როგორ განკურნა ქიზიყში უცხოპლანეტელმა კაცი დაავადებისგან და სად ხედავს ყოველ ღამით უცხოპლანეტელთა ხომალდებს მიხეილ ცაგარელი
დაახლოებით ოცი წლის წინ, მთელი მსოფლიო უცხოპლანეტელებზე ალაპარაკდა. მათ შორის, საქართველოშიც მათი გამოჩენის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. თვითმხილველები ყვებოდნენ, როგორ დაჯდა უცნაური მფრინავი თეფში დედამიწაზე, როგორ გამოვიდნენ იქიდან უცნაური გარეგნობის არსებები და ასე შემდეგ. ბევრმა ანომალიური შემთხვევები საკუთარ საცხოვრებელშიც დააფიქსირა და ურწმუნო ადამიანებს ჯიუტად არწმუნებდნენ, რომ მათ ბინაში უცხოპლანეტელები ესტუმრნენ. ბოლო დროს მსგავს მოვლენებზე აღარავინ საუბრობს, თითქოს ეს თემა წარსულს ჩაბარდა და სხვა პლანეტებიდან თუ განზომილებიდან „მობერილმა ქარიშხალმა” ჩაიარა. თუმცა, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ის მფრინავ თეფშებს დღესაც გარკვევით ხედავს ღამღამობით და იმ ადამიანებსაც ესაუბრა, ვისაც უცხოპლანეტელები სულ რამდენიმე ხნის წინ ესტუმრნენ.
მიხეილ ცაგარელი: უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ბუმი დაიწყო დაახლოებით 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი თანდათან მიწყნარდა, თუმცა, თავის დროზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ფილმებიც კი გადაიღეს და უამრავი დოკუმენტური მასალა დაიდო არქივში. მაგრამ, კაცმა არ იცის, ეს მასალა ნამდვილია თუ მოგონილი. თუმცა, დიდი ინტერესის შემდეგ ჩავარდნა ჩვეული მოვლენაა. როგორც კი რაიმე სენსაციური მასალა გამოჩნდება და, ეს მოსალოდნელია 2012 წელს, მაშინ ისევ გაღვივდება ინტერესი უცხოპლანეტელების მიმართ. პირადად მე, ბავშვობიდან მაინტერესებდა მსგავსი თემები. სულ პირველად უცხოპლანეტელების ხომალდი სვეტიცხოვლის კედელზე ვნახე და გაოცება ვერ დავმალე. ვიფიქრე, ნეტავ, ეს რა არის-მეთქი. ვიკითხე, მაგრამ ვერავინ გამცა ნორმალური პასუხი. კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი წინაპრები მსგავს რამეებში იმდენად გათვითცნობიერებულები იყვნენ, რომ ეკლესიის კედელზეც კი გამოსახეს უცხოპლანეტელების ხომალდი. რასაკვირველია, ყველას აინტერესებს, ნამდვილად არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და ამ კითხვას მეც ბევრი მისვამს.
– მერე, თქვენ რას პასუხობთ?
– მინდა გითხრათ, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ და დღესაც ჩნდებიან დედამიწაზე. ისინი მთვარეზეც სხდებიან და დედამიწაზეც და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი დოკუმენტური მასალიდან. მათ შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ და უძველესი დროის ნახატებიც კია შემორჩენილი. ეზოთერიკაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, დედამიწაზე ადამიანი უცხოპლანეტელების მეშვეობით შემოვიდა. ზოგს მიაჩნია, რომ ეს მათი ექსპერიმენტია, ზოგის აზრით კი, ისინი სამყარომ გამოიყენა, რათა გენოფონდი შეექმნა მათი საშუალებით დედამიწაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, მეცნიერებს დიდი თავსატეხი ჰქონდათ მსგავს თემებზე და დღესაც მიდის კვლევა-ძიება, როგორ გაჩნდნენ ისინი, საიდან მოდიან დედამიწაზე, რას იკვლევენ აქ, რატომ ამყარებენ კონტაქტს ჩვენთან, რის გამო მიჰყავთ უცხო პლანეტებზე ადამიანები და ასე შემდეგ.
– თავად თუ გქონიათ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი?
– მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი უცხოპლანეტელთა არაერთი ხომალდი, თუმცა, უცხოპლანეტელებს პირადად არ შევხვედრივარ. ჩემი სახლიდან კარგად ჩანს ლისის ტბის ტერიტორია და ღამღამობით, აშკარად ჩანს საოცარი სინათლეები, თვალისმომჭრელი ნათებები, უცხოპლანეტელთა ხომალდების უცნაური, ტრაექტორიული მოძრაობა, შეჩერება და ასე შემდეგ. კახეთშიც არაერთხელ მინახავს მსგავსი ხომალდები. მაგალითად, ქიზიყში, ვნახე უცხოპლანეტელთა ხომალდების სასწაული ნათებით ფრენები. არნახული სიკაშკაშე და ნათება ახასიათებს მსგავს ხომალდებს. ისინი ძირითადად ღამით მოდიან დედამიწაზე, იშვიათად, რომ დღისით მოვიდნენ. სხვათა შორის, უნიკალური მასალები აქვს მოძიებული ბატონ თალეს შონიას. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იკვლევდა მსგავს ფაქტებს, უამრავი მოწმე ჰყავდა დაკითხული და თავადაც ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. საოცრად დიდი საკვლევი მასალა დატოვა მან, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მსგავსი თემებით ასე ღრმად არავინ დაინტერესებულა. არ დამავიწყდება გოგონა, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს, მაშინ კი დიდუბეში ცხოვრობდა და ჰქონდა არაერთი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ის ისეთ ინფორმაციას მაწვდიდა, რომელსაც ბევრი ფანტასტიკის სფეროს მიაწერდა. მაგრამ მე კარგად ვიცოდი უცხოპლანეტელების მუშაობის სტილი, ქცევა, რას ემყარება მათი მოქმედება და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გოგონა სიმართლეს ამბობდა. ეს გოგონა კარგად ხატავდა და საოცარ ჩანახატებს აკეთებდა, ანუ, ხატავდა იმას, რასაც ხედავდა, მაგალითად: როგორ შედიოდნენ უცხოპლანეტელები მის ოთახში, რამდენნი იყვნენ, როგორი გარეგნობის, სიმაღლის, სახის და ასე შემდეგ. ამ გოგონას არ თიშავდნენ, ისე მიჰყავდათ იუპიტერზე და სრული სიზუსტით მიყვებოდა დაბრუნების შემდეგ პლანეტათა განლაგებას კოსმოსიდან. მისი სახლის სახურავზე ჯდებოდა ხომალდი, ის ჯდებოდა მასში, ყვებოდა როგორ ჩაუფრენდა მთვარეს, მარსსა და ვენერას, ჰქონდა ზუსტი ჩანახატები, როგორი იყო იუპიტერი. ერთხელ ასეთი კითხვაც კი დავუსვი: გასაგებია, რომ მათ წაგიყვანეს დედამიწიდან შორს, მათ პლანეტაზე, მაგრამ რისთვის ჩაგიყვანეს, რა უნდოდათ შენგან-მეთქი.
– რა გიპასუხათ? ან, რა ენაზე ეკონტაქტებოდა უცხოპლანეტელებს ის გოგონა?
– მიპასუხა, მათ ჩვენი შესწავლა უნდათო. რაც შეეხება საუბარს, მითხრა, კონტაქტი ტელეპათიურ დონეზე, ხმის ამოუღებლად ხდებოდაო. ანუ ისე, როგორც ტელეპათებს შეუძლიათ კონტაქტი ჰიპნოზის საშუალებით. ეს არის შიდა გონებრივი ენერგია, ყოველგვარი ენის გამოყენების გარეშე, ინფორმაციის ენერგეტიკული გადაცემა, როდესაც ადამიანი უსიტყვოდ იგებს, რა უნდა მეორე ადამიანს. ამ გოგონას ძალიან გაუჭირდა აქ ცხოვრების გაგრძელება და უცხოეთში წავიდა.
– აქ რატომ ვეღარ შეძლო ცხოვრება?
– იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს უამბო ეს ამბები, მათ კი დასცინეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისვლა და მკურნალობა ურჩიეს. ერთ დღესაც, მოვიდა ჩემთან და აღელვებულმა მომიყვა ეს ამბები. დავამშვიდე, დავაწყნარე, ავუხსენი, რომ სრულიად ნორმალური ფსიქიკა ჰქონდა, უბრალოდ, საზოგადოება ჯერ არ იყო მზად მსგავსი ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა წასვლა და მას მერე კონტაქტიც დავკარგე. სხვათა შორის, მანვე გამანდო: უცხოპლანეტელებმა მითხრეს, მოერიდეთ მარსიდან მოსულებს, მათ მოწითალო ფერის კანი აქვთ და ენდეთ იუპიტერელებს, რომლებსაც მოლურჯო-მოცისფრო კანი აქვთ. მარსელები, ისევე, როგორც იუპიტერიდან მოსულები, სწავლობენ ადამიანების რასას, მათ ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, გონებრივ შესაძლებლობებს, მაგრამ ისინი იყენებენ კიდეც ადამიანებსო, ანუ, კვლევებისთვის მათ სჭირდებათ ადამიანთა ტვინი, მიჰყავთ ისინი და კლავენ, იუპიტერელები კი შესწავლის შემდეგ აუცილებლად აბრუნებენ ადამიანებს დედამიწაზე და გამოჯანმრთელებაშიც ეხმარებიანო, ასეთ გამოჯანმრთელებულ, უცხოპლანეტელებისგან განკურნებულ ადამიანებს მეც შევხვედრივარ. ასე რომ, უცხოპლანეტელების ორი ჯგუფი არსებობს და ამას ბატონი თალეს შონიაც აღიარებდა.
– ბატონო მიხეილ, ბოლო დროს საქართველოში როდის დაფიქსირდა უცხოპლანეტელების სტუმრობა?
– უცხოპლანეტელებთან კონტაქტები სულ არის. გასული წლის ზაფხულში ქიზიყში, შევხვდი ერთ კაცს, რომელმაც მიამბო, როგორ დაჯდა ხომალდი ველზე, იქიდან როგორ გადმოვიდა ორი უცხოპლანეტელი და გონებრივი ენერგიით როგორ შედგა მათ შორის კონტაქტი. ამ კაცს აწუხებდა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და, როგორც თავად მითხრა, კონტაქტი ორმოცი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, იისფერი ტალღები მიდიოდა მისკენ და ბოლოს ტელეპათიურ დონეზე მიახვედრეს, რომ ის უკვე გამოჯანმრთელებული იყო. ეს კაცი მეორე დღესვე გაქცეულა ექიმთან და, გამოკვლევები რომ ჩაუტარებია, ექიმი გაოგნებულა – პაციენტს არანაირი პრობლემა აღარ ჰქონდა და გულიც საათივით მუშაობდა. ეს ბოლო კონტაქტია უცხოპლანეტელებისა, რასაკვირველია, რაც მე ვიცი.
– რა კრიტერიუმით არჩევენ ისინი საკონტაქტოდ ადამიანებს?
– ეს არავინ იცის. ის კი არა, ვამბობთ მარსიდან და იუპიტერიდან მოდიან ისინიო, მაგრამ, იქნებ, სხვა პლანეტებიდანაც გვაკითხავენ? კაცმა არ იცის. ისინი თავის კოსმიურ მისიას ასრულებენ დედამიწაზე მოსვლით და აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებენ ზედა მფარველი ძალები.
– ესე იგი, ისინი კოსმიურ მისიას ასრულებენ დედამიწაზე?
– დიახ, სწორედ ასეა. მათ ბატონ თალეს შონიასთან კონტაქტის დროს აღიარეს: მოვა დრო, როცა ჩვენ შესახებ ბევრს გაიგებთ, მაგრამ, ეს დრო ჯერ არ დამდგარა და ვერაფერს გეტყვით, რადგან თქვენ ჯერ სათანადო განვითარების დონეზე არ ხართო. წარმოიდგინეთ, ისინი იმ ევოლუციურ დონეზე არიან, რომ სხვა პლანეტარულ სისტემებში საკუთარი ხომალდებით გადადიან, სამასი წელი ცოცხლობენ და შეუძლიათ ტელეპათიურად კონტაქტის დამყარება. სხვათა შორის, მათი ხშირი სტუმრობა დედამიწაზე ხდება მაშინ, როცა საომარი სიტუაციებია მოსალოდნელი.