კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ჯაბა ქარსელაძე „დიორის” ახალგაზრდულ კლიპში და რატომ შეცვალა მისი ცხოვრება მონაკომ

მართალია, ჯაბა ქარსელაძე ბოლო დროს საქართველოში არც ისე ბევრ დროს ატარებს, მაგრამ ის ყოველთვის მზად არის ჩამოსვლისთანავე ექსკლუზიურად ესაუბროს „თბილისელების” მკითხველს თავისი წარმატებებისა თუ მორიგი სკანდალური ისტორიების შესახებ. ამჯერად ჯაბას ცხოვრებაში მართლაც ბევრი სიახლეა და ეს მხოლოდ პირადულს არ ეხება. მთავარი სიახლე მისი საქმიანობის ირგვლივ ხდება, რაზეც თავად მოგითხრობთ.

ჯაბა ქარსელაძე: მონაკოში ჩემი ბოლო წასვლა, მიმაჩნია, რომ განსხვავებული იყო. უფრო ადვილად შევეჩვიე დამოუკიდებლობას, რაც ყოველთვის თან ახლავს უცხოეთში ცხოვრებას. მართალია, მონაკოში მარტო მე ვარ ქართველი, მაგრამ მსოფლიოში – არა. ამიტომ, მაქვს საშუალება, ჩემი მეგობრებიც მოვინახულო, როცა დრო მაძლევს ამის საშუალებას. თან, ინგლისის საელჩომ ორწლიანი ვიზა მომცა და ხშირად ჩავდივარ ლონდონში, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი სწავლობს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა: ვგულისხმობ როგორც კარიერას, ასევე პირადს. პირველად ვამბობ, რადგან ამის შესახებ ჯერ არავინ იცის: იანვრიდან ქვეყანას ვიცვლი და სასწავლებლად სხვა უნივერსიტეტში – მონაკოდან შვეიცარიაში გადავდივარ. ეს უფრო პრესტიჟული უნივერსიტეტია და სწავლას იქ განვაგრძობ. კიდევ ის არის სიახლე, რომ პარალელურად საფრანგეთში დოქტურანტურაში ჩავაბარე. რამდენიმე წელიწადში კი, დისერტაციას დავიცავ და დოქტორის წოდებაც მექნება, რაც ძალიან მიხარია. გამოდის, რომ ამ ეტაპზე ორმაგი სტუდენტი ვარ. მონაკოში ერთ რამეს მივხვდი: საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. ხშირად ისეთი სარფიანი გარიგება ხდება შენ თვალწინ, რომ თეთრი შურით გშურს და ფიქრობ, ნეტავ მე ვიყო მის ადგილასო. იქ ისეთი დონის ხალხთან გაქვს ურთიერთობა და კონტაქტი, საერთოდ სხვა გემოვნება და კულტურა გიყალიბდება. როცა მონაკოს უძვირეს სასტუმროში „ჰოტელ დე ბადეში” დაგპატიჟებენ ვახშამზე, სადაც შენ გვერდით პერის ჰილტონი ვახშმობს, სელინ დიონს ნახავ პირისპირ და კიდევ სხვა ცნობილ პიროვნებას, უკვე სხვა ადამიანი ხდები. რომ მეგონა, ცხოვრებაში ბევრი რამ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ სწორედ ბევრი რამ არ მცოდნია. თურმე, უკაცრავად და, „სადა ვბანაობ“, რომ იტყვიან. იქ არც შენი წარმომავლობა და გავლენიანი ოჯახი აინტერესებთ და არც სხვა ასეთი რამ. მონაკოში გაფასებენ როგორც პიროვნებას, როგორი ხარ მათთან მიმართებაში. მთავარია, დაინახონ, რომ შენში შრომის უნარი და პოტენცია დევს.

– იმიჯი გაქვს საგრძნობლად შეცვლილი.

– ეს ერთი მიზეზით მოხდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩანაფიქრი განხორციელდება. მონაკოში, სადაც მე ვსწავლობდი, არის ტანისამოსის ბრენდების მართვის ფაკულტეტი. სტუდენტები ძალიან მოდებული არიან ცნობილ ბრენდებს, დადიან დიზაინერებთან პრაქტიკაზე და ასე შემდეგ. ახლა დაგეგმილი აქვთ „დიორის” სუნამოს რეკლამის გადაღება. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მაგისტრატურას გადის ამ ფაკულტეტზე და ახლოს არის ცნობილ დიზაინერებთან, შემომთავაზა ამ კლიპში გადაღება. სწორედ მათი ინიციატივით შევიცვალე იმიჯი. შეიძლება, ძალიან ფრაგმენტული როლი მომცენ, მაგრამ „დიორის” კლიპში გადაღებაზე ვინ იტყოდა უარს?

– სად იგეგმება გადაღება?

– მონაკოში.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორც აღნიშნე, სიახლე გაქვს.

– დედაჩემი სულ მეჩხუბება, ნუ ამბობო, მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ, მგონი საქართველოში ვერ ვუგებ გოგონებს. ყველა უცნაური და სხვა მენტალიტეტის მგონია. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა გვერდით ვიღაც მჭირდება. დღეს კი არის ერთი მანდილოსანი, რომლის მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ვერ ვიტყვი, რომ აქ სერიოზულ გრძნობაზეა საუბარი, მაგრამ, პირველად შევიგრძენი, რომ, თურმე, რამხელა პლუსი ჰქონია, როცა გყავს ეგრეთ წოდებული „გერლფრენდი.” რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ღია ურთიერთობა, ანუ, აგიხსნით რას ნიშნავს ეს: ჩვენ არ გვექნება პრეტენზია იმაზე, როცა სხავადასხვა ქვეყანაში ვიქნებით, სხვასთანაც გვქონდეს ურთიერთობა. ურთიერთობის ეს ფორმა ევროპაშიც კი ახალი ხილია. შეიძლება ბევრმა მამაკაცმა ეს აბსოლუტურ სიგიჟედ ჩათვალოს, მაგრამ ჩემთვის სავსებით ნორმალურია. მართალია, ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე არ აქვს და მის ცოლად მოყვანას არ ვგეგმავ, მაგრამ, ერთი ვიცი: ვინც არ უნდა იყოს, მინდა, მყავდეს უცხოელი ცოლი.

– სადაურია შენი „გერლფრენდი?”

– რეალურად არის ფრანგი, თუმცა, შთამომავლობით – ბერძენ-ფრანგი. ძალიან კარგი ადამიანი და კარგი ოჯახის შვილია. მისი მშობლები, რომლებსაც ჯერ პირადად არ ვიცნობ, ამჟამად არგენტინაში ცხოვრობენ. შევთავაზე, თბილისში წამომყოლოდა, მაგრამ თავი შეიკავა.

– სხვათა შორის, თბილისში ხმა გავრცელდა, ჯაბა ქარსელაძეს ოჯახმა ინტერვიუს მიცემა აუკრძალაო. მაგრამ, რადგან ახლა აქ ხარ, გამოდის, ეს მორიგი ჭორია შენს შესახებ.

– ჩემი ოჯახი მე არაფერს მიკრძალავს. ერთადერთი, იმას ვიტყვი, რომ, სანამ საფრანგეთში წავიდოდი, ჩემი ახალი კლიპი დავუტოვე მაყურებელს, რომლის პრემიერაც „ნანუკას შოუში” შედგა. ეს გადაცემა საქართველოსთვის ცოტა სკანდალური გამოვიდა. ამის შემდეგ რომ მიკავშირდებოდნენ სოციალურ ქსელზე ჟურნალისტები, კომენტარს არ ვაკეთებდი. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვიუს მიცემა ამიკრძალა ოჯახმა, უბრალოდ, მათი თხოვნა იყო კომენტარისგან ჯერჯერობით თავი შემეკავებინა. მათი აზრით, თავის გამართლება და რაღაცის მტკიცება საჭირო არ იყო, რადგან გამგები კომენტარის გარეშეც სწორად გაიგებდა. ალბათ, ეს ჭორი იქიდანაც წამოვიდა, რომ, რაც თბილისში ჩამოვედი, ძალიან ბევრ ჟურნალისტს ვუთხარი უარი ინტერვიუზე, მაგრამ, ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ოჯახმა ამიკრძალა. მე შეთანხმებული ვიყავი შენთან ინტერვიუს მოცემაზე და როცა ადამიანს სიტყვას ვაძლევ, მას ყოველთვის ერთგულად ვასრულებ. ვფიქრობ, რომ ჯობია, საქართველოში ჩამოსვლის დროს ერთ ჟურნალს მივცე ინტერვიუ და მასთან ვიყო ბოლომდე გულახდილი, ვიდრე ყველას მოვედო. თუ ყველამ ერთი და იგივე დაწერა, ინტერესი დაეკარგება მკითხველს. მე, როგორც „თბილისელების” ერთგული რესპონდენტი არჩევანს ყოველთვის თქვენზე გავაკეთებ. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ რამე ამიკრძალონ, მით უმეტეს ასაკრძალავს ცხოვრებაში არაფერს ვაკეთებ.

– „ნანუკას შოუში” მართლაც უჩვეულო გამოდგა შენი სტუმრობა. ამაზე რას იტყვი?

– არც ერთი ჟურნალისტისთვის არ გამიკეთებია ამაზე კომენტარი, მაგრამ, გეტყვი, რომ ეს იყო ჯაბა ქარსელაძის მორიგი შოუ – იყო კონკრეტული კითხვა და კონკრეტული პასუხი. მე ვარ ადამიანი, რომელიც არც ერთ კითხვას არ გაურბის. ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე ინტერნეტში ამ გადაცემის შემდეგ. რატომღაც, ყველას ორ რაღაცაზე ჰქონდა გართულება: თურმე, გავწითლდი დასმული შეკითხვის შემდეგ, რაც აბსურდია. ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონია, თან, სატელევიზიო მაკიაჟის ქვეშ გაწითლება გამორიცხულია, რასაც ვერ ხვდებიან. ასევე, ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია ჩემმა შარფმა (იცინის). თავიდან მეგონა, ალბათ, მოეწონათ-მეთქი. თურმე, პირიქით ყოფილა – ბევრს არ მოსწონებია და ჩათვალეს, რომ მამაკაცს არ შეეფერებოდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ინტერნეტის საშუალებით, რომ ეს მართლა მამაკაცის შარფია და „არმანის“ ბოლო კოლექციიდან არის. მილანში ბოლოს რომ ვიყავი, თეთრი შარფიც მინდოდა მეყიდა, მაგრამ, როგორც მითხრეს, იმხელა წყვეტა ყოფილა, სულ გაიყიდა და აღარ გამოდისო.

სხვათა შორის, ამ გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი იმეილი მივიღე, მათ შორის იყო კარგიც და ცუდიც, რა მაქვს დასამალი. ცხოვრებაში არც ერთ კითხვაზე არ მეშინია პასუხის გაცემა. ჩემმა ოჯახმა ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის. როგორ ფიქრობ, რამე დასამალი რომ მქონოდა, იმ გადაცემაში საერთოდ წავიდოდი? მე „სიმართლის დროშიც” ვიყავი სტუმრად, სადაც გაცილებით მწვავე კითხვები შეიძლებოდა დაესვათ. ამიტომ, როცა ჩემი წარსული და, საერთოდ, ჩემი ცხოვრება ვიცი, არ მეშინია, ყოველთვის წავალ ასეთ გადაცემებში და დავაფიქსირებ, რასაც ვფიქრობ. შეიძლება, ამ კლიპში ვიღაცამ ორაზროვნება დაინახა, ვიღაცამ – სხვა ორიენტაციის სიყვარული, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ჩემი იდეა სულ სხვა იყო – მინდოდა, პროვოკაციული კლიპი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირებიუჯეტიანი კლიპი იყო, მინდოდა, მაყურებელი რომ ნახავდა, ვერ მიმხვდარიყო, იქ რა ხდებოდა და ეს გამომივიდა.

– ანუ, გინდოდა, ყველას ის დაენახა, რაც თვითონ უნდოდა?

– ჰო, ყველამ ის უნდა დაინახოს, რაზეც იმ მომენტში გაიფიქრებს. თუ ცუდს იფიქრებს, ესე იგი, თავად არის ასეთი ადამიანი. ყველა თავისი გარყვნილებიდან გამომდინარე ფიქრობს. სხვათა შორის, ამ გადაცემის მერე ძალიან ბევრი ადამიანი გაიფილტრა ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი აზრით კი, იმ გადაცემის სახით საკმაოდ კარგი შოუ გავაკეთე ნანუკასთან ერთად.

– მართალია, არც ერთი კითხვაზე არ ერიდები პასუხის გაცემას, მაგრამ გადაცემაში საკმაოდ უხერხული შეკითხვა გაჟღერდა: ჯაბა ქარსელაძის ცხოვრებაში იყო სიყვარული, მაგრამ ეს იყო მამაკაცი.

– მე ბოლომდე ვაწვებოდი, რომ ეთქვა სახელი და გვარი, ანუ, ყველანაირად შევეცადე, კითხვისთვის თავი არ ამერიდებინა. მინდოდა, თუ შოუ იყო, ბოლომდე შოუ ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს სპონტანურად დასმული კითხვა იყო და ის ნებისმიერი სხვა ქართველი მომღერლისთვის რომ დაესვათ, ადგებოდა და წამოვიდოდა იქიდან. მაგრამ მე არავის ვედრები, რადგან ეს იქნებოდა ყველაზე დიდი გოიმობა, რაც შეიძლებოდა, ჯაბა ქარსელაძეს გაეკეთებინა. წარბიც არ შემიხრია, ძალიან ბუნებრივი ვიყავი და მოვიქეცი ისე, როგორც ჩემს ნებისმიერ მეგობართან მოვიქცეოდი.

– არ დაგაძალებ, რომ იმ ადამიანის სახელი თქვა, მაგრამ, ყველას აინტერესებს და, იქნებ, ბოლოს და ბოლოს, თქვა, რა ხდებოდა და, რეალურად, რა ურთიერთობა გქონდა იმ ინკოგნიტო ადამიანთან?

– ის იყო ჩემთვის როგორც ოჯახის წევრი. რადგან ამას ვამბობ, ესე იგი ის ადამიანი ჩემს ოჯახში მიღებული იყო და, როგორც დედმამიშვილი, ისე მყავდა. ის ჩემთვის უახლოესი ძმაკაცი, ჩემი ოჯახის წევრი და მეგობარი იყო. ალბათ, მისი სახელისა და გვარის დასახელება იმ გადაცემაში უფრო მაწყობდა, რადგან მაშინ ჩემი ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ნათელი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი აბსურდული ჭორი იყო. მინდა, ჩვენი ინტერვიუ ასეთი ფრაზით დავასრულო: ცხოვრებაში რაც გამიკეთებია, არაფერს ვნანობ, თუმცა, ძალიან ბევრ რამეს ვინანიებ ღვთის წინაშე.


скачать dle 11.3