როგორ გახდა ზესტაფონელი ბაიკერი მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და რატომ არის თბილისში „ბაიკით“ მოძრაობა სახიფათო
ექსტრემი, ადრენალინთან დაკავშირებული სპორტის ყველა სახეობა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც იწვევს ახალგაზრდების დიდ დაინტერესებას. მოტოსპორტი, ოფროუდი, პარკური და კიდევ ათასი სახეობა, ადამიანების დიდი ნაწილისთვის საქართველოში როკ-მუსიკის მოყვარულებთან ასოცირდება. თუმცა, ყველაზე ცნობილი მოტომოყვარული და ტელესახე ნიკა გრიგოლია ამბობს, რომ, არა მარტო როკის, არამედ ყველა მუსიკის მსმენელებს აერთიანებს ექსტრემი, რაც ენერგიას, ადრენალინს უკავშირდება.
– დიდი ხანია, დაინტერესებული ხარ ექსტრემით?
– დიახ, ბავშვობიდან – ზესტაფონში 3-4 წლის ასაკიდან. ველოსიპედით დავქროდი ხოლმე.
– უნდა მეკითხა და დამასწარი პასუხი. ველოსიპედი გასაგებია, მაგრამ, უშუალოდ ექსტრემით?
– ველოსიპედით სიარული, სხვათა შორის, სერიოზულად ექსტრემალურია. მე ველოსიპედით დავდიოდი უგზოობაში, ვეშვებოდი ხოლმე სიმაღლიდან; აბა, კურიერი კი არ ვიყავი, ფოსტა კი არ დამქონდა! (იცინის).
– მერე, როკ-მუსიკა?
– ჰო, როკ-მუსიკა... არ ვიცი, ექსტრემთან გარკვეულწილად კავშირშია. როკით სკოლის ასაკიდან დავინტერესდი, მომეწონა, მესიამოვნა, შემიყვარდა და დავრჩი ერთგული.
– რატომღაც უმეტესწილად, ბაიკერობა როკ-მუსიკასთან ასოცირდება ხოლმე.
– რა თქმა უნდა, კავშირშია. ზოგადად, როგორც ასეთი, ბაიკერები და, არა მარტო ისინი არამედ ხალხი, რომელიც უფრო ექსტრემთან, ადრენალინთან, ენერგიასთან კავშირშია, უფრო ენერგიულ, ცოცხალ მუსიკას უსმენს და არა მარტო როკს, შეიძლება იყოს ელექტრონული მუსიკაც, ასევე, ტრანსს, პროგრესივს. ბაიკერები – ცოტა ვრცელი და დიდხანს სასაუბრო თემაა. ზოგადად, არსებობს ბაიკერების გარკვეული კატეგორია, რომელიც ასოცირდება როკთან. ყველა მოტო ერთნაირი არაა და, აქედან გამომდინარე, კატეგორიებად დავყოფდი. ჩოპერების მოყვარულები უფრო კლასიკურ სტილად მიმაჩნია, ამ სტილის ნომერ პირველი წარმომადგენელი „ჰარლეი დევიდსონია“. არიან სპორტული ბაიკების მოყვარულები, ნაწილი „სკუტერებს“ ანიჭებს უპირატესობას, რომელთაგან ნაწილი კი – „ემდუროს“. მე, მაგალითად, ამ უკანასკნელთა წარმომადგენელი ვარ, თუმცა, ვაპირებ, ერთი „ჰარლეი დევიდსონი“ მეც შევიძინო.
– შეჯიბრებები ტარდება ხოლმე მოტოსპორტში?
– დიახ, პერიოდულად ტარდება. ისე მოხდა, რომ საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის თავმჯდომარე გავხდი ოფიციალურად. სულ ორი წელია, რაც ფედერაცია არსებობს და საკმაოდ ბევრ წევრს აერთიანებს უკვე. მოტოსპორტის ოფიციალურ სახეობადაც ითვლება. მოტოსპორტში ძალიან ბევრი სახეობა შედის, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, რამდენიმე მათგანს გეტყვი: მოტოკროსი, ენდუროკროსი, მოტოჯიპი, სპიდვეი, სუპერმოტო... მოკლედ, ძალიან ბევრია.
