კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

ჯამბულის სიტყვებზე კუბოიამას თვალები აუელვარდა. იაპონელმა ჩვეული სიდინჯე დაკარგა, აცმუკდა და ჯამბულს ჰკითხა:

– როგორც მეგობარს, ხომ ვერ გამიზიარებთ ამ ინფორმაციას, მისტერ სამუელ?

– როგორც მეგობარს და როგორც მომავალ პარტნიორს, – შეუსწორა იაპონელს ჯამბულმა.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მისტერ გოლდსმიტ, – მიუგო აგზნებულმა კუბოიამამ ჯამბულს, მან კი მილიარდერს გაუღიმა, ტუჩებზე თითი მიიდო და უთხრა:

– ჩუმად, მისტერ ტარო, ჩემი გვარი არავინ შეიტყოს. აქაურებისთვის მე რუსი პროფესორი ივანოვი ვარ და არა გოლდსმიტი.

– მაპატიეთ, მისტერ ივანოვ, რა თქმა უნდა, რუსი პროფესორი ბრძანდებით. როდის გამიმხელთ თქვენს საიდუმლოს?

– იმედია, სულ მალე, შეიძლება, დღეს საღამოსაც კი.

– ესე იგი, შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია არც კი მომაწოდოთ? – თქვა იაპონელმა, რომელსაც სახეზე იმედგაცრუება გამოეხატა.

– სერიოზული ბიზნესმენი ბრძანდებით და კარგად გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, თანაც მე თქვენთვის პირობა არ მომიცია. მე ჯერ ჩემს ინფორმატორსა და პარტნიორს უნდა დაველაპარაკო და, თუკი მისგან თანხმობას მივიღებ, ამ ინფორმაციასაც მაშინ გაგიმხელთ. ეს კი, მინიმუმ, ამ საღამომდე არ მოხერხდება. ამიტომ, მისტერ ტარო, მე თქვენ ახლა დაგტოვებთ, რომ ჩემს პარტნიორს დავუკავშირდე და ვესაუბრო, ჩვენ კი ზუსტად საღამოს 8 საათზე აქვე შევხვდეთ ერთმანეთს, – უთხრა ჯამბულმა იაპონელ მილიარდერს და გამოემშვიდობა, მანამდე კი სუფრის საფასური გადაიხადა და აგზნებული იაპონელი ზღვისპირა რესტორანში გაურკვევლობაში დატოვა.

ჯამბულ ბიძია გამოცდილი მოჩალიჩე იყო და, რომ იტყვიან, ზუსტად „ათიანში“ გაარტყა. მან ისე ოსტატურად, ისე თანმიმდევრულად განახორციელა ეს აფერა, რომ წუნს ვერ მოუძებნიდი. მან ისე დააინტრიგა ტარო კუბოიამა, რომ იაპონელი მილიარდერი ნემსებზე იჯდა და მოუთმენლად ელოდა „სამუელ გოლდსმიტთან“ შეხვედრას.

ზუსტად საღამოს 8 საათზე ჯამბულ ბიძია, რომელიც ძვირად ღირებულ საზაფხულო პიჯაკში იყო გამოწყობილი, რესტორანში შევიდა, ტარო კუბოიამას მიუახლოვდა და უთხრა:

– გილოცავთ, მისტერ ტარო, როგორც ეტყობა, ცის კაბადონზე თქვენდა სასიკეთოდ არიან ვარსკვლავები განლაგებულნი და, ყველაფერი კარგადაა, თუმცა, ჩვენი პირობა არ უნდა დაირღვეს. გახსოვთ, ალბათ, რომელი პირობა?

– მომიტევეთ, მისტერ გოლ... – იაპონელმა ენა მოიკვნიტა და გამოასწორა, – ივანოვ, მაგრამ, თუ შეიძლება, ჩვენი პირობის შინაარსი შემახსენეთ, რა თქმა უნდა, გულმავიწყობისთვის ბოდიშს გიხდით.

ჯამბულმა ცივი სახე მიიღო, რითაც მან იაპონელის წინაშე თავისი უკმაყოფილება გამოხატა გულმავიწყობის გამო და უთხრა:

– როგორც შევთანხმდით, თუკი თქვენ ჩემი წყალობით სარფიან გარიგებას მიაღწევთ და თქვენთვის სასურველ ინფრასტრუქტურას შეიძენთ, მაშინ იქ ჩემი რესტორნების ქსელი უნდა განათავსოთ. რა თქმა უნდა, მას მერე, რაც თქვენ დარწმუნდებით ჩემი ბიზნესის უმაღლეს კლასსა და დიდ შემოსავლიანობაში, ხოლო ეს რომ ასეა, თქვენ სულ მალე დარწმუნდებით, რადგან მე თქვენ ორკვირიან ბიზნესკრუიზში გეპატიჟებით ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ჯამბულმა იცოდა, რომ ტარო კუბოიამა არც აფრიკაში და არც ახლო აღმოსავლეთში არ იყო ნამყოფი და არ იცოდა, რომ „გოლდსმიტი“ მას ატყუებდა.

– რა თქმა უნდა, მისტერ ივანოვ, – მიუგო იაპონელმა ჯამბულს, – შემიძლია, ახლავე მოგცეთ ჩემი წერილობითი დასტური.

– წერილობითი დასტური არაა საჭირო, სიტყვიერი შეთანხმებაც საკმარისია ჩემთვის. არც თქვენ ხართ დამწყები კომერსანტი და არც მე. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – უთხრა ჯამბულმა ტაროს.

– გადავიდეთ, მე თქვენ დიდი გულისყურით გისმენთ, – უთხრა იაპონელმა ბიზნესმენმა ბიძაჩემს და ჯამბულს მიაჩერდა.

ჯამბულს, ისევე, როგორც ყველა პროფესიონალ და ღირსეულ თაღლითს, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ამიტომ, მან მაგიდაზე მოსკოვის ხედებით ილუსტრირებული, უმაღლესი ხარისხის ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი ბუკლეტი დადო და კუბოიამას ჰკითხა:

– იცით, ეს რა არის?

– როგორც წიგნის დასახელებიდან ვხვდები, მოსკოვის ხედები უნდა იყოს, – მიუგო იაპონელმა მილიარდერმა ჯამბულს.

– ეს თქვენი მომავალი გაასმაგებული კაპიტალია, მისტერ ტარო, – უთხრა იაპონელს ჯამბულმა, შემდეგ მეცამეტე გვერდზე გადაშალა, სადაც მოსკოვის ცენტრის ულამაზესი პანორამა მოჩანდა და დაამატა: – ზუსტად სამი თვის შემდეგ, აი, ამ უმშვენიერეს ინფრასტრუქტურას გასაყიდად გამოიტანენ და, ვინც მისი მფლობელი გახდება, მერწმუნეთ, სულ რაღაც ორ წელიწადში უზარმაზარ შემოსავალს ნახავს. აი, ნახეთ, რა ადგილებია. მთელი მოსკოვური ბომონდი, უცხოელი ტურისტები, დიპლომატები, ერთი სიტყვით, ნაღები საზოგადოება იკრიბება აქ და, საკმარისია, აქაურობა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს მიუსადაგო, რომ შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. აი, სწორედ ამის გამო შეგითანხმდით, რომ, თუკი, ამ გარიგებას მიაღწევთ, მაშინ იქ ჩემი რესტორნების ქსელი განმათავსებინოთ, – უთხრა იაპონელს ჯამბულმა და დადუმდა.

ტარო კუბოიამა გულდასმით ათვალიერებდა მოსკოვის ცენტრის ფერად ილუსტრაციებს, შემდეგ ბუკლეტი მაგიდაზე დადო, ჯამბულს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

– შთმბეჭდავია და მისი ბედნიერი მფლობელი მართლაც ოქროს საბადოს ჩაიგდებს ხელში, თუმცა, ამ საბადოს კარგ ძვირს დააფასებენ, თანაც, ინფრასტრუქტურის მოწყობაც დიდი ფული დაჯდება და, მართალია, დიდი მოგებაც იქნება, მაგრამ, არა ისე სწრაფად, როგორც ეს თქვენ გგონიათ, მისტერ ივანოვ, – უთხრა იაპონელმა ჯამბულს, – ასეთ დიდ პროექტს ერთი კაცი ვერ მოერევა და მას რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის ერთობა თუ დაძლევს. ასე რომ, ჩემო კარგო, ეს პროექტი კორპორაციულ მიდგომას საჭიროებს და მარტო მე იქ ვერაფერს გავხდები.

– თქვენ, ალბათ, გასაყიდი ინფრასტრუქტურის ფასი გაფიქრებთ, მისტერ კუბოიამა, ხომ?

– რა თქმა უნდა, მისტერ ივანოვ, – დაეთანხმა ჯამბულს ტარო, – მე, ცხადია, შთამბეჭდავი კაპიტალის პატრონი ვარ და, შეიძლება, შევიძინო კიდეც ეს ობიექტი, მაგრამ საკუთარ ქონებას ამით დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენებ, რადგან ბიზნესრისკი უზარმაზარია და პატარა წარუმატებლობამაც კი შეიძლება გამაკოტროს.

ჯამბულს, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი იაპონელის რეაქცია და ხედავდა, რომ ყველაფერი მისი გათვლებისამებრ მიმდინარეობდა, გულიანად გაეცინა და იაპონელ მილიარდერს უთხრა:

– რას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირს სრულიად არ იცნობთ და, აქედან გამომდინარე, თქვენი ბიზნესგათვლები მცდარია.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ ჩემი ბიზნესგათვლების სიმცდარეში, მისტერ? – განაწყენებული ტონით იკითხა მილიარდერმა, – უნდა გაუწყოთ, რომ მე ბიზნესის მაგისტრის, შემდეგ კი უმაღლესი მაგისტრის დიპლომი იელის უნივერსიტეტში მაქვს მიღებული და, როგორც მოგეხსენებათ, იქ ასე ტყუილად არ არიგებენ უმაღლესი მაგისტრის დიპლომებს. ასე რომ, ჩემო კარგო, მე ნამდვილად ვერ მივიღებ თქვენს სიტყვებს ჩემი არასწორი ბიზნესგათვლების შესახებ.

– ნუ ბრაზობთ, მისტერ ტარო, – უთხრა ჯამბულმა იაპონელს, მილიარდერის მორიგი რადიკალური რეაქციის მოლოდინში წითელი ღვინო ჩამოასხა ფუჟერებში და კუბოიამას ჰკითხა: – ჩემ მიერ ნაჩვენებ ინფრასტრუქტურას მსოფლიოს რომელ ცნობილ ანალოგიურ ადგილს შეადარებთ?

– თუნდაც უოლსტრიტს, – დაუფიქრებლად, მაგრამ ცივად მიუგო ჯამბულს კუბოიამამ.

– კეთილი და პატიოსანი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ახლა, თუ შეიძლება, მიპასუხეთ: რა ეღირება ეს ინფრასტრუქტურა, თუკი მას ამერიკელები გასაყიდად გამოიტანენ?

– მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი, – მშვიდად მიუგო ჯამბულს ტარომ.

– ეგეც სწორია, მაგრამ, უოლსტრიტის მოსკოვურ ანალოგს კი საბჭოთა მთავრობა სულ რაღაც 100 მილიონ დოლარად ყიდის, – უფრო მშვიდად და კარგად რომ გაეგონა კუბოიამას, დამარცვლით უთხრა იაპონელს ჯამბულმა, თან წითელი ღვინო მოწრუპა და სიგარა გააბოლა.

– რა ბრძანეთ, რა ღირს მოსკოვის ცენტრის გასაყიდი ინფრასტრუქტურა? – ჰკითხა იაპონელმა ჯამბულს.

– ასი მილიონი დოლარი, ანუ ხუთიათასჯერ იაფია თავის ჭეშმარიტ ღირებულებაზე, – მშვიდად გაუმეორა იაპონელს ჯამბულმა, კვლავ წითელი ღვინო მოწრუპა და ისევ სიგარა მოქაჩა.

უკიდურესად აგზნებული იაპონელი მილიარდერი ადგილს ვერ პოულობდა. მას გაორებული გრძნობა დაეუფლა, რადგან, ერთი მხრივ, „სერიოზული ებრაელი ბიზნესმენის“ მშვიდი გამომეტყველება ეჭვს არ იწვევდა მისი სიტყვების სისწორეში; მეორე მხრივ კი, „გასაყიდი ობიექტის“ ფასი იმდენად მიზერული იყო, რომ იაპონელი ამას ვერ იჯერებდა. ტარო კუბოიამამ კიდევ ერთხანს იწრიალა და ბოლოს ჯამბულს უთხრა:

– ასი მილიონი დოლარი, ალბათ, ობიექტის ფასია, თუმცა, საწყისი ფასისთვისაც კი ძალზე უმნიშვნელო თანხაა.

ჯამბულმა ტაროს ღვინით სავსე ფუჟერი შეაჩეჩა ხელში, მიუჭახუნა, დალია, მასაც დაალევინა და უთხრა:

– მისტერ კუბოიამა, სწორედ ამიტომ გითხარით, საბჭოთა კავშირს არ იცნობთ-მეთქი, რაზეც თქვენ გამინაწყენდით. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი სხვანაირადაა მოწყობილი. აქ, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, აუქციონის წესით კი არ იყიდება მსგავსი ქონება, არამედ, მავანი პარტიული ფუნქციონერია ჩემი ინფორმატორიც და ხელშემწყობიც და მთლიანად მის გამგებლობაშია ამ ინფრასტრუქტურის გაყიდვა – ვისაც უნდა, იმას მიჰყიდის და საამისოდ გარკვეულ გასამრჯელოს თხოულობს, – უთხრა იაპონელს ჯამბულმა, პაუზა გააკეთა და კუბოიამას რეაქციას დაელოდა.

იაპონელი მილიარდერი აღარ აცმუკებულა, ყელი მოიღერა, ჯამბულს მიაპყრო მზერა და საქმიანად უთხრა:

– თუკი იმის მყარ გარანტიას მივიღებ, რომ მოსკოვის ცენტრის ინფრასტრუქტურას ნამდვილად მე მომყიდიან და არა სხვას, მაშინ, მზად ვარ, რომ 50 მილიონი იმ თქვენს მეგობარს გადავუხადო პატივისცემის ნიშნად, ასეთ გარანტიად კი თქვენი თავდებაც კმარა.

– არა, მისტერ კუბოიამა, 50 მილიონი დოლარი ძალიან დიდი თანხაა ისეთი ფუნქციონერისთვისაც კი, როგორიც იური რომანოვია, ის მხოლოდ და მხოლოდ ოცდახუთ მილიონს ითხოვს, თანაც, ამხელა საქმეები ასე არ კეთდება; თან, ამხელა ფულს მხოლოდ ჩემს სიტყვას ვერ დავურთავ, იური პავლოვიჩი თქვენ ხელწერილს დაგიწერთ, წითელი ბეჭდითაც დაგიდასტურებთ. რამე რომ მოხდეს და მოსკოვის ცენტრში გასაყიდი ადგილი სხვამ შეიძინოს, საკმარისი იქნება, ეს ხელწერილი „კაგებეში“ წარვადგინოთ, რომ იური რომანოვისგან სველ ადგილსაც კი არ დატოვებენ. ასე რომ, თუ აქ, იალტაში, სხვა საქმეები აღარ გაქვთ, მაშინ ხვალ მოსკოვში გადავფრინდეთ, იური რომანოვს შევხვდეთ და ეს საქმე მოვაგვაროთ, – უთხრა ჯამბულმა კუბოიამას, – რას იტყვით, თანახმა ხართ ამაზე?

– რა თქმა უნდა, მისტერ ივანოვ, – მიუგო ჯამბულს გახარებულმა კუბოიამამ, შემდეგ თავადვე შეავსო ჭიქები წითელი ღვინით და ჯამბულთან ერთად მომავალი წარმატების სადღეგრძელო შესვა.

ჯამბული და ტარო კუბოიამა მეორე დღესვე ჩაფრინდნენ მოსკოვში და სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ დაბინავდნენ, დილით კი მოსკოვის მსხვილ პარტიულ ფუნქციონერს, იური რომანოვს შეხვდნენ და მისგან ბლანკიან ქაღალდზე დაწერილი და წითელი ბეჭდით დამოწმებული ხელწერილი მიიღეს, სადაც დადასტურებული იყო, რომ მოსკოვის ცენტრის ინფრასტრუქტურის მიყიდვის სანაცვლოდ ის იაპონელი მილიარდერი ტარო კუბოიამასგან 25 მილიონ დოლარს იღებს ჯილდოს სახით.

იური რომანოვი, რომელსაც ქუთაისელი თაღლითი და ჯამბულ ონიანის ძმაკაცი ბიჭიკო ბუცხრიკიძე ასახიერებდა, მალე წავიდა, ჯამბულმა და იაპონელმა მილიარდერმა კი სარფიანი გარიგება რესტორანში აღნიშნეს.

***

სამი დღის შემდეგ იაპონელმა მილიარდერმა ტარო კუბოიამამ 25 მილიონი დოლარი თურქული აბანოს ლუქს ნომერში გადასცა ქუთაისელ თაღლითს, ჯამბულ ონიანის მეგობარს, ბიჭიკო ბუცხრიკიძეს, რომელიც ვითომდა მოსკოველი პარტიული ფუნქციონერი იური რომანოვი იყო.

– მოკლედ, ასე, ბატონო კობოიამა, – უთხრა ბიჭიკო ბუცხრიკიძემ იაპონელ მილიარდერს დამტვრეული ინგლისურით, – ზუსტად ორი კვირის შემდეგ, დღეის სწორს, ჩემთან, მოსკოვის ქალაქკომში მობრძანდებით დილის 10 საათზე და ფორმალურ აუქციონში მონაწილეობის სერტიფიკატს მიიღებთ. შემდეგ ამ აუქციონში გამარჯვების დოკუმენტს გადმოგცემთ და, მას მერე, რაც 100 მილიონი დოლარი თქვენ მიერ ჩვენს სპეციალურ ანგარიშზე გადმოირიცხება, მოსკოვის ცენტრის ინფრასტრუქტურა უკვე თქვენს საკუთრებაში გადმოვა და, შეგიძლიათ, თქვენი შეხედულებისამებრ განაგოთ ის. მოკლედ, ზუსტად ორი კვირის შემდეგ შევხვდებით. ახლა კი უნდა დაგტოვოთ, სასიამოვნო ბანაობას გისურვებთ, გაამოთ.

ბიჭიკო ბუცხრიკიძემ იაპონელი მილიარდერი თურქული აბანოს ნომერში დედიშობილა დატოვა. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა სამუელ გოლდმანი, რომელმაც იაპონელს ბოდიში მოუხადა და პირადი საჭიროების გამო, სასწრაფოდ ისრაელში გაფრინდა. თუმცა კუბოიამას აღუთქვა, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა და იაპონელ მილიარდერს შეპირებულ ბიზნესკრუიზში წაიყვანდა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში... სინამდვილეში კი, ჯამბულ ონიანი მოუთმენლად ელოდა ბიჭიკო ბუცხრიკიძეს მუქმინებიან „ვოლგაში“ და, როდესაც ის ფულით სავსე კეისით დაბრუნდა მანქანაში, ქუთაისურ კილოზე ჰკითხა:

– რა ქენი, ბუჯო, აახიე ფარა?

– წაი ახლა აქედან მშვიდობიანად, არავინ დაგვაყაჩაღოს, თორემ, გავგიჟდები, – მიუგო ბუცხრიკიძემ ძმაკაცს, კეისი ფეხებს შორის ჩაიდგა და გაფითრებული სახითა და ხმის კანკალით თქვა: – თავი სიზმარში მგონია, სიმონ! მართლა ოცდახუთი მილიონი დავითრიეთ თუ მესიზმრება ყველაფერი?

– მართლა დავითრიეთ, მართლა, – უთხრა ჯამბულმა ბიჭიკოს, – „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და დაამატა: – მაგრამ აქედან მხოლოდ შვიდ-შვიდი ლიმონი გვერგება, დანარჩენი კი პა სპრავედლივოსტი უნდა გატყდეს.

– გატყდეს მერე, ვინაა წინააღმდეგი, – მიუგო ბიჭიკომ ჯამბულს, სავარძელზე გადაწვა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ იწვა საკუთარი იახტის გემბანზე, თორმეტი დედიშობილა ლამაზმანი კი მას სხეულის სხვადასხვა ადგილებზე მასაჟს უკეთებდა...

იაპონელისგან გამოძალული ფული ოთხ ნაწილად გაიყო: შვიდ-შვიდი მილიონი დოლარი ჯამბულმა და ბიჭიკომ გაინაწილეს, ხუთ-ნახევარი მილიონი დოლარი კი თაღლითებმა ეკლესიას შესწირეს და ერთი ამდენი ქურდულ სალაროში ჩადეს. ძმაკაცებმა ფული მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაიყვეს, რომელიც ჯამბულ ონიანმა შავი დღისთვის იქირავა და ორი წლის ფული წინასწარ გადაუხადა პატრონს. ოთხად დაყოფილ უზარმაზარ მაგიდაზე ძმაკაცები გულმოდგინედ ალაგებდნენ ასდოლარიან დასტებს. გაყოფა რომ დაასრულეს, ოთხივე ნაწილი შავი ფერის ტყავის ჩანთებში ჩაალაგეს და წინასწარ მომზადებულ ფუჟერებში ჩამოსხმული „ოჯალეში“ დალიეს. ჯამბულმა ბიჭიკოს ფუჟერი მიუჭახუნა და უთხრა:

– ჩვენი გამარჯვებისა იყოს! ღმერთმა მშვიდობაში მოგვახმაროს ჩვენც და იმასაც, ვისაც გავუნაწილებთ!

– ამინ, ძამა, ამინ, – ღიმილით დაეთანხმა ბიჭიკო მეგობარს, – ყველას შეგვარგოს ეს ფული ღმერთმა, მაგრამ, საქმე ისაა, მიაღწევს კი ეს მაყუთი დანიშნულებისამებრ?

– აბა, სად წავა? – იკითხა გაკვირვებულმა ჯამბულმა.

– მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ბიჭიკომ, – ხომ შეიძლება, რომ ეს მაყუთი ერთმა, ორმა ან, თუნდაც, სამმა კაცმა დაითრიოს და მოტყდეს? ამდენ ფულს რომ კაცი დაინახავს, რა გარანტიაა, რომ ტვინი არ გადაუბრუნდება და ასეთ რამეს არ ჩაიდენს?

– შენ უფრო მეტ მაყუთს არ ხედავ? გადაგიბრუნდა ტვინი და მოტყდი ოცდახუთი მილიონით? – კითხვა შეუბრუნა მეგობარს ჯამბულმა.

– ბიჯო, – გაიცინა ბიჭიკომ, – ჯერ ერთი, წილიდან შვიდი მილონი ჩემია და მეტი რა მინდა, მაგრამ, თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი, რომ გადამიბრუნდა ტვინი, აბა არ გადამიბრუნდა? თვალწინ შიშველი ქალებით სავსე იახტა მიდგას, რომელიც ოკეანის მწვანე ტალღებს მიაპობს, ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ ასეთ მდგომარეობას და, შენ მითხარი ახლა, არის თუ არა ეს ტვინის გადაბრუნება?

– ალბათ, კი.

– ჰოდა, ვისაც შენ ამ ფულს ჩააბარებ, ისინიც ხომ ადამიანები არიან, მათაც ხომ აქვთ სურვილები? რა ვიცი, იქნებ მათაც ჩემსავით, ან სულაც ჩემზე უარესადაც კი მოინდომონ სურვილების ასრულება და მოტყდნენ ამხელა მაყუთით?

– თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, პრაქტიკულად კი ეს შეუძლებელია.

– რატომ ვითომ?

– იმიტომ, რომ ამ ფულს პატიოსან ბერსა და ქურდების პაპას ვაბარებ, ისინი კი ასეთ საქციელს არ ჩაიდენენ და თანხას დანიშნულებისამებრ გაანაწილებენ.

– ჰოდა, აგაშენოს ღმერთმა, – უთხრა ბიჭიკომ მეგობარს, – მე კი ხვალიდანვე ვიწყებ ჩალიჩს, რომ, რაც შეიძლება, მალე გავემგზავრო ჩემი შვიდი მილიონით საბჭოთა კავშირიდან და ოცნება ავისრულო.

– შენი საქმის შენ იცი, – მიუგო ჯამბულმა ბიჭიკოს, რომელიც წამით ჩაფიქრდა და ძმაკაცს უთხრა:

– ბიჯო, წამოდი შენც, აქ რა გინდა. ამდენი მაყუთი გვაქვს და იქ უფრო კარგად გამოვიყენებთ. ნაწილით ვიგულავოთ, ნაწილი კი რამე ბიზნესში ჩავდოთ.

– არა, ბიჭიკო, სად უნდა წამოვიდე, აქ დავიბადე და აქ უნდა დავიმარხო.

– ჯერ ერთი, რა დროს სიკვდილია, თანაც, უცხო მიწაში წოლას არც მე ვაპირებ. ვიყოთ იქ ცოტა ხანს, სანამ აქ დაწყნარდება სიტუაცია, თან, დროს გავატარებთ, პატარა ბიზნესსაც ავაწყობთ და ჩამოვიდეთ მერე, მე შენ გეტყვი, ვინმე შეგვიშლის ხელს ან, არ მიგვიღებენ? ჯამბულია, ბიჭო, გულიც მიგრძნობს და, თანაც, ისე ვტვინავ, რომ აქ მაგრად ეირევა პალაჟენია, ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს და, თუნდაც იმიტომ სჯობია ფირმაში გამგზავრება, რომ დროებით მაინც გავერიდოთ აქაურ ორომტრიალს.

– არა, ბიჭიკო, შენი საქმის შენ იცი, მე კი აქ უნდა დავრჩე. ხომ იცი, ძამიკო, რომ ყველას თავისი გზა აქვს. ჩემი სავალი გზები აქაა, შენ კი, ალბათ, უფრო გრძელი გზა გელოდება და ღმერთმა მშვიდობით გატაროს, – მიუგო ჯამბულმა ბიჭიკოს და ძმაკაცებს ამ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ.

ბიჭიკო აქტიურად „აჩალიჩდა“: საბუთები გააკეთა, საიმედო კაცი იპოვა, სულ რაღაც ათი ათასი დოლარი გადაიხადა და ათ დღეში თავის თითქმის შვიდ მილიონ დოლართან ერთად ჯერ თურქეთში გადავიდა, იქიდან კი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და რიო-დე-ჟანეიროში დაიდო ბინა. ზუსტად ერთ თვეში კი ბიძაჩემს დაურეკა და უთხრა:

– რაფერ ხარ, ძამა, რავაა მანდ საქმეები, მშვიდობა ხომაა?

– როგორც ვვარაუდობდით, ისეა საქმე, – შენ როგორ ხარ? – მიუგო ძმაკაცს ჯამბულმა, რომელიც მოსკოვში კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა და რომლის შესახებაც მხოლოდ ბიჭიკომ იცოდა.

– პაბეგში ხარ, ესე იგი. მე კი ბრაზილიაში ვარ, რიოში ჩავუშვი ღუზა და ოსტაპ ბენდერის ოცნება ავისრულე. ჩამოდი შენც, კარგად ვარ მოწყობილი და ორივე უფრო კარგად ვიქნებით.

– არა, არა. კარგი, ნახვამდის ახლა და მე თვითონ დაგირეკავ ამ ნომერზე, – მიუგო ძმაკაცს ჯამბულმა და ტელეფონის ყურმილი დაკიდა, რადგან მასზე ტოტალური ძებნა იყო გამოცხადებული და გამორიცხული არ იყო, რომ მათი ლაპარაკი მოესმინათ და ჯამბულისთვის მიეგნოთ.

მანამდე კი, ანუ ფულის გაყოფის მეორე დღეს, ჯამბულმა აიღო ტყავის ჩანთა, რომელშიც 5 მილიონ 500 ათასი დოლარი იდო და 70 წლის კანონიერ ქურდს, მეტსახელად „პაპას“ ეახლა. პაპა, ასაკითაც და სტატუსითაც, მართლაც რომ პაპა იყო, ამიტომ, ჯამბულმა მას ფულით გატენილი ტყავის ჩანთა წინ დაუდო და უთხრა:

– აი, პაპა, მიიღე ქურდული წილი და შენ იცი, როგორ ხოდს მისცემ.

პაპამ ტყავის ჩანთას ალმაცერად გახედა და ჰკითხა:

– როგორ ხარ, ჯამბულ?

– კარგად, პაპა, შენ როგორ ხარ?

– მადლობა ღმერთს, არა მიშავს. ჩემი ასაკისა და პალაჟენიის კაცი ამ ბოზებში უფრო ცუდად უნდა იყოს, – მიუგო ხნიერმა ქურდმა ჯამბულს, კვლავ ტყავის ჩანთას გახედა და ჰკითხა: – რა ფოსტა მოიტანე?

– ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ამერიკული დოლარი, – მშვიდად და გამოკვეთილად უპასუხა ჯამბულმა, თან თვალი თვალში გაუყარა.

– რაო, რა თქვი? – ჰკითხა ჯამბულს კოპებშეკრულმა კანონიერმა ქურდმა, რომელსაც ჯამბულის სიტყვები იმდენად არარეალურად მოეჩვენა, რომ იფიქრა, მასხრად მიგდებსო და ისეთი სასტიკი მზერა ესროლა მას, რომელსაც ჩვეულებისამებრ, უზომო მრისხანება მოჰყვებოდა ხოლმე, რაც ძალიან ცუდად მთავრდებოდა და რაც არაერთ სახელოვან ქურდს გამოუცდია საკუთარ თავზე.

ჯამბულმა ტყავის ჩანთა გახსნა, ტკიცინა ასდოლარიანებით სავსე შიგთავსი პაპას დაანახვა და თან გაიმეორა:

– ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ამერიკული დოლარია, არც მეტი და არც ნაკლები – აი, ის ქურდული წილი, რაც ჩემი საქმიდან გერგოთ.

მრავლისმნახველ პაპას კინაღამ თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან, რადგან ამდენი ფული ერთად არასდროს ენახა, შემდეგ დაუსტვინა, თავი გააქნია და ჯამბულს უთხრა:

– მდაა!.. თავი ზღაპარში მგონია. ეს სულ ჩვენი წილია?

– სულ თქვენია.

– ამდენი ფული ქურდებს ყელზე არ დაგვადგეს. რამდენი გაჭირვებული კაცია ამქვეყნად, კარგი იქნებოდა, ნაწილი ეკლესიაში გაგვეშვა, რომ პატიოსან ხალხს დახმარებოდნენ, – უთხრა პაპამ ჯამბულს.

– ეკლესიისთვის ცალკე მაქვს გადატეხილი, თანაც, ზუსტად ამდენი, – მშვიდად უთხრა ჯამბულმა „პაპას“.

– ხუთ-ნახევარი ლიმონი? – ჰკითხა პაპამ ჯამბულს.

– კი ბატონო.

– საღოლ, ძმაო! – ხელები ასწია პაპამ, – სიტყვები არ მყოფნის, გამაჩერე. ღმერთმა მშვიდობაში მოგვახმაროს შენ – შენი წილი, ჩვენ – ჩვენი წილი, პატიოსან, მშრომელ ხალხს კი – თავიანთი წილი.

მიუხედავად იმისა, რომ „პაპას“ ძალიან აინტერესებდა, მას არც მთლიანი ფულის რაოდენობა უკითხავს ჯამბულისთვის და არც ის, თუ როგორ იშოვა ეს თანხა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა ჯამბულს მადლობა, გადაეხვია და სახლიდან გამოისტუმრა.

