კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

ადამიანები ისეთი პატარები და უსუსურები ვართ, დროსა და სივრცეში გაბნეულ-გაფანტულები... თუ იმედით სავსენი ვამთავრებთ დღეს, წარმოდგენა არ გვაქვს, რას მოგვიტანს დილა, როგორ შემოაბრუნებს ჩვენი ბედისა და ცხოვრების ჩარხს ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენა. ნათელმხილველობა, მომავლის პროგნოზი – ყველაფერი ბლეფია. რომელიმე ნათელმხილველი მაინც გინახავთ, საკუთარი ცხოვრება ისე განეჭვრიტოს, დიდების კვარცხლბეკზე შემდგარიყოს, – ან, სულაც, უბრალოდ, ადამიანური ბედნიერება ეპოვოს, უპრობლემოდ გაეტარებინოს თავისი სიცოცხლის დღენი?!

... ადამიანები ერთნაირები არიან, თან ძალიან განსხვავებულები... ვიღაცას ცხოვრების სტიმულს გაბზარული გული, უარყოფილი სიყვარული და უპასუხოდ დარჩენილი დიდი გრძნობა აძლევს. სხვას – ისეთსავე ადამიანს, ორფეხა და ორხელა არსებას, შური ამოძრავებს დიდებისკენ მიმავალ გზაზე. ბოღმაც შეიძლება, იყოს სერიოზული მოტივი... ჰო, რატომ გიკვირთ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და, ესე იგი, არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის. სხვა საქმეა, შეიძლება თუ არა, ბოღმით მიღწეულმა კეთილდღეობამ ბედნიერება მოგიტანოს. თუმცა, ბედნიერებაც ხომ ინდივიდუალური და ფარდობითია. იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შექმნა, სულაც არ არის აუცილებელი, ცხოვრება დრამად აქციო, მით უმეტეს, რომ ცხოვრებისეული, ადამიანური და რეალური დრამები არავის აინტერესებს. სად არის მანდ ინტრიგა? აი, უცებ რომ გამდიდრდები და მილიონს იშოვი, სხვა საქმეა – უცებ ამაღლდები ადამიანების თვალში, რომლებსაც მითი და ლამაზი ზღაპრები ჰაერივით სჭირდებათ. რამდენიც უნდა ვიძახოთ, სენტიმენტალურ ფილმებში არაფერია ღირებულიო, ისინი მაინც ყველაზე „ყურებადია“. სალაროსაც ყველაზე კარგად ავსებს პროდიუსერების გულის გასახარად. ისე, რა სასაცილოები ვართ ადამიანები – ვამტკიცებთ ერთს, მაგრამ, ვაკეთებთ მეორეს და გაფაციცებულები ვცდილობთ, დავმალოთ ის, რასაც ვაკეთებთ... რატომ და ვის ვუმალავთ – გაუგებარია... ან, მითი რისთვის გვჭირდება – რაღაც ზეციურიდან გამოძერწილი, შეთითხნილი და არარეალური? არ გვჯერა და მაინც ვიჯერებთ. სხვათა შორის, ბავშვები ჩვენზე გაცილებით პრაქტიკულები და რეალისტები არიან. იმისი სჯერათ, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ. ზოგჯერ მაინც მივბაძოთ ხოლმე ბავშვებს და ვიყოთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. იქნებ, მოვიდეს ისეთი დრო, როცა ბუნებრიობას მეტი ფასი დაედება, ვიდრე თამაშსა და ფარისევლობას, როცა ნიღბებს მოვიხსნით და საკუთარი სახეებით წარვდგებით ერთმანეთის წინაშე. მაგრამ, ვიცით კი, როგორები ვართ სინამდვილეში და რომელია ნიღაბი? ჩვენ ხომ ისე შევეჩვიეთ ამ ნიღაბს, რომ საკუთარი გვგონია. ან, ამ შემთხვევაშიც თავს ვიტყუებთ...

ჩემს ნაცნობ-მეგობრებს შორის არასდროს არავინ ყოფილა კოლორიტული ტიპაჟი, ისეთი, რომელსაც სხვებისგან გამოვარჩევდი. არა, იმას ნუ იფიქრებთ, რომ რომელიმე მათგანს ვლანძღავ ან ვაკნინებ, მეც ხომ ზუსტად მათნაირი ვარ და, ბოლოს და ბოლოს, თავს ხომ არ გავილანძღავ... მაგრამ, კარგად იმაშიც არ ვარ გარკვეული, კოლორიტულობა რაში გამოიხატება, უფრო სწორად, აქამდე არ ვიცოდი. არც ავტორიტეტი მყოლია არასდროს... იშვიათი რომანტიკოსებისთვის ეს ცხოვრება ვარდისფერია და პატარა მარცხიც კი სიტუაციას ისე უმუქებთ, დეპრესიაში ვარდებიან. უნუგეშოდ და უიმედოდ დარჩენილებს ცხოვრებაც აღარ უხარიათ. ხელს ჩაიქნევენ და.... მოკლედ, მძიმე შემთხვევაა. ყველაზე ადვილად ცხოვრებისეულ ქაოსში გზას ისინი მიიკვლევენ, ვისაც სუპერეგო ამოძრავებთ... ანუ, მათი „შიდაწვის“ ძრავა მთლიანად ამბიციაზეა დამოკიდებული. მათთვის უმთავრესია, საკუთარ თავს დაუმტკიცონ პირველობა. რა თქმა უნდა, დანარჩენ სამყაროსაც, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია... მოკლედ, „სუპერეგო“ ზოგჯერ „სუპერადამიანობის“ გარანტი და მთელი ცხოვრების აზრია...

***

სოფომ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა და დაეჯაჯგურა. მერე მუშტებიც დაუშინა და წიხლიც მიაყოლა. გაცხარებულმა ძალიან გვიან იგრძნო მხარზე ხელის შეხება და შემობრუნდა. მზად იყო, კარგად გაელანძღა თავხედი, რომელმაც მისთვის ხელის შეშლა გაბედა. ინას დანახვამ ბრაზი დაუცხრო და როგორც შეეძლო, მშვიდად ჰკითხა:

– რა გინდა? ანდროსთან მაქვს საქმე. ახლავე უნდა ვნახო.

– ბატონი ანდრო არ არის. ხომ ნახეთ, კარი დაკეტილია.

– ჰოდა, გამიღე. დარწმუნებული ვარ, გასაღები გაქვს.

– რისთვის გაგიღოთ? ხომ გითხარით, ბატონი ანდრო არ არის. არ მოსულა, ჯერ ძალიან ადრეა.

– რას მეუბნები? – ყასიდად შეიცხადა სოფომ, – რადგან შენ აქ ხარ, ესე იგი, ანდროც აქ არის. გირჩევნია, კარი გამიღო, სულერთია, მაინც არ მოვეშვები.

– ძალიან გთხოვთ... – ხვეწნაზე გადავიდა ინა.

– არა, უნდა ვნახო. სასწრაფო საქმე მაქვს. ვურეკავ და მობილური გათიშული აქვს.

– მოიცადეთ და ჩართავს მობილურს.

– ვერ მოვიცდი, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია...

– რა მოხდა? იქნებ მე დაგეხმაროთ... ან, დათოს დავუძახებ და...

– ჩემს ძმას? ჰმ, რად მინდა დათო? მით უმეტეს, ჩემს ძმასთან შუამავალი არაფერში მჭირდება. გეუბნები, კარი გამიღე-მეთქი... – ხმას აუწია სოფომ.

– თუ ასე გააგრძელებთ, იძულებული ვიქნები, დაცვას გამოვუძახო, – ისეთივე სიმშვიდით თქვა ინამ.

სოფომ ნერვიულად გაიცინა:

– მიდი, გამოუძახე და ავტეხოთ ხმაური, ძალიან კარგი. მეც სწორედ ეს მინდა. აი, მაშინ კი იკადრებს ბატონი ანდრო და კარს გააღებს. ისე, ვერაფერს იტყვი, მშვენიერი პირადი მცველი უშოვია, ძაღლივით ერთგული ხარ მისი! – უკვე ყვიროდა სოფო... კარი გაიღო და ზღურბლზე ანდროს გამოუძინებელი სახე გამოჩნდა...

– რა გაყვირებს, სოფო?! – შეიჭმუხნა და შუბლზე, რომელზეც ორი გრძელი ნაოჭი აჩნდა, ხელი მოისვა.

– გაგაღვიძე? შენ რა, მთელი ღამე აქ იყავი? ღამე აქ გაათიე? აჰა, ესე იგი, არ შევმცდარვარ. რაღაც მოხდა...

– სოფო, ახლა შენს გუნებაზე არ ვარ. ძალიან გთხოვ, წადი. მერე მე თვითონ დაგირეკავ და გნახავ.

– არავითარ შემთხვევაში. ვერ დაგელოდები. მოთმინება არ მეყოფა. ახლავე უნდა დაგელაპარაკო. აქვე დავიწყო თუ შევიდეთ ოთახში?

– ხომ გითხარი, ახლა ვერ დაგელაპარაკები. მარტო ყოფნა მჭირდება, რაღაცაში უნდა გავერკვე. მართლა ცუდად ვარ და გამიწიე ანგარიში, მეგობრულად გთხოვ...

– დიდი ხანია, მეგობრები გავხდით? – სოფომ მკვეთრად უბიძგა, გზიდან ჩამოიცილა და ოთახში შევიდა. სავარძელზე მოკალათდა და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, – კარი დახურე და დაცვას ნუ გამოუძახებ. არ გირჩევ. მაშინ ყველა გაიგებს, რისი თქმაც მინდა.

ანდრომ ამოიოხრა და კარი მიხურა.

– შენთან ადამიანური ლაპარაკი შეუძლებელია. შეგეძლო, ცოტა მოგეცადა და ჩემთვის ამოსუნთქვის საშუალება მოგეცა, მაგრამ, მეჯიბრები და მეჯიუტები. კარგი, მიდი, მითხარი, რისი თქმა გინდა, ოღონდ – მალე. სხვანაირად თავიდან ვერ მოგიშორებ.

– რა თქმა უნდა, ვერ მომიშორებ, ზუსტად მიხვდი.

– მე კიდევ ის ვიცი ზუსტად, რის სათქმელადაც მომადექი დილაუთენია, მაგრამ, იცოდე, არაფერ შუაში ვარ, მეც პირდაღებული და გაოგნებული დამტოვეს.

სოფომ სიგარეტს მოუკიდა:

– რამდენი მოიგეს?

– ბევრი. მაგრამ, პრობლემა მარტო ეს არ არის.

– ვიცი. პრობლემა ის არის, რომ ორივე გაუჩინარდა. ფული მიეცი და დაქირავებული მკვლელიც დაადევნე? ყველაფერს ველოდი შენგან, ამის გარდა. ეს როგორ გააკეთე? მკვლელობა მეტისმეტია, წარმოუდგენლად მეტისმეტი!

ანდრო გაფითრდა:

– მკვლელი დავადევნე? მე? შენ რა, სულ გაგიჟდი? მე გავაკეთებდი ამას?! შეიშალე? – ანდრო გაცოფებული ეცა სოფოს, სიგარეტი ხელიდან გამოჰგლიჯა და იატაკზე მოისროლა.

– ნუ ყვირი, განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, ეს ჩემი ვარაუდია, – შიში დაეტყო სოფოს. ასეთ გაცეცხლებულს ანდროს პირველად ხედავდა.

– ჰოდა, შენთვის შეინახე ეგ ვარაუდი, მე არაფერში მჭირდება, ჩემიც მყოფნის და... კიდევ, ახლავე წადი აქედან, სანამ გადავრეულვარ!

სოფომ დამფრთხალი ბავშვივით დააფახულა წამწამები:

– თუ შეიძლება, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. ჩვენც რომ ვიჩხუბოთ, უარესი იქნება.

– მართლა? კარგია, რომ ხვდები. მაშინ, რატომ მომივარდი შენი ბრალდებებით? მაინც, როგორ იფიქრე, რომ მე მათი დახოცვა შემეძლო? სოფო, რამდენი ხანია, მიცნობ?!

– ეგ არაფერს ნიშნავს.

– რა?! ისევ გინდა, ამაფეთქო? რას ჰქვია, არაფერს ნიშნავს? ესე იგი, მე კაცის მკვლელი ვარ? დაფიქრდი, რას ლაპარაკობ!

– კიდევ გიმეორებ, მე არ მითქვამს, რომ კაცის მკვლელი ხარ, გითხარი, ვივარაუდე-მეთქი. ისეთი გადარეული ხარ, რა გასაკვირია, რომ ეს უკიდურესობაც გეფიქრა.

– და... გამეკეთებინა კიდეც, არა?! – ანდრომ თვალები დააბრიალა.

– გეყოფა, ნუ ჩაიხვიე და ბოღმა ნუ ჩაიდე. არ ხარ კაცის მკვლელი, არა!.. უბრალოდ, ორივე გაქრა. ისე გაუჩინარდნენ, თითქოს ცამ ჩაყლაპაო და ვიფიქრე...

– სოფო, უკვე დავიღალე იმის ახსნით, რომ მათ გაქრობა-გაუჩინარებასთან კავშირი არ მაქვს. ფული წაიღეს და წავიდნენ.

სოფომ თვალები მოწკურა:

– მეტი არაფერი?.. სულ არაფერი?

– ჰო, სულ არაფერი, საერთოდ არაფერი.

– ასე მარტივად გაუშვი, ამხელა ფულით?

– დიახ. შენი აზრით, რა უნდა მექნა? ვერ ხვდები, რომ ამ შემთხვევაში ჩემი დაწესებულების პრესტიჟზეც უნდა მეზრუნა. მე „ვიღაც“ არ ვარ და აქ ისეთი ხალხი დადის, მათი დაკარგვა სრული კრახის ტოლფასი იქნება ჩემთვის. ამიტომ, ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. თანაც...

– თანაც... – სიტყვას მოებღაუჭა სოფო.

– არაფერი, რაღაც სისულელე უნდა მეთქვა. შენ დიდი ხანია, მაგათ დაეძებ?

სოფომ მხრები აიჩეჩა:

– იცი, რა მოხდა? მე ლიკასთან ვიყავი, როცა ლაშას წერილი მიიღო.

– აჰა, წერილი გამოუგზავნია!.. აბა, დაკარგული როგორღაა? მიწას რომ ჩაეყლაპა, ამდენს ვერ მოახერხებდა, – გესლიანად ჩაილაპარაკა ანდრომ, – რას სწერს ცოლს, მიყვარხარო? სენტიმენტალიზმი ზედმეტი არ არის, როცა ჯიბეში ნახევარი მილიონი გიდევს?

სოფომ წაუსტვინა:

– ნახევარი მილიონი? მართალია? არ ხუმრობ?

– რა მეხუმრება, მთელი ღამე აქ, სავარძელში მჯდარმა გავათენე, თვალი არ მომიხუჭავს.

– ჰო, ამდენი ფულის დაკარგვა ძნელი მოსანელებელია.

– მარტო ფულის დაკარგვაში არ არის საქმე, – ემოცია ვეღარ დამალა ანდრომ და ერთიანად გაწითლდა, – ვცოფდები, როცა რაღაცას მიბრძანებენ და თავისუფლებას მიზღუდავენ. ბავშვობაშიც ვერ ვიტანდი ამას...

– ესე იგი, კიდევ რაღაც მოხდა... მომისმინე, ანდრო... მოდი, ყველაფერი მითხარი, ასე აჯობებს. მეც არაფერს დაგიმალავ.

– ჰმ, რა გაქვს დასამალი? წერილის შინაარსი? სიმართლე რომ გითხრა, ნაკლებად მაინტერესებს, სხვისი გრძნობები.

– ვითომ? სხვათა შორის, კონვერტში ფულიც იდო, თანაც, საკმაოდ ბევრი.

– ნეტავ, რატომ არ მიკვირს და არ გეკითხები, საიდან ჰქონდა მაგ მათხოვარს ფული-მეთქი? – ჩაეცინა ანდროს.

– კიდევ მობილურის სიმ-ბარათი...

– არც ეგ არის საინტერესო, მარტივი ასახსნელია – „აღარ დამირეკო! მაინც ვერ დამიკავშირდები!“ სოფო, ტიპებმა ფული აიღეს და მოხიეს აქედან. რა არის ამაში გაუგებარი? თან, კარგადაც გამაცურეს.

– ისევ ფიქრობ, რომ თაღლითია?

– არ ვიცი, რას ვფიქრობ, არ ვიცი, გესმის? როცა ფაქტები ცხვირწინ გაქვს, ანალიზი უნდა გააკეთო და მეც ამას ვცდილობ, შენ კი ხელს მიშლი.

– პირიქით, ვცდილობ, დაგეხმარო.

– მაშინ, ქენი სიკეთე და ცოტა ხანს მაინც გაჩუმდი.

სოფო დაფიქრდა და მოულოდნელად ჯიუტად განაცხადა:

– ვერ გავჩუმდები, იმიტომ, რომ მე ლიკას ყველაფერი მოვუყევი...

ანდრომ თავი ასწია:

– რა?!

– ჰო. „გაჭედა“ გოგომ და სხვა გამოსავალი არ მქონდა.

– სოფო, შენც მტრად გადამექეცი? მაინც, რა უთხარი, მთელი ჩვენი გეგმების შესახებ უამბე? ასეთი სულელი როგორ ხარ!..

– გითხარი, სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვა-მეთქი და ახლავე შენთან უნდა შეხვედრა...

***

... სტაბილურობაც ძალიან კარგი საზრდოა, საინტერესოდ რომ იცხოვრო... ანუ, როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, დრამა არ უნდა მოაწყო მარტო იმიტომ, რომ ყოველდღიური ერთფეროვნება მოგბეზრდა... ის, რასაც ვერასოდეს გაიგებ, არის, თუ როგორი იქნება ფინალი – ეს არავინ იცის და ვერც ვერავის ეცოდინება, ბუნების კანონზომიერებისა თუ უფლის ნებიდან გამომდინარე. მხოლოდ მწერლებმა იციან, როგორ დასასრულს გაუკეთებენ საკუთარ რომანსა თუ მოთხრობას. მართალია, ადამიანებსაც გვაქვს უნარი, ვიგრძნოთ, რომ ეს ისტორია, ადრე თუ გვიან, დამთავრდება, მაგრამ ამითაც არაფერი იცვლება – ფინალი მაინც შეუცნობელი რჩება. უფროსებსა და უმცროსებს, ანუ დიდებსა და პატარებს შორის არანაირი განსხვავება არ იქნებოდა, პატარებს რომ გაზრდა არ ეჩქარებოდეთ, დიდებს კი ბავშვობაში დაბრუნების სურვილი არ კლავდეთ. ძნელი გასაგებია?.. აბა, დაფიქრდით... მიხვდით, ხომ, რისი თქმა მინდა? კიდევ არის ერთი განსხვავება, მაგრამ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ...

***

ლაშამ მანქანის კარი გააღო და ფეხები სანახევროდ გადაყო მანქანიდან. დილის მსუბუქი სუსხი ესიამოვნა. ვახოს მიხედა – მას ეძინა და ძილში ვიღაცას ებუზღუნებოდა... ლაშას გაეღიმა. ის სიმძიმე, რომელიც თბილისიდან გამოჰყვა, ნელ-ნელა გალღვა და გაიფანტა. თითქოს ის ლოდი გადააგორა, გულზე რომ აწვა. თითქოს ლიკაზე ფიქრიც გაიცრიცა რაღაც ახლის მოლოდინში. პირველად ახლა გააცნობიერა, რომ თავისუფალი იყო, თანაც ორმაგად თავისუფალი. ამ ორმაგ თავისუფლებას კი ის ფული ანიჭებდა, ბედის ჭირვეულობით, მოულოდნელად რომ გადმოებნა თავზე...

– რატომ ვდგავართ? – თვალები მოიფშვნიტა ვახომ და წამოჯდა.

– რიგია. ერთი-ორი საათი კიდევ მოგვიწევს დგომა, ბევრი ხალხია.

– მოიცა, რა რიგი, ვერაფერი გავიგე.

– შენ ჯერ არ გამოფხიზლებულხარ? საბაჟო კონტროლი ხომ უნდა გავიაროთ, რომ საზღვარი გადავკვეთოთ? ჰოდა, სწორედ მაგაზეა რიგი.

– აა, ვერ მივხვდი.

– არა უშავს, მთავარია, ყველაფერი კარგად არის. ორი-სამი საათი რა სალაპარაკოა. ცოტაც და, ყველაფერი დამთავრდება.

– დამთავრდება თუ დაიწყება, ტო... – ვახომ დაბუჟებული ფეხები გაშალა და გაიზმორა.

– დამთავრდება და დაიწყება – ისიც და ისიც... რა მაგარია, არა?! უამრავი შესაძლებლობა გაქვს და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ.

– ჩვენზე! – შეუსწორა ვახომ.

– ჰო, ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ, მე შენს ცხოვრებას ვერ დავგეგმავ და არც შევეცდები ამას. თუ გინდა, საერთოდაც მოგცემ შენს წილს და ყველა მხარეს გზა ხსნილი გაქვს.

– არა, არა... ჯერჯერობით ერთად ყოფნა მირჩევნია. ამდენი ფულით მარტო დარჩენა უცხო ქვეყანაში ძალიან მაშინებს.

– კარგი ერთი... – დასცინა ლაშამ, – მაგრამ რა არის, იცი? შენ რომ ფული მოგცე, უკან გაიქცევი იმ შენს სიყვარულთან. გაგიარა დეპრესიამ?

– დეპრესია ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, ძალიან ცუდად გამომივიდა იმ გოგოსთან.

– ნუ ინერვიულებ, მალე დაგავიწყდება. სულ ორჯერ არ ნახეთ ერთმანეთი?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ერთი შეხვედრაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე, რას ნიშნავს ეს ადამიანი შენთვის.

– კარგი, შენ არ დაგავიწყდება, მაგრამ, იმას დაავიწყდები... – „დაამშვიდა“ ლაშამ.

– ზოგჯერ როგორი ბოროტი ხარ, ბოროტი და აუტანელი, – ვახო მანქანიდან გადავიდა და აწუწუნდა: – ძალიან მშია. აქ ახლოს არაფერი იქნება, რომ გამხმარი ხაჭაპური მაინც შევჭამო?

ლაშამ შეხედა და სიცილი აუტყდა.

– რა გაცინებს? – გაუკვირდა ვახოს.

– ამდენი ფულის პატრონი გამხმარ ხაჭაპურს ნატრობ, სასაცილოა, აბა, რა არის?

ვახოსაც გაეცინა.

– აუ, ეგ არც გამხსენებია. ჩვენ ახლა შეგვიძლია, ყველაზე ძვირფას და იშვიათ კერძებსაც კი გავუსინჯოთ გემო. რა მაგარია! შენ რისი გასინჯვა გაინტერესებს ყველაზე მეტად?

– არც კი ვიცი, რა გითხრა. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, საჭმელებზე რომ გიჟდებიან. კულინარიული ცნობისმოყვარეობა არ მახასიათებს. სიმართლე რომ გითხრა, ჯერ ისიც არ ვიცი კარგად, ფულს რაში დავხარჯავ.

ვახომ დაუსტვინა:

– ეგ პრობლემაა?

– რა თქმა უნდა. შეიძლება, ერთ დღეში გავფლანგოთ და უკან დასაბრუნებელი ბენზინისთვის მათხოვრობა მოგვიწიოს.

– მოიცა, ტო... ამდენ ფულს ერთ დღეში როგორ დავხარჯავთ. მაგდენი ფული ერთად ხელშიც კი არასდროს მჭერია.

– სწორედ მაგიტომაც დახარჯავ ერთ დღეში, – ნიშნისმოგებით გაიცინა ლაშამ.

***

ლიკა გულაღმა იწვა ლოგინზე, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ჭერს უყურებდა, ცალ ხელში მობილური ჩაებღუჯა და წამდაუწუმ ჩასცქეროდა ეკრანს. ემოცია თითქმის აღარ ჰქონდა. განცვიფრებამ მოიცვა მისი არსება და ახლა მხოლოდ ერთი კითხვა აწვალებდა: იყო თუ არა სიმართლესთან მიახლოვებული ის, რაც სოფომ უამბო: ლაშა კაზინოში თამაშობდა და იგებდა. თანაც, უბრალოდ და შემთხვევით კი არა, გეგმაზომიერად და სტაბილურად. ლიკას გუნებაში გაეცინა კიდეც. წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა. განა შეიძლებოდა, ვინმეს კაზინოში სტაბილურად და გეგმაზომიერად მოეგო? ლიკამ ისევ მობილურს დახედა. სოფო არ ურეკავდა. ისედაც ძლივს გაათენა ღამე... ახლა ლოდინის მომაბეზრებელი, მტანჯველი წუთები გაიჭიმა უსასრულო ჯაჭვივით... ლიკამ ამოიოხრა. როგორ უნდა დაეჯერებინა თითქმის აბსურდული რეალობა? გაახსენდა, როგორ ცდილობდა ლაშა მის რაღაცაში დარწმუნებას და სთხოვდა, უნდა შეძლო, უბრალოდ, მენდო, დამიჯერო და ყველაფერი კარგად იქნებაო... მერე ეს ფული?! ბანკის დაფარული სესხი, მანქანა და კონვერტში ჩალაგებული უცხოური ვალუტის მსხვილი კუპიურები? მაინც რატომ იფიქრა, რომ ლაშას საყვარელი ჰყავდა? ვახო, უბრალოდ, მასთან ერთად იყო საქმეში... ჰო, „საქმეში“, ასე თქვა სოფომ, ანდროს ეჭვი ეპარება, რომ პატიოსანი გზით იგებდნენო... რა თქმა უნდა, შეეპარება... მეც ხომ ვერაფრით ვერ დავიჯერე. თუმცა, მე არც მიცდია, მომესმინა ლაშასთვის... – ლიკამ ამოიოხრა, სრულიად უაზრო სიჯიუტემ, შესაძლოა, ბედნიერება დააკარგვინა. რატომ ერთხელ მაინც არ მოაყოლა ყველაფერი? მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, დაიჯერებდა?! ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო ამის დაჯერების სურვილი. მართლა ბრმად უნდა მინდობოდა ქმარს და სწორედ ამას სთხოვდა ლაშა... იყო მეორე ვარიანტი, უფრო მიახლოებული რეალობასთან: ლაშამ და ვახომ მოიფიქრეს რაღაც სქემა, რომლითაც კაზინოს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენეს – აი, რატომ იქცეოდა ანდრო მასთან ბოლო შეხვედრისას უცნაურად... ის ცდილობდა, ლიკას საშუალებით მოეპოვებინა ინფორმაცია ლაშასა და მისი საქმიანობის შესახებ... მაგრამ ლიკამ არაფერი იცოდა. არ იცოდა, იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა, რამე სცოდნოდა...

სოფო არ რეკავდა. ანდროსთან შეხვედრას ლიკასთვის განსაკუთრებული და თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მანამდე კი როგორმე უნდა დამშვიდებულიყო. ყველა დეტალი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, აღედგინა მეხსიერებაში და ფაქტები თანმიმდევრობით დაელაგებინა... ვერაფრით მოახერხა... საკუთარი უმწეობის განცდამ გაამწარა და თითები მაგრად მოუჭირა მობილურ ტელეფონს. ერთი ატირება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ თვი ვერ აიძულა, ერთი ცრემლი მაინც გადმოეგდო... „იდიოტი ვარ, წარმოუდგენელი იდიოტი! ლაშა მე მივიყვანე იმ უკიდურესობამდე, რომ ოჯახი მიეტოვებინა. რა აღარ დავაბრალე, ლამის ისიც დავიჯერე, რომ კაცთან იწვა... სულელი ვარ, უჭკუო და ჩერჩეტი! ისეთი ქალი გამოვდექი, როგორებსაც მე თვითონ ხშირად დავცინოდი. სად წავიდა ჩემი სიყვარული? როცა გიყვარს, მაშინ ხომ ბრმად ენდობი... მაგრამ. იქნებ მარტო მე არ ვარ დამნაშავე, იქნებ ლაშასაც მიუძღვის ბრალი, ყველაფერი ასე რომ მოხდა? ლაშა და თაღლითი? ლაშა – გენიალური აფერის სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი? რა სიგიჟეა... მაგრამ, ფაქტია, რომ იგებდა. იქნებ, ვახო. რა თქმა უნდა, ეს ვახომ შეძლო. ლაშა კი მის „თანაავტორად“ გამოვიდა... ასეა თუ ისე, ახლა მათ ფული აქვთ და, დიდი შანსია, რომ საქართველოშიც აღარ იყვნენ... ის კი ზის სახლში, საწოლზე, მობილურჩაბღუჯული, ცრემლები ყელში აქვს გაჩრილი და ტირილსაც ვერ ახერხებს... სოფოს ზარს ელოდება და თავისზე უბედური აღარავინ ჰგონია... – ლიკამ თითქოს იმ წუთში გაიაზრა ბოლომდე საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე. თავი მუხლებზე ჩამოდო და ასლუკუნდა...

***

ლიანა კარს მოსცილდა... ლოჯია და პატარა კაბინეტი თამბაქოს კვამლით იყო გაჯერებული.. პატარა მაგიდაზე მდგარ, ბროლის მოზრდილ საფერფლეში სიგარეტის ნამწვების ტევა აღარ იყო. ლიანამ ხელით გაფანტა ბუღი და აივანზე გასასვლელი კარი გამოაღო...

– ისევ ტირის...

– შეიხედე? – დაღლილი ხმით ჰკითხა ქმარმა.

– ვინ შეგიშვა?! კარი აქვს ჩარაზული და ისე სლუკუნებს, ყრუ უნდა იყო, რომ ვერ გაიგონო. არა, მე ვიცი, ვინც დამღუპა – იმ ქალბატონმა.

– ვინ ქალბატონმა? – განცვიფრდა კაცი.

– ვინ და სოფომ. მობრძანდა, ტვინი აურია, გადარია და წაბრძანდა... მაგისი ბრალია ყველაფერი...

– რას ამბობ, ლიანა, სოფო რა შუაშია?!

– შუაშია, შუაში, მაგ ქალბატონის რჩევითა და წაქეზებით დაანგრია ლიკამ ოჯახი. თვითონ რომ ყოველთვე საყვარლებს იცვლის, ჩემმა შვილმაც ასე უნდა რომ იცხოვროს, უსირცხვილო და უზნეოა. ვერ აიტანა, ვერ გადაყლაპა ლიკას ბედნიერება.

– ეს უკვე მეტისმეტია! – ხელები გაშალა კაცმა, – რას ლანძღავ? იმ გოგოს არაფერი დაუშავებია, გადაწყვეტილება შენმა შვილმა მიიღო. ან, რა იცი, რამდენი საყვარელი ჰყავს სოფოს და როგორ ცხოვრობს?

– ვიცი, ვიცი... არ სჭირდება ამას გულთმისნობა. დედამისს გული აქვს გახეთქილი და მამამისი სირცხვილით სახლიდან თავს ვერ ყოფს... ის ბინაც, სადაც გარყვნილების ბუდე მოიწყო, საყვარელმა უყიდა. ლიკა ვერასოდეს გამიბედავს ამას, ჩემი ხელით მოვკლავ!..

– გეყოფა, სისულელეებს ბოდავ უკვე. საერთოდ არ მაინტერესებს, სოფოს რამდენი საყვარელი ჰყავს. ადამიანების გამოცნობა არ მიჭირს და ვხედავ, მაგ გოგოს გული რომ შესტკივა ჩემს შვილზე. თუმცა, ახლა ესეც არ არის მთავარი... გული მიგრძნობს, ის ბიჭი შარში გაეხვია, თანაც, სერიოზულ შარში...

– ვინ ბიჭი – ლაშა?! – ლიანამ დოინჯი შემოირტყა, – მე ჩემი შვილისა და შვილიშვილის დარდი მკლავს, თორემ, მაგ ბიჭს კისერიც უტეხა ძირში.

– ხომ გეუბნები, უკვე სისულელეებს ლაპარაკობ, – კაცმა დაზოგა ცოლი და აღარ უთხრა, სულელი ხარო. სიამოვნებით გააკეთებდა ამას, მაგრამ ლიანას ისტერიკას მოერიდა – ახლა მისი წივილისა და კრუსუნის თავი არ ჰქონდა.

– ლიანა, შენს შვილს ქმარი რომ არ უყვარდეს, ახლა ოთახში არ იჯდებოდა და არ ისლუკუნებდა.

– მთელი უბედურებაც მაგაშია. აბა, მე რას ვამბობ? უყვარს და სოფომ აურია ტვინი.

– ღმერთო ჩემო! შენი სიჯიუტე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ლიკაც შენ დაგემსგავსა. სოფოს კი არა, საკუთარ თავს უნდა აბრალებდე, იმას, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. ლაშა დიდ შარში უნდა იყოს გახვეული – გული მიგრძნობს ამას და არ უნდა ვცდებოდე... მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით, აბსოლუტურად არაფერი და სულ სხვა რამეზე ვნერვიულობთ, საკუთარი, ეგოისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

– მე ვარ ეგოისტი? მე?! – ლიანას აღშფოთებისგან თვალები დაუმრგვალდა.

– ჰო, შენ ხარ ეგოისტი და, კიდევ, მე ვარ ეგოისტი. იმაზე ვფიქრობთ, ჩვენ ხომ არ შეგვექმნება პრობლემა ლიკასა და ლაშას დაშორებით. სინამდვილეში რა მოხდა, იმას კი აღარ ვკითხულობთ. ამას „სირაქლემას პოზა“ ჰქვია და ძალიან, ძალიან ცუდია.

– რა გინდა, რომ გავაკეთო? ლაშა მოვძებნო და აქ ძალით მოვიყვანო?

– არა, მაგას არც გთხოვ და ვერც გააკეთებ. მაგრამ, ყველანაირად უნდა შევეცადოთ და სიმართლე გავიგოთ...

***

არასდროს მომწონდა ანდაზა – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. შინაგანი პროტესტი მიჩნდებოდა და ვფიქროდი: რა შუაშია კაცი ღმერთის სიცილთან, ან, რატომ უნდა გაიცინოს ღმერთმა, თუ კაცს თავის თავთან ბჭობა მოუნდა-მეთქი. საქმე ისაა, რომ ჩვენ, ადამიანებს მაინც სხვაზე გვიყვარს ჩვენი ჩაშლილ-გაფუჭებული საქმის გადაბრალება, თუნდაც ეს „სხვა“ თავად შემოქმედი იყოს. არც ამაზე ვფიქრობთ და ვნაღვლობთ განსაკუთრებით, ან ვცდილობთ, არ ვიფიქროთ, მაშინ ხომ რეალობასთან პირისპირ აღმოვჩნდებით და რაღა გვეშველება?!..

***

ლაშამ საფულე გახსნა:

– ორმოცდაათდოლარიანის დახურდავება მოგიწევს.

– გაგიჟდი? სად დავახურდავო? მაქსიმუმ, ათი დოლარი დავხარჯო, მაგდენიც არა. რაღაც სულელური ღვეზელების მეტი არაფერია და „კოკა-კოლას“ თუ დავლევთ... სხვა ფული არ გაქვს?

– ლარებზე თუ მოგყიდიან, ათ ლარამდე მოგიგროვებ.

– მომყიდიან, აბა, რას იზამენ. ისევ საქართველოს ტერიტორიაზე ვართ. საზღვარი ხომ არ გადაგვილახავს. ერთი არ მომყიდონ, ნახავენ, რას ვიზამ, – დაიქადნა ვახომ. ფული მუჭში მოიქცია და მოშორებით მდგარ, სწრაფი კვების ჯიქურისკენ გაემართა.

ლაშამ სიგარეტს მოუკიდა... „რაღაც ძალიან ბევრს ვეწევი ეს რამდენიმე დღეა – ესე იგი, ვნერვიულობ. რატომ ვნერვიულობ. ყველაფერი ხომ გეგმის მიხედვით მიდის? ძალიან ცოტა დრო დარჩა და მალე ყველასა და ყველაფრისგან შორს ვიქნები... იქნებ, სწორედ ეს მანერვიულებს და მაშფოთებს?“ – ლაშამ სიგარეტის ნამწვი დააგდო და ფეხით მოსრისა, მერე საათს დახედა და უცებ აშკარად იგრძნო ზურგს უკან ვიღაცის გახშირებული სუნთქვა.

– რას მორბოდი, მაინც მოვასწრებდით შეჭმას, – თქვა და შებრუნდა... მის წინ ორი უცნობი იდგა. ვახოს კეფას შორს, ჯიხურთან მოჰკრა თვალი...

– რა გნებავთ?

მაღალმა პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ოთხკუთხა საბუთი ამოიღო.

– ლაშა მდივანი ბრძანდებით? ვშიშობ, თქვენი მოგზაურობა დამთავრდა – ჩვენთან ერთად მოგიწევთ წამოსვლა...

***

ყველაზე ცუდი თვისება, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, სიკეთის არდანახვა და უმადურობაა. თქვენი არ ვიცი, მე კი ყველაზე ძალიან სწორედ ამის პატიება მიჭირდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ახლაც მიჭირს, რადგან სიტუაცია და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – აღარ მჭირდება იმაზე ფიქრი, ვის რა ვაპატიო და რა – არა. ახლა მე ამ ყველაფრისგან შორს ვარ და სადღაც ზემოდან ვუყურებ, როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები იმ პრობლემებით, რომლებიც ჩემთვისაც ნაცნობი იყო, მაგრამ, წარსულში, იმ წარსულში, ნელ-ნელა რომ ბუნდოვანდება და იცრიცება. თუმცა, იქნებ, მასზე ნოსტალგიაც კი გახდა მიზეზი ჩემი ალაპარაკებისა...

სოფომ მობილური აიღო და ნომერი აკრიფა.

– ვურეკავ.

ანდრომ ამოიოხრა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია:

– საშინლად ჯიუტი ხარ, ისეთი ჯიუტი, რომ წინააღმდეგობასაც აღარ გიწევ. რაც გინდა, ის ქენი. დაურეკე, მაგრამ მე არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. არ ვიცი, სად არის მისი ქმარი. არ ვიცი და, რა გავაკეთო, რომ დამიჯერო? თანაც, მე რა შუაში ვარ, თუ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ და იმან ცოლი მიატოვა? არ არის ეს ჩემი პრობლემა!

– ჰო, არ არის, ეგ მეც ვიცი. შენი პრობლემა ისაა, რომ ფული დაკარგე. არ გინდა, ლიკა დაგეხმაროს სიმართლის გარკვევაში?

– და რა იცის ლიკამ? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, თორემ, ჩემთან არ მოვიდოდა. თანაც, ნელ-ნელა ისეთ გუნებაზე ვდგები, სულ დავიკიდებ მაგ ფულსაც და საერთოდ დავივიწყებ, რაც მოხდა.

– მე უნდა წავიდე? – სოფომ კაცის სიტყვებში დაფარული აგრესია იგრძნო და დაიძაბა.

– დარჩი, თუ გინდა. დარეკე, თუ გინდა. . ერთი სიტყვით, გააკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ მე ნუღარ შემაწუხებ შეკითხვებით. იმაზე გაცილებით ნაკლები ვიცი, ვიდრე შენ და შენს დაქალს წარმოგიდგენიათ.

– იმ ჩემს დაქალს, – გამოაჯავრა სოფომ, – არაფერი არ წარმოუდგენია. მე ვუთხარი, საიდანაც აქვს მის ქმარს ფული და, მინდა, შენ დაადასტურო ჩემი სიტყვვები – ეს არის და ეს.

– რატომ?

– რას ნიშნავს, რატომ? იმიტომ, რომ სისულელეებზე აღარ ინერვიულოს და იცოდეს, რომ მისი ქმარი მოღალატე არ არის.

ანდროს სახე შეეჭმუხნა:

– აუუ, თქვენ მეტი პრობლემა არ გაქვთ, რომ ინერვიულოთ? ან, მე მაინტერესებს, რაზე ინერვიულებს ლიკა? ახლა უკვე მიკვირს, რამ მომაწონა ეგ ქალი. კომპლექსებით არის სავსე და თავადაც არ იცის, რა უნდა.

სოფომ თვალები მოჭუტა:

– შენ იცი, რა გინდა? ჰო, რატომ მიყურებ ასე? მაინტერესებს, შენ თუ იცი, რა გინდა? მაგალითად, ადამიანები რას წარმოადგენენ შენთვის? რისთვის გჭირდებიან ისინი ან მე რისთვის გჭირდები, საერთოდ თუ გჭირდები? და, მოკლედ.

– მოკლედ, საკმარისია, ნუ გაჭედე. დაურეკე, თუ ურეკავ და მოვიდეს. ვეტყვი, როგორ გამღლიტა მისმა ქმარმა და, იმედია, მერე მომასვენებ. სხვანაირად რომ თავიდან ვერ მოგიცილებ, ამას უკვე მივხვდი. დამღალა იმის მტკიცებამ, რომ ძალიან ბევრი უსიამოვნება შემხვდა და ბევრი პრობლემაც გამიხდა მოსაგვარებელი. როგორ ფიქრობ, მაგ თაღლითს გადავაყოლებ ჩემს ბიზნესს? არავითარი სურვილი არ მაქვს, მის შესახებ კიდევ რამე გავიგო. საერთოდ დავინახო და, იმედი მაქვს, ასეც იქნება.

– ანუ, იცი, რაც დაემართა?

ანდრო ჭარხალივით გაწითლდა:

– სოფო, მოთმინებიდან ნუ გამოგყევარ! არ მინდა, გაწყენინო, მართლა არ მინდა დამანებე თავი და დარეკე!

სოფომ ცოტა ხანს კიდევ უყურა გაღიზიანებულ კაცს და მობილური გვერდზე გადადო.

– რას აკეთებ? – გადაირია ანდრო, – მართლა, რა გინდა ჩემგან?

– არ შემიძლია, ასეთს გიყურო.. შენ ვერც ხვდები, როგორ შეიცვალე. სულ სხვანაირი ხარ. დაძაბული და აგრესიული მზერით, ჩასაფრებულ ნადირს მაგონებ, თან თავისზე უფრო დიდი ნადირის რომ ეშინია. დაგეხმარები, რაა, ძალიან გთხოვ! მე ხომ... – სოფო გაჩუმდა და, ანდროს მისი მღელვარება რომ არ შეემჩნია, სახე იბრუნა.

ანდროს თითქმის არ გაუგონია მისი სიტყვები. ძალიან ჰქონდა გონება დატვირთული მომხდარზე ფიქრით, რომ სოფოს სიტყვებში ის გრძნობა დაენახა, რომლის დამალვასაც ქალი საგულდაგულოდ ცდილობდა. მაგრამ, იმას კი მიხვდა, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა. ამიტომ ტონი ცოტათი შეარბილა:

– სოფო, შენ ვერ დამეხმარები და ამას გასაბრაზებლად არ გეუბნები. ვერ დამეხმარები, იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა. ახლა უნდა შევეგუო იმას, რომ ვიღაც ჩემზე მაგარი აღმოჩნდა.

– შენ ეს გაწუხებს, ხომ? ვიცი და ამიტომ მიკვირს, როგორ გაუშვი.

ანდრო შეიჭმუხნა:

– მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ და მოდი, ნუღარ დავუბრუნდებით. მირჩევნია, დაურეკო ლიკას და მოიყვანო. გითხარი, ამ ამბის დავიწყება მინდა და იმასაც ვხვდები, მასთან საუბარი არ ამცდება. მოვიდეს და მოვრჩეთ ამით.

– კარგი, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა სოფო, – ახლავე დავურეკავ.

ლიანამ მაშინ მოჰკრა თვალი ლიკას, როცა ის უკვე კარში გადიოდა. ერთი ნახტომით შვილთან გაჩნდა და მკლავში წაავლო ხელი:

– სად მიდიხარ?

– საქმეზე. დედა, ხელი გამიშვი რა, მაგვიანდება!

– დღეს კვირაა და ვერ დამაჯერებ, რომ გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა. სანამ მე და მამაშენს ყველაფერს არ მოგვიყვები, ფეხს ვერ გაადგამ სახლიდან. ან მეც წამოგყვები.

– დედა!

– რა დედა, რა დედა! ბრმა არ ვარ და ვხედავ, რაღაც რომ ხდება. ის ქალბატონი ტყუილად არ ირბენდა წინ და უკან. მთელი დილაა რაღაცას ელოდებოდი, ახლა კი გარბიხარ.

– ჰო, გავრბივარ, იმიტომ, რომ საქმე მაქვს. არ ვხუმრობ და არც იმის დრო მაქვს, რამე აგიხსნა. მაგრამ, მაინც წავალ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც შენ გეხება. ან ტირი, ან სადღაც გარბიხარ! ბოლოს და ბოლოს, გვეტყვი, თუ არა, რა უბედურებაა ჩვენს თავს, სად არის ლაშა?

– ცოტა უფრო მარტივი შეკითხვა დამისვი, იმიტომ, რომ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, ან, გეტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს.

ლიანამ ტუჩზე იკბინა:

– ახლავე მამაშენს დავუძახებ! – თქვა დამუქრებით და ისე, რომ ლიკასთვის ხელი არ გაუშვია, ქმარს გასძახა. ლიკამ სცადა, როგორმე გასხლტომოდა, მაგრამ ლიანას ისე მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული, მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მკლავი ეტკინა. ამოიოხრა და ბედს შეგუებულივით ჩამოჯდა ფეხსაცმელების შესანახ პატარა კომოდზე.

– რა მოხდა, ლიანა, რატომ ყვირი? გინდა, ვატუნა შეაშინო და ბავშვიც ანერვიულო? ლიკასაც გაუშვი ხელი. ადამიანურად დალაპარაკება არ შეგიძლია? აუცილებლად უნდა იყვირო და იჩხუბო?!

– აი, აქ ხარ და დაელაპარაკე ადამიანურად. ჩემი მაინც არაფერი ესმის. ხელს კი იმიტომ არ ვუშვებ, რომ სახლიდან გარბის და მეშინია, რამე სისულელე არ ჩაიდინოს.

– არსადაც არ გავრბივარ. საიდან მოიტანე? – აღშფოთდა ლიკა, – უბრალოდ, საქმეზე მივდივარ, სულ ეს არის. დედაჩემმა, კი როგორც ყოველთვის, თავისებურად გამოაბა ქოთანს ყური.

– საქმეზე მიდიხარ, როგორ არა! სოფომ დაგირეკა! – გაცეცხლდა ლიანა.

– ნუ ყვირი-მეთქი, ვატო არ გამოვიდეს, – თვალები დაუბრიალა ქმარმა და შვილს მიუბრუნდა, – ლიკა, შვილო, გაგვაგებინე, რა ხდება? ვხვდებით, რომ რაღაცას მალავ. არა, კი არ მალავ, ცდილობ, შენი პრობლემა თავადვე მოაგვარო და ჩვენამდე არ მოიტანო. ცოდვა, ხარ, მამა. ხომ ვხედავთ, როგორ გიჭირს და გვინდა, რომ დაგეხმაროთ.

ლიკამ სახეზე ხელები აიფარა:

– ვერ დამეხმარებით, ყველაფერი დამთავრდა.

ლიანამ ხმამაღლა ამოიოხრა და ხელები გაშალა

– აი, ხომ გეუბნებოდი, ხომ გეუბნებოდი.

კაცმა ყურადღება არ მიაქცია მის ვიშვიშს. შვილთან მივიდა, მის წინ ჩაიმუხლა, ფრთხილად ჩამოაღებინა ხელები და შეეცადა, როგორმე სახეში შეეხედა. ლიკა გაუძალიანდა:

– თავი დამანებეთ, რა, ძალიან გთხოვთ. ისედაც ცუდად ვარ. მორჩა, დამთავრდა ყველაფერი დამთავრდა!..

– რა დამთავრდა, მამა, ლაშას დაემართა რამე? გვითხარი... მოკვდა?!

ლიანამ მკერდზე მიიჭირა ხელი და გაფითრებული კედელს მიეყრდნო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3