კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა ნაძარცვი ქონების დაუფლებას ცნობილი ქართველი ქურდის მეუღლე მკვლელობების მეშვეობით

„წითურს“ მოულოდნელად გაეღვიძა. მან აღმართულ ხანჯალს მოჰკრა თვალი, რომელიც სწრაფად ეშვებოდა მისკენ და ინსტინქტურად მარჯვნივ გაიწია, რათა დარტყმა აეცილებინა. თავდამსხმელი ხანჯლიანად დაეცა ლოგინზე, წითური კი სწრაფად წამოიმართა და მარცხენა ხელის იდაყვი მთელი ძალით ჩასცხო კეფაში უცნობს. წითური ლოგინიდან გადმოვარდა. მან სამართებელივით ალესილი წვეტიანი ხანჯალი ლეიბიდან ამოაძრო, შეათვალიერა და კომოდზე დადო. შემდეგ პირქვედამხობილი თავდამსხმელი ამოატრიალა და გონზე რომ მოეყვანა, ბორჯომით სავსე ბოთლი დააცალა თავზე.

დანახშირებული გვამი

ხანჯლიანი თავდამსხმელი ავლაბრელი „მალიარი“, ვინმე აშოტა აღმოჩნდა, რომელიც წითურის სარდაფში ბოძზე მიაბეს.

– აშოტჯან, თქვი რაღა, ვინ დაგავალა ჩემი მოკვლა და გავათავოთ. შენ შენს გზაზე გაგიშვებთ, ჩვენ კი ჩვენ საქმეს მივხედავთ, – სარკასტულად უთხრა აშოტას წითურმა და მისივე ბასრი, წვეტიანი ხანჯალი მოულოდნელად მარჯვენა ხელის მტევანში ჩაასო.

აშოტამ იღრიალა და გული წაუვიდა. მაგრამ წითურის ხელქვეითებმა მას ერთი ვედრო წყალი დაასხეს და მოასულიერეს. წითურმა აშოტას ხელიდან სისხლიანი ხანჯალი ამოაძრო და ცელოფნის რულონს მოზრდილი ნაწილი ჩამოაჭრა. შემდეგ ცელოფანი დაახვია, დააგრძელა, წვერზე ცეცხლი წაუკიდა და აშოტას კისერზე მიაპკურა სისხლიანი წვეთები.

– კიდევ არ ტყდები, შე ხაისტო, – იცინოდა წითური და ცეცხლიანი ცელოფნით წუწაობას განაგრძობდა, – არა, ხანჯალი როგორ ამაცილე, შე „მალიარო“, შენა, – ხალისობდა წითური. მერე ცეცხლიანი ცელოფანი ისევ მიაწუწა გათიშულ აშოტას და ბიჭებს ანიშნა, მოასულიერეთო.

აშოტამ თვალები რომ გაახილა და ცელოფანს შეხედა, რომელსაც წითური ცეცხლს უკიდებდა, რის ვაი-ვაგლახით ამოიგმინა:

– ვსიო, გეყოფა, ნუღა მაწვალებ, ყველაფერს გეტყვითო.

აშოტას მონაყოლით გაირკვა, რომ წითურის მოკვლა მის მეუღლეს, მანანას დაუვალებია მისთვის.

– ორი კვირის წინათ, თავისი „შესტით“ მოვიდა „მალიარების“ ბირჟაზე, მანქანაში ჩამისვა და მითხრა, რემონტი მაქვს გასაკეთებელიო. შემდეგ სახლში წამიყვანა, მაგრამ იქ სარემონტო არაფერი იყო. მე გამიკვირდა, მან კი მითხრა, გეხუმრე, უბრალოდ, შენ მომეწონე ძალიან და აქ იმიტომ მოგიყვანეო. ერთი სიტყვით, ჩვენ ჯერ დავლიეთ, შემდეგ ლოგინში ჩავწექით. ასე განმეორდა კიდევ სამჯერ და მეხუთე „სვიდანიაზე“ მანანამ მითხრა, ძალიან შემიყვარდი, შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ სასტიკი ქმარი მყავს და სანამ ის ცოცხალია, ჩვენი ბედნიერება არ იქნებაო. მოკლედ, იმ წამსვე შენი მოკვლა გადავწყვიტეთ. ამ დილით მანანამ მალულად ამომიყვანა აგარაკზე და დამმალა, ხოლო თვითონ საცურაო აუზზე წავიდა, ალიბი რომ ჰქონოდა, – უთხრა აშოტამ წითურს.