ჯამბულ ონიანი მეორე დღესვე მატარებლით გამოემგზავრა საქართველოში, ხუთი მილიონ ხუთასი ათასი დოლარი თან წამოიღო, ერთ-ერთ ბერს ესტუმრა, რომელიც ყველასგან განცალკევებულად ცხოვრობდა და უთხრა.

– რამდენი ხანია, არ მინახიხარ, როგორ ხარ, წმიდა მამაო?

– წმიდა მხოლოდ ღმერთია, შვილო ჩემო, მე ოხერი კი, ვინანიებ ჩემს ცოდვებს, რომლებსაც ბოლო არ უჩანს და ასე ვატარებ ჩემს დღეებს, რომლებსაც მე უღირსს მჩუქნის უფალი, – მიუგო ჯამბულს ბერმა, რომელიც ჯამბულის ბავშვობის უახლოესი მეგობარი იყო, თუმცა შემდეგ ბერად აღიკვეცა, განდგომილად ცხოვრობდა და უფალს ადამიანების სულების გადარჩენას ევედრებოდა, თან ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, ვინც კი მასთან მივიდოდა და რამეს სთხოვდა.

ჯამბულმა ბერს ფულით სავსე ჩანთა დაუდო წინ და მშვიდად უთხრა:

– აქ ხუთმილიონ-ნახევარი დოლარია და ისეთი ვინმესგანაა სუფთად ჩამოჭრილი, რომელიც არც ხალხზე ზრუნავდა და არც საკუთარი სულის გადარჩენაზე. შენთან კი იმიტომ მოვიტანე, რომ ვიცი, ეკლესიების მშენებლობას, პატიოსანი ხალხის დახმარებას მოახმარ, თან, არც ამისი ყოფილი პატრონის სულისთვის ლოცვას დაიზარებ. ახლა კი წავედი.

– მშვიდობით იარე, შვილო, – თქვა ბერმა და უკანმოუხედავად მიმავალ ჯამბულს პირჯვარი გადასახა, ფულით სავსე ჩანთა კი სენაკში შეიტანა, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ლოცვას შეუდგა.

ჯამბულ ონიანმა სამ დღეში დააბინავა თერთმეტი მილიონი დოლარი, ერთი კვირის შემდეგ ბიჭიკო ბუცხრიკიძეც გაისტუმრა და თავისი შვიდი მილიონი დოლარით მოსკოვის კონსპირაციულ ბინაში დაიმალა, რადგან იცოდა, რომ ოთხ დღეში ტარო კუბოიამა მოსკოვის ქალაქკომში უნდა მისულიყო და როდესაც ის გაიგებდა, რომ გააცურეს, მილიციას მიმართავდა დახმარებისთვის, მილიცია კი, თაღლითების ძებნას რომ დაიწყებდა, უპირველესად, სწორედ ჯამბულ ონიანს მიაკითხავდა.

იაპონელი მილიარდერი დათქმულ დროს მივიდა მოსკოვის ქალაქკომში, საშვთა ბიუროს ფანჯარაში თავი შეყო, მორიგე რეგისტრატორს პასპორტი დაუდო წინ, გაუღიმა და იაპონელისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რუსულ ენაზე უთხრა:

– ცემს სახელზე ბატონ იული ლომანოვთან სასვი უნდა იყოს დასვებული.

– ვისთან, ვისთან? – ჰკითხა რეგისტრატორმა გოგონამ იაპონელ მილიარდერს.

– იული ლომანოვთან.

– იური რომანოვთან? – გაიმეორა რეგისტრატორმა გოგონამ.

– დიახ, დიახ იული ლომანოვთან, – ღიმილით გაიმეორა იაპონელმა.

– ეგ ვინღაა?

– მაღალცინოსანი ფუნქციონერი. ცესით თქვენ უფლოსებს უნდა ისნობდეთ.

– მსგავსი არავინ მუშაობს ჩვენთან, – მშრალად მიუგო კუბოიამას რეგისტრატორმა გოგონამ და იაპონელს პასპორტი დაუბრუნა.

– ლოგოლ არ მუსაობს? – გაეცინა კუბოიამას, – თქვენ, ალბათ, ახალი თანამსლომელი ხალთ და ალ იცით, ლომ იული ლომანოვი აუქსიონის კულატოლია.

– ამ წვრილთვალებას არ უყურებ?! ახალბედა ხარო! – ირონიულად გადაულაპარაკა რეგისტრატორმა გოგონამ გვერდით მჯდომ კოლეგას, იაპონელ მილიარდერს მიუბრუნდა და გაუმეორა: – მოკლედ, თქვენი იური რომანოვი აქ არ მუშაობს და სხვაგან ეძებეთ.

– ლოგოლ ალ მუსაობს? – იკითხა ჯერ კიდევ მოღიმარმა კუბოიამამ.

– ლოგოლ და ასე, ალ მუსაობს, – გამოაჯავრა რეგისტრატორმა გოგონამ და ხმას აუწია, – არ მუშაობს, გესმით? წადით, სხვაგან ეძებეთ, ხომ ხედავთ, რიგი დააყენეთ!

კუბოიამა განზე გადგა და ჩაფიქრდა. როდესაც მიხვდა, რომ გააცურეს, სახეზე ცარცის ფერი დაედო და მთელი ხმით აღრიალდა:

– მისველეთ, მისველეთ, თაღლითებმა ოცდახუთი მილიონი დოლალი გამომზალეს!