ჩვენი ფედერაცია ატარებს ხოლმე შეჯიბრებებს მოტოსპორტში. ამას წინათ ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი თელავში, სადაც, არ გაგიკვირდეთ, მოტოსპორტს დიდი ტრადიციები აქვს. თელავში საკმაოდ ბევრი ბაიკერია. საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება ჯერ არ დაგვიგეგმავს. კიდევ რამდენიმე ჩავატარეთ, მაგრამ, ყველაზე მაგარი და სერიოზული თელავში ჩატარებული შეჯიბრება იყო. სხვათა შორის, თბილისის ტურნირშიც თელაველებმა აიღეს პირველი ადგილი. თითქმის ყველა ბაიკერს ვიცნობ, თუმცა, ამ ბოლო ხანებში არ მაქვს დრო, რომ მოტოთი ვიარო, თორემ, როცა ვნახულობ, გადმოვდივარ და ველაპარაკები. მისალმებით ყველანი ესალმებიან ერთმანეთს. ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი ჟესტი არ არის მარტო, ზოგადად ახასიათებთ ბაიკერებს.
– ცნობილი ადამიანებიდან ვინ არის მოტოსპორტით გატაცებული?
– სხვათა შორის, ბევრია. მსახიობი გივი ჩუგუაშვილი, კიდევ რამდენიმე ყოფილი პარლამენტარი და პოლიტიკოსი, რამდენიმე მინისტრი. ახლა სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, უხერხულია, რატომღაც, ერიდებიან გამჟღავნებას, არადა, დასამალი ნამდვილად არაფერია. თუმცა, ეს მათი საქმეა, იტყვიან თუ არა.
– პირველი მოტო როდის იყიდე და რა მოტო იყო?
– პირველი მოტოციკლი, რომელიც შევიძინე, იყო „სუზუკი K 90“. სხვათა შორის, ჩემი ხელფასით ვიყიდე. მაშინ უკვე ტელევიზიაში ვმუშაობდი. საოცარი განცდა იყო. ორი ვიყიდეთ – ერთი მე და ერთი ჩემმა ძმაკაცმა სანდრომ. წინ მანქანები იდგა და გამოყვანას ვერ ვახერხებდით, მაგრამ, იმდენად გვინდოდა წამოგვეყვანა, მე და ჩემმა მეგობარმა იმსიმძიმე მოტოციკლები ხელში ავწიეთ და ისე გამოვიტანეთ.
მანამდე ბევრჯერ ვმჯდარვარ მოტოზე, მაგრამ ჩემი საკუთარი არ მყავდა. საერთოდ, მოტო ისეთი რაღაცაა, მისი თხოვება, თუ ძალიან ახლობელი არ არის, არაა სასურველი. არც ნათხოვარზე ჯდომა. სულ რამდენიმე ადამიანია, რომელსაც ჩემს ბაიკს ვანდობ.
– ანტიკვარული მოტოციკლები თუ გაინტერესებს და მათზე თუ მჯდარხარ?
– კი, კარგია. მყავს ერთი მეგობარი, ომარი, რომელიც მოტოების ძალიან სერიოზული რესტავრატორია. ძალიან აინტერესებს, თვითონ ქმნის და აწყობს მოტოტექნიკას. სხვათა შორის, არა მარტო მოტოს ნაწილებს იყენებს, შეუძლია, აიღოს საბურავი, გადაჭრას, მანქანის დისკი შეამციროს და, რა ვიცი, ათასი რამ. „კოლექტიური“ რამეები გამოსდის, ამ საქმის დიდი ხელოვანია. ჰოდა, ამ რესტავრირებულ მოტოზე რამდენჯერ მქონდა ბედნიერება, დავმჯდარიყავი და გამევლო.
– მოტოს სიყვარულს სიცოცხლისთვის საშიში რაღაცეები ახლავს თან. შენ თუ ჩაგიგდია თავი საფრთხეში?
– მოტო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გადაადგილების საშუალებაა, ავარიის რისკი ბევრად მეტია. კიდევ კარგი, საპატრულო პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ჩაფხუტით მგზავრობას. ჩაფხუტის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია, ღვედს ვერც კი შევადარებ, იმდენად მაღლა დგას ჩაფხუტის უსაფრთხოების მნიშვნელობა.
