რატომ უნდა სალომე გოგიაშვილს ბიჭად ყოფნა და მოკლავს თუ არა ის ყოფილ ქმარს
სალომე გოგიაშვილი ქართული შოუ-ბიზნესისთვის კარგად ნაცნობი სახეა. მას ხშირად შეხვდებით სხვადასხვა კონცერტზე წამყვანის ამპლუაში. მის ცხოვრებაში ბოლო დროს მოვლენები იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ ქმართან დაშორებიდან, ხუთწლიანი მარტოობის შემდეგ (რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს), მეორედ გათხოვება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ქორწინებიდან ორი წლის ვაჟი ჰყავს, ეს ნაბიჯი არათუ უიღბლო, არამედ დამანგრეველი აღმოჩნდა მისთვის. პროფესიით იურისტმა ვასიკო თევდორაშვილმა ის მწარედ მოატყუა. ყველა ღირებული ნივთი, რაც გოგიაშვილებს ჰქონდათ, ჩუმად გაიტანა ოჯახიდან და ქვეყნიდან გაიქცა. როგორ გადალახა სალომემ თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპები, ამაზე თავად გიამბობთ.
სალომე გოგიაშვილი: თუ მანამდე ცხოვრებაში არაფერი პრობლემა და საზრუნავი არ მქონია, ყველა უბედურება ერთბაშად დამატყდა თავს. როგორც დედისერთა, ფუფუნებაში ვარ გაზრდილი – მაქსიმალურად ყველაფერი ჩემთვის უნდოდათ. 16 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მანამდე პანაშვიდზე არც კი ვყოფილვარ. როდესაც ამ დღეებმა ჩაიარა, ძალიან ცუდად ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. ექიმთან რომ წავედი, მითხრა, ტიპური ნევროზი გაქვსო. ეს გამოიხატებოდა უჭმელობაში, უძილობაში, გული მიხდებოდა ცუდად, სულ სასწრაფოს იძახებდნენ... იმდენად შემზიზღდა ის სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სხვა სახლში გადავედით, ყველა ჩემი მეგობარი გიჟდებოდა. მთელი არსებით შემზიზღდა ის ქუჩა და ყველაფერი, რაც იმ სახლთან იყო დაკავშირებული. სურვილი მქონდა, სულ შავებში ვყოფილიყავი და კარგა ხანს დავდიოდი კიდეც შავებით. მერე დედაჩემმა მითხრა: ჯერ ერთი, არ გიხდება შავი ფერი და, მეორეც, გავიგეთ, რომ განიცდი, მაგრამ ამით ვერაფერს უშველიო. ჩემი მეგობრებისა და ჩემი მშობლების მეგობრების დახმარებით გამიადვილდა ცხოვრება. დღე, საათი არ გადიოდა ისე, რომ ჩვენთან არ ყოფილიყვნენ. როცა შენ გარშემო ბევრი ხალხია, ნაკლებად გაქვს დრო, დარდებს მიეცე. მერე გავთხოვდი, მაგრამ მალევე დამენგრა ოჯახი. აი, მაშინ გაჩნდა მეორე პრობლემა. ალბათ, პირად ცხოვრებაში უფრო არ მიმართლებს, ვიდრე საქმეში. როცა ანგრევ ოჯახს, იმაზე აღარ ფიქრობ, მერე რა იქნება, როგორ აეწყობა შენი მომავალი. ყოველ შემთხვევაში, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც წინ იშვიათად იყურება და უფრო დღევანდელი დღით ცხოვრობს.
– ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს თავის განცდებს, როცა ოჯახი ენგრევა. შენ როგორ იყავი?
– რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა. როცა შეჩვეული ხარ ადამიანს, უცბად გადაჩვევა ძნელია, მაგრამ, ჩემი ფსიქიკა ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი. როგორც კი პრობლემები მექმნება, იმის ნაცვლად, რომ ვინერვიულო და დეპრესიაში ჩავვარდე, პირიქით მემართება – კარგ ხასიათზე ვდგები. ახლა არ მაქვს პრობლემები, კარგი სამსახური მაქვს, მყავს შვილები და კარგად ვარ ჩემთვის. პრობლემა წარმოიშვა, როცა მეორედ შევქმენი ოჯახი და ეს მცდელობაც კრახით დამთავრდა, თან, როგორი კრახით! წელიწად-ნახევრის მერე მივხვდი, ვისთან მქონია საქმე. მანამდე ძალიან ბედნიერი ვიყავი: გაგვიჩნდა შვილი, ჩემი ქმარი ყველასთან კარგ დამოკიდებულებაში იყო. ვინმეს თუ ვეტყოდი, ეს ბიჭი ცოტა ვერ არის-მეთქი, ყველა მას იცავდა და არა მე: ალბათ, გეჩვენება, ეჭვიანი ხარო, – მეუბნებოდნენ. ეს უკვე მაშინ ხდებოდა, როცა მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა და რაღაცეები აღარ მომწონდა. ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო მისი გვიან შეძენილი თვისება. ნელ-ნელა გამოაშკარავდა მისი ნამდვილი სახე. იმდენი კომბინაცია ჰქონდა გაკეთებული, უკვე იჭრებოდა რაღაცეებში. აღმოჩნდა, რომ დიდ ვალებშია ჩავარდნილი და, თავისი თაღლითობით, თუკი რამე ღირებული გაგვაჩნდა ოჯახში ყველაფერი გაზიდა. გაგვიყიდა სახლი, მანქანა, აგარაკი, ჩემი მეგობრები, ნათესავები, მამაჩემის ახლობლები მოატყუა და ფული გამოართვა. ამ ყველაფერს ისე აგვარებდა, რომ ჩემამდე არ მოდიოდა. მაგალითად, შენ რომ გამოგართმევდა ფულს, მერე ვიღაცას გამოართმევდა და შენ დაგიბრუნებდა, რომ ეჭვი არ მიგეტანა. ძალიან სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემს ოჯახს კარგი რეპუტაცია აქვს, ალბათ, ჩვენც გვქონია ვალი და, არ არსებობს ოჯახი, პატარა ვალი მაინც რომ არ ჰქონდეს, მაგრამ არსად არ გავქცეულვართ და დროულად დაგვიბრუნებია. ასეთი რამ როგორ მოგვივიდოდა თავში, რომ ვალი არ დაგვებრუნებინა. ის, რომ მამაჩემის სიძე იყო, ძალიან ეხმარებოდა და ამით სარგებლობდა. დილას მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, მშვიდ, კარგ ხასიათზე. ვერ შეატყობდი, თუ რამე პრობლემა ჰქონდა. ბოლო პერიოდში დავშორდით, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ვალები ჰქონდა; იმდენად შეეცვალა ხასიათი და დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა, გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა – იქნებ დამშვიდდეს-მეთქი. ის დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად, მე კი ჩემს სახლში დავრჩი. ახალი წელი ახლოვდებოდა. წინა დღეს ჩემს მეგობარს დაუტოვა ჩემთვის წერილი, მაგრამ მან არ გადმომცა – იფიქრა, რატომ ვანერვიულო ამ ახალ წელს, მერე მივცემო. ახალ წელს რუსთაველზე კონცერტი მიმყავდა, როცა წერილი გადმომცა. წერილში ეწერა, რომ ვითომ თავს იკლავდა, ანუ, გამოსამშვიდობებელი წერილი იყო, იანვარში კი „აორთქლდა“. ეს იყო მორიგი ხრიკი, იმიტომ, რომ თავი არავის მოუკლავს.
– იქნებ, რასაც წერილში გწერდა, მართალი იყო, არ შეგაშფოთა ამან? რატომ იფიქრე, რომ ეს ხრიკი იყო?
– ვიღაც გოგომ დამირეკა და მკითხა, ვასკა სად არისო. იქნებ, თავის ნომერზე დაურეკოთ-მეთქი. ვურეკავ, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვსო. რომელი ხარ-მეთქი. აშკარად მივხვდი, რომ ჩემთან არ ჰქონდა საქმე. ჩემი ვალი აქვს და არ აბრუნებსო. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მითხრა, დაახლოებით ოცი ათასზე იყო საუბარი. გავოგნდი – რა ვალი, ვალი საერთოდ არ ჰქონია-მეთქი. დავიწყე ისტერიკულად რეკვა, განგაში ავტეხე. დავურეკე დედამისს. მან მითხრა – მოდი, ტელეფონში არ მინდა ლაპარაკიო. მივედი. ჩამოვიდა ეს ქალი ქვემოთ. ვიდეოკამერა რომ მქონოდა და ყველაფერი გადამეღო, „ოსკარს“ თუ არა „გრემს“ მაინც ავიღებდი, ისეთი შოუ მომიწყო: ქუჩაში დაეცა, იტირა, ჩამოიბორჯღნა სახე, თმა, – ეს რა დამემართა, ორი დღე არ ჩანს ბიჭი, ალბათ, ვინმემ მოკლა ან მანქანამ გაიტანა. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, რომ ჩემთვის არ დაერეკაო. სახლში ავიყვანე, დავაწყნარე, წამლები დავალევინე, მეც ვტირი, ჭკუაზე არ ვარ. დავაწყნარე – არ ინერვიულოთ, მე ვიპოვი ვასკას-მეთქი და წამოვედი. სახლში რომ მოვედი, ჩემი მეგობარი და დედაჩემი დამხვდნენ. დედა მეუბნება, ნუთუ იმ დონის დებილი ხარ, რომ, ორი დღეა, ქალს შვილი სახლში არ მისვლია და ფეხიფეხგადადებული ზისო. ერთი მეგობარი მყავს პოლიციაში და ვიფიქრე, მის მოძებნაში დამეხმარება-მეთქი. მივედი, ველაპარაკე ამ ბიჭს და დავურეკე დედამისს – თქვენ არ ინერვიულოთ, ჩემი მეგობარი გამოგივლით, ერთად წავალთ, რაღაც არის გასაკეთებელი და დღეიდან ოფიციალურად დაიწყება ძებნა-მეთქი. უცბად, ქალი, რომელიც ქუჩაში დავარდა და ძლივს ავაყენე, ძალიან მშვიდად მეუბნება: მე არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ და, სადაც გინდა და რაც გინდა, ის ქენი. ჩემს შვილს პრობლემებს არ შევუქმნიო – და ყურმილი დამიკიდა. იმ ღამეს ძებნა რომ გამოვაცხადეთ, მითხრეს, საზღვარზეა გადასულიო. ესე იგი, დედამისი ყველანაირად მიწელავდა დროს, რომ მენერვიულა, მეტირა. დედამისთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა – სახლშიც ურეკავდა, მობილურზეც. დღესდღეობით ჩემი „ძვირფასი“ მეუღლე იტალიაში ცხოვრობს და თავისი მშობლებიც თან წაიყვანა. ამ ამბიდან წელიწად-ნახევარი გავიდა.