აშოტას მონათხრობმა წითური გააოგნა. ვერ გაეგო, რას ერჩოდა ქალი, რომელსაც ხელისგულზე ატარებდა და მის ნებისმიერ სურვილს უყოყმანოდ ასრულებდა.

– შენც დაუფიქრებლად დათანხმდი, არა, შე ნაბიჭვარო? – ჩაისისინა წითურმა და ალესილ ნაჯახს წამოავლო ხელი, – ის მაინც თუ იცი, ვის კლავდი, შე ფარჩაკო, შენა! – დაიღრიალა წითურმა. მაგრამ, აშოტას პასუხს აღარ დაელოდა და ნაჯახი ისეთი საშინელი ძალით დაჰკრა თავში, რომ შეშასავით გაუპო.

– მანანა მოათრიეთ! – ბრძანება გასცა წითურმა და დიტოს შეხედა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მანანა მას უნდა მოეყვანა, – უთხარით, რომ მკვდარი მიპოვეთ „სპალნაში“. ცოტა ხნით გაიხაროს. იცოდეთ, არ დაიწვათ. არ მიხვდეს, რომ ატყუებთ და არ გაიქცეს.

მანანა ატირებული შევარდა სახლში და კიბეები რომ აიარა, ქვითინს უმატა.

– სად არის, მაჩვენეთ, ჩემი მახო, არ მჯერა, რომ ცოცხალი არაა! – მოსთქვამდა ქალი და საძინებლისკენ მიიწევდა, რომ მიცვალებულისთვის დაეხედა.

უეცრად კარი გაიღო და ზღურბლზე თავად „მიცვალებული“ გამოჩნდა.

– ნუ ტირი, საყვარელო, ცოცხალი ვარ, ჩემი მოკვლა არც ისე ადვილია, – ჩვეული სარკაზმით თქვა წითურმა და შუა ოთახში გაჩერებულ მანანას გაუღიმა. ქალი მიხვდა, რომ გაება, – რას მერჩოდი, შე ძუკნა, – ჩაიქირქილა წითურმა და გაოგნებულ მეუღლეს სილა გააწნა.

წითურმა მანანას მოკვლა გადაწყვიტა, ხოლო ამ დავალების შესრულება ახალგაზრდა ჯაბა მაისურაძეს დაევალა. ბიჭი ქურდობაზე ოცნებობდა და სწორედ ამ სურვილმა მიიყვანა მახო კვანტალიანის, იგივე წითურის, საძმოში.

– ჯაბა, – მოძღვრავდა წითური ყმაწვილს, – მანანას მანქანით წაიღებ ამ ფარჩაკის ტრუპს და მტკვარში გადააგდებ, ხოლო ამ ძუკნას ტყეში აიყვან, დაბრიდავ და იქ დატოვებ. ერთი სიტყვით, ისეთი სპექტაკლი უნდა დავდგათ, რომ ყველამ იფიქროს, თითქოს მანანა ჩემმა მტრებმა ჩემს გასამწარებლად დაბრიდეს ასე სასტიკად.