პირადად მე ოთხჯერ მოვყევი ავარიაში. ერთხელ ქალაქში დავშავდი სერიოზულად: ვიღაცა გადმომიხტა წინ მანქანით, დავეჯახე, გადავვარდი და ლავიწის ძვალი გავიტეხე. მოკლედ, სერიოზულად დავშავდი. პრინციპში, ისეთი იშვიათად შემხვედრია, რომ პასუხისმგებლობა აეცილებინა და გაქცეულიყო. ტყეში არის ძალიან სარისკო, მაგალითად, ენდურორეისინგი. ტყეში მარტო თითქმის არავინ მიდის, რადგან, რომ დაშავდე, ძალიან სახიფათოა. ტელეფონითაც რომ დაურეკო ვინმეს და შველა სთხოვო, შესაძლოა, ძალიან შეაგვიანდეთ. ასე რომ, ტყეში მაღალი რისკია: მიდიხარ ტყე-ღრეში, უგზოობაში, უზარმაზარ ქვებზე უნდა გაიარო ასი კილომეტრი, სპეციალური მონაკვეთებია ექსტრემისთვის. სპეციალური მარშრუტებია, რომლითაც მივდივართ რამდენიმე ადამიანი.
– ავტოსპორტი, ავტოექსტრემი თუ გიზიდავს?
– კი, ძალიან, რატომაც არა. მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ერთი-ორჯერ, მარტო, სამოყვარულო დონეზე მომისინჯავს. ძალიან მომწონს „ოფროუდი“. საქართველოში „ოფროუდერების“ ძალიან დიდი კლუბია, ბევრი ჩემი მეგობარია მისი წევრი და მათ ვგულშემატკივრობ ხოლმე, როცა შეჯიბრებებს ატარებენ. მე არ მყავს „ოფროუდისთვის“ საჭირო მანქანა, ამიტომ მონაწილეობას ვერ ვიღებ ხოლმე. თუმცა დამხმარე ვყოფილვარ.
– კიდევ რა სახეობებში მოგისინჯავს ძალები, რა სახეობები გიტაცებს?
– სნოუბორდი... სერფინგი ძალიან მიყვარს და მეამაყება, რომ სერფინგის მექაში – ამერიკაში, სანტა-კრუზში ვარ ნამყოფი. მეგობრის მიწვევით ვიყავი ჩასული, მაგრამ, სამწუხაროდ, დაფაზე დადგომის საშუალება არ მომეცა, სულ რაღაც ორი დღით ვიყავი, მაგრამ, მაინც მაგარი იყო. თბილისის ზღვაზე ვმდგარვარ წყლის თხილამურებზე, ჰიდროციკლზე, დაფაზე რამდენჯერმე – უმაგრესი შეგრძნებაა. სქეიტბორდინგი მომწონს ძალიან. კვადროციკლზე ვმჯდარვარ, ცუდი არ არის, მაგრამ, ეს ჩემთვის ექსტრემი არ არის, დიდად არ მომწონს. ყველაზე მეტად მაინც მოტოსპორტი მიყვარს. მას ვერასოდეს შეველევი. რამდენიმე ავარია მომივიდა, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, თავი დავანებო. ვინც ერთხელ მაინც დაჯდება მოტოზე და გაიგებს, რა არის, თუ შეუყვარდა, გამორიცხულია, თავი დაანებოს, ნარკოტიკზე უარესია. პრინციპში, მე მოტოსპორტსმენი არ ვარ, უფრო მოყვარული ვარ და, ჩემი შეხება სპორტთან – ფედერაციის პრეზიდენტობაა, თუმცა, დიდი სურვილი მაქვს და მონაწილეობასაც ვიღებ.
– დაივინგი თუ გაინტერესებს?
– კი, მაინტერესებს. ხმელთაშუა ზღვაში ჩამიყვინთავს; საბერძნეთში ვიყავი და იქაც ჩავყვინთე ეგეოსის ზღვაში. საოცრად გამჭვირვალე წყალია, ყველაფერს კარგად ხედავ. შეიძლება, მარტო აკვალანგით ჩაყვინთო, სპეციალური ტანსაცმლის გარეშე.
– შენი მეუღლე დაინტერესებულია მოტოთი?
– კი, იჯდა კიდეც. ჩვენ გვყავდა საზიარო მოტოციკლი; სურვილი აქვს, იაროს მოტოთი, აინტერესებს. ზოგადად, გოგოებს ბაიკინგი და ექსტრემი უფრო ნაკლებად აინტერესებთ, ცოტანი, მაგრამ, მაინც არიან, მათ შორის ჩემი მეგობარი გოგონებიც.