– როგორ ჩადო ბანკში თქვენი ნებართვის გარეშე სახლი, მანქანა, აგარაკი?
– არ ვიცი. ბანკში რაღაც კომბინაციებს აკეთებდა, გამოჰქონდა კრედიტი, რომელსაც მერე ზრდიდა. მე ვერ ვერკვევი ასეთ რაღაცეებში. თვითონ იურისტია და კარგად იცოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. ჩვენი სახლი, ცხადია, ჩვენი თანხმობით ჩადო ბანკში. მიზეზი იყო ბიზნესი, საიდანაც, წესით, მალე უნდა ამოეღო მოგება. ვიფიქრე, გვერდზე დავუდგებით, საქმეს მოვკიდებთ ხელს-მეთქი, მაგრამ... კრედიტი გახსნილი დატოვა, მიაბა, მიაბა და კატასტროფულ თანხამდე ავიდა. ის ფული თან აქვს წაღებული. საბედნიეროდ, ყველაფერი დალაგდა. მართალია, მანქანა, აგარაკი და ნივთები დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი სახლი გამოვისყიდეთ. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ცუდად არ გავმხდარვარ, პირიქით, იქით ვართობდი ყველას. ჩემი ცუდად ყოფნა გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ ერთ კვირაში ზუსტად თხუთმეტი კილო დავიკელი. არც ჭამის სურვილი მქონდა და არც ძილის. ღამით თავს რომ ვდებდი ბალიშზე, მარტო იმაზე ვფიქრობდი, რა მექნა. დედაჩემი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ამ სიტუაციაში რომ მეგონა, მომკლავს-მეთქი, უცბად მივხვდი, რომ მყავს არაჩვეულებრივი დაქალი. მისი გაწონასწორებულობა მაგიჟებდა. მინდოდა, ეჩხუბა, საშინელებები ეთქვა... ბავშვობის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ დედაჩემის გვერდით ძილი მომინდა. ალბათ, ყველაფერს ცუდს მაინც სხვა კუთხით უნდა შეხედო და თქვა, უფრო ცუდი მელოდა, უფალმა კი ამას ამაცდინა და ამიტომ ეს პრობლემა გამომიგზავნა, რომელიც ჩემთვის კარგი ჭკუის სასწავლებელი იყოო.
– ალბათ, აღარასოდეს არ გაგიჩნდება ოჯახის შექმნის სურვილი.
– ნამდვილად არ მაქვს ისევ ოჯახის შექმნის სურვილი, რა საჭიროა, ისედაც კარგად ვგრძნობ თავს. მაშინ მომეწონა, შემიყვარდა, გულისთქმას ავყევი და არა გონებას. ახლა ასე აღარ მოვიქცევი.
– ქუჩაში რომ შეხვდე შენს ყოფილ ქმარს, რას მოიმოქმედებ?
– არარეალურ რაღაცეებს ვიზამდი. აი, მაგ დროს მინდა, ვიყო ბიჭი – უფრო მეტი ძალა მექნებოდა: თუმცა, ყველა იმ განწყობით ელოდება მის გამოჩენას, რა განწყობითაც მე ველოდები. ამიტომ, სანამ ჩემამდე მოვა, ჯერ ათასი ადამიანის ხელში უნდა გაიაროს. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვხვდები: ყველაზე დიდი სასჯელი მისთვის არის ის, რომ საკუთარ შვილს არ ეყვარება, მეგობარი არ ეყოლება, ყველა დასცინის, თაღლითის სახელი აქვს, აკრიტიკებენ და, რომ მოკვდება, დამტირებელი არ ეყოლება. პიროვნება კი არა, ბუნების შეცდომაა. საბოლოო ჯამში, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ადამიანს ფსიქიკა აქვს შერყეული – ამაზე მეტი სასჯელი რაღა გინდა?!