოდნელად, კაპრას ფილმმა „ოსკარის” ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის „მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის” დაწესებული ჯილდო გეიბლმა მიიღო და ეს იყო მისი ერთადერთი „ოსკარი”.
* კლარკ გეიბლის მთავარ კონკურენტად ჰოლივუდში მსახიობი ჰარი კუპერი ითვლებოდა.
* მსახიობი ჯუდი ლუისი, კლარკ გეიბლისა და მსახიობ ლორეტა იანგის უკანონო შვილია, რომელიც 1935 წელს, საიდუმლო ვითარებაში დაიბადა. მსახიობებს რომანი ჰქონდათ ფილმ „წარსულის აჩრდილების” გადაღების პერიოდში და იმის შიშით, რომ ბავშვი მათ კარიერას დაუნგრევდა, იანგმა საიდუმლო ვითარებაში, ევროპაში მშობიარობა გადაწყვიტა. კლარკ გეიბლი თავის ქალიშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – მისი დაბადებიდან 15 წლის შემდეგ.
* თავდაპირველად კლარკ გეიბლი უარს აცხადებდა თამაშზე ფილმში „ქარწაღებულნი” და მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც ჰონორარის დამატებით, ბონუსის სახით, მას 50 ათასი დოლარი შესთავაზეს.
* კეროლ ლომბარდი კლარკ გეიბლის რიგით მესამე ცოლი იყო. წყვილი 1939 წელს დაქორწინდა. იმ დროისთვის გეიბლი გაბანკროტებული იყო, რადგან გაყრის შემდეგ რია ფრანკლინმა მას 500 ათასი დოლარი სასამართლოს მეშვეობით გამოსძალა.
* 1942 წელს კეროლ ლომბარდი ტრაგიკულად – ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგაც კლარკ გეიბლმა თვითმკვლელობაც კი სცადა. მოგვიანებით იგი სამხედრო ავიაციის რიგებში ჩაეწერა და რამდენიმე სამხედრო დავალება შეასრულა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის ცაში. ამბობენ, რომ ადოლფ ჰიტლერს კლარკ გეიბლის დაჭერისთვის პრემია ჰქონდა დაწესებული.
* 1944 წელს კლარკ გეიბლი სახლში დაბრუნდა, თუმცა, სანამ ომი არ დასრულდებოდა უარს აცხადებდა ფილმებში თამაშზე.
* მიუხედავად იმისა, რომ „ქარწაღებულნი” მსოფლიო კინემატოგრაფის აღიარებულ შედევრად ითვლება, კლარკ გეიბლს არ უყვარდა ეს ფილმი, რადგან, მისი აზრით, რეტ ბატლერის როლი „ნამეტანი ქალური გამოვიდა”.
* კოლეგები და თაყვანისმცემლები კლარკ გეიბლს „ჰოლივუდის მეფეს” უწოდებდნენ.
* კლარკ გეიბლი ნადირობის დიდი მოყვარული და იარაღის განთქმული კოლექციონერი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ, მის სახლში 500 ათასი დოლარის ღირებულების რევოლვერები და თოფები იქნა აღმოჩენილი.
* სახელი „კლარკი“ კომიქსების სუპერმენმა პერსონაჟმა კლარკ გეიბლის პატივსაცემად მიიღო.
* კლარკ გეიბლი დისლექსიით იყო დაავადებული – მას უჭირდა კითხვა. ეს ფაქტი მხოლოდ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.
* „მან მე თითქმის ინფარქტი დამმართა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მასთან ერთად მუშაობას მოვრჩი”, ასე დაახასიათა თავისი კინოპარტნიორი მერლინ მონრო კლარკ გეიბლმა.
* კლარკ გეიბლს ძალიან უყვარდა ვესტერნის ჟანრის ფილმები და სიცოცხლის ბოლო წლებში ნანობდა, რომ ასეთ ფილმებს ადგილი არ დაუთმო თავის ფილმოგრაფიაში.
* კლარკ გეიბლი 1969 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, თავისი უკანასკნელი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე.