რაში ეხმარებიან „ბარსას“ ქართველ „მეგოლეს“ ესპანეთში დუხჭირი სვანი ბიზნესმენები
რვა თვის წინ, როცა ზურგზე „მოკიდებული“ 15 წლის ბიჭი ესპანეთში წავიდა, ზუსტად იცოდა, რომ ფეხბურთის ლეგენდარულ გუნდში არ დაიწუნებდნენ. საქართველოში უკვე ჰქონდა ცნობილი „მეგოლის“ ტიტული, მაგრამ მისი მიზანი ბევრად მეტი იყო – დღეს, მხოლოდ ასაკი უშლის ხელს, რომ მოედანზე ცოცხალი ლეგენდების გვერდით გავიდეს, ვარსკვლავობამდე და დიდ მიზნამდეც პატარა „ბარსელს“ მხოლოდ დრო აშორებს. გიორგი ჭანტურია ესპანეთისთვის უკვე გახდა „ახალი ბრილიანტი“, მას ხშირად იბრაგიმოვიჩს ადარებენ, თუმცა თავად მესის თამაში უფრო მოსწონს. უყვარს გოლები, პირველობა და გამარჯვება, ასე აპირებს გაგრძელებას დიდი ამბიციების პატარა ბიჭი, რომლისთვისაც ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი „კერპია“...
გიორგი ჭანტურია: ფეხბურთის თამაში ძალიან პატარამ დავიწყე, 6 წლის ვიყავი, როცა დედამ ახალგახსნილ „ირაოზე“ მიმიყვანა. დედამ იგრძნო, რა იყო ჩემთვის ფეხბურთი, თან ცაცია რომ ვარ, იფიქრა, ეს ძალიან გამომადგებოდა. სულ ბურთით დავრბოდი, ოთახებშიც კი ფეხბურთს ვთამაშობდი. ერთხელ ოპერაში „მაკნატუნაზე“ წამიყვანეს, იქაც კი ბურთი წავიღე თან. მამაჩემი ექიმია, ისიც ჩაერთო ჩემს საფეხბურთო პერიპეტიებში. ამ ყველაფრის სასტიკი წინააღმდეგი იყო ბებიაჩემი, რომელმაც ერთ დღეს სიმღერაზე წამიყვანა (იცინის), ჩამწერა რაღაც კურსებზე, ყველაზე ბოლოს ვიჯექი, მომისმინეს თუ არა, ეგრევე „დამბრაკეს“, რამაც ბებია ძალიან გააბრაზა. ბებო მღუპავდა, მაგრამ დედამ გადამარჩინა. ის ჩემი აგენტივითაა, ესპანეთში რომ ჩამოდის, ერთი სიტყვა არ იცის ესპანური და აგენტების გვერდით გამოიჭიმება ხოლმე, თითქოს მათი კოლეგა იყოს (იცინის). სკოლაში საკმაოდ ცუდად ვსწავლობდი, მაგრამ ისე მიწყობდნენ ხელს, ჟურნალი რომ ნახოთ ფრიადოსანი გეგონებით. ერთხანს, მშობლებმა იფიქრეს, ჩვენი შვილი ძალიან არ ჩამორჩეს სწავლასო და ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები სახლში მამეცადინებდნენ. ერთ დღეს დედაჩემი სახლში ბრუნდება, ხსნის კარს და ესმის ხმა: სამოცი, სამოცდაერთი, სამოცდაორი. შემოიხედა ოთახში და რა დაინახა: მე ბურთს ვკენწლავ, ჩემი მოხუცი მასწავლებელი კი ითვლის. მას შემდეგ არც ის მასწავლებელი აღარ მოსულა ჩვენთან და არც დედას უფიქრია, რომ მათემატიკა უნდა მესწავლა. (იცინის) ერთი წელი ვიარე „ირაოზე,“ მერე სპორტის აკადემიაში ვვარჯიშობდი. ოთხი წელი „ოლიმპში“ ვთამაშობდი, ამ გუნდთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი წარმატებები. გუნდში თასი იყო დაწესებული, რომელსაც კვირის ბოლოს ის ფეხბურთელი იღებდა, ვინც თავს კარგი თამაშით გამოიჩენდა. წესით, ეს თასი გარდამავალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წლების განმავლობაში, ყოველი კვირის ბოლოს თასით მე ვბრუნდებოდი სახლში. მეხუმრებოდნენ: ნუ წაიღებ თასს, მაინც უკან მოგაქვსო. (იცინის) 11 წლისამ ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირზე საუკეთესო თავდამსხმელის, მოთამაშისა და ბომბარდირის პრიზები მოვიგე. ტელევიზორიც მაჩუქეს, რომელიც სულ საფეხბურთო არხებს „აჩვენებდა“. მერე დიდ წარმატებას მივაღწიე დანიაში, სადაც გაიმართა ტურნირი, რომელშიც 108 გუნდი მონაწილეობდა. იმ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და მეტსახელად „მეგოლე“ შემარქვეს. „ბარსაში“ წასვლამდე „საბურთალოში“ ვთამაშობდი.