ჯაბა უსიტყვოდ უსმენდა წითურს და წარბიც არ შეუხრია. მას შემდეგ, რაც მანანას „ჟიგულის“ საბარგულში ჯერ ტომარაში ჩადებული აშოტას გვამი მოათავსეს, ხოლო შემდეგ გაკოჭილი და პირაკრული მანანა ჩააგდეს, ჯაბამ მანქანა დაქოქა და წყნეთის აგარაკიდან თბილისისკენ დაეშვა. უკვე ბნელოდა, როდესაც აშოტას გვამი ჯაბამ დიდუბის ხიდთან, მტკვარში გადააგდო. შემდეგ ის პროზექტურაში წავიდა, საიდანაც ჯერ სახლში შეიარა, ხოლო შემდეგ კოჯრისკენ აიღო გეზი. ტყეს რომ მიაღწია, უკვე შუაღამე იყო. ჯაბამ ასიოდე მეტრი იარა ტყეშიც, შემდეგ მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, საბარგული ახადა და იქიდან შიშველი ქალის გვამი გადმოათრია, რომელიც უკანა სავარძელზე დაასვენა. შემდეგ ორი ოცლიტრიანი ბენზინით სავსე ავზი გახსნა და ერთი მთლიანად გვამს დაასხა, მეორე კი მანქანის წინა სავარძელსა და საბურავებს. ბოლოს ხის ტოტი მოტეხა, ზედ ბენზინით გაჟღენთილი ტილო დაახვია, მანქანას დაშორდა, ჯოხს ცეცხლი მოუკიდა და მანქანის მიმართულებით ისროლა. ცეცხლიანმა ჯოხმა ღამის წყვდიადში გაიზუზუნა, პირდაპირ გვამს დაეცა და ცეცხლი აგიზგიზდა. ჯაბამ რამდენიმე წამს უყურა აალებულ მანქანას, შემდეგ ფეხით დაეშვა თბილისისკენ.

განძი

– დაბრუნდი, ჩემო ბიჭუნა? – კეკლუცად თქვა მანანამ და ოთახში შესულ ჯაბას გაუღიმა, – როგორ ჩაიარა ჩემმა მკვლელობამ? აანთე თუ არა კოჯრის ტყეში ჯოჯოხეთური ცეცხლი?

საქმე ის იყო, რომ ჯაბამ ვერ გაბედა მანანას მოკვლა. ხელი ვერ ასწია ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქალზე და მის ნაცვლად, პროზექტურაში ხუთას მანეთად, დარაჯისგან ნაყიდი უპატრონო ქალის ცხედარი დაწვა კოჯრის ტყეში. მანანა, ჯაბამ საკუთარ სახლში დამალა, თვითონ კი წითურს დავალების შესრულება უპატაკა. რამდენიმე დღეში კოჯრის ტყეში დანახშირებული მანანა ებრალიძის ცხედარი მიწას მიაბარეს, ხოლო თბილისში ხმა გავრცელდა, ცნობილი ქურდის მეუღლე მისმა მტრებმა იმსხვერპლესო.

– ჩემო ბიჭუნა, რატომ არ მეკითხები, რას ვერჩოდი წითურს და რატომ მინდოდა მისი მოკვლა? – ჰკითხა ჯაბას მანანამ და ისე, რომ პასუხს არ დაელოდა, თავადვე განაგრძო, – არ იფიქრო, ურჩხული ვარ და ქმარს იმის გამო ვკლავდი, რომ ქონებას დავეპატრონო. მე არაფერი მაკლდა და მახოც ყველაფერს მისრულებდა. ჩემი საქციელი შურისძიება იყო, რომელიც სიყვარულმა მიკარნახა. იმ წართმეულმა სიყვარულმა, რაც დღემდე არ განელებულა ჩემს გულში. რვა წლის წინ ჩემი ნოდარი მოკლეს. ნოდარი ჩემი კლასელი იყო, ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და უნდა დავქორწინებულიყავით. ერთხელ ორივენი თანაკლასელის დაბადების დღეზე ვიყავით, სადაც გვიანობამდე შემოვრჩით. უეცრად ქუჩიდან ყვირილი შემოგვესმა და როცა ფანჯრიდან გავიხედეთ, ქალი დავინახეთ, რომელიც გამწარებული ყვიროდა მძარცვავენო. ნოდარი მის მისაშველებლად ქუჩაში გავარდა. ჩვენც უკან მივყევით, მაგრამ, როცა მივედით, მძარცველები იქ უკვე აღარ იყვნენ. ქალი ისევ კიოდა. მისი ქმარი მკვდარი იყო, ხოლო ნოდარი კი – გულში დაჭრილი. ერთი სიტყვით, ნოდარმა ჩემ წინ დალია სული. სიკვდილის წინ კი მითხრა, წითურმა კაცმა დამარტყა გულში დანაო. მოგვიანებით, პროკურატურაში გამომიძახეს დაკითხვაზე, სადაც დაზარალებული, ქმარმოკლული ქალიც იმყოფებოდა. მახსოვს, ის ქალი გატაცებული ნივთების ნუსხას აწერინებდა გამომძიებელს.

– შვილო, გატაცებულ ნივთებში ყველაზე ძვირფასი ბრილიანტის ყელსაბამი იყო, – ეუბნებოდა ქალი გამომძიებელს, – ქვა სამკარატიანია და მზის სხივს რომ აირეკლავს, სარკეში, კედლებზე ან სხვაგან დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი იხატებაო.

მაშინ ამ ფრაზისთვის არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია, სულ ნოდარი მედგა თვალწინ, უიმისოდ სიცოცხლეც არ მინდოდა. ერთი სიტყვით, ოთხ წელიწადს არავინ გამიკარებია, მაგრამ შემდეგ მახო გავიცანი. მან ორი წელიწადი მდია და ბოლოს ცოლად გავყევი. ორი თვის წინათ, წყნეთის აგარაკზე მარტო ვიყავი და ფანჯრებს ვწმენდდი და შემთხვევით სამალავი აღმოვაჩინე. სამალავში მოზრდილი რკინის ყუთი იდო. ამოვიღე, გავხსენი და უამრავმა ძვირფასეულობამ თვალი მომჭრა. მივხვდი, ეს ყველაფერი მახოს მიერ იყო ნაძარცვ-ნაქურდალი. ყუთიდან ბრილიანტის ყელსაბამი ამოვიღე, კისერზე ჩამოვიკიდე და სარკეში ჩავიხედე. ქვამ ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივი აირეკლა და სარკეში დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი დავინახე. უეცრად ყველაფერს მივხვდი. თვალწინ დამიდგა დაჭრილი ნოდარი, რომელმაც მითხრა, წითურმა დამჭრაო და იმ ქალის ფრაზაც გამახსენდა, რომელიც გამომძიებელს გატაცებული ნივთების სიას აწერინებდა. ნათელი იყო, ჩემი ნოდარი წითურმა, ანუ ჩემმა ქმარმა მოკლა და იმ დროს გადავწყვიტე, მასზე შური მეძია.

ქალის მონათხრობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯაბაზე და სამალავში დამალული განძის მოპარვაზე უყოყმანოდ დათანხმდა ქალს.

– როდესაც მარტო დარჩები აგარაკზე, დრო იხელთე, მოიპარე და ჩემს საიდუმლო ბინაში მოდი, რომელიც მესამე მასივში მაქვს. ჯანდაბას, მახოს თავი, იცოცხლოს, ჩვენ კი უცხოეთში გავიქცეთ, – დაასრულა მანანამ თხრობა და როდესაც ჯაბა სახლიდან გაისტუმრა, თავისთვის თქვა, – ჭამა ამ არიფმა.

რამდენიმე დღეში ჯაბამ სამალავიდან განძი მოიპარა და მანანას საიდუმლო ბინაში მივიდა, თუმცა იქ განძი არ მიუტანია.