მოსკოვის ქალაქკომის დერეფანში აყვირებული იაპონელის ირგვლივ უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც კუბოიამას წრე შემოარტყეს და მის ღრიალზე ხალისობდნენ, რადგან შეშლილი ეგონათ, ის კი გაფითრებული იმეორებდა – მიშველეთ, ოცდახუთი მილიონი გამომძალესო.

საქმეში მილიცია ჩაერთო. კუბოიამა დააკავეს, სამორიგეოში შეიყვანეს და მისი დაწყნარება სცადეს, ის კი ჯიუტად იმეორებდა: „ოცდახუთი მილიონი დოლარი გამომძალეს“. ამიტომ ის გიჟად მიიჩნიეს და სასწრაფო დახმარების ფსიქიატრიული ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც იაპონელი მილიარდერი ტარო კუბოიამა ფსიქიატრიულ კლინკიაში გადაიყვანა.

– მე იაპონელი ბიზნესმენი, მირლიარდერი ვარ და ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ყველას პასუხს ვაგებინებ, ექიმების დიპლომებს ჩამოგართმევენ და ციხეში ამოგალპობენ! – გამუდმებით იმეორებდა უკიდურესად გამწარებული კუბოიამა და უშედეგოდ ცდილობდა სპეციალური პერანგისგან გათავისუფლებას, რომელიც მას ფსიქიატრიული ბრიგადის სანიტრებმა ჩააცვეს.

– ხმა, კრინტი, შე ჩუქჩავ! – უღრიალა კუბოიამას უფროსმა სანიტარმა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანაში მის საპირისპიროდ იჯდა და პორტატული მიმღებით ჰოკეის მატჩის რადიორეპორტაჟის დაჭერას უშედეგოდ ცდილობდა.

– მე ჩუქჩა კი ალა, მილიალდელი ვარ, – მიუგო კუბოიამამ უფროს სანიტარს.

– მე კი იაპონიის იმპერატორი ვარ. ჩუმად, შე გიჟო, ჰოკეის რადიორეპორტაჟის დაჭერაში ხელს მიშლი!

ტარო კუბოიამა, ისევე, როგორც ყველა იაპონელი, მონარქიას უაღრესად დიდ პატივს სცემდა და იმპერატორის აბუჩად აგდებამ ისედაც გაღიზიანებული მილიარდერი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა. ის ადგილიდან წამოიჭრა და, რადგან ხელ-ფეხი გაკოჭილი ჰქონდა, უფროს სანიტარს თავით ეძგერა და სასწრაფო მანქანის იატაკზე მოწყვეტით დააგდო. ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანა საგიჟეთის ეზოში შეგრიალდა და გაჩერდა, გამძვინვარებულმა სამმა სანიტარმა კი ტარო კუბოიამა სულ ცემა-ტყეპით ჩამოათრიეს მანქანიდან და მისაღებში შეათრიეს, სადაც მის ცემას მნიშვნელოვნად უმატეს. კუბოიამა კი არ ცხრებოდა და მთელ ხმაზე ღრიალებდა:

– უღირსებო, ნაძირლებო, იმპერატორის შეურაცხყოფა როგორ გაბედეთ! ყველას, თავებს დაგაყრევინებთ და ამ თავხედობას განანებთ!

– ეგ ფანრები სიფათზე ამ გიჟმა დაგადო, კუზმიჩ? – ჰკითხა მორიგე სანიტარმა უფროს სანიტარს და კუბოიამაზე მიანიშნა, რომელიც სასწრაფო დახმარების სამ სანიტარს ფეხქვეშ ჰყავდა გაგდებული.

– მაგან, მაგან, – უხალისოდ მიუგო კუზმიჩმა საგიჟეთის მორიგე სანიტარს.

– ალბათ, თავით გეძგერა, ხომ?

– კი, თავით.

– ჰოო, კერკეტი კაკალი ჩანს ეს წვრილთვალება გიჟი. ჩუქჩაა?

– რა ვიცი, ამისი ჯიშიც!.. – მხრები აიჩეჩა კუზმიჩმა, – ასე ამბობს, იაპონელი ვარო და თავიც მაშინ მგლიჯა, რომ ვუთხარი, იაპონიის იმპერატორი ვარ-მეთქი.

– ეგ რატომ უთხარი?

– იმიტომ, რომ მითხრა, იაპონელი მილიარდერი ვარ და ყველას ციხეში ამოგალპობთო.

– მილიარდერი, ხომ? – მრავალმნიშვნელოვნად გაიმეორა საგიჟეთის მორიგე სანიტარმა და გამოცდილი ფსიქიატრიის დოქტორივით დაასკვნა, – ესე იგი, სიმდიდრისადმი ლტოლვის მანია სჭირს პაციენტს და თავს მილიარდერად ამიტომ აცხადებს.

– ჯანდაბას მაგისი თავი, ჰოკეის რეპორტაჟს ვერ ვიჭერ, – ხელი ჩაიქნია კუზმიჩმა, ტახტის კუთხეში მიჩოჩდა და პორტატული რადიომიმღების წვალება განაგრძო.

– აბა, რაინდებო, სდექ! გეყოფათ ეგზეკუცია და შეწყვიტეთ მილიარდერის ცემა-ტყეპა! – უბრძანა საგიჟეთის მორიგე სანიტარმა ხელ-ფეხამუშავებულ კოლეგებს, – ეგ კი აქ მომგვარეთ, რომ დავთარში შევიტანო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3