– და ასე „საბურთალოდან“ პირდაპირ „ბარსაში“ მოხვდი?
– მართლა ასე იყო. რვა თვის წინ, თბილისში დარეკა ესპანეთში საქართველოს ელჩმა ზურა პოლოლიკაშვილმა და ჩემს მწვრთნელს უთხრა: თუ ვინმე კარგი და ნიჭიერი ბავშვი გყავთ, გამოგზავნეთ და „ბარსაში“ სინჯებზე მივიყვანო. იმ პერიოდში უკვე მიდიოდა მოლაპარაკებები „ტოტენჰემთან,“ „ენპოლთან“. მე მაინც „ბარსა“ ვარჩიე, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის საოცნებო გუნდია, მწვრთნელმა არჩევანი ჩემზე გააკეთა, მეც წავედი ესპანეთში. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ჩემს ენაზე არავინ ლაპარაკობდა, ყველა უცხო იყო, ამის გამო ბევრჯერ მომინდა თბილისში დაბრუნება. ბაზის საჭმელები მომწყინდა, სულ ხინკალი და ქაბაბი მინდებოდა. დედაჩემი ისე ზრუნავს ჩემზე, ლამისაა, ბროწეულის წვენი გამომიგზავნოს თბილისიდან, მაგრამ მაინც მენატრებოდა აქაურობა. ეს გრძნობა ნელ-ნელა გადავლახე. თავიდან ორი კვირა მომცეს გამოსაცდელი ვადა, მაგრამ მესამე დღესვე მითხრეს, რომ გუნდში მტოვებდნენ. როცა თავიდან „ბარსას“ მაისური ჩავიცვი, ვერ ვიჯერებდი, ვსინჯავდი, ყალბი ხომ არ იყო. (იცინის) მერე, თურმე, ყველაფერს ეჩვევი. ახლა ნოუ-კამპის ბაზაზე ვცხოვრობთ ახალგაზრდა ფეხბურთელები.
– „ბარსა“ მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ხვდები მათ სავარჯიშო მოედანზე?
– ვარჯიშის დროს ვერ ვნახულობ, რადგან „ბარსას“ ვარჯიშზე დასწრება აკრძალულია. თუმცა, მე და კაპიტანი, ორჯერ გვავარჯიშეს დიდებთან ერთად. რვა თვის ჩასული ვარ, თორემ გუნდის კაპიტნობასაც „გავქაჩავდი“ (იცინის). ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით ბაზაზე, რომელიც ავტობანზეა. 13 სტადიონი გვაქვს ბაზაზე. იქ ძალიან ხშირად მოდის „ბარსას“ პრეზიდენტი ლაპორტა. მან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. ჩასვლისთანავე გავიცანი, მერე სააკაშვილი რომ იყო ჩამოსული, მაშინაც ვისაუბრეთ. პრეზიდენტმა მითხრა: მიდი, შენ მიაწექი და ყველაფერში გვერდით გედგებიო. ერთხელ ლაპორტასთან ერთად ლოჟაშიც კი მოვხვდი. „ბარსა“-„ვალენსიას“ თამაშზე პირველად ვნახე მოედანზე მესის თამაში. მაგარ შთაბეჭდილებებში ვიყავი. იქ მოხვედრა იოლი არაა, 17 000 ღირს ბილეთი. მესი, ანრი, ეტოო და იბრაგიმოვიჩი ჩემი მეგობრები ნამდვილად არ არიან, მაგრამ მცნობენ და მესალმებიან. თამაშის სტილით იქ იბრაგიმოვიჩს მადარებენ. ესპანელები ამბობენ, რომ ძალიან სწრაფი ვარ. მოედანზე ჩემი აგრესიულობაც მოსწონთ. მე ჯერ ჩვიდმეტი წლისაც არ ვარ და ძირითად გუნდში ვერ მათამაშებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მესისთან ერთად აუცილებლად მომიწევს თამაში. ჯერჯერობით ხელშეკრულებით ვთამაშობ, იჯარით ვარ გაცემული. (იცინის).
– ძვირად გაგაქირავეს?
– არ ვიცი, ეს კომერციული საიდუმლოა. სიმართლე გითხრათ, ეს არც მაინტერესებს. მე უფრო პრემიები მაღელვებს. ცოტა ხნის წინ ავიღე „ფიჩა“, რის გამოც მწვანე შუქი ამენთო, ჭაბუკთა ლიგის ყველა თამაშში მივიღებ მონაწილეობას. ერთი წელი რომ გავა, მერე სამწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელს. ოღონდ ბევრი, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. თქვენ რომ ნახოთ „ბარსას“ ვარსკვლავები რამდენს შრომობენ, ჰო, მაგრები არიან, მაგრამ მაინც ბევრს ვარჯიშობენ. კარგ ფეხბურთელს ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა, ფეხბურთის გამო.
– ხომ არ გჩაგრავენ ადგილობრივი ფეხბურთელები ჩასულებს?
– არა, ვინ უნდა დამჩაგროს, აქეთ არ დავჩაგრო ვინმე. ცოტა „ნაგლი“ ვარ მოედანზე, ამას ყველა ხვდება. ჩემს გუნდში ესპანელების გარდა, კამერუნელები თამაშობენ, ისინი ეტოოს ჩამოყვანილები არიან. ბარსელონაში ისეთი სვანი მეგობრები მყავს, აქეთ დავჩაგრავთ იქაურებს, სვანური დიასპორის წევრი გავხდი. ისინი არიან ჩემი ყველაზე მაგარი „ბალეშჩიკები“, დუხჭირი ბიზნესმენები კი არიან, მაგრამ მაინც ყველაფერში გვერდით მიდგანან. (იცინის).
– პატარა „ბარსელები“ მძიმე რეჟიმით ცხოვრობთ?
– ძალიან მკაცრი რეჟიმი გვაქვს: ვარჯიში, ჭამა, სკოლა და ძილი. მეტი არაფერი არ ხდება. ღამით კომპიუტერზეც კი არ შეიძლება ლაპარაკი. თავისუფლები ვართ პარასკევსა და შაბათს, მაგრამ თერთმეტ საათამდე ბაზაში თუ არ დაბრუნდი, მეორე დღეს მაგარ შარში აღმოჩნდები. შეიძლება, რომელიმე თამაში არ გამოგივიდეს, მაგრამ წესრიგის დარღვევას არ გაპატიებენ. იქ ისეთი მკაცრი დისციპლინაა, წესებს ვერ დაარღვევ. ამის უფლება შეიძლება მესის ჰქონდეს, იქამდე მეც მივალ (იცინის), ერთხელ რესტორნის გახსნაზე დამპატიჟეს. გვიანი იყო, უცებ უკნიდან ვიღაცამ ხელი დამარტყა და მითხრა: შენ ხვალ ვარჯიში გაქვსო. მე ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე: მიცნეს, „ბარსას“ ფეხბურთელი რომ ვარ-მეთქი, მოვიხედე უკან და ჩემი მწვრთნელი არ დამხვდა? ერთხელაც ჩემმა მეგობარმა სვანებმა ღამის კლუბში დამპატიჟეს, უკვე ღამის თორმეტი საათი იყო დაწყებული, გამორიცხული იყო, ვინმეს ბაზიდან გავეშვი. არადა ძალიან მინდოდა წასვლა. გადავწყვიტე, როგორმე დაცვის თანამშრომელი „შემება“. ვუთხარი: თბილისიდან ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა, აუცილებლად უნდა დავხვდე-მეთქი. არა, ვერ გაგიშვებ, რომ გაიგონ, სამსახურიდან გამაგდებენო. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა და ქრთამი შევთავაზე. 20 ევრო ვაჩუქე, რომ გავეშვი. ქრთამმა მაშინვე გაჭრა – ისეთი კარიდან გამიყვანა, სადაც ვიდეოთვალი არ იყო დამონტაჟებული. კი მივეცი პირობა მალე დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ პირობა ვერ შევუსრულე.
– „ბარსაშიც“ მეგოლეს ხომ არ გეძახიან?
– არა, იქ „ჯიოს“ მეძახიან. სარაგოსაში მაგარი გოლი გავიტანე და მაშინ ყველა ერთად რომ ყვიროდა „ჯიოს“ ძალიან „გამისწორდა,“ მერე გაზეთებში დაწერეს ჩემზე „ახალი ბრილიანტიაო“, აბა, აბა... (იცინის).
– ესპანეთში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– იმდენი არა, რამდენიც ანრის და მესის. (იცინის) მათ დანახვაზე ქუჩაში მოძრაობა იკეტება, ფანები მანქანებში უხტებიან. მაგარია ასეთი ცხოვრება, ოღონდ ეს უნდა დაიმსახურო. ჩვენ, პატარებსაც გვყავს თაყვანისმცემლები, პარასკევსა და შაბათს დისკოთეკებსა და პაემნებზეც შეიძლება სიარული. თან იქ ძალიან მაგარი გოგონები არიან. ერთი პრობლემა მაქვს, ინგლისური კარგად არ ვიცი. ორ დღეში ერთხელ თბილისში ვრეკავ და დედაჩემს ვეკითხები: როგორაა ინგლისურად, „საღამოს რას აკეთებ?“ მერე ის ფანები „მამეცადინებენ“ ინგლისურში. (იცინის) პარასკევსა და შაბათს ერთი ცუდი რამ მუდმივად ხდება ჩემ თავს – დედა ამ დღეებში ათჯერ მეტად მირეკავს და მეკითხება; ქუდი მახურავს თუ არა, სურდო ხომ არ დამემართა? აქედან გავექეცი, მაგრამ იქაც მტანჯავს. რა ვქნა, დედაა, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა და ყველაფერს ვპატიობ... (იცინის).
თამუნა სამადაშვილი