– ჩემი სახლის სარდაფში დავმალე, რადგან ამხელა გზაზე მისი ტარება შემეშინდა, – აუხსნა ჯაბამ მანანას და უთხრა, რომ ძვირფასეულობით სავსე ყუთი მიწაში ჩაფლა.

ქალ-ვაჟმა ივახშმა, ერთმანეთს მიუალერსეს და დაიძინეს. მეორე დილას მანანამ ქალაქგარეთ გასეირნება მოისურვა და ჯაბას მანქანით მცხეთისკენ დაადგნენ გზას. ისინი მტკვრის პირას, ერთ უკაცრიელ ადგილზე შეჩერდნენ და სუფრა გაშალეს. უეცრად მანანა ზურგიდან მიეპარა ჯაბას, თავში ბოთლი ჩასცხო, დაარეტიანა, შემდეგ პურის დანა აიღო, მკერდში ჩასცა. ბოლოს კი ყმაწვილი მისსავე მანქანაში ჩასვა, კარი მიუხურა და მტკვარში ჩაუშვა. როდესაც მანქანა თვალს მიეფარა, მანანამ გაშლილი სუფრა შეახვია, გამოკრა და მტკვარში გადაუძახა. შემდეგ ტრასაზე ავიდა, თბილისისკენ მიმავალი მანქანა გააჩერა და დედაქალაქისკენ გამოემართა. მანანა, რომელიც ჯაბას სახლს კარგად იცნობდა, სარდაფში ჩაიპარა, შუქი აანთო და განძის ძებნას შეუდგა, სამსაათიანი უშედეგო თხრის შემდეგ, გაწბილებული მანანა სახლიდან გავიდა და თავის საიდუმლო ბინისკენ გაემართა.

– არც ისე არიფი ყოფილა ეს ნაბიჭვარი, – ჩაილაპარაკა გაწბილებულმა მანანამ, – ბოლომდე არ მენდო და განძი სხვაგან დამალა, მაგრამ სად?

გამოცხადება

დარეტიანებული ჯაბა წყალმა გამოაცოცხლა და მიუხედავად იმისა, რომ მკერდში იყო დაჭრილი, ჯერ მანქანიდან ამოძვრა, შემდეგ კი ნაპირამდე გააღწია. მეთევზე ბრაკონიერს ლამის თვალები გადმოსცვივდა, როდესაც მკერდში დანაჩასობილი ყმაწვილი დაინახა. ბრაკონიერმა კოლა ძიამ ჯაბა მცხეთის საავადმყოფოსკენ გააქანა და ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. საავადმყოფოში მისულ მილიციას ჯაბა რეანიმაციაში დახვდა. მათ რამდენიმე დღე მოუწიათ მოცდა, რომ ჯაბა დაეკითხათ. ჯაბამ თავის ჩვენებაში დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და განძის ადგილმდებარეობაც მიუთითა. მას ის თბილისის რკინიგზის სადგურის შემნახველ საკანში დაუმალავს. მილიციამ ჯერ მანანა ებრალიძე დააპატიმრა თავის საიდუმლო ბინაში, მესამე მასივში, შემდეგ კი მახო კვანტალიანი, მეტსახელად წითური. ძიებისას, როდესაც წითური და მანანა დააპირისპირეს, მრავლის მნახველი ქურდი „მოკლული“ მეუღლის დანახვაზე ციებიანივით შეხტა, ისტერიკაში ჩავარდა და ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ კი იმავე დღეში ჩავარდა მანანა, როდესაც მას გამომძიებლის კაბინეტში მტკვარში ჩაგდებული ჯაბა დახვდა. პროცესი უმაღლეს სასამართლოში გაიმართა და მას უამრავი ადამიანი დაესწრო. ჯაბას პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ხოლო წითურს, მანანას და ბანდის სხვა წევრებს სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მანანა დროზე ადრე გათავისუფლდა, თურქეთში გაიქცა და ერთ-ერთ ადგილობრივ ბორდელში მოეწყო სამუშაოდ...


скачать dle 